ღამის საჩუქარი
შემთხვევა განსაზღვრავს ყველაფერს. შემთხვევა ჩვენ ნაცვლად წყვეტს და შობს პრობლემებს. შემთხვევით ვიბადებით და შემთხვევით ვკვდებით... გჯერათ თქვენ ამ სისულელის? შემთხვევით დაბადება, მაინც, მეტისმეტია... შენ რომ შემთხვევითობა გგონია, ის რაღაც კანონზომიერების პროდუქტია. ჭეშმარიტების ძიებას აბსურდამდე მივყავართ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების დინებას მკვდარი თევზებივით მუცელზე ამობრუნებულები უნდა მივყვეთ. ვინც ეძებს ის პოულობს კიდეც, ოღონდ, რას პოულობს, ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. მე იმის თქმა მინდა, რომ, თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არ გამოდის, ნურავის, მით უფრო, შემთხვევას ნუ დააბრალებთ. პასუხისმგებლობას „შემთხვევასთან“ თანაბრად თუ გაიზიარებთ, ცხოვრება გაცილებით გაგიადვილდებათ...
***
ვახო ბედნიერი ადამიანის გამომეტყველებით მაღლა ყრიდა კუპიურებს და იცინოდა. ლაშამ შეჭმუხნული შუბლი მოისრისა. არ უნდოდა, იმაზე ეფიქრა, რომ ვახო უკვე სერიოზულად აღიზიანებდა...
– დღეს ყველაფერი რა ადვილად იყო! ყურადღებაც არავის მოუქცევია ჩვენთვის. მგონი, მიხვდნენ, რომ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ და სკანდალს მოერიდნენ. შენ რას ფიქრობ ამაზე?
– ვახო, სახლში რატომ არ მიდიხარ? – ლაშას შეკითხვა ვახოსთვის ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ განცვიფრებულმა მაშინვე ვერც უპასუხა.
– ვერ ხვდები, რომ ზოგჯერ მარტო მინდა დარჩენა, საკუთარ თავთან? – ისეთივე პრეტენზიული ტონით განაგრძო ლაშამ.
– მოიცა, შენ თვითონ არ მთხოვე, რომ აქ ვყოფილიყავი? დაგავიწყდა?
– არა. არ დამვიწყებია. მადლობელი ვარ ასეთი ერთგულებისთვის, მაგრამ, მგონი, ამაში კარგ გასამრჯელოსაც იღებ.
ვახო გაფითრდა და სახეზე წყენა გამოესახა:
– აქამდე მეგონა, შენი მეგობარი ვიყავი. სინამდვილეში, დაქირავებული მასხარა ვყოფილვარ. ახლავე წავალ. გმადლობ, რომ თვალები ამიხილე...
ლაშა ერთბაშად მიხვდა, რომ ვახოს ტყუილუბრალოდ აწყენინა. მისი ცხოვრება თავდაყირა რომ დადგა, ამაში ვახოს ბრალი არ მიუძღოდა. უფრო, პირიქით, ეს ლაშამ არივ-დარია თავისი და ვახოს ყოველდღიურობა.
– მაპატიე, ცუდად გამომივიდა. თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა. მართლა არ ვიცი... შინაგანად ვარ დაძაბული და, რას ვლაპარაკობ, თავადაც ვერ ვხვდები.
– მე წავალ, – ვახომ პიჯაკს და პალტოს მოჰკიდა ხელი.
– იყავი. სულაც არ მიშლი ხელს... მართლა...
– არა, წავალ. დარჩი საკუთარ თავთან და იფიქრე, თუკი გრძნობ, რომ ამისი აუცილებლობა არსებობს, მაგრამ, მეეჭვება, გიშველოს. შენი პრობლემა სხვაა.
– იცი, რა არის ჩემი პრობლემა? – ეჭვით ჰკითხა ლაშამ.
ვახომ თავი დაუქნია.
– მეტყვი?
– გეტყვი, მაგრამ არ დამიჯერებ, შენი ჯიუტი ხასიათის ამბავი ხომ ვიცი. კარგი... მოკლედ, შენი პრობლემა ის არის, რომ „უფულოს კომპლექსი“ ჯერაც ვერ მოიხსენი. ფული გაქვს, მაგრამ ისე ცხოვრობ, როგორც აქამდე ცხოვრობდი. თუმცა, არა, კიდევ უფრო უარესად.
– ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.
