ავსტრიის უმაღლესი ჯილდო, რომელიც წელიწადში ერთხელ გაიცემა კულტურის მინისტრის მიერ, ქართველმა ტენორმა ზურაბ ზურაბიშვილმა მიიღო
მის შესახებ მისსავე სამშობლოში ძალიან ცოტა რამ თუ იციან, მაშინ, როცა ევროპული ჟურნალ-გაზეთები მასზე დაწერილი სტატიებით არის აჭრელებული და, როგორც პროფესიონალ მომღერალს, უმაღლესი შეფასებები აქვს. ზურაბ ზურაბიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, დღეს კი იგი ესენის ოპერის თეატრში მთავარი ტენორია და მთელი ევროპა აღფრთოვანებაში მოჰყავს. ცოტა ხნის წინ კი ბატონი ზურაბი თბილისში იმყოფებოდა, სადაც გერმანელ მეუღლესთან დაიწერა ჯვარი.
ზურაბ ზურაბიშვილი: დავიბადე თბილისში. თავიდან ქართულ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი თემურ ქევხიშვილთან და კოტე მშვიდობაძესთან. უკვე მოგვიანებით, 14 წლის ასაკში კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო ექსპერიმენტულ სკოლაში შევედი, სადაც ჩემი პედაგოგი ანი ჩიხრაძე იყო. გარდატეხის ასაკში, ხმა რომ არ გამფუჭებოდა, ცოტა ხნით სიმღერას თავი დავანებე და გამოცდები ჩავაბარე ფიზიკის ფაკულტეტზე. მოკლედ, გავხდი ფიზიკოსი. 20 წლის ასაკში კი ჩემი ხმა უკვე ჩამოყალიბდა და იმ კონდიციამდე მივიდა, რომ უკვე შემეძლო, სერიოზულად მემღერა. 1994 წელს, მაშინ, როცა საქართველოში ჯერ კიდევ არეული სიტუაცია იყო, ავსტრიაში გავემგზავრე. მინდოდა, ზალცბურგის მოცარტერიუმში ჩაბარება მეცადა. მოცარტერიუმი – ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, უდიდესი მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც მოცარტის სახელს ატარებს. ერთი სიტყვით, მოცარტერიუმში ჩავირიცხე.
– რთული იყო გამოცდები?
– საკმაოდ. 170 მსურველი იყო, საიდანაც 9 სტუდენტი უნდა აერჩიათ. გამიმართლა და ჩავირიცხე. შვიდი წელი ვისწავლე მოცარტერიუმში. მართალია, ვოკალის სწავლა და სრულყოფა საერთოდ არასდროს არ მთავრდება, სანამ მღერი და სანამ სცენაზე ხარ, მაგრამ, ეს ოფიციალური სწავლების წლები წარჩინებით დავასრულე. 2002 წელს დავამთავრე მოცარტერიუმი და ავსტრიის კულტურის მინისტრმა დამაჯილდოვა ღირსების ორდენით, რომელიც მთელი ავსტრიის მასშტაბით წელიწადში მხოლოდ ერთ ხელოვანზე გაიცემა. ამის შემდეგ უკვე მოსმენა მქონდა აუსბურგის ოპერაში, სადაც 83 ტენორიდან მხოლოდ მე ამირჩიეს და ასე დაიწყო ჩემი კარიერა. ამის შემდეგ უკვე ძალიან ბევრ საოპერო სცენაზე ვიდექი და დღესდღეობით ესენის ოპერის დასის წევრი ვარ. ჩემი პირველი ოპერა იყო დე ალბერტის „შავი ორქიდეა“, გარდა ჩემი სცენაზე გამოსვლისა, გამოიცა დისკი, რომელიც ამ ოპერის ერთადერთი ჩანაწერია და მსოფლიოს მასშტაბით იყიდება.
– ვიცი, რომ საოცარი შეფასებები ჰქონდა თქვენს შესრულებას.
– დე ალბერტის შემდეგ შევასრულე დონ ხოსე – „კარმენიდან“, ჰერცოგი – „რიგოლეტოდან“, მაკდუფი „მაკბეტიდან“, იდომენეო და კავარადოსი – „ტოსკადან“. „ტოსკას“ შემდეგ უკვე ძალიან ბევრი წინადადება და შემოთავაზება მივიღე: მოწვევები მქონდა გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ოპერებიდან, რომელთა სცენებზეც მიწვევით ვიდექი. 2006 წლიდან კი გადავედი დარმშტადტის სახელმწიფო თეატრში, სადაც შევასრულე ისეთი პარტიები, როგორებიცაა მანრიკო – „ტრუბადურში“, რამადეში – „აიდაში“, კალაფი – „ტურანდოტში“ და მაუტიციო „ადრიანა ლეკუვერში“.
– და, როგორც ვიცი, ამ ოპერების გამო კიდევ ერთი ჯილდო აიღეთ.
