კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაცხადებული საიდუმლო

თარგმანი ნინო წულუკიძე

– აბა, სადილობის დროა! – დაიძახა მისტერ აიზეკ პოინცმა და რესტორანში გაყოლა სთხოვა სტუმრებს, რომლებიც, ის-ის იყო, საკუთარი იახტით ასეირნა. წინდახედულმა მასპინძელმა რესტორან „როიალ ჯორჯში” სუფრა ადრიანად შეუკვეთა და ახლა უკვე ყველაფერი მზად იყო. მისტერ პოინცის სტუმრები იყვნენ: მისი კომპანიონი ლეო შტეინი, სერ ჯორჯი და ლედი მერუეი, მისტერ სამოელ ლეზერნი და მისი ქალიშვილი ევა, მისის რესტინგტონი და ევან ლეველინი. ამ უკანასკნელს დილიდანვე უცნაური ქცევა შეამჩნიეს და მიზეზსაც ყველა ხვდებოდა – ევან ლეველინი გულგრილი არ იყო ჟანეტ რესტინგტონისადმი. აბსოლუტურად გაურკვეველი რჩებოდა, რას ფიქრობდა თავის თაყვანისმცემელზე ქალი. მისის რესტინგტონი გულჩათხრობილი ადამიანი გახლდათ. ის ადრე გათხოვდა და მისი ქორწინება უიღბლო გამოდგა – ერთ წელიწადსაც ვერ გასტანა, ამან მის ხასიათს გარკევული დაღი დაასვა.

რესტორანში ისინი ოფიციანტმა კერძო აპარტამენტებში შეიყვანა. მრგვალი მაგიდა უკვე გაწყობილი იყო.

– მისტერ პოინც, – სიჩუმე დაარღვია ევამ, რომელიც მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო და ყველაფერი უხაროდა, – ის დიდი ბრილიანტი ახლაც თან გაქვთ? აი, ის, წუხელ რომ გვაჩვენეთ და თქვით, რომ არასდროს იშორებთ?

– სწორედაც, – მისტერ პოინცმა კეთილად გაიცინა, – ის ჩემი თილისმაა. რა თქმა უნდა, თან მაქვს.

– ასე მგონია, ეს ძალიან სახიფათოა. ხომ შეიძლება, ვიღაცამ მოგპაროთ?

– არა მგონია, – თქვა მისტერ პოინცმა. – „დილის ვარსკვლავს” ვერავინ მისწვდება – სპეციალურ შიდა ჯიბეში მიდევს და მას ვერავინ მოიპარავს.

ევამ გადაიკისკისა:

– აჰა! დავნაძლევდეთ, რომ მე მოვიპარავ!

– დავნაძლევდეთ, რომ ვერ მოიპარავთ! – თვალი ჩაუკრა ახალგაზრდა ლედის მისტერ პოინცმა.

– გეფიცებით, შევძლებ! ყველაფერი წუხელ მოვიფიქრე, როდესაც დასაძინებლად დავწექი. მას შემდეგ, რაც თქვენ ვახშმის დროს ეს ქვა ყველას გვაჩვენეთ, მე საოცრად გონებამახვილური გეგმა შევადგინე. რაზე დავნაძლევდეთ?

– ნახევარ დუჟინ ხელთათმანზე.

– მოსულა. თქვენ რა გინდათ?

– ახალი ქისა.

– მშვენიერია, მაგრამ, ახალ ქისას თვალით ვერ ნახავთ. ახლა მომისმინეთ, რა უნდა გააკეთოთ: ბრილიანტი, როგორც წუხელ, წრეზე უნდა გაუშვათ, რათა მისი ნახვა ყველამ შეძლოს.

– მოსულა! – თქვა მისტერ პოინცმა, რომელსაც აშკარად თავისი ახალგაზრდობა გაახსენდა. მან საიდანღაც ამოაძვრინა მბრწყინავი ქვა, რომელიც, სულ ცოტა, ოცდათი ათასი ფუნტი ღირდა.

