კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დევიდ ფინჩერის რომელი ფილმი გახდა ფანტასტიკის მოყვარულთათვის საკულტო და კინოკლასიკის რომელ შედევრებს ადარებენ მის „სოციალურ ქსელს“

სულ რამდენიმე წელია, რაც დედამიწის ვირტუალური სივრცე სოციალურმა ქსელებმა დაიპყრო. მათ შორის, სავარაუდოდ, ყველაზე ცნობილმა და პოპულარულმა „ფეისბუქმა“ მილიონობით მომხმარებელი, ხოლო ქსელის ავტორმა – მარკ ცუკერბერგმა კი მილიარდობით დოლარი მოიხვეჭა. ყველაფერი 2004 წელს დაიწყო, როდესაც 23 წლის სტუდენტმა „ფეისბუქი“ მოიგონა და წლების შემდეგ, პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა, რომლის შესახებ იწერება პრესაში, საუბრობენ ტელევიზიით. მისი ცხოვრების შესახებ იღებენ ფილმს „ჰოლივუდში“, რომლის რეჟისორი თვით დევიდ ფინჩერია – „შვიდის“ და „ბენჯამინ ბატონის ისტორიის“ ავტორი. რეჟისორი, რომელიც თანამედროვე კინემატოგრაფის აუღიარებელ გენიოსად ითვლება.

დევიდ ფინჩერი 1962 წლის 28 აგვისტოს დაიბადა დენვერში, თუმცა ბავშვობა კალიფორნიაში, ჰოლივუდთან ახლოს გაატარა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მისი კინემატოგრაფით დაინტერესება. ვესტერნის – „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდის“ ხილვის შემდეგ, კი სადაც მთავარ როლებს რობერტ რედფორდი და პოლ ნიუმანი ასრულებდნენ, დევიდმა მტკიცედ გადაწყვიტა, რეჟისორი გამოსულიყო და რვა წლის ასაკიდან დაიწყო სამოყვარულო ფილმების გადაღება. 18 წლის იყო დევიდი, როცა სამუშაოდ სტუდია „კორტი ფილმზში“ უბრალო მუშად მოეწყო, რომ უფრო დაახლოებოდა პროფესიულ კინოს და ახლოდან გაცნობოდა ფილმის გადაღების სპეციფიკას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა გადასაღები კამერის მონტაჟი და გადატანა გახლდათ, კინოკომპანიაში მაინც შეამჩნიეს კინოთი დაავადებული ახალგაზრდა და 1982 წელს, დევიდი ჯორჯ ლუკასის სპეცეფექტების შემქმნელ კომპანიაში – „ინდუსტრიალ ლაით ენდ მეჯიკში“ მოეწყო სამუშაოდ. სტუდიაში იმ პერიოდის საუკეთესო კინოსპეცეფექტები მზადდებოდა. ფინჩერი მონაწილეობდა სპეცეფექტების დამზადებაში ისეთი გახმაურებული ფილმებისთვის, როგორებიცაა: „ვარსკვლავური ომები“, „ჯედაის დაბრუნება“, „ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ტაძარი“ და „დაუმთავრებელი ისტორია“. 80-იანი წლების შუა პერიოდში დევიდი კინოს დროებით თავს ანებებს და სარეკლამო რგოლების გადაღებით ინტერესდება. მისი გადაღებული პირველივე რგოლი, ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილის ყურადღებას იქცევს. ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოების დაკვეთით გადაღებულ რგოლში, ფინჩერმა იმდენად რეალისტურად ასახა დედის მუცელში სიგარეტის მწეველი ჩვილი, რომ მისი პერსონით მსხვილი კომპანიები – „ნაიკი“, „რევლონი“, „კოკა-კოლა“, „ლევისი“ დაინტერესდნენ, რომელთათვისაც ფინჩერმა ასევე მაღალი დონის რეკლამები გადაიღო. 1987 წელს დევიდ ფინჩერმა, ასევე მომავალ რეჟისორთან – დომინიკ სენასთან ერთად დააფუძნა კომპანია „პროპაგანდა ფილმზი“, რომელიც მუსიკალური ვიდეო-კლიპების გადაღებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია გახდა. ფინჩერის და სენას დუეტს ეკუთვნის, ალბათ, ყველა დროის ყველაზე ცნობილი კლიპების რეჟისურა. ამის დასტურად საკმარისია, ჯორჯ მაიკლის „ფრიდომ“, მაიკლ ჯექსონის „ჰუ იზ ით“ და მადონას „ვოუგ“, რომელიც პოპ-დედოფლის კარიერაში ყველაზე გულახდილ და სექსუალურ კლიპად მიიჩნიეს მუსიკალურმა კრიტიკოსებმა.

