კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30–45(515)



– გისმენ, საყვარელო, – მიუგო ნიკუშა წერეთელმა ნათიას, შეტრიალდა და შავგვრემან ლამარას მოჰკრა თვალი, რომელიც მწვანეთვალება, ოქროსფერთმიან გოგონას ყურადღებით ათვალიერებდა.

შავგვრემანი ლამარა მიხვდა, რომ ოქროსფერთმიანი გოგონა და სიმპათიური მხატვარი შეყვარებულები იყვნენ და მისი ინტერესი სწორედ ამან გამოიწვია. სხვა შემთხვევაში, ამპარტავანი ლამარა ზერელედ გადაავლებდა ნათიას თვალს, ცხვირს აუბზუებდა და ზიზღით ჩაილაპარაკებდა: „რას ჰგავს ეს ყვითელთმიანი მაიმუნი, თვალები რომ მწვანე სვეტაფორივით უელავსო“. ამჯერად კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაიმეტა თავისი „ძვირფასი ყურადღება“ მშვენიერი ნათიას მიმართ, რომ აინტერესებდა, რა დონის სიახლოვე ჰქონდა მას ნიკუშა წერეთელთან.

ლამარა იმდენად უსულგულო და ბოროტი არსება იყო, რომ საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად ნებისმიერ სისაძაგლეს ჩაიდენდა. მის ტვინში უმალვე მომწიფდა მოქმედების გეგმა, რომლის მიზანიც ნიკუშა წერეთლის ხელში ჩაგდება იყო და განხორციელებასაც იქვე შეუდგა: მან გაუღიმა ნათიას, რომელიც მის ზურგსუკან, სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯში იდგა და ნახევრად ჩურჩულით, ვითომ ძალიან მორიდებულად ჰკითხა:

– ბოდიში, გეთაყვა, სურათებს რომ კედლიდან ხსნის, მხატვარი ნიკოლოზ წერეთელი ხომ არ არის?

– დიახ, ის გახლავთ, – მიუგო ნათიამ ლამარას და გაიფიქრა, ნეტავ ამ შავ გოგოს რა საქმე უნდა ჰქონდეს ნიკუშასთანო?

– უკაცრავად, რა გქვიათ, გეთაყვა? – ისევ ნახევრად ჩურჩულით ჰკითხა ნათიას ლამარამ, რომელიც მოკრძალებული გოგონას როლის თამაშს განაგრძობდა.

– ნათია, – მიუგო ლამარას მწვანეთვალებამ.

– მე ლამარა მქვია, – მორიდებით უთხრა ნათიას ლამარამ, ხელი ჩამოართვა და მოკრძალებით დაამატა, – იცით, მე ხელოვნების დიდი მოტრფიალე ვარ, ნიკოლოზ წერეთლის სურათებით მოვიხიბლე და მინდა, რამდენიმე მათგანი შევიძინო, თუ, რა თქმა უნდა, მხატვარი გაყიდის და ძალიან ძვირს არ დამიფასებს. ძალიან მერიდება მასთან მისვლა და, იქნებ თქვენ დამეხმაროთ? ვხედავ, რომ მას ახლოს იცნობთ და უარს ნუ მეტყვით.

– წამობრძანდით, გაგაცნობთ, – უთხრა ნათიამ ლამარას, წინ გაუძღვა და, ნიკუშა წერეთელს მიუახლოვდა, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა ლამარას.

– ამ გოგონას შენი გაცნობა უნდა, თანაც... – თუმცა, დანარჩენს თვითონ გეტყვის, – ნათია ლამარას მიუბრუნდა და მხატვარი ნიკუშა წერეთელი წარუდგინა.

– ეს ნიკოლოზ წერეთელია, – ნათია განზე გადგა და ლამარა გაატარა, რომელმაც ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, მხატვარს ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– მე ლამარა მქვია.

– მხატვარი ნიკოლოზ წერეთელი, – თავი წარუდგინა ნიკუშამ ლამარას, ხელზე გალანტურად ეამბორა და უთხრა, – მთელი გულისყურით გისმენთ. რით შემიძლია, გემსახუროთ?

– მე მოხიბლული ვარ თქვენი შემოქმედებით! ძალიან, ძალიან მომეწონა თქვენი ნახატები და, თუ ძვირს არ დამიფასებთ, რამდენიმე მათგანის შეძენის დიდი სურვილი მაქვს, – უთხრა ლამარამ.

– სამწუხაროდ, ჩემი სურათები არ იყიდება, – ღიმილით მიუგო მხატვარმა ლამარას, რითაც შავგვრემანი მონსტრი კიდევ უფრო მოხიბლა, მაგრამ, თავისი ვნებები ოსტატურად შენიღბა და წერეთელს ნაღვლიანად ჰკითხა:

– ალბათ, ვერ ელევით თქვენს სურათებს და იმიტომ, ხომ?

– არა მარტო ამის გამო. უბრალოდ, ჩემი სურათები გერმანელ ხელოვნებათმცოდნეებს მოეწონათ და გამოფენის მოწყობა შემომთავაზეს, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. თუ ყველაფერი კარგად იქნა და მოსკოვმა თანხმობა მომცა, ორი თვის შემდეგ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ დრეზდენში ჩემი ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყობა, – განუმარტა ნიკუშამ ლამარას და კიდევ უფრო მომხიბლავად გაუღიმა.