– დიახ. ძალიან ბევრი საუბარი გამომდის საკუთარ თავზე, მაგრამ, ფაქტია, რომ 2005 წელს ორმაგი ჯილდო ავიღე ავსტრიაში, გრაცში, ტალიავინის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე, სადაც 400 მონაწილე იყო, თან საკმაოდ „მძიმეწონიანები“ ამ სფეროში თავიანთი გავლენითა და პოპულარობით. კონკურსის ჟიურიში იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები საოპერო ხელოვნებაში, როგორებიც არიან კატია რიკიარელი, ვიტორია ტერანოვა და სხვები. 2010 წლიდან კი ესენის ოპერის თეატრში მთავარ ტენორად ვითვლები. ჩვენი ქალაქი, ესენი, 2010 წელს ევროპის კულტურის დედაქალაქია, რაც მის მიმართ ყურადღებას ერთიათად ზრდის. ესენს ძალიან დიდი და სერიოზული ოპერის თეატრი აქვს. ორკესტრს დირიჟორობს ძალიან ცნობილი ადამიანი – სტეფან სოლტეზი, რომელიც მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში მოღვაწეობს. სწორედ მან შემომთავაზა ესენის თეატრთან კონტრაქტი მას შემდეგ, რაც ჩემი კალაფის პარტია მოისმინა „ტურანდოტში“. როგორც ჩანს, სოლტეზი იმდენად მოიხიბლა ამ შესრულებით, რომ პირდაპირ სცენაზე მივიღე მისგან შემოთავაზება. მსგავსი რამ საერთოდ თუ მომხდარა, არც ვიცი. ეს ჩემთვის იმხელა პატივი იყო, რომ სცენაზევე დავთანხმდი სოლტეზის წინადადებას. სწორედ ახლახან, 5 ნოემბერს მქონდა ესენში ჩემი პირველი სპექტაკლი – პუჩინის „ბოჰემა“. სპექტაკლის შემდეგ გამოვიდა ინტერნაციონალური საოპერო ჟურნალი, რომელიც ვენაშიც გამოიცემა, სადაც ჩემი ისეთი შეფასება ეწერა, მართლა უბედნიერესი ვიყავი – პავაროტის შემდეგ „ბოჰემის“ ასეთი შესრულება არ მოგვისმენიაო. ეს სტატია, შეგიძლიათ ინტერნეტში თავადაც ნახოთ და გადახედოთ.
– ამჟამად სულ ესენში ხართ თუ მაინც გიწევთ მოგზაურობა?
– ძირითადად ესენში ვარ, ოჯახთან ერთად გადმოვედი ამ ქალაქში და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. თუმცა, ძალიან ბევრი მოგზაურობა მიწევს და წელიწადის ნახევარს ესენში არ ვატარებ. ხანდახან ისე ხდება, რომ კვირაში ორი ფრენა მიწევს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ, რას ვიზამთ – ეს მომღერლის ცხოვრებაა, რომელიც თავად ავირჩიე და არ ვიწუწუნებ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთი დატვირთული გრაფიკი ასე თუ ისე ხმაზეც მოქმედებს, მაგრამ, მაინც ვცდილობ მის მოფრთხილებას, ამისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტი და დასვენება. ჯანმრთელობა ის კაპიტალია, რომელსაც ყველაზე მეტი ზრუნვა სჭირდება. ვცდილობ, მოვერიდო ადამიანებს, რომლებიც ახველებენ, ყურადღებით ვარ, რომ არ გავცივდე და ვინმემ რამე არ გადამდოს. თუმცა, სამწუხაროდ, ასი პროცენტით დაცული არავინაა.
– რომელია თქვენი საყვარელი სპექტაკლი?
– ძალიან ბევრი და ასე გამორჩევა ნამდვილად გამიჭირდება. მაგრამ, ალბათ, უფრო „ანდრეა ჩენიერი“, „აიდა“ და „ლოენგრინი“.
– თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ, ვინ არის ის, სად გაიცანით, როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ჩემი მეუღლე ზალცბურგში სწავლის დროს გავიცანი. სანდრა ავსტრიელია. სტუდენტურ სპექტაკლში ვმღეროდი, მან მომისმინა და, როგორც ჩანს, მოვეწონე (იცინის) საერთო ნაცნობის დახმარებით ერთმანეთი გავიცანით და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. სანდრა პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსია. ახლა უკვე გვყავს წლინახევრის შვილი – ლია. ამ ზაფხულს თბილისში ჩამოვედით, რადგან ჯვრისწერა და დიდი ქორწილი აქ დავგეგმეთ. სანდრა და ლია მართლმადიდებლურად მოინათლნენ, ჯვარი კი მცხეთის ჯვრის მონასტერში დავიწერეთ. ჩვენი ქორწილი ულამაზესი და დაუვიწყარი იყო. ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა გერმანიიდან და ავსტრიიდან, რომლებიც მოხიბლულები არიან საქართველოთი და თბილისით. ერთი სიტყვით, არაჩვეულებრივად გავერთეთ. სხვათა შორის, საქართველოში, მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, წელიწადში ორჯერ, თითო კვირით ჩამოსვლას მაინც ვახერხებ. ჩემს მშობლებსაც და მეც ძალიან გვეცოტავება ეს დრო, მაგრამ ჩემი კალენდარი მეტ შესაძლებლობას არ მაძლევს, ტელეფონით კი, მათთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს.
– სამომავლო გეგმებზეც გვითხარით, რას აპირებთ, რამდენ ხანს დარჩებით ესენში?
– ესენში ორწლიანი კონტრაქტი მაქვს, ჩემი მომავალი ათი თვე თავიდან ბოლომდე გაწერილია. ამ სეზონზე უნდა ვიმღერო შემდეგ ოპერებში: „ლუისა მილერი“, „ანდრეა ჩენიერი“, „ბოჰემა“, „აიდა“, „ტოსკა“, „მადამ ბატერფლაი“ და ჰოფმანის „მონაკოლები“. ეს სპექტაკლები იქნება გერმანიის, ავსტრიისა და სამხრეთ ამერიკის თეატრებში.
– ვიმედოვნებ, ამ ათი წლის განმავლობაში თბილისშიც გნახავთ სცენაზე.