– რა ვერ გაიგე? ფული გაქვს, მაგრამ არ ხარჯავ. იცი, ეს რამხელა სტრესია? თუ მალე საერთოდ „გაჭედავ“, არ გამიკვირდება.
ლაშამ ჩაიცინა და თავი გადააქნია. ვახომ თავისებურად ახსნა მისი ეს ჟესტი:
– შეგიძლია, არ დამეთანხმო – ეს უკვე შენი ნებაა, მაგრამ, მალე მიხვდები, რომ სიმართლეს ვამბობ და მეშინია, გვიან არ იყოს.
– ფულს რომ ვერ ვხარჯავ, ამიტომ ვარ ცუდად? რა სისულელეა! ჩემ გარშემო იმდენი ადამიანი ვერ ხარჯავს ფულს ისე, როგორც მას უნდა, რომ... ამიტომ, რა, ყველას დეპრესია და ნევროზის მძიმე ფორმა უნდა ჰქონდეს?
– ჯერ ერთი, ვინ გითხრა, რომ არა აქვთ; მეორეც – იმათ ფულიც არა აქვთ, ჩემო კარგო. იმედია, განსხვავებას ხედავ.
– ფულის დახარჯვა პრობლემა არ არის, მით უმეტეს, ჯერ იმდენიც არ დაგროვილა, რომ საგონებელში ჩამაგდოს. ეს რა ფულია, თუ მოვინდომებ, ერთ დღეში მოვუღებ ბოლოს.
– შენ ასე გგონია, მაგრამ, მოდი, სცადე და დაიწყე ხარჯვა. ნახავ, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდები. საკუთარ თავს არ უტყდები, თორემ, შინაგანად ნერვიულობ ამაზე.
– მე იმაზე ვნერვიულობ, რომ დღეს საეჭვო სიმშვიდე იყო, საერთოდ არავინ მოგვკარებია. შევნიშნე, რომ უმეთვალყურეოდ არ ვყავდით დატოვებული, მაგრამ, ეს ისეც ბუნებრივია. ვერ გავიგე, რა ხდება და ეს მძაბავს.
– მე კი მგონია, არაფერიც არ ხდება. უბრალოდ, დარწმუნდნენ, რომ პატიოსნად თამაშობ. მე ამაში გასაოცარს და, მით უმეტეს, შემაშფოთებელს, ვერაფერს ვხედავ.
– ცოტა მეტი იფიქრე! სათამაშო ბიზნესი ხაჭაპურით ვაჭრობა ხომ არ გგონია? შემთხვევით ადამიანებს, მაგალითად, ისეთებს, როგორებიც მე და შენ ვართ, მანდ არავინ მიასუნინებს. გესმის, რას ვგულისხმობ თუ, კიდევ უკეთ უნდა განგიმარტო? ეს მთელი ქსელია და, დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი „იღბლიანები“ გულზე დიდად არ ეხატებათ.
– აბა, რა მოხდება, მკვლელს მოგიგზავნიან? – ვახოს თვალები ისე დაუმრგვალდა, რომ ლაშამ თავი ვეღარ შეიკავა და გაიცინა.
– არა, არა, საქმე მკვლელობამდე არ მივა, ნუ გეშინია! რა იყო, ხომ არ იფიქრე, ახლა ამას სადმე „დაუპადიეზდებენ“ და მერე მეც ზედ მიმაყოლებენო? ეგ არ მოხდება. ძველი დრო რომ იყოს, ან აქამდეც „მოვტყდებოდით“ აქედან, ან, ბოლოს მოგვიღებდნენ, მაგრამ ახლა მეთოდები ძალიან შეიცვალა – უფრო დახვეწილი და ცივილიზებულია.
– პირადად ჩემთვის, სულერთია, ცივილიზებულად გამომჭრიან ყელს თუ ბარბაროსულად მომგუდავენ. ძლივს ნორმალური ცხოვრების შანსი გამიჩნდა და სიკვდილს არ ვაპირებ, – ვახოს არც უცდია დაემალა შიში, რომელიც იმ წუთიდან გაუჩნდა, რაც ლაშას ნათქვამი კარგად გაიაზრა. ლაშამაც რომ ასე უპასუხა, საერთოდ დაკარგა ფერი...