– დრეზდენში? – გაუკვირდა გრძნობამორეულ ლამარას. მან იცოდა, რომ დრეზდენში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი სურათების გალერეა მდებარეობდა და ნიკუშას გაოცებულმა ჰკითხა: – თქვენს სურათებს დრეზდენის მუზეუმში გამოფენენ დიდი მხატვრების გვერდით?

– დიდი მხატვრების გვერდით, რა თქმა უნდა, არა, – ღიმილით მიუგო ნიკუშამ, – დრეზდენში სპეციალური საექსპოზიციო დარბაზია მოძრავი გამოფენებისთვის და იქ აპირებენ ჩემი სურათების გამოფენას, თუ, რა თქმა უნდა, მოსკოვი არ წავიდა წინააღმდეგი.

– იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, – თქვა ლამარამ, – მაგრამ, გული მწყდება, რომ თქვენს სურათს ვერ შევიძენ. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო.

– სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით გეხმარებით, – გულწრფელი მწუხარება გამოთქვა ნიკუშამ. ლამარამ კი, რომელიც თავის გეგმას თანმიმდევრულად ახორციელებდა, მხატვარს უთხრა:

– რადგან ასეა, თქვენთან ერთი თხოვნა მექნება და, თუ ძალიან არ შეწუხდებით, უარს ნუ მეტყვით.

– ბრძანეთ და, თუ შევძლებ, უარს ნამდვილად არ გეტყვით.

ლამარამ მორცხვად დახარა თავი, წამოწითლდა და ნიკუშას უთხრა:

– თუ ძალიან დაკავებული არ ხართ, სურვილი გაქვთ და თქვენი ფუნჯის ღირსად მცნობთ, მინდა, ჩემი პორტრეტი შეგიკვეთოთ. რა თქმა უნდა, შესაბამისი გასამრჯელოს ფასად, – ლაპარაკი რომ დაასრულა, ლამარამ უფრო მეტად გაწითლდა, თან ეს ისე ოსტატურად გააკეთა, რომ ნიკუშას ეჭვიც კი არ შეპარვია მის მოკრძალებულობაში და ლამარას მიუგო:

– მშვენიერი იდეაა, სიამოვნებით მოვკიდებ ხელს მის განხორციელებას. ვფიქრობ, რომ ძალიან სახასიათო პორტრეტი გამოვა, მაგრამ, ერთი პირობით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პორტრეტის დახატვაზე უარს ვიტყვი.

– რა პირობაა?

– ფული აღარ მიხსენოთ.

– უფულოდ უხერხულია. ალბათ, ისედაც ძალიან დაკავებული ხართ და როგორ მოგაცდინოთ?

– ხატვა ჩემი პროფესიაა, – თქვა ნიკუშამ, ლამარას სამიოდე ნაბიჯით დაშორდა, ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა, – მშვენიერი გამოგვივა, ოღონდ, ერთი თხოვნა მექნება: თუკი დრეზდენში გამოფენა არ ჩამეშლება, სურათის იქ გაგზავნის ნება მომეცით და მხოლოდ გამოფენის დასრულების შემდეგ წაიღეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი პორტრეტი ჩემს ნამუშევრებს შორის საუკეთესო იქნება და დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

ლამარას ძალიან ესიამოვნა ნიკუშას სიტყვები, თან კმაყოფილი იყო, რომ სათნო, მორცხვი გოგონას როლი უზადოდ შეასრულა და დიდი იმედი გაუჩნდა, რომ მხატვარს თავის ქსელში გააბამდა და „მწვანეთვალება მაიმუნს“ ხახამშრალს დატოვებდა. ამიტომ ნიკუშას თავდახრილმა უთხრა:

– ნათიას პორტრეტზე უკეთესი რაღა უნდა შექმნათ, ის ხომ თვით მშვენიერებაა, თქვენი კოლექციის ნამდვილი მარგალიტი! მე მას „მწვანეთვალება ანგელოზს“ დავარქმევდი.

– თქვენ მართალს ბრძანებთ, სწორედ რომ, „მწვანეთვალება ანგელოზი“ ვუწოდე ამ ნამუშევარს, – მიუგო ლამარას გახარებულმა ნიკუშამ, – თქვენ ზუსტად გამოიცანით.

„ჰო, როგორ არა, მწვანეთვალება ანგელოზია ეგ ყვითელთმიანი მაიმუნი. მაცადე და, გავამწვანებ მე მაგას, თუ საჭირო გახდა“, – გაიფიქრა ლამარამ, ნიკუშას კი უთხრა:

– ამ ბრწყინვალე ქმნილებას სხვა სახელს ვერც უწოდებ, ანგელოზია, ნამდვილი მწვანეთვალება ანგელოზი.

მიუხედავად იმისა, რომ ლამარამ ასეთი კომპლიმენტებით შეამკო ნათია, გოგონას ქალური ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ ლამარა სულაც არ იყო ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა, რადგან მან ლამარას მოღიმარ თვალებში ღრმად ჩაბუდებული ბოროტება დაინახა.

