აპირებს თუ არა მსახიობი დიმა ტატიშვილი ბერობას და რაში ეპარება მას ეჭვი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობმა, დიმა ტატიშვილმა, ბოლო დროს მაყურებლის ყურადღება სერიალ „დეტექტივებით” მიიპყრო, კიდევ ერთი საინტერესო სახე შექმნა და დეტექტივის როლიც გაითავისა. მართალია, თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში ბევრი პროფესიის ადამიანი განუსახიერებია, მაგრამ დეტექტივი პირველად არის. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: მას შემდეგ, რაც დიმა ტატიშვილმა სერიალ „ექიმი ჰაუსის” მთავარი გმირი გაახმოვანა, მისი გამოჩენისთანავე მაყურებელს ყოველთვის ჰიუ ლორის ასოციაცია უჩნდება.
დიმა ტატიშვილი: სერიალ „დეტექტივების” პარალელურად კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობ: „საზოგადოებრივი არხი“ და კულტურის სამინისტრო ამზადებენ დიდ პროექტს, რომლის მიზანია, ევროპაში ოკუპაციის შესახებ 15 დოკუმენტური ფილმი მომზადდეს. ამ საქმეში კოორდინაციას პარლამენტი გვიწევს. ცხრა ქვეყანაში უკვე ვიყავით. მე, როგორც მსახიობი, აქ არ ვმონაწილეობ, ფილმში მთხრობელი ვარ და კადრში ამა თუ იმ ქვეყნის მნიშვნელოვან მოვლენებზე ვყვები. სხვათა შორის, ძალიან ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე და ბევრი ადამიანი შოკირებული დარჩება ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ. მე-15 ფილმი საქართველოზე იქნება. თითოეულ სახელმწიფოში, სადაც ჩვენ ჩავდივართ, მათი ქვეყნის შესახებ ჩვენ მიერ გადაღებულ ფილმსაც ვაჩვენებთ, ისევე, როგორც საქართველოს შესახებ. „პირველ არხზე“ ამ პროექტის ჩვენება, სავარაუდოდ, 25 თებერვლიდან დაიწყება.
– რაც შეეხება „დეტექტივებს“, რომელიც ასევე ძალიან სერიოზული სამუშაოა და ეთერში გასვლისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება.
– მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან ვცდილობთ და მონდომებულები ვართ. ყველა თავისი საქმის პროფესიონალია და ასეთ გარემოში მუშაობა ძალიან საინტერესოა.
– როგორც ამბობენ, სერიალის ყველა ამბავი რეალურ ფაქტებზეა აგებული. საქმის გახსნის დეტალებიც რეალური ფაქტების მიხედვით არის გადაღებული თუ სცენარისტების ხელიც ურევია?
– თავის დროზე დეტექტივებმა ეს საქმეები როგორ გახსნეს, ალბათ, მაყურებელი ფილმში ვერ დაინახავს, რადგან, შეიძლება, რეალური ფაქტი ოდნავ სახეცვლილად იყოს ეკრანზე ნაჩვენები, მაგრამ, ტყუილი და გამოგონილი არც ერთი არ არის. „დეტექტივების” პირველ სეზონში მაყურებელი 16 სერიას ნახავს, დეკემბრის დასაწყისიდან კი, სავარაუდოდ, მეორე სეზონის გადაღებას დავიწყებთ.
– წარმოგედგინათ საკუთარი თავი დეტექტივის ამპლუაში?
– ამაზე არასდროს მიფიქრია. სასულიერო პირის როლი არაერთხელ შემისრულებია, ორდინარული პროფესიის ადამიანებისაც – ასე თუ ისე, მაგრამ, დეტექტივი არასოდეს მითამაშია.
– ხართ დეტექტივი, რომელსაც მიუხედავად რთული, დაძაბული პროფესიისა, არასდროს ჰღალატობს იუმორის გრძნობა.
– ალბათ, ამაში მეც ვარ „დამნაშავე“, რადგან, ვინც მიცნობს, დამეთანხმება, რომ, თუ ისეთი სიტუაცია არ არის, სადაც ყოფნა მსიამოვნებს, ვცდილობ, იუმორით გავანეიტრალო.
– გადასაღებ მოედანზეც ბევრს ხუმრობთ?
– სანამ ძალიან დაღლილი არ ვარ და მეხუმრება, ვხუმრობ.
– მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ფილმი გაქვთ გახმოვანებული, დღემდე ასოცირდებით ექიმ ჰაუსთან. შეიძლება ეს თქვენი სპეციფიკური ხმის ბრალი იყოს, მაგრამ, გინდა-არ გინდა, თქვენ და ექიმი ჰაუსის პერსონაჟი დროდადრო განუყოფელი ხდებით. უფრო მეტიც, თითქოს რაღაცით ჰგავხართ კიდეც ერთმანეთს.