***
„თქვენ როგორ გგონიათ, რისთვის არიან საჭირონი ცუდი ადამიანები? ოღონდ, მაშინვე ნუ მომახლით – ისინი საერთოდ არავის სჭირდება და, ნეტავი, სულაც არ არსებობდნენო... ნუ ვიჩქარებთ რადიკალური დასკვნების გამოტანას. ვიჩქარებთ. ჯერ ერთი, აჩქარებას სიკეთე არავისთვის მოუტანია, მით უმეტეს, სერიოზულ საქმეში; მეორეც – არც მე და არც თქვენ არსად გვეჩქარება. მგლები რომ გაწყვიტეს, ირმებს რაც დაემართათ, კარგად მოგეხსენებათ. ირმებისა ჩვენ რა გვიგავს, მაგრამ, რადგან ბუნებას მაინც ერთი კანონი აქვს, ვაიდა, ჩვენზეც გავრცელდეს?! მოკლედ, უკვე მიხვდით, ალბათ, რატომ უნდა დაფიქრდეთ კარგად, სანამ გადაჭრით ვიტყოდეთ, რომ ცუდი ადამიანები საჭირონი არ არიან... კიდევ არის ერთი საინტერესო საკითხი, რომელსაც, რაც ადრე მოვფენთ ნათელს, მით უკეთესი: ის, ვინც შეჩვეულია, იცხოვროს ჯურღმულში და დაკმაყოფილდეს ჟანგბადის უმცირესი ულუფით, ვერასოდეს გაიგებს თავისუფლების ჭეშმარიტ ფასს. რატომღაც, მგონია, რომ ამ ყველაფერზე უნდა ვიფიქრო. ბევრი რაღაცის არსს მინდა ჩავწვდე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვარ, ასეთ უცნაურ რაღაცეებზე ვიფიქრებდი. იქნებ, ეს ჩემი ხასიათის თავისებურებამ განსაზღვრა? ყოველ შემთხვევაში, როცა ვინმეს სიკეთეს გაუკეთებთ, იფიქრეთ, რას მოუტანს მას ეს და რით დამთავრდება ყველაფერი თქვენთვის. რადგან ზოგჯერ, სიკეთეც შობს ბოროტებას შეიძლება, უნებლიეთ, მაგრამ, საბოლოო შედეგისთვის ამას უკვე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა...
***
ლაშამ ორთქლავარდნილი ფინჯანი წინ დაუდგა ვახოს და საფერფლეც ახლოს მიუჩოჩა.
– მე წასვლას ვაპირებდი, – ამოიოხრა ვახომ, – თან, არც ვეწევი..
– წახვალ, აქ არ დარჩები. ძალიანაც რომ გინდოდეს, დღეს აქ არ დაგტოვებ. მარტო ყოფნა მინდა, თან, დილით ადრე ვარ ასადგომი.
ვახომ ჩაი მოსვა და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– დაგავიწყდა, მანქანა რომ ლიკას დავუტოვე? ახალი უნდა ვიყიდო, – მიუგო ლაშამ, – თუ გინდა, წამომყევი და ერთად ავარჩიოთ.
– მანქანის ყიდვას აპირებ?
– ჰო. შენს რჩევას გაითვალისწინებ და ფულის ხარჯვას ვიწყებ. ვნახოთ, თუ მიშველის.
– აბა, ვნერვიულობ და ვდარდობ, რას გვიზამენო?
– ერთი მეორეს ხელს არ უშლის, ვნერვიულობ კიდეც...
– რა მანქანა უნდა იყიდო, რა გინდა?
– რაც მინდა, იმას ვერ შევწვდები, ყოველ შემთხვევაში, ჯერ. მაგრამ, უბრალოსაც აღარ ვიყიდი.
– ცოლზე აპირებ შთაბეჭდილების მოხდენას? – გაეღიმა ვახოს, მაგრამ, ლაშას რომ შეხედა, სწრაფად დაამატა: – არ გეწყინოს, ეს ისე გითხარი, გამოსაფხიზლებლად.
– არა, არ მწყინს. მართალი ხარ, მინდა, რომ შთაბეჭდილება მოვახდინო. ძალიან მინდა, ლიკამ იფიქროს, ვინ დაკარგა.
– ლაშა, არ გინდა... ბოღმას ნუ ჩაიდებ გულში, ყველაფერში ხელს შეგიშლის.
– ბოღმას არ ვიდებ და არც ვიგროვებ. საერთოდ არ ვარ ბოღმიანი ადამიანი...– ლაშა ჩაფიქრდა, – ფული რამდენი გაქვს? – იკითხა მოულოდნელად.