ნათიას ფიქრები ჩვეულებრივი ქალური ეჭვიანობის ბრალი არ ყოფილა. იგი შეჩვეული იყო ნიკუშას მიმართ ქალების ყურადღებას, რაც ზოგჯერ ზომიერების ფარგლებს სცილდებოდა, მაგრამ ამ პრობლემებს თავად ნიკუშა აგვარებდა – აბეზარ თაყვანისმცემლებთან დისტანციას იჭერდა და მათ შემდგომი მოქმედების საშუალებას უსპობდა. ამიტომ, ნათიას ღალატის არ ეშინოდა, იცოდა, რომ ნიკუშას ის ძალიან უყვარდა და ამ გზით მას საქმროს ვერავინ წაართმევდა. შავგვრემან ლამარაში კი, მწვანეთვალება ნათიამ არა უბრალო კონკურენტი, არამედ ყველაფერზე წამსვლელი მოსისხლე მტერი დაინახა, რომელიც თავისი მიზნის შესასრულებლად აბსოლუტურად ყველა სისაძაგლეს ჩაიდენდა. ნათიამ ეს ლამარას იმ ბოროტ გამოხედვაში ამოიკითხა, რომელმაც შავგვრემანის თვალებში სულ რაღაც წამის მეათასედში გაიელვა და მაინც საკმარისი აღმოჩნდა, რომ გოგონას მისი ნამდვილი სახე ამოეცნო. ამიტომ, ნათიას საშინელი წინათგრძნობა დაეუფლა და მთელ სხეულში გააჟრჟოლა, როდესაც ნიკუშამ ლამარას უთხრა:

– დრო არ ითმენს, სურათი მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა დავასრულო, ამიტომ, დღეში 3-4 საათი მაინც უნდა ვიმუშაო. ამდენი დრო გაქვთ?

– მხოლოდ საღამოს შვიდის შემდეგ, მანამდე სამსახურში ვარ, ხოლო შაბათ-კვირას კი დილიდან მცალია.

– ძალიან კარგი, – გაუღიმა ნიკუშამ ლამარას, – ხვალ შაბათია და შუადღეზე გელოდებით ჩემს სახელოსნოში, აი, ჩემი მისამართი.

ლამარამ ქაღალდზე დაწერილი მისამართი გამოართვა ნიკუშას, შემდეგ ნათიას მიუახლოვდა, გადაკოცნა და სანამ გალერეის მეორე დარბაზს დატოვებდა, თქვა:

– ნახვამდის, მწვანეთვალება ანგელოზო! იმედია, რომ ხვალ სახელოსნოში შევხვდებით, – შემდეგ ნიკუშას გაუღიმა და უთხრა, – თქვენი დიდი მადლობელი ვარ, ნახვამდის!

– ნახვამდის! – მიუგო ნიკუშა წერეთელმა ლამარას და შავგვრემანი რომ თვალს მიეფარა, ნათიას მიუბრუნდა:

– რაღაცნაირი, არაორდინარული ვინმეა, არა საყვარელო? განსხვავებული ხასიათი აქვს, საინტერესო დასახატია. ვფიქრობ, ამ გოგონას პორტრეტი საუკეთესო იქნება ჩემს ქმნილებებს შორის.

თავდაპირველად ნათიას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ნიკუშასთვის მთლიანად გაემხილა თავისი შთაბეჭდილება ლამარაზე და საქმროსთვის არა მარტო გადაეთქმევინებინა მისი პორტრეტის დახატვა, არამედ ამ „შავ ქალთან“ ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა მოეთხოვა. მაგრამ, რატომღაც თავი შეიკავა და გადაწყვიტა, ლამარაზე დაკვირვება ეწარმოებინა, თან გვერდიდან არ მოსცილებოდა ნიკუშას. ამიტომ, თავის საქმროს მიუგო:

– ჰო, რაღაცნაირი უცნაური გოგოა.

– უცნაური? – გაიმეორა ნიკუშამ.

– ჰო, უცნაური, – სევდიანად დაუდასტურა ნიკუშას ნათიამ.

– საყვარელო, ხომ არ ეჭვიანობ? – გაეცინა ნიკუშას, ნათიას მხრებზე დაადო ხელები და ცხვირზე ცხვირი მიადო.

– არა, რას ამბობ? – იუარა ნათიამ, – პირიქით, ძალიან თავშეკავებული და მორცხვი იყო, სულაც არ ჰგავდა იმ აბეზრებს, გასაქანს რომ არ გაძლევენ ხოლმე.

– მართლა ხომ არ ეჭვიანობ, საყვარელო? – გაიმეორა ნიკუშამ, ნათია ხელში აიტაცა, დააბზრიალა და თან იმეორებდა: – შენ ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული ხარ, ვერასოდეს შეგელევი და ძალიან, ძალიან, ძალიან მიყ-ვარ-ხარ!..

კმაყოფილი ლამარა გასასვლელს მიუახლოვდა, სადაც მილიციელი ბუთხუზი იდგა, რაც შეეძლო მომხიბვლელად გაუღიმა და უთხრა:

– ბუთხუზ, ძვირფასო, კარგი ბიჭი ხარ და შენი დიდი მადლობელი ვარ. ნახვამდის. აქ მე ხშირად მომიწევს სიარული და, თუ წინააღმდეგი არ იქნები, შემოგივლი ხოლმე, რომ შენგან დადებითი ემოციები მივიღო, თუ, რა თქმა უნდა, ამით შენს სამსახურებრივ წესდებას არ დავარღვევ.