მისტერ პოინცმა ბრილიანტი პირველად ლედი მერუეის გაუწოდა, რომელმაც აღფრთოვანების ნიშნად ამოიგმინა და მისტერ ლეზერნს გადასცა, მან შეათვალიერა და ლეველინს მისცა.

ამ ადგილას პროცედურა დროებით შეწყდა. ოთახში ოფიციანტები შემოვიდნენ. როდესაც ისინი გავიდნენ, ევანმა შენიშნა: „ძალიან დიდი ქვაა”, – და ლეო შტეინს გადასცა, რომელსაც სიტყვაც არ უთქვამს, ისე მიაწოდა ევას.

– რა ლამაზია! – წამოიძახა ახალგაზრდა ლედიმ თეატრალური ხმით, რომელიც მაშინვე შიშნარევი წამოძახილით შეიცვალა, რადგან ბრილიანტი მას ხელიდან გაუვარდა: – უი, დამივარდა!

ევამ სკამი უკან გააჩოჩა და მაგიდის ქვეშ „ჩაყვინთა”. დაიხარა, ასევე, სერ ჯორჯიც, რომელიც მისგან მარცხნივ იჯდა. საერთო არეულობაში ვიღაცამ მაგიდიდან ჭიქა გადმოაგდო. ძებნაში მონაწილეობა შტეინმა, ლეველინმა და მისის რესტინგტონმაც მიიღეს. ბოლოს მათ ლედი მერუეიც შეუერთდათ. მისტერ პოინცი განზე იდგა და ამ ყველაფერს თვალს სარკასტული ღიმილით ადევნებდა. სტუმრები სათითაოდ გამოძვრნენ მაგიდის ქვემოდან.

– ისე გაქრა, თითქოს არც ყოფილა, პოინც, – ღიმილით გამოაცხადა სერ ჯორჯმა.

– ცუდი მოფიქრებული არაა, – დაეთანხმა მისტერ პოინცი, – თქვენგან კარგი მსახიობი გამოვა, ევა. საკითხავი მხოლოდ ისაა, ბრილიანტი თქვენ გაქვთ თუ სადმე ოთახში დამალეთ?

– გამჩხრიკეთ, – დრამატული ტონით წარმოთქვა ევამ.

ოთახის კუთხეში დიდი მწვანე შირმა იდგა. ჩხრეკის პროცედურის ჩატარება ლედი მერუეიმ და მისის რესტინგტონმა ითავეს. ქალები შირმის იქით გავიდნენ. ოთახში ძალიან ჩამოცხა და ევან ლეველინმა ფანჯარა გამოაღო. ქვევით გაზეთების დამტარებელი დაინახა, მონეტა ჩაუგდო და გაზეთი მოხერხებულად დაიჭირა.

– უნგრეთში არეულობაა, – გამოაცხადა, როდესაც გაზეთი გაშალა – ძირითადად კი რეგატის ახალი ამბებია.

მალე ქალებიც გამოვიდნენ.

– არაფერი არ აქვს, – გამოაცხადა ჟანეტ რესტინგტონმა.

– მოიცადე, ევა, შემთხვევით ხომ არ გადაყლაპე? – ანერვიულდა მისტერ ლეზერნი, – იმიტომ, რომ, თუ ასეა, ეს, ალბათ, მავნებელია.

– რომ გადაეყლაპა დავინახავდი, – ჩუმად შენიშნა ლეო შტეინმა, – სულ ვუთვალთვალებდი. მას პირში არაფერი ჩაუდევს.

კაცებმა ოთახის ჩხრეკა დაიწყეს. კარი ჩაკეტეს, რომ ოფიციანტებს არ შეეწუხებინათ. შემდეგ მაგიდა გაასუფთავეს და ყველა დიუმი შეამოწმეს. მალე მისტერ პოინცმა ფარ-ხმალი დაყარა:

– ევა ვაღიარებ, ძვირფასეულობის ქურდობაში ბადალი არ გყავს, დავმარცხდი.

– ხელთათმანები ჩემია? – დაინტერსდა ევა.

– თქვენია, თქვენი.