ვახომ გონებაში რაღაც გადათვალა და მხრები აიჩეჩა:
– ზუსტად არ ვიცი. ჩემი წილიანად თუ მარტო შენი?
– შენი წილისთვის არაფერი მოგიკლია?
– ათას დოლარამდე დავხარჯე. მოტოციკლიც შევარჩიე, მაგრამ, შენ რომ მითხარი, ჯერ ხარჯვისგან თავი შეიკავეო, გავჩერდი.
– იყიდე. დახარჯე ეგ ფული, კიდევ მოგცემ.
ვახო შეყოყმანდა:
– არც წეღან მომეწონე და არც ახლა მომწონხარ. პირდაპირ მითხარი რა, რასაც ფიქრობ.
– კარგი, გეტყვი, ოღონდ, სანამ მე ვილაპარაკებ, არ გამაწყვეტინო. მოსულა?
ვახომ მორჩილად დააქნია თავი.
***
სოფომ ქალს გამომცდელი და მრავლისმთქმელი მზერა შეავლო... ინა აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილიც კი ეტყობოდა. „საწყალი ჩემი ძმა... არა, რა, სიყვარული მართლა ბრმაა, ზოგჯერ კი ყრუც და გონებაჩლუნგიც“, – გაიფიქრა სოფომ, საკუთარი სიტყვები თვითონვე ენიშნა და გაეღიმა.
– ყავას მიირთმევთ? დავრეკავ და მოგვიტანენ, – ისევ უემოციოდ წარმოთქვა ინამ.
– გმადლობ, უარს არ ვიტყვი, მაგრამ, მე მაგარი ყავა მიყვარს, ცოტათი მწარე და, თანაც შავ შოკოლადთან ერთად.
– არ არის პრობლემა, შავ შოკოლადსაც მოვატანინებ...
– გმადლობ, საყვარელო... ძალიან გაწუხებ, – მოულოდნელად „დატკბა“ სოფო. ინამ არაფერი უპასუხა, ყურმილი აიღო და ვიღაცას ყავისა და შოკოლადის მოტანა დაავალა.
– ვხედავ, შენ აქ საკმაოდ დიდი გავლენა გაქვს... წონაც... – სოფო სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და სიგარეტს მოუკიდა.
– მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, – მოუჭრა ინამ.
– და, კარგად აკეთებ, რადგან ანდრო ასე გენდობა...
ინამ ისევ უპასუხოდ დატოვა სოფოს „კომპლიმენტი“.
„ერთი ამას უყურე, – გული მოუვიდა სოფოს, – ამას თავი ვინ ჰგონია! ნეტავი, იცის, დათოს და რომ ვარ? ან, იქნებ, იცის და ჯიბრით იქცევა ასე? ალბათ, უნდა მაგრძნობინოს, რომ ადვილად არავის დაეჩაგვრინება... ზღარბუნია ვარო?!“
– ძალიან კარგი... მიყვარს კეთილი და ჩხვლეტია ზღარბუნიები... – ბოლო სიტყვები სოფომ ხმამაღლა წარმოთქვა. ინამ არ შეიმჩნია, მხოლოდ ოდნავ ასწია წარბი. არც სოფო დარჩა ვალში. როცა საჭირო ხდებოდა, საკუთარ თავში მსახიობის ისეთ ნიჭს აღმოაჩენდა ხოლმე, თავადვე უკვირდა.
– არაჩვეულებრივი ყავაა, – თქვა და თვალები სიამოვნებით მინაბა, – ძნელია ანდროსთან მუშაობა? ყოველთვის მეგონა, რომ მე ვერ შევძლებდი ამას. ბუნებრივია, რომ არ მპასუხობ – ანდრო ხომ შენი უფროსია. ისე, ძუნწი არ უნდა იყოს. არა, ხომ? მაგრამ, ყვირილი ეყვარება, მბრძანებლობაც. ვიცნობ და ვიცი, ზოგჯერ როგორ მოსწონს, როცა ყველას უმტკიცებს საკუთარ ძლევამოსილებას. მაგრამ, დღეს განსაკუთრებით უგუნებოდ არის. თან, ახლა ვიღაც არასასიამოვნო ტიპებს ელაპარაკება, ხომ არ იცი, ვინ არიან?
– არა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა ინამ და კარს ზურგით მიეყრდნო.