– ექიმ ჰაუსს ისე მამსგავსებენ, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, მამაჩემი მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე როგორ იქცეოდა. ძალიან ბევრი მეუბნება, რომ მე და ექიმი ჰაუსი მარტო ვიზუალურად კი არა, ხასიათითაც ვგავართ ერთმანეთს. დავიჯერო, ისეთი ცუდი კაცი ვარ, როგორიც ის არის და მისნაირი მაწაკი ენა მაქვს?! რაღაცეებში, შეიძლება, მართლა ვგავარ. ბევრი კომპლიმენტად მეუბნება, რომ ვერ უყურებენ, „ექიმი ჰაუსის“ სერიებს რუსულ ენაზე, რომელიც ინტერნეტში დევს, რადგან ჩემი გახმოვანებული მოსწონთ. ჰაუსის ფანკლუბი ჩამოყალიბდა თურმე და დამპატიჟეს – დამირეკეს და მითხრეს, უნდა მობრძანდეთო. რომ ვკითხე, მე რა შუაში ვარ-მეთქი, გაუკვირდათ როგორ, უთქვენოდ როგორ შეიძლება ჰაუსის ფანკლუბიო. რომ მივედი, კარგი გემრიელი ტორტიც დამახვედრეს და სიმბოლურად ხელჯოხიც მაჩუქეს.
– მასთან შეხვედრის მცდელობა არ გქონიათ?
– ხომ არ დავურეკავ და ვეტყვი, იცი რა, ჰიუ, თქვენ გახმოვანებთ-მეთქი? იმდენი ვინმე მყავს ასე გახმოვანებული რომ...
– ყოფილა შემთხვევა, რომ, ვთქვათ, უცნობი თქვენი ხმის გაგონებაზე ცოტა დაბნეულა და მისი გამომეტყველებიდან გიგრძნიათ, რომ მას თქვენი ხმა ეცნობა და ვერ ხვდება – საიდან.
– კი, როგორ არა, ძალიან ბევრჯერ, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რაც მაღაზიაში და სამარშრუტო ტაქსებში მომხდარა. ამოვიღებ თუ არა ხმას, ყურებს დაცქვეტენ ხოლმე. რესტორანში თუ მოვხვდით ერთად ორი-სამი ადამიანი, რომლებიც ფილმების გახმოვანებაზე ვმუშაობთ, ხალხი გვეუბნება, სუფრასთან კი არა, ტელევიზორთან ვსხედვართო. როცა „ექიმი ჰაუსის“ სერიალი იყიდა „რუსთავი 2-მა,” ჩემთვის არც უკითხავთ, პირდაპირ მითხრეს, ჰაუსს შენ გაახმოვანებო. ამან ცოტა დამაინტრიგა, მაგრამ, რომ ვნახე, მივხვდი, საინტერესო იქნებოდა ამ გმირზე მუშაობა. მე და ჰიუს საერთო ისიც გვაქვს, რომ ორივე მუსიკალურები ვართ, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, მას საკუთარი ბენდი ჰყავს. ისიც მუსიკას წერს და ცოტ-ცოტას მეც ვჯღაბნი – ჩვენს თეატრშიც (მარჯანიშვილის თეატრი) იყო რამდენიმე სპექტაკლი ჩემი მუსიკით გაფორმებული. კიდევ იმით ვგავართ ერთმანეთს, რომ ორივე სულ შრომაში ვართ. ჩემთვის ძალიან ახლობელია ისეთი ბიოგრაფია, როგორიც მას აქვს. განსხვავება ის არის, რომ მას გაცილებით სარფიანი და მაღალანაზღაურებადი წინადადებები აქვს. მართლა იმდენი მამსგავსებს ექიმ ჰაუსს, მაპატიოს მამაჩემის სულმა, მაგრამ, იქნებ ვიღაცა შეხვდა მეორე მსოფლიო ომის დროს ისეთი, ვინც მერე ამერიკაში წავიდა?..
– იქნება ჰიუ ტატიშვილია და არ იცის.
– არა მგონია (იცინის). ვიღაც გორელებიც ხომ იჩემებდნენ, ჩვენი ძმა არისო. ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ძალიან საინტერესო ადამიანია და უნდათ, უფრო ახლოს იყოს მათთან. მე სულ არ მინდა, ჰიუ ტატიშვილი რომ აღმოჩნდეს, მაგრამ, თუ საქართველოში ჩამოვა, ალბათ ვინმე კეთილი ადამიანი შეგვახვედრებს ერთმანეთს.
– სერიალ „დეტექტივებზე” მუშაობა, ალბათ, თქვენთვის ძალიან საინტერესოა.