ბუთხუზი, გამოუცდელი ბიჭი, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონის პატარა სოფლიდან იყო თბილისში ჩამოსული, დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობდა, თან მუშაობდა და თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში შორეულ ნათესავთან ცხოვრობდა. იგი დარწმუნდა, რომ ლამარას ერთი ნახვით შეუყვარდა და ამის გამო მეცხრე ცაზე დაფრინავდა... ლამარას კი ეს პროვინციელი გოიმი, ეს სოფლელი „ხიხო“ თავისი მიზნების განსახორციელებლად სჭირდებოდა. ბუთხუზმა, რომელსაც პირი გაუშრა სიხარულით, რის ვაი-ვაგლახით ნერწყვი გადაყლაპა, სული მოითქვა და ლამარას მიუგო:

– რა თქმა უნდა, გამოიარე... სადაც გინდა... როცა გინდა... როგორც გინდა... რამდენიც გინდა... – წყვეტილად მიაყოლა ბუთხუზმა. ლამარამ კი, ეს აბდაუბდა რომ მოისმინა, მიხვდა, რომ მსხვერპლი უკვე „მეშოკში“ ჰყავდა გამომწყვდეული და, საბოლოოდ რომ ჩაევლო მისთვის „რქებში“ ხელი, ქაღალდზე მიჯღაბნილი ტელეფონის ნომერი გაუწოდა, ორივე ხელი მარჯვენა ხელზე მოუჭირა და ნახევრად ჩურჩულით უთხრა:

– აქ მოსვლას, ჯობია, სადმე სხვაგან შევხვდეთ ერთმანეთს. აი, ჩემი ტელეფონის ნომერი, დამირეკე, როცა მოიცლი, ვილაპარაკოთ და შეხვედრაზე შევთანხმდეთ, ახლა კი ნახვამდის...

ლამარას ბოლო ქმედებამ ბუთხუზზე შოკისმომგვრელი ეფექტი იქონია, რადგან ის არ მოელოდა, რომ „შავგვრემანი ანგელოზი“ მას ტელეფონის ნომერს მისცემდა და პაემანს დაუთქვამდა. ხელების მოჭერამ და სექსუალურმა ჩაჩურჩულებამ კი ჯანღონით სავსე ყმაწვილს მამაკაცური საღერღელი აუშალა და ბუთხუზი უკვე საქორწინო გეგმებს ადგენდა. მან ნათლად წარმოიდგინა, როგორ იქორწინა ლამარაზე, როგორ გადაიხადა ათასკაციანი ქორწილი მშობლიურ სოფელში, როგორ შეიყვანა საძინებელში, ხელში აყვანილი პატარძალი, როგორ გააშიშვლა, ის-ის იყო, უნდა დაუფლებოდა, რომ ცხადად მოესმა:

– ჭაჭია, რა ნეტარი იდიოტის სიფათი გაქვს მიღებული, შე უბედურო, რაო, რაზე ფიქრობ, განძი იპოვე თუ მზეთუნახავი პრინცესას გასაჟიმად ემზადები?

მილიციელი ბუთხუზი ოცნებიდან გამოერკვა და გაბრაზებულმა გადაწყვიტა, სასტიკად დაესაჯა ის თავხედი, ვინც მას „პირველი საქორწინო ღამე“ ჩაუშალა. ამიტომ, მრისხანე სახით წაიწია თავხედისკენ, ხელი აღმართა და, ის იყო, მუშტი უნდა შემოეკრა მისთვის, რომ ხელში უმცროსი სერჟანტი ბუხუტი ხოზრევანიძე შერჩა, რომელიც მის შესაცვლელად იყო მოსული. ბუხუტიც მასავით დაუსწრებლად სწავლობდა, თან მუშაობდა და წარმოშობით ისიც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი პატარა სოფლიდან იყო, ბუხუტიც, ბუთხუზის მსგავსად, შორეულ ნათესავებთან ცხოვრობდა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში.

– აჰ, ეს შენ ხარ, ბუხუტი? – უთხრა ბუთხუზ ჭაჭიამ ხოზრევანიძეს და ხელი ჩასწია.

– არა, იური გაგარინი ვარ და ახლახან დავეშვი დედამიწაზე, – მიუგო ბუხუტიმ ბუთხუზს და ჰკითხა: – რა გჭირს, შე ჩემა?

– რა უნდა მჭირდეს? – მხრები აიჩეჩა ბუთხუზმა, – არაფერი.

– არაფერი? – გაიმეორა ხოზრევანიძემ, – მე კი მეგონა, ქალწულ პრინცესას ჟიმავდი.

– კარგი, კარგი, გეყოფა მაიმუნობა. ჩემს შესაცვლელად მოხვედი?

– არა, ეპისკოპოსად უნდა გაკურთხო.

ბუთხუზმა ხელი ჩაიქნია, ბუხუტისთვის პასუხი აღარ გაუცია და, რადგან ჯერ კიდევ ლამარას საქციელის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა, გამოუმშვიდობებლად დაშორდა ხოზრევანიძეს, გალერეის კიბეებზე დაეშვა და რუსთაველის გამზირს ჩაფიქრებული გაუყვა.