– საყვარელო, შენ მე მდარაჯობ? – გადაიკისკისა სოფომ, – აქ იმიტომ ხარ, რომ მე მადევნო თვალყური? ანდრომ დაგავალა თუ შენ თვითონ არ მენდობი? იქნებ, ფიქრობ, რომ ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ? იცი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ანდრომ რატომ დამტოვა? ოღონდ, მართლა. აქ ისეთი მოწყენილობაა... დარბაზში მაინც შევსულიყავით, ვითამაშებდი...
– ჯობია, აქ ვიყოთ... მით უმეტეს, თუ მხოლოდ მოწყენილობის გასაფანტავად უნდა ითამაშოთ.
– აბა, სხვა რისთვის თამაშობენ? – ყალბი გაოცებით დააფახულა წამწამები სოფომ, – თუმცა, შენ, ალბათ, უკეთ იცი, ამ სფეროში დიდი გამოცდილება გექნება.
– მე ფსიქოლოგი არ ვარ და, გულახდილად რომ გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რისთვის თამაშობს. ერთი კი ზუსტად ვიცი: არასოდეს ვისურვებდი, ოჯახის წევრი ან თუნდაც მეგობარი, „იგროკი“ მყოლოდა. საშინელებაა...
სოფომ ინას ხმაში რაღაც ისეთი აღმოაჩინა, რომ, თავისდა გასაოცრად, მის მიმართ სიმპათიით განეწყო.
– ჰო, ძნელია, როცა ფულს ქარს ატან.
– პრობლემა მარტო ეგ არ არის, უფრო სწორად, პრობლემა სხვა რამეშია. შეიძლება, ითამაშო და წააგო, მაგრამ, ტრაგედია ეს არ არის და არც არასოდეს იქნება, თუ ამით არ იცხოვრებ.
– წაგებით როგორ უნდა იცხოვრო? მე რომ ვაგებ, ისე ვმწარდები, ყველა და ყველაფერი მავიწყდება. ამიტომ, კარტსაც კი თითქმის არასდროს ვთამაშობ. თუმცა, აზარტი ჩემთვის უცხო არ არის.
– თქვენ „იგროკი“ არ ხართ. ეს ავადმყოფობაა. ნარკოტიკივით არის. „იგროკებს“ ერთი შეხედვით ვცნობ. მათთვის მოგება არ არის მთავარი. დღეს რომ მილიონი მოიგონ, ხვალ ისევ აქ მოვლენ, რომ ეს მილიონი წააგონ.
– რა სიგიჟეა! – გაიცინა სოფომ.
– ეს თქვენთვის არის სიგიჟე... ჩემთვისაც... მაგრამ მათთვის თავად ცხოვრებაა.
– ესე იგი, აქ წასაგებად მოდიან, მოსაგებად კი არა.
– შეიძლება, ასეც ითქვას. მოსაგებად მოსულსაც ვცნობ უკვე... – ინამ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.
– მივხვდი... – სოფომ გაცივებული ყავა ბოლომდე დალია და ფინჯანი ლამბაქზე დადგა, – კარგი გოგო ხარ, ინა, მიხარია, რომ გაგიცანი... სახლში მინდა წასვლა. ნეტავი, ანდრო როდის მორჩება იმ ტიპებთან ლაპარაკს, რომ დავემშვიდობო და წავიდე... შენ არ შეგიძლია, შეახსენო, რომ ველოდები?
– სამწუხაროდ, სანამ თვითონ არ დამიძახებს, მასთან ვერ შევალ. შემიძლია, ვთხოვო და ყავას კიდევ მოგიტანენ.
– არა, არა... ამდენი კოფეინი მავნებელია, სახის კანს აბერებს, – სოფომ გადატკეცილ სახეზე ხელისგული გადაისვა, – რა გაეწყობა, ცოტას კიდევ დავიცდი.
***
... ანდროს გაოცებული ბავშვის გამომეტყველება ჰქონდა:
– არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ. გეფიცებით, მართლა არ მესმის. არაფერი მსგავსი არ მახსენდება.
– დარწმუნებული ხართ? – მკაცრად იკითხა მისი სტუმრებიდან ერთმა. მეორე ჩუმად იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
– რა თქმა უნდა? რატომ უნდა ვიცრუო? ეს ჩემს ინტერესებში არ შედის.
– თქვენს ინტერესებში რომ არ შედის, იმიტომაც ვართ აქ.
ანდრომ თვალები ოდნავ მოჭუტა.