– სცენარისტები ძალიან მეხმარებიან ჩემი გმირის ისეთად წარმოჩენაში, როგორიც ახლა გახდა. პირველი სერიები რომ იწერებოდა, შეიძლება, ცოტა სხვანაირად ჰქონდათ წარმოდგენილი აკაკი, მაგრამ, გადასაღებ მოედანზე რომ მნახეს, მიხვდნენ, რომ ჩემი გმირის განვითარება იმაზე ოდნავ სხვანაირად შეიძლებოდა, ვიდრე ჩაფიქრებული ჰქონდათ. ამაში რეჟისორიც და სცენარისტებიც ძალიან დამეხმარნენ და, მგონი, სწორად მიხვდნენ, საით შემიძლია ამ გმირის წაყვანა. მეც ვცდილობ, იმედები არ გავუცრუო მათ და, იუმორი იქნება ეს თუ სხარტად ნათქვამი ფრაზები, ორგანული იყოს, და არა ყალბი და ყურით მოთრეული.
– თქვენი ოჯახის წევრებს თუ მოსწონთ „დეტექტივები?”
– კი, მოსწონთ, თან, სხვადასხვა მხრიდან კომპლიმენტებსაც ისმენენ და, ვგრძნობ, რომ ტყუპებსაც და ჩემს მეუღლესაც ძალიან სიამოვნებთ. ჩემი ცოლი მასწავლებელია და მოსწავლეები ეუბნებიან, თქვენი ქმარი ძალიან მაგარი კაციაო და ასე შემდეგ. როცა თბილად გხვდებიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ იცნობ, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. უნამუსო ვიყო, ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს – არც ჰონორარი და არც არაფერი. ეს ყველაფერი უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს, კიდევ უფრო კარგად გააკეთო შენი საქმე, მეტად დაიხარჯო და არ შეგეშინდეს ამის. რაც უფრო მეტად ამოისუნთქავ და ფილტვებს ბოლომდე დაცლი, მერე უფრო მეტს ჩაისუნთქავ. მაყურებლის ყურადღებასა და სითბოს რომ ვგრძნობ, ეს მაცოცხლებს და ამისთვისაც ღირს ცხოვრება. ყოველთვის მზად ვარ, თუ რამე აინტერესებთ ჩემ შესახებ, ამომწურავად ვუპასუხო; ამიტომ, ყოველთვის „ღია” ვარ ურთიერთობისთვის. ეს ძალიან ბევრ ძალას მმატებს და ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც ვარსებობ ამქვეყანად და ვარ ამ პროფესიაში, ანუ, ეს არის ამოსავალი წერტილი.
– ერთ-ერთ სერიაში აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მკაცრი მამა ხართ. რეალურ ცხოვრებაში როგორია თქვენი და ტყუპების ურთიერთობა?
– რეალურ ცხოვრებაში არ ვარ ძალიან მკაცრი, ვარ მომთხოვნი. ადამიანებისგან უნდა მოითხოვო იმდენი, რამდენის გაცემაც შეგიძლია, ზედმეტი არა. მე ჩემი შვილებისგან არაფერს ისეთს არ ვითხოვ, რაც მამამ არ უნდა მოითხოვოს. ჩვენს ურთიერთობაში მთავარი ის არის, რომ მეგობრები ვართ. იუმორში ორივე მგავს, თუმცა ჩემს მეუღლესაც კარგი იუმორი აქვს, ენამოსწრებული რაღაცეების თქმა იცის.
– გოგონებმა არ აირჩიეს მამის პროფესია?
– არა. სანამ არჩევანს გააკეთებდნენ, ვფიქრობდი, მსახიობობა რომ მონდომებოდათ, დავუშლიდი, მაგრამ არ დამჭირდა – უფრო სერიოზული საქმე აირჩიეს: ერთი იურისტი იქნება, მეორე – ბიზნესის მენეჯერი. ორივე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის – „გაუს” მეოთხე კურსის სტუდენტია.
– ისიც გავიგე, რომ რაც დიმა ტატიშვილმა „ქაღალდის ტყვიაში” მღვდლის როლი განასახიერა, მას შემდეგ ბერობას აპირებსო. მართალია?
– არა, ბერობას არ ვაპირებ. ჯერ ერთი, ეს არ არის ასე იოლად გადასაწყვეტი და არ ვიცი, ვარ თუ არა ამის ღირსი. მართალია, ხშირად ვფიქრობ იმაზე, ხომ არ ჯობია, საკუთარ სულს მივუძღვნა დარჩენილი ცხოვრება, ცოდვებისგან გავთავისუფლდე და ღმერთის სამსახურში გავატარო წლები-მეთქი, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბერობას ვაპირებ. ჯერ მგონია, რომ, რა საქმესაც ვაკეთებ, ის უნდა ვაკეთო და სასარგებლო ვარ ამ დარგში. ყოველ როლში ვცდილობ, საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ ღირსი ვარ, ამ პროფესიაში ვიყო. ჯერჯერობით ჩემს საქმეში დიდი იმედგაცრუება არ მქონია. თუ ვიგრძნობ, რომ მსახიობობა ჩემთვის საინტერესო აღარ არის, ამ პროფესიიდან წავალ – უინტერესოს რატომ უნდა უყუროს მაყურებელმა?!