უკიდურესად გაოცებულმა ბუხუტი ხოზრევანიძემ, რომელიც ბუთხუზ ჭაჭიასთან მეგობრობდა და მასთან შეხუმრებული იყო, თვალი გააყოლა და ჩაილაპარაკა: „ერიჰა! ნეტავ, ისეთი რა მოხდა, რომ ეს ბიჭი ასე გამოთაყვანდა?“

ლამარაზე ფიქრით გონებაარეული ბუთხუზი სრულიად საპირისპირო მიმართულებით გაუყვა ქუჩას და ოთხსაათიანი ხეტიალის შემდეგ თბილისის იმ გარეუბანში ამოყო თავი, რომელიც მისი სახლის საპირისპირო მხარეს მდებარეობდა. მილიციელი ჭაჭია მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ გზა აებნა, როცა ქარმა დაუბერა და სველი თოვლი სახეში შეაყარა. ბუთხუზი ფიქრებიდან გამოერკვა, ჩაბნელებულ ცას ახედა და ჩაილაპარაკა: „როგორ აციებულა, დროზე უნდა წავიდე სახლში, თორემ, მეტრო თუ დაიკეტა, ფეხით დილამდე მომიწევს სიარული“. იგი მეტროს შესასვლელთან შეჩერდა, კედელზე ჩამოკიდებულ ტელეფონის აპარატში ორკაპიკიანი ჩააგდო, ყურმილს დასწვდა და ლამარას ნომერი აკრიფა.

– გისმენთ, – ნაზად უპასუხა ტელეფონს ლამარამ, რომელიც ბუთხუზის ზარს ელოდა, რადგან ტელეფონი ერთი დღის დადგმული ჰქონდა და ნომერი მხოლოდ მილიციელ ჭაჭიას მისცა.

– საღამო მშვიდობისა, ლამარა, – გაუბედავად უთხრა ბუთხუზმა გოგონას.

– ბუთხუზ, ძვირფასო, აქამდე რატომ არ დამირეკე, იცი, რა მოუთმენლად გელოდებოდი? ხომ მშვიდობაა? – მიაყარა ლამარამ და გულში გაეცინა, რადგან იცოდა, რომ ეს სოფლელი გოიმი გაყინული ქუჩიდან ელაპარაკებოდა, თავად კი ცხელ ჩაის მიირთმევდა და ტკბილ ნამცხვარს აყოლებდა.

– კი, მშვიდობაა, მშვიდობა, – მიუგო ლამარას გათოშილმა ბუთხუზმა, – შენ როგორ ხარ?

– როგორ ვიქნები შეყვარებული ქალი, ჩემო ბუთხუზ? – ამოიოხრა ლამარამ.

– შეყვარებული ხარ? – ჰკითხა ბუთხუზმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ლამარა სწორედ მას გულისხმობდა და გადამოწმება სცადა, – დიდი ხნის შეყვარებული?

– დღეს გავიცანი, მაგრამ, ასე მგონია, რომ ის ბიჭი მთელი ცხოვრება მიყვარდა, – მიუგო ლამარამ.

„მე ვუყვარვარ, მე, ხომ ვამბობდი, – იმეორებდა გუნებაში ბუთხუზი, – დღეს ხომ მან მე გამიცნო“, – ლამარას კი ჰკითხა:

– შენს შეყვარებულს რა ჰქვია?

– ჩემი შეყვარებულის სახელს პაემანზე გაგიმხელ, – თქვა ლამარამ და სიყვარულით ალმოდებულ ბუთხუზს ცეცხლზე ნავთი დაასხა.

– სად შევხვდეთ? – ჰკითხა ბუთხუზმა, რომელსაც გული ყელში ჰქონდა მიბჯენილი და ისე უცემდა, რომ ბაგა-ბუგი თვითონვე ესმოდა.

– სადაც ისურვებ.

– როდის?

– ხვალ, მაგრამ, საღამოს 6 საათზე დამირეკე და დროს ზუსტად გეტყვი. შენ კი მანამდე შეხვედრის ადგილი მოიფიქრე. ახლა კი ღამე მშვიდობისა, ტკბილ ძილს გისურვებ!

– ღამე მშვიდობისა, – თქვა ბუთხუზმა, ქუჩის ტელეფონის ყურმილი აპარატზე დაკიდა და, მიუხედავად იმისა, რომ შუაღამე სრულდებოდა, თოვდა და ტემპერატურა მინუს 6 გრადუსი იყო, მილიციელმა ჭაჭიამ თბილი ქურთუკი ბოლომდე ჩაიხსნა, რადგან ძალიან სცხელოდა და ასე შევიდა მეტროში.

„ქაჯი, სოფლელი, რქიანი გოიმი, – ჩაილაპარაკა ლამარამ, როდესაც ბუთხუზთან ლაპარაკი დაასრულა, – ნუთუ ამ ტურტლიან, სუნიან ძაღლს ჰგონია, რომ ჩემთან დაწოლის შანსი აქვს? მართალია, თავბრუ დავახვიე და ფიქრობს, რომ მასზე ყურებამდე შეყვარებული ვარ, მაგრამ, სარკეში არ იხედება და ჩვენ შორის განსხვავებას ვერ ხედავს? ბუთხუზი არა ნოშრევანი! ჰმ, ბუთხუზისნაირის ცოლობას შინაბერობა მირჩევნია! ბუთხუზი და მისნაირები მოსახმარად, ბინძური საქმისთვის მჭირდება და თუ დამჭირდა, შევასრულებინებ კიდეც“.