– ახლა გაჩვენებთ, სად დავმალე და შეგრცხვებათ! – თქვა ევამ. მაგიდიდან თავისი პატარა, საღამოს ჩანთა აიღო და გამოაცხადა: – თქვენ ცხვირწინ იყო, პირდაპირ... – ის გაქრა, – ჩაიჩურჩულა უცებ მან. – ის გაქრა...

– რა ხდება? – მკაცრად იკითხა მისტერ პოინცმა და ახლოს მივიდა.

– საქმე ასე იყო, – დაიწყო მოყოლა ევამ. – ამ ჩანთას საკეტზე დიდი შუშის თვალი ჰქონდა. ის წუხელ ამოვარდა და, როდესაც თქვენ ბრილიანტი გვაჩვენეთ, შევამჩნიე, რომ ისინი თითქმის ერთი ზომის იყო. ღამით ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა. თქვენი ბრილიანტის იმ შუშის ბუდეში, პლასტელინის მეშვეობით ჩამაგრება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას ვერავინ შეამჩნევდა. ასეც მოვიქეცი. ბრილიანტი დავაგდე და მაგიდის ქვეშ შევძვერი. თან ჩანთაც ხელში მეჭირა. იქ პლასტელინით უცებ მივაწებე, ჩანთა მაგიდაზე დავდე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს ძებნას განვაგრძობდი. ვიფიქრე, სასაცილო იქნებოდა, ბრილიანტი ცხვირწინ გიდევთ, თქვენ კი ფიქრობთ, რომ ეს ჩვეულებრივი შუშაა.

მისტერ პოინცმა ჩანთა აიღო და ცარიელი ბუდე დაათვალიერა – იქ მხოლოდ პლასტელინის ნამცეცი იპოვა და ნელა წარმოთქვა:

– ბრილიანტი ოთახში არაა და აქედანაც არავინ გასულა.

– ამიტომ ყველა უნდა გაიჩხრიკოს, – წარმოთქვა სერ ჯორჯმა, – ვიღაცამ, როგორც ჩანს, მაინც დაინახა, სად დამალა ევამ ბრილიანტი. ბრილიანტს ოთახიდან ვერ გაიტანდნენ.

მის წინადადებას ყველა დათანხმდა. ქალები შირმის იქით გავიდნენ. კაცები აქეთ დარჩნენ. ჩხრეკამ შედეგი ვერ გამოიღო – „დილის ვარსკვლავი” თითქოს ჰაერში აორთქლდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ევან ლეველინი მისტერ პარკერ პაინის კაბინეტში იჯდა. ახალგაზრდა კაცს ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა.

– დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მომიყევით? – ჰკითხა პარკერ პაინმა.

– რა თქმა უნდა, – ამოიოხრა ლეველინმა, – ოთახში ჩვენ გარდა არავინ იყო. ბრილიანტის დაკარგვის შემდეგ ოფიციანტებიც კი აღარ შემოსულან, კარი გვქონდა ჩაკეტილი. ქურდი ჩვენ შორისაა. იმ დამპალი გაზეთის გამო კი ყველა ჩემზე ეჭვობს. მე ფანჯარა გავაღე და გაზეთის დამტარებელს მონეტა გადავუგდე. ალბათ, ხვდებით, ეს ერთადერთი საშუალება იყო ოთახიდან ბრილიანტის გასაქრობად. ეს ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ, ვგრძნობ, ყველა ეჭვის თვალით მიყურებს. ოფიციალურად ბრალი არავის დაუდევს. უბრალოდ, ერთი პოლიციელი მოვიდა და დაინტერესდა, როგორ მოხდა, რომ ფული ყოველთვის გაკლდა, ახლა კი გაგიჩნდაო. დოღზე გამიმართლა და რამდენჯერმე მოვიგე. თუმცა, ბუნებრივია, ეს ყველას საეჭვოდ ეჩვენება.

– ეს საკმარისი არაა, რომ ბრალი ოფიციალურად წაგიყენონ.