1992 წელს შედგა დევიდ ფინჩერის დებიუტი დიდ კინოში. მის მიერ გადაღებული ფანტასტიკური საგა – „უცხოს“ მესამე სერია, კინოგაქირავებაში ჩავარდა. მან მაყურებლის უკმაყოფილება, ხოლო კინოექსპერტების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა, დროთა განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გადაღების დროს, ფინჩერი დაუპირისპირდა პროდიუსერებსა და კინოკომპანია „მეოცე საუკუნე ფოქსის“ ჩინოვნიკებს სცენარი არაერთხელ გადაწერა თავიდან, ბოლო სცენები კი სულაც მის გარეშე გადაიღეს, ფილმმა საკულტო სტატუსი მოიპოვა.

„უცხოს“ შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ფინჩერი ისევ მუსიკალურ ინდუსტრიას დაუბრუნდა და არაერთი ცნობილი ვიდეოკლიპი გადაიღო, მათ შორის სკანდალური რგოლი – „ნაინ ინჩ ნეილზის“ სიმღერაზე „ონლი“. 1995 წელს კი დევიდ ფინჩერის წარმატებული დაბრუნება აღინიშნა ჰოლივუდში. მძაფრსიუჟეტიანმა თრილერმა „შვიდი“ ფინჩერი წლის ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორად გახადა. მსახიობებმა – ბრედ პიტმა და კევინ სპეისიმ კი, ამ ფილმის შემდეგ საკუთარი ვარსკვლავური იმიჯი უფრო განიმტკიცეს, რომ აღარაფერი ვთქვათ, მორგან ფრიმენზე, რომელმაც თავის დიად ფილმოგრაფიას კიდევ ერთი საკულტო როლი შეჰმატა. ახალი ათასწლეულის დადგომამდე ფინჩერმა კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფილმი გადაიღო – „თამაში“ და „მებრძოლთა კლუბი“. თუკი „თამაში“ ფინჩერის მორიგ წარმატებულ თრილერად ჩაითვალა, „მებრძოლთა კლუბის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, იგი ვანდალიზმისა და ძალადობის პროპაგანდაში ამხილეს. ფილმი ამერიკელმა კინოკრიტიკოსებმაც ცივად მიიღეს, ხოლო გაქირავებამ მიზერული მოგება მოიტანა. სამაგიეროდ, ბრედ პიტის განსახიერებული გმირი – ბინძურხალათიანი ტაილერ დარდენი ევროპელმა მაყურებელმა კარგად მიიღო, რამაც 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა ფილმს.

2002 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა „შიშის ოთახი“, 2007 წელს – „ზოდიაქო“ და 2008 წელს „ბენჯამინ ბატონის ისტორია“. სამივე ფილმმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, თუმცა ნიჭიერი რეჟისორი კვლავ კინოჯილდოების გარეშე დარჩა. ახლა კი 2010 წლის შემოდგომაზე გამოსულ „სოციალურ ქსელზე“ ამყარებენ იმედს რეჟისორის თაყვანისმცემლები, რომ ამერიკული კინოაკადემია ბოლოს და ბოლოს დააჯილდოებს ფინჩერს პლანეტის ყველა რეჟისორისთვის სანუკვარი ჯილდოთი „ოსკარით“. „სოციალური ქსელი“ ანუ „ფეისბუქის“ წარმოშობის ისტორია კინოგაქირავებაში უკვე წარმატებულია – ფილმი თითქმის ყველა კონტინენტზე მაყურებელმა თბილად მიიღო მრავალმა კინოექსპერტმა კი ფინჩერის ნამუშევარი უკვე შეადარა მსოფლიო კინოკლასიკის ისეთ შედევრებს, როგორებიცაა – „მოქალაქე კეინი“ და „დიადი გეთსბი“.

დევიდ ფინჩერის პირად ცხოვრებაზე ცოტა რამ არის ცნობილი. მისი ყოფილი მეუღლეა მსახიობი დონია ფიორენტინა, რომელთანაც დევიდს ერთი ქალიშვილი ჰყავს. დაშორების შემდეგ დონია გარი ოლდმანს გაჰყვა ცოლად, თუმცა, ამ უკანასკნელსაც დაშორდა. რაც შეეხება ფინჩერის ახალ პროექტებს. გადაღების პროცესშია, თრილერი „გოგონა დრაკონის ტატუირებით“. ბოლო პერიოდში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფინჩერი ჭადრაკმა გაიტაცა და აპირებს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას ცნობილი მოჭადრაკის, სკანდალური ბობი ფიშერის ცხოვრების შესახებ.


скачать dle 11.3