ლამარა მარტოდმარტო ცხოვრობდა თბილისის ცენტრში, ძველებური სახლის ექვსოთახიან ბინაში, რომელიც ადრე ცნობილ ქართველ თავადს ეკუთვნოდა. რევოლუცია რომ მოხდა, თავადი ოჯახთან ერთად გაიქცა, მისი სახლი კი ახალი მთავრობის მომხრეებმა დაიკავეს. ლამარას დედა მშობიარობას გადაჰყვა, მამამისი, ბონდო კეშელავა კი, რომელიც ელექტრომონტიორი იყო, მაღალი ძაბვის ბოძიდან გადმოვარდა, ხერხემალში გადატყდა და ლოგინად ჩავარდა. ეს რომ მოხდა, ლამარა 18 წლის იყო და მწოლიარე მამის მოვლა-პატრონობა მთლიანად მას დააწვა კისერზე. მან მხოლოდ სამი თვე ითმინა ლოგინად ჩავარდნილი მამა, რომელსაც ჯანმრთელსაც ვერ იტანდა და ერთ საღამოს ბალიშით გაგუდა. შემდეგ დანაშაულის კვალი წაშალა, წივილ-კივილი ატეხა, მეზობლები შეყარა და ყველას ისე მოაჩვენა თავი, თითქოს მამის სიკვდილს ძალიან განიცდიდა.

ბონდო კეშელავა რომ დაასაფლავეს, ლამარა კმაყოფილებით გაიზმორა და თქვა: „ეს დამპალი თავიდან მოვიშორე, თავისუფალი ვარ, ახლა საკუთარ თავზე ვიზრუნებ და ცხოვრებას მოვიწყობ“.

პარალიზებულ ბონდოს რომ სული ამოსდიოდა, ხილვა ჰქონდა – მას და-ძმა ცოლ-ქმარი – ჟანა და ჟანი გამოეცხადნენ. სწორედ ბონდო კეშელავამ დაახვრეტინა ისინი „ენკავედეს“ ცრუდასმენის საფუძველზე და მათი ბინა შემოიერთა. ლამარამ მამამისი იმ შემოერთებულ ოთახში გაგუდა, საიდანაც კოჭლი ზახარა ეშმაკმა გაიტყუა და თუჯის წვეტიან ღობეზე ჩამოაცვა ყბით.

– მიშველეთ, მეგობრებო, სულს ნუ ამომართმევთ! – შეევედრა ბონდო ჟანასა და ჟანს, რომლებიც აქეთ-იქით უფრთხიალებდნენ კუპრივით შავ, ღამურისებრ ფრთებს.

– საშველი არ გაქვს, – ერთდროულად ჩაიხითხითეს ჟანამ და ჟანმა, – განა შენ არ დაახოცინე ტყუილად ჩვენი თავი ჩეკისტებს? ახლა ჩვენი ჯერია.

– მაპატიეთ, ეშმაკმა შემაცდინა! – თავი იმართლა ბონდომ.

– სწორედ ეშმაკმა გამოგვგზავნა, თავისთან გიხმობს და წასვლის დროა, – მიუგეს ჟანამ და ჟანმა, სული ამოართვეს და ჯოჯოხეთში გააქანეს.

მარტოდ დარჩენილმა ლამარამ ფარმაცევტული ფაკულტეტი დაამთავრა და აფთიაქში პროვიზორად მოეწყო. შემდეგ უცხოეთში გაქცევისა და მდიდარ მამაკაცზე დაქორწინების გეგმა შეადგინა, რომელსაც თანამიმდევრულად ახორციელებდა. მაგრამ, ნიკუშა წერეთელთან შეხვედრამ მის გეგმებში კორექტივები შეიტანა და ლამარამ ნიჭიერი მხატვრის ხელში ჩაგდებაზე დაიწყო ზრუნვა.

„მოკლედ, ასე, – თქვა ლამარამ, როდესაც ბუთხუზის ლანძღვა-დაცინვით იჯერა გული,– ნიკუშასთან ვივლი და მის დათრევაზე ვიჩალიჩებ, თან, იმ გოიმსაც შევხვდები ხოლმე და მის დამუშავებას გავაგრძელებ. ბუთხუზი აუცილებლად შეასრულებს თავის როლს ჩემს თამაშში და ის გაუთლელი ტეტია საამისოდ წინასწარ უნდა მოვამზადო“.

ლამარა ყოველდღე სამი-ოთხი საათის განმავლობაში პოზირებდა ნიკუშასთან, თან ბუთხუზ ჭაჭიას ხვდებოდა, ტვინს „ურეცხავდა“ მას და სულ რაღაც სამი კვირის განმავლობაში ისეთი ზომბირება გაუკეთა, რომ ახალგაზრდა მილიციელი ლამარას ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად იყო მზად. სამაგიეროდ, ნიკუშას ვერაფერი მოუხერხა. მხატვარი მხოლოდ პროფესიულ ინტერესს იჩენდა გოგონას მიმართ და ამას ისიც ერთვოდა, რომ ნათია წამითაც არ სცილდებოდა გვერდიდან თავის საქმროს. ასე განვლო ოთხმა კვირამ და მორიგი სეანსის დროს ნიკუშამ ლამარას უთხრა:

– ხვალ დავასრულებთ, სულ რაღაც 3-4 საათის სამუშაო დარჩა და თქვენი პორტრეტი მზად იქნება.

ნიკუშას სიტყვებმა ლამარაზე დამთრგუნველად იმოქმედა, რადგან აშკარა იყო, რომ გოგონას სეანსებზე აღარ უნდა ევლო, რაც მხატვრის ხელში ჩაგდების შანსს თითქმის ნულამდე ამცირებდა. თან, მან იცოდა, რომ ნიკუშა და ნათია დანიშნულები იყვნენ და მათ ქორწინებამდე სულ რაღაც სამიოდე კვირა რჩებოდა.