– ბრალის წაყენების ყველაზე ნაკლებად მეშინია. შეიძლება, ეს უკეთესიც იყოს. როცა არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ გრძნობ, რომ ყველას ქურდი ჰგონიხარ, ნამდვილი საშინელებაა. მით უმეტეს, როდესაც შეიძლება, ამას შენზე ფიქრობდეს ქალი, რომელიც მოგწონს – მე მისის რესტინგტონს ვგულისხმობ. თან, მას ცუდი გამოცდილება აქვს – მისი ქმარი ნამდვილი ნაძირალა აღმოჩნდა. თუ ის ჩემზე ფიქრობს, რომ... მოკლედ, ხვდებით. დამეხმარებით?

– აუცილებლად, – უპასუხა პარკერ პაინმა, სუფრის ყველა წევრი დეტალურად ამიწერეთ.

ევანმა მას უნდობლად შეხედა და აღწერას შეუდგა.

– მშვენიერია, – უთხრა პაინმა, როდესაც ევანმა აღწერა დაასრულა. – თქვენ, მგონი, თქვით, რომ ჭიქა გატყდა. ვისი იყო?

– მგონი, ევასი.

– გასაგებია. ორ დღეში შემომიარეთ. ვფიქრობ, მაგ დროისთვის საქმეს ნათელი მოეფინება.

ხუთშაბათს დილით ევან ლეველინი მისტერ პარკერ პაინის ოფისში იყო. პაინი მას ღიმილით შეხვდა.

– წუხელ პოლიციამ მთელი ბანდა დაიჭირა, – ახარა მან.

– რომელი ბანდა?

– ამალფების, რა თქმა უნდა. მე მაშინვე მათზე ვიფიქრე. ხოლო, როდესაც სტუმრები აღმიწერეთ, ეჭვიც აღარ დამრჩა. სამნი არიან – მამა-შვილი და რძალი. მართალია, გვარი იტალიურია, მაგრამ, ამალფი-უფროსი ამერიკაში დაიბადა. როგორც წესი, ერთ სტილში მუშაობს. ხალხს, როგორც მსხვილი ბიზნესმენი, ისე ეცნობა, განსაკუთრებით ისეთ ტიპებზე ნადირობს, რომლებიც ძვირფასეულობით ვაჭრობენ. ამ შემთხვევაში მათ მისტერ პოინცი და მისი „დილის ვარსკვლავი” ამოარჩიეს. რძალმა, მარია ამალფიმ მისი ქალიშვილის როლი შეასრულა. სინამდვილეში მინიმუმ ოცდაშვიდი წლისაა და თითქმის ყოველთვის თექვსმეტი წლის გოგოს როლს თამაშობს.

– ოღონდ ევა არა! – წამოიძახა ლეველინმა.

– ზუსტად ის. ბანდის მესამე წევრი „როიალ ჯორჯში” ოფიციანტად მოეწყო, ან ვინმე მოისყიდა, რომ ერთი დღით მისი ადგილი დაეკავებინა. სპექტაკლისთვის ყველაფერი მომზადდა. ევამ პოინცი სათამაშოდ გამოიწვია. ისიც დათანხმდა და ბრილიანტი წრეზე „გაუშვეს“. იმ დროს, როდესაც ოთახში ოფიციანტები შემოვიდნენ, ბრილიანტი ლეზერნს ჰქონდა, მაგრამ, როდესაც ისინი გავიდნენ, ერთ-ერთმა ბრილიანტიც გააყოლა, რომელიც თეფშის ძირზე კევით იყო მიწებებული.

– ჰო, მაგრამ როდესაც ოფიციანტები შემოვიდნენ, ბრილიანტი მე მქონდა!

– არა, არა, თქვენ უკვე ყალბი ბრილიანტი გქონდათ. ევას სინამდვილეში შუშა დაუვარდა მაგიდის ქვეშ. იმავე წუთს ჭიქასაც აგდებს, ყველაფერს ერთად ფეხით სრესს და „ბრილიანტიც” ქრება! ევაც და ლეზერნიც გაჩხრეკის უფლებას ყველას მშვიდად აძლევენ. აღწერილობის გარდა, მე პლასტელინმაც დამაეჭვა. ნაძლევი ხომ სპონტანური იყო, გოგოს კი პლასტელინი მაინც წინასწარ მომარაგებული აღმოაჩნდა. ამიტომ, მაშინვე ეჭვი მასზე ავიღე...




скачать dle 11.3