– არა... ვიღაც-ვიღაცეები კი იგებენ, მაგრამ ეს ბუნებრივია. თუ ვიღაც აგებს, ისეთიც გამოჩნდება, ვინც მოიგებს, ხომ მართალია? – მარტივი ლოგიკაა.
– ჰო, მარტივია, მაგრამ, ინფორმაციას რა ვუყოთ? – მაგიდის ზედაპირზე თითები აათამაშა აქამდე ჩუმად მჯდარმა „მეორემ“.
– იცით, მოდი, ასე მოვიქცეთ: მე ხშირად მიწევს ხოლმე გასვლა და, რომ არაფერი გამოგვეპაროს, გადავამოწმოთ თქვენი ინფორმაცია, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
– ასეც მოვიქცევით და... – „მეორემ“ „პირველს“ შეხედა, – ცოტა რომ ვითამაშოთ, რა დაშავდება?
ანდრომ შვებით ამოისუნთქა და შეუმჩნევლად გაშალა შეკრული მუშტი – მიხვდა, რომ საშიშროებამ გაიარა, ორი საათის შემდეგ კი, უკვე სოფო ეჯდა მანქანაში და სახლისკენ მიჰყავდა.
– ტაქსით ვერ წამოვიდოდი? – ვეღარ აიტანა სოფომ სიჩუმე.
– გაჩუმდი და საშუალება მომეცი, ვიფიქრო. ცოტა ხანში დაგელაპარაკები, – შეუღრინა ანდრომ და საჭეს ორივე ხელით ჩააფრინდა.
– ცუდ გუნებაზე კი ხარ, მაგრამ, მეეჭვება ამის მიზეზი მე ვიყო. ვერ ვიტან, როცა არაფრად მივაჩნივარ ვინმეს, მით უფრო – შენ. მთელი დღეა, შენს მითითებებს ვასრულებ, თანაც ჩუმად და სიტყვის შეუბრუნებლად. არც იმაზე მითქვამს რამე, მეთვალყურე რომ მომიჩინე...
– ეგ იმიტომ გავაკეთე, რომ აქეთ-იქით, უაზროდ არ გეხეტიალა, – არ შეუხედავს, ისე გამოელაპარაკა ანდრო.
– გეთქვა და ფეხსაც არ მოვიცვლიდი ოთახიდან, ჩემი დაპატიმრება რა საჭირო იყო? – მხრები აიჩეჩა სოფომ, – ზოგჯერ სერიოზულად ვფიქრობ, რომ, უმჯობესი იქნებოდა, საერთოდ არ გამეცანი.
– ჰმ, ახლა ფიქრობ ამას? ადამიანებს რა მოკლე მეხსიერება აქვთ, – მოიღუშა ანდრო, – მაგრამ შენთან კამათს არ ვაპირებ. არც დრო მაქვს საამისოდ და არც სურვილი.
– ვხვდები. რაღაც მოხდა, ხომ? მართლა, ის ორნი რომ იყვნენ, რა უნდოდათ? ფინანსებში გაქვს პრობლემა?
ანდრომ ქალს ბრაზით შეხედა და ორივე ხელი საჭეს გამეტებით დაარტყა:
– ზოგჯერ როგორ იშტერებ თავს და ნერვებს მიშლი! რა ვერ გაიგე? იმ შენი დაქალის ქმარია ჩემი პრობლემა, თანაც, დიდი პრობლემა! აბა, დაატანე გონებას ძალა და მიხვდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ორი კაცი?
– არ ვიცი. ფიქრი არასდროს მიყვარდა, მე სიმარტივის მომხრე ვარ.
– მარტივად ასეა: იმ დეგენერატის ამბავი ჩემი დაწესებულების ფარგლებს გასცდა და უფრო სერიოზულ უწყებებში შეაღწია. მაგრამ მალე საერთოდ დაკარგავს მოსვენებას. ისე დააკვირდებიან და შეისწავლიან, როგორც ლაბორატორიის ვირთხას. ამიტომ ურჩევნია დროზე, თქვას, რას ჩალიჩობს.
– თუ არაფერს ჩალიჩობს? – თქვა სოფომ ღიმილით და ანდროც აფეთქდა:
– შენ ზღაპრების გჯერა? მე – არა და, სხვათა შორის, არც იმ ხალხს, დღეს რომ ჩემთან მოვიდნენ. კიდევ ბევრი მოიძებნება ისეთი, ვინც იტყვის, რომ ასეთი იღბლიანები იმ ზღაპრებშიც აღარ არსებობენ, ძილის წინ დედა რომ გვიყვებოდა ბავშვობაში. სოფო, გატყობ, შენი დაქალისა თუ მისი ქმრის მიმართ მშობლიური გრძნობა გიჩნდება და, იცოდე, გაფრთხილებ: სისულელე არ გააკეთო.