„სასწრაფოდ უნდა მოვიფიქრო რამე“, – თქვა გულში ლამარამ, ნიკუშას კი უთხრა:

– ხვალ არ მცალია, სამსახურიდან მივლინებაში მგზავნიან ერთი კვირით და ბოლო პოზირების სეანსი რომ ერთი კვირის შემდეგ შედგეს, დაგვიანებული იქნება?

– არა, – თქვა ნიკუშამ, – ერთი კვირის შემდეგ გელოდებით, მანამდე კი სხვა სურათებს მივხედავ.

ლამარა გამოემშვიდობა ნიკუშას და ნათიას, რუსთაველის გამზირს ფეხით გაუყვა, თან ფიქრობდა, რა ეღონა, რომ ახალგაზრდა მხატვარი ხელიდან არ გაეშვა. „ეს დამპალი ნათია რომ არა, რომელიც აჩრდილივით სულ კუდში დასდევს ნიკუშას, ის უკვე ჩემი იქნებოდა, – ფიქრობდა ლამარა, – მაგრამ, არაფერია, ნათიას ბუთხუზი მოუვლის, მე კი ნიკუშას მივხედავ და, ქალი არ ვიყო, თუკი ხვალ ამ დროს ნიკუშა წერეთელი ჩემი არ გახდეს“.

ლამარას გათვლები ძალიან მარტივი იყო: ის ვარაუდობდა, რომ, თუკი ნიკუშა წერეთელს დაიმარტოხელებდა, მას ლოგინში ჩაიგორებდა და ასეთი ხერხით ჩაიგდებდა ხელში. ხოლო ნათიას რომ არ შეეშალა ხელი, ბუთხუზს მისი განეიტრალება დაავალა.

– მოკლედ, ასე, ძვირფასო, – უთხრა ლამარამ ბუთხუზს, – ის გოგონა რომ სახლიდან გამოვა, კუდში უნდა სდიო, მაგრამ ისე, რომ არ შეგამჩნიოს. სადაც წავა, უკან წაყევი და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკონტაქტე და წაიყვანე მილიციაში, თუკი, აი, იმ ქუჩაზე შედგამს ფეხს. სხვა შემთხვევაში ახლო არ გაეკარო და მხოლოდ უთვალთვალე.

ლამარას დავალებით, ბუთხუზს ნათია ნიკუშას სახელოსნომდე არ უნდა მიეშვა. თუკი გოგონა ამას დააპირებდა, მისთვის მილიციელის მოწმობა უნდა ეჩვენებინა და განყოფილებაში წაეყვანა, თითქოსდა იმ მიზნით, რომ ქურდის ამოცნობაში მიეღო მონაწილეობა. ხოლო, მილიციაში რომ მიიყვანდა, ბუთხუზს კოლეგებისთვის უნდა ეთქვა, ქურდი დავაკავეო და წინასწარ გამზადებული საფულე უნდა წარმოედგინა მორიგისთვის და ეთქვა, რომ ეს საფულე ნათიამ მას ჯიბიდან ამოაცალა. მილიციელი ჭაჭია ისე იყო ზომბირებული, რომ ლამარასთვის არც კი უკითხავს, რაში სჭირდებოდა მას ეს ბინძური პროვოკაცია და სიამოვნებით დაეთანხმა.

– მადლობელი ვარ, ძვირფასო, – უთხრა ლამარამ ბუთხუზს და ლოყაზე აკოცა, შემდეგ მისი ხელი მარცხენა ძუძუზე მიიდო და ჩასჩურჩულა, – აი, როგორ ძგერს ჩემი გული შენი სიყვარულით. ცოტაც და ერთად ვიქნებით, ახლა კი ნახვამდის.

ლამარა წავიდა, უკიდურესად აგზნებულ ბუთხუზს კი მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი. დათქმულ დროზე ის ნათიას სახლთან მივიდა, რომ ლამარას დავალება შეესრულებინა. თავისი ჩანაფიქრის შესასრულებლად გაემართა ძვირფას ქურქში გახვეული ლამარაც. დილის 9 საათი სრულდებოდა, როდესაც ნიკუშა წერეთლის სახელოსნოს მიადგა. ნიკუშამ კარი გააღო და ზღურბლზე მდგომი ლამარა რომ დაინახა, გაოცდა. ლამარამ კი მხატვარს გაუღიმა და უთხრა:

– შეიძლება, შემოვიდე?

– მობრძანდით, – შეიპატიჟა ნიკუშამ ლამარა, უზარმაზარ ოთახში შეუძღვა და ტახტზე გაშლილი ლოგინის ალაგება დააპირა.

– ნუ ჩქარობ, ნიკუშ, – უთხრა ლამარამ მხატვარს, მიუახლოვდა, შემოატრიალა, ნუტრიის ქურქი მოიძრო, ნიკუშას წინ დედიშობილა დადგა და დაამატა: – საყვარელო, მოდი ჩემთან, მე შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!..

ლამარა დარწმუნებული იყო, რომ ნიკუშა წერეთელი ცდუნებას ვერ გაუძლებდა, მის ნებას დაჰყვებოდა და მხატვარს ამგვარად ჩაიგდებდა ხელში, მაგრამ შეცდა. ნიკუშა ქურქს დასწვდა და ლამარას მოახურა, შემდეგ განზე გადგა და მიუგო.

