რატომ ელოდებიან სამასი წლის შემდეგ თიკა ჯამბურიას შვილს ხოფერიები განსაკუთრებით
თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში უამრავი სიახლეა. გარდა იმისა, რომ ახალი საქმიანობა შეითავსა და ტაქსის მძღოლები უკვე „აფხაზეთის ხმის” ბილბორდებიდან უფრო ცნობენ და ნაკლებად ახსოვთ მისი „ჯეირანი”, თიკას ცხოვრებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებაა – მომღერალი დედობისთვის ემზადება. ფეხმძიმობის მეოთხე თვეში ის ძალიან აქტიურად არის დაკავებული და მუშაობაზე თავის დანებებას ბოლომდე არ აპირებს.
თიკა ჯამბურია: ძალიან მიხარია, რომ რადიოში დავიწყე მუშაობა. მსგავსი გამოცდილება ადრეც მქონდა, როდესაც ერთ-ერთ საყმაწვილო რადიოში გადაცემა მიმყავდა. „აფხაზეთის ხმაში” ნიკუშა ხაჩიძემ მომიწვია. გადაცემაც ერთობლივად მოვიფიქრეთ. უფრო ნიკუშას იდეებია, მაგრამ პატარა წვლილი მეც შევიტანე. ეს არის გადაცემა „რადიომანია”. პირველი გადაცემა უკვე გავიდა ეთერში და ძალიან წარმატებულად ჩაიარა. მყავს ერთი ცნობილი ადამიანი სტუმრად, რომლის დახმარებითაც სხვა ადამიანებს ვეხუმრებით. მსმენელი „ესემესებს“ გვიგზავნის და „გვიკვეთავს“ ვინ და როგორ უნდა, რომ გავაშაყიროთ და ჩვენც პირდაპირ ეთერში ვახორციელებთ ამ ყველაფერს: ვურეკავთ რომელიმე მსმენელის მეგობარს, ვეხუმრებით და მერე ვეუბნებით, რომ რადიო „აფხაზეთის ხმის” პირდაპირ ეთერში ხარ და ეს ხუმრობა იყოო.
– ამან, შეიძლება, ცუდი შედეგებიც გამოიწვიოს.
– ცუდად არავის ვეხუმრებით. მაგალითად, იყო ერთი ბიჭი, რომელიც პიცის გამოძახებაზე დადიოდა. ჩემი სტუმარი იყო ვინი, მასთან ერთად დავრეკეთ და ძალიან უცნაური პიცა შევუკვეთეთ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყოველი გადაცემის ბოლოს ცნობილ ადამიანებს ვაშაყირებთ.
– ვინ იყო პირველი?
– ბორის ბედია. „იურმალასთან“ დაკავშირებით რაღაც პრობლემები გვქონდა, დავურეკე ბორისს, ვტიროდი და მოვთქვამდი – მაპატიე, „ჩაწყობილი“ მქონდა-მეთქი. სხვათა შორის, ეს ჩანაწერი „იუთუბიზე” დევს და მოუსმინეთ, ბევრს იცინებთ. მერე ვინი დაელაპარაკა, ვითომ მამაჩემი იყო, მე ვტიროდი და ვეღარ ვახერხებდი ლაპარაკს. მოკლედ, ბოლოს ვუთხარით, რომ ხუმრობა იყო, მაგრამ, ეჭვი მაქვს, ბოლომდე მაინც ვერ გაერკვა, რა ხდებოდა. ისე, რადიოსთან დაკავშირებით ერთი ამბავიც გამახსენდა: სამსახურში ტაქსით მოვდიოდი და მძღოლი მეუბნება, შენ ის არ ხარ, რადიოში გადაცემა რომ მიგყავსო?! დავეთანხმე, იცით, ვმღეროდი კიდეც-მეთქი და რაღაცეები დავიწყე. ბოლოს ფული აღარ გადამახდევინა და პირობა დამადებინა, ეთერში გამიყვანეო. რა თქმა უნდა, ამ დანაპირებს შევუსრულებ.
– სხვა რა ხდება თიკას ცხოვრებაში?
– ისეთი განსაკუთრებული არაფერი. სიმღერის მხრივაც ნაკლებად აქტიური ვარ, რადგან პატარას ველოდები. ოთხი თვის ორსული ვარ და ამიტომაც, მირჩევნია, წყნარად ვაკეთო ის საქმეები, რომლებზეც ვალდებულება უკვე ავიღე. ვსწავლობ, ვმუშაობ და მეტს ვერაფერს ვაკეთებ. ჟანგბადის ნაკლებობა მაქვს და მუდმივად ჰაერი არ მყოფნის.
– სქესი იცით უკვე?
– დიახ, გოგოა და უკვე სახელიც არჩეული გვაქვს – ნინოს დავარქმევთ. ბექას დედას ხათუნა ჰქვია, მაგრამ მისი ოფიციალური სახელი ნინოა, ჩემს დასაც ნინო ჰქვია, ბექას ბებიასაც. მოკლედ, ბევრი მსჯელობა აღარ დასჭირდა იმას, თუ რა უნდა დაგვერქმია ბავშვისთვის. თან, ბექას მამის ხაზიდან, ანუ ხოფერიებში, უკვე სამასი წელია, გოგო არ დაბადებულა, სულ ბიჭები ჰყავთ და ამიტომ პატარა ნინოს დიდი მოლოდინია ოჯახში.
– როგორ მიდის ოჯახური ცხოვრება?