– არა. რა სისულელე...
– ლიკამ არაფერი არ უნდა იცოდეს!
– მე არ ვეტყვი და, თუ...
– არავითარი „და“ ან „თუ“... გაგაფრთხილე და პასუხს შენ მოგთხოვ. იმ მეორე იდიოტზე კი ხვალიდანვე იწყებ „მუშაობას“. ტიპი არაფერს წარმოადგენს, ხომ ხვდები? არაფერს... ამიტომ შენთვის უმარტივესი იქნება მისი „შებმა“.
სოფომ ისევ აიჩეჩა მხრები. ანდრო გაღიზიანდა:
– გოგო, ჭკუიდან ნუ გადაგყავარ, რას მეთამაშები? მე რომ შენი შესაძლებლობები ვიცი. რიღასთვის მალაპარაკებ და ზედმეტად მანერვიულებ, ისედაც თავზე საყრელად მაქვს პრობლემები. მე მარტო ვარ და, ხომ შეიძლება, შენ მაინც დამიდგე გვერდით?!
– რატომ ხარ მარტო? მშვენიერი ინა გყავს – ძაღლივით ერთგული და, რაც მთავარია, გაწვრთნილი.
ანდრომ ზემოდან გადახედა და შეიჭმუხნა:
– ოღონდ, არ მითხრა, რომ ეჭვიანობ.
– მე? ინაზე? რა სისულელეა! ხომ იცი, რომ ბუნებით არ ვარ ეჭვიანი. მართლა სულელი უნდა ვიყო, რომ შენზე ვიეჭვიანო. თანაც, კიდევ არის ერთი სერიოზული მიზეზი, რაც ეჭვიანობაში ძალიან შემიშლის ხელს.
– რა მიზეზია?
– შენთვის საინტერესო არ არის, რაღაც ნათესაურ კავშირზეა საუბარი.
– რა კავშირზე?
– არაფერი. ყურადღებას ნუ მომაქცევ, შენთვის მართლა არაფერს ნიშნავს.
– კარგი, აღარაფერს გეკითხები. ერთი კვირის ვადას გაძლევ და მიდი, იმოქმედე!
– ერთი კვირა ცოტაა.
– ნუ მევაჭრები, თორემ, სამ დღემდე შეგიმცირებ ვადას.
– და... თუ ვერაფერს გავარკვევ?!.
– ამაზე ფიქრიც არ მინდა, – უხეშად გააწყვეტინა კაცმა, – ისე, მგონი, ახლა უკეთესი იქნებოდა, თუ ლიკა ქმარს შეურიგდებოდა.
– აი, მაგაში ნამდვილად ვერ გამოგადგები. ფიქრადაც არ გაივლო. გამორიცხულია!
– არა, შენ ამას ვერ დაგავალებ, მაგრამ ლიკას აუცილებლად შევხვდები და მე თვითონ დაველაპარაკები.
სოფოს სიცილი აუტყდა:
– რა?! შენ ეტყვი ლიკას, რომ ქმარს შეურიგდეს?! ნეტავი, მაგ სცენას შემასწრო.
– გეყოფა! თუ ჩემმა სიტყვებმა გაგამხიარულა, შეგიძლია, სახლში იკისკისო, მოვედით უკვე. გადადი და აღარ დამარეკინო, კარგი? რატომ ხარ ჩუმად? იმედი მაქვს, ყველაფერი გაიგე და ყველაფერზე შევთანხმდით.
სოფომ არ უპასუხა, დაძაბული იყურებოდა მანქანის დაბურული მინიდან.
– რა დაგემართა? საკუთარი სახლის სადარბაზოს ვეღარ ცნობ?
– უჰ, მოსულა და მიცდის!..
– ვინ? – გულგრილად, სხვათა შორის ჰკითხა ანდრომ და მანქანის კარი თავისი ხელით გაუღო, – მეჩქარება, სოფო!
– შენ კი გეჩქარება, მაგრამ მე მკითხე? რა ვუთხრა, ახლა ამას, სად ვიყავი-მეთქი?
ანდრო დაიჭყანა.