– ჩათვალე, რომ ეს არ მომხდარა. ახლა კი წადი. მე მხოლოდ ნათია მიყვარს და მას არავისზე გავცვლი. სურათს მე თვითონ, ნატურის გარეშე დავასრულებ და გამოგიგზავნი. მშვიდობით...

უკიდურესად შეურაცხყოფილი ლამარა სახელოსნოდან უხმოდ გავიდა, ჩქარი ნაბიჯით გაუყვა პატარა ქუჩას, მისკენ მომავალ ნათიას უსალმოდ ჩაუარა და ბუთხუზს მიუახლოვდა, რომელიც ნათიას დასაკავებლად ემზადებოდა.

– აღარაა საჭირო, წავედით! – უთხრა ბუთხუზს ლამარამ და მასთან ერთად გაეცალა იქაურობას.

ნათიამ შეშინებული მზერა გააყოლა მათ და თვალს რომ მიეფარნენ, სახელოსნოში შევიდა, ნიკუშას მიაჩერდა და აღელვებულმა ჰკითხა:

– მოხდა რამე?

– არაფერი.

– ლამარა შენთან იყო?

– ის აქ აღარასოდეს მოვა, დაივიწყე, – მიუგო ნიკუშამ ნათიას, შუბლზე აკოცა და ყავის მოსატანად გავიდა.

ამ შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ, როდესაც ნიკუშას და ნათიას ქორწილამდე ერთი კვირაღა იყო დარჩენილი, საღამოს სახლში დაბრუნებულ ნათიას მილიციელი ბუთხუზ ჭაჭია დახვდა სადარბაზოში, სახეში გოგირდმჟავა შეასხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბუთხუზი ლამარას დავალებით მოქმედებდა და ისე გაწირა სასიკვდილოდ ოქროსფერთმიანი მზეთუნახავი, რომ ერთხელაც არ უკითხავს, რაში სჭირდებოდა ეს ლამარას. ნათია ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს და სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც ნიკუშა წერეთელთან უნდა ექორწინა.

ნიკუშა წერეთელი ისე იყო დათრგუნული ნათიას სიკვდილით, რომ არც კი უცდია იმის გაფიქრება, ვის შეეძლო ასეთი სისასტიკის ჩადენა. ახალგაზრდა მხატვარი თავის სახელოსნოში იყო ჩაკეტილი, და დილიდან საღამომდე სვამდა. მას მხოლოდ ნათიას დასაფლავების დღეს არ დაულევია, მაგრამ როგორც კი საცოლე მიწას მიაბარა, კვლავ განაგრძო სმა. ნიკუშას წამითაც არ უნდოდა იმასთან შეგუება, რომ მისი უმშვენიერესი საცოლე ამქვეყნად აღარ იყო და ამაში მას არაყი ეხმარებოდა – ლოთობაში ეძებდა ის ხსნას და გამოფხიზლება არ უნდოდა, რადგან ნათიას გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. ასე გაგრძელდა ორი კვირა და ერთ დილას, როდესაც ნიკუშა წერეთელმა არყის უამრავ ცარიელი ბოთლებს შორის სასმელი ვერ აღმოაჩინა, თავის მოკვლა გადაწყვიტა. მან სამალავიდან ბაბუის ნაქონი ნაგანი გამოიღო, ცილინდრი შეამოწმა და, რომ დარწმუნდა, ვაზნებით იყო სავსე, ლულა გულზე მიიდო, ნათიას პორტრეტს „მწვანეთვალება ანგელოზს“ შეხედა და, ის იყო, სასხლეტისთვის თითი უნდა დაეჭირა, რომ ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ნიკუშამ გადაწყვიტა, ჯერ ეპასუხა და შემდეგ მოეკლა თავი. მან ნაგანი იატაკზე დადო და ყურმილს დასწვდა:

– გისმენთ!

– ნიკოლოზ წერეთელს სთხოვეთ!

– მე გახლავართ.

– გამარჯობა, მე თქვენი საცოლის მკვლელობის საქმის გამომძიებელი ვარ, მკვლელები დავაკავეთ და გთხოვთ, მილიციაში მობრძანდეთ.

– მკვლელები დააკავეთ?! – აღმოხდა ნიკუშას, რომელსაც ახლაღა გაახსენდა, რომ ნათია ვიღაცის მოკლული იყო, – ახლავე მოვდივარ!

მილიციაში მისულ ნიკუშას ბუთხუზი და ლამარა დახვდნენ, რომლებიც გამომძიებელმა მასთან დააპირისპირა და, მხატვარი ზედმეტად რომ არ გაეღიზიანებინა, დაკავებულები საკნებში დააბრუნა, წერეთელს კი უთხრა:

– ჯერ ბუთხუზ ჭაჭია დავაკავეთ, რომელიც გოგირდმჟავიანი ქილის ნამსხვრევებზე აღმოჩენილი თითების ანაბეჭდებით ვიპოვეთ. მან კი ეს ქალბატონი გათქვა და საქმეც გავხსენით. ჭაჭიას დახვრეტა არ ასცდება, ლამარა კეშელავას კი 15 წელი აქვს გარანტირებული. ასე რომ, გილოცავთ, მართლმსაჯულება იზეიმებს და, რომ იტყვიან, სამართალმა პური ჭამა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3