– არ ვიცი, ბავშვის გაჩენის შემდეგ როგორ იქნება, მაგრამ, გართობას არც ახლა ვიკლებ. იმდენ ხანს ვიცნობდი ბექას და იმდენად ვიცოდით ერთმანეთის ხასიათი, რომ, დარწმუნებული ვიყავი, ახალ აღმოჩენებს არ გავაკეთებდი. მხოლოდ ის იყო, რომ ერთად არ გვეძინა და ერთად არ ვიღვიძებდით. იმაზე მაგარი რა უნდა იყოს, როდესაც თვალს გაახელ და გვერდით შენი საყვარელი ადამიანი გყავს?! ამიტომაც, პრობლემა არ მქონია. ახალ სახლსაც იოლად მივეჩვიე. დიასახლისის მოვალეობები ჯერ არ ამიღია საკუთარ თავზე – ეს, ალბათ, უფრო ბავშვის გაჩენის მერე მოხდება. ჯერჯერობით ვცხოვრობთ ჩვეულებრივად – ვერთობით, მეგობრებთან ერთად ვართ. სერიოზულად ამ ფაქტის მიმართ ჯერ არც ერთი არ ვართ განწყობილი. ვერც მე და ვერც ბექა ვერ ვხვდებით, რომ შვილი გვეყოლება. ალბათ, რომ გაჩნდება და ხელში დავიჭერთ, ანუ, ფაქტი სახეზე იქნება, მერე გავიაზრებთ.
– ფაქტი ერთად არ ნახეთ ექოსკოპიის სურათზე?
– კი. ექოსკოპიაზე ერთად ვიყავით და ორივემ ვნახეთ, როგორ მოძრაობს. გულისცემაც მოვისმინეთ, რაც საოცრად გულის ამაჩუყუბელი იყო. ყველა მეუბნება, მათ შორის ისინიც, ვინც უფრო დიდ ასაკში იმშობიარეს, რომ შვილის აღქმა მისი დაბადების შემდეგ მოდის. თავიდან ისიც მიჭირდა, რომ მაფრთხილებდნენ, ცოტა ფრთხილად იარე, ძალიან ცხელი წყლით არ იბანაო, სუფთა ჰაერზე იარეო – სულ მავიწყდებოდა. კიდევ კარგი, არ მაქვს რთული ორსულობა, არც ტოქსიკოზი და არც არანარი ახირებები – „ეს მინდა, ის მინდა“... ანუ, მაქვს საშუალება, ვიმოძრაო, ვიმუშაო, ვისწავლო და, სანამ ორგანიზმი ამის საშუალებას მომცემს, ასეც ვიქნები.
– წონას აკონტროლებ?
– ძალიან. საერთოდ, გასუქებისკენ მიდრეკილი ვარ და ახლა მართლა მეშინია. თან, ისეთი „ჰიჩკოკური“ ამბები მესმის – ორმოცი კილო მოვიმატე, ორმოცდაათი კილო მოვიმატეო, რომ გული მისკდება. ამდენი რომ მოვიმატო, ალბათ, ვეღარასოდეს დავიკლებ. ჯერჯერობით ხუთი კილო მაქვს მომატებული. ყველა მაწყნარებს, ეგრევე გახდებიო და, ვნახოთ, რა იქნება. მერე ძალიან ბევრი უნდა ვივარჯიშო, რომ მალე მოვახერხო ფორმაში ჩადგომა, რადგან მშობიარობიდან მალე მიწევს სპექტაკლიდან ნაწყვეტების თამაში მეორე კურსისთვის. აქტიურად უნდა ჩავდგე ფორმაში. ისეთ პერიოდში მიწევს მშობიარობა, რომ ამ ყველაფრის მოხერხება შეიძლება: აპრილში გავაჩენ, მერე ზაფხული მოდის და სექტემბრისთვის უკვე შევძლებ მუშაობისა და სწავლის გაგრძელებას. მინდა, რომ მაქსიმალურად თვითონ გავზარდო ბავშვი, დედა და ჩემი დაც მომეხმარებიან.
– ნერვიულობ?
– საშინლად. მშობიარობის მეშინია, მეტი არაფრის. საერთოდ არავის ვაყოლებ თავიანთ ისტორიებს და, როცა მეკითხებიან, გეშინია თუ არაო, „არას“ ვამბობ. მაგრამ, გულის სიღრმეში მართლა ძალიან მეშინია.
– გინდა, რომ ბექა დაესწროს?
– არა, არავინ არ მინდა დაესწროს, ჩემი გინეკოლოგის გარდა. სხვასთან ვიმშობიარებ, მაგრამ ეს ქალი აუცილებლად იქ უნდა იყოს, ჩემ გვერდით, მეტს არავის არ ვენდობი. თან, მგონია, რომ ამ დროს ყველაზე მახინჯი და ყველაზე შეუხედავი ადამიანი ვიქნები. ვიცი, რომ ჩაჩავაში გავაჩენ, მაგრამ, ვინ იქნება მეან-გინეკოლოგი, ამას ჩემი ექიმი გადაწყვეტს. ისე, არ მგონია, ბექასაც დიდად უნდოდეს. ისე, ახლა განსაკუთრებით ყურადღებიანი გახდა. სულ მეუბნება – ნელა იარე, ფრთხილად იყავიო. დედაჩემი ოცდაოთხი საათი ხაჭოთი დამდევს, მე კი ვერ ვიტან. მოკლედ, განსაკუთრებით მიფრთხილდება ყველა. მგონია, რომ ბექა ძალინ კარგი მამა იქნება. ჩემი დისშვილები და თავისი ძმისშვილები იმდენად უყვარს, ისე გემრიელად ეთამაშება ხოლმე და იმათაც ისე უყვართ, რომ, წესით, კარგი მამა უნდა იყოს.