– ოღონდ ახლა შენს ვითომ პრობლემაზე ნუ მაფიქრებ. მოიშორე და ის იქნება! ან, საერთოდაც, რაში გჭირდება, ვერ ვხვდები?!
– რას ნიშნავს, რაში მჭირდება? – განაწყენდა სოფო, – მაგ ადამიანს ვუყვარვარ!
– კარგი რა, ნუ მაცინებ. არ ვარ მხიარულების გუნებაზე.
სოფოს სერიოზულად ეწყინა მისი სიტყვები.
– მოიცა, ამით რისი თქმა გინდა... იმისი ხომ არა, რომ ჩემი შეყვარება შეუძლებელია. როგორი უსინდისო ხარ. შენ თუ არ გიყვარვარ, ეს კიდევ არაფერს ნიშნავს, გესმის? აბსოლუტურად არაფერს!
– ღმერთო, რა ხდება დღეს? – ამოიოხრა ანდრომ, – ყველა ერთბაშად რატომ გააგიჟე და მერე ჩემ გარშემო რატომ მოუყარე თავი? გადადი, რა, გადადი და ჭკუით იყავი!
სოფომ ჩანთას სტაცა ხელი:
– დრო მოვა და ყველაფრისთვის გადაგიხდი სამაგიეროს!
– გმადლობ, სწორედ ამის იმედი მქონდა შენგან, მაგრამ, ამაზე მერე ვილაპარაკოთ ახლა კი, შემიბრალე!
სოფომ რაღაც უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და კარი გამეტებით მიუჯახუნა...
***
...ბოროტი ადამიანები რომ საჭირონი ყოფილან, ამაზე უკვე შევთანხმდით და მგონი, აღარც კი მედავებით: კარგად გაიაზრეთ და გააანალიზეთ დადებითიც და უარყოფითიც და დადებითმა გადაწონა, ხომ მართალია?! დაძაბუნება და დასუსტება გვინდა ახლა ჩვენ? – პირიქით, ორმაგად და სამმაგად უნდა გავიმძაფროთ სიფხიზლე. თვითონ ცხოვრება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, ფული გაქვს თუ არ გაქვს, სულერთია... ერთი თუ მოეშვი, გადაგივლის და გაგსრესს. მაგრამ, როცა იცი, ბოროტება იქვე, ფეხთან გყავს ჩასაფრებული, თანაც, ფეხთან რომელია, მარჯვენა ფეხის ცერა თითთან... სიფხიზლის მოდუნება კი არა, ძილსა და მოსვენებას საერთოდ ჰკარგავ. მაგრამ, რა არის ამაში ცუდი? – არაფერი. ძილის დრო რატომ უნდა ჰქონდეს ჯანმრთელ ადამიანს, როცა საკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია?.. ისედაც დათვლილი გვაქვს წუთები სოფელში...
***
...სათქმელად ადვილია – ჩუმად იყავი და არაფერი შეიმჩნიოო... ჰო, მარტო სათქმელად არის ადვილი, მით უმეტეს, თუ ემოცია წინ გარბის და გონება და საღი აზრი ძლივს ეწევა... სოფოს აქამდე არ შეუნიშნავს, საკუთარი ემოციების კონტროლი ასე თუ უჭირდა. ლიკაც, თავისი დაღვრემილი სახითა და დასევდიანებული მზერით, თითქოს სასაუბროდ იწვევდა. შესვენებამდე ძლივს მიიტანა სული...
– როგორ ხარ? რამდენი ხანია, წესიერად არ მინახავხარ.
– როგორ ვარ?! – ლიკამ ამოიოხრა, – რა ვიცი, მგონი, ჩვეულებრივად – არც კარგად, არც ცუდად... თუმცა, გატყუებ, უფრო ცუდად ვარ, ვიდრე კარგად.
– ლაშას შეხვდი? ელაპარაკე? – სოფოს ცნობისმოყვარეობა კლავდა.
– არა და არც ვაპირებ. რაზე უნდა ველაპარაკო? ბავშვი ჰყავდა წაყვანილი და საჩუქრებით აავსო. მამაჩემისთვისაც მიუცია ფული – ვატოს არაფერი მოაკლოთო და, შენ წარმოიდგინე, მანქანაც კი დამიტოვა. ეტყობა, საყვარელი ფულს არ უთვლის.
სოფოს ჩაეღიმა. უცებ ისე მოუნდა, ლიკასთვის ეთქვა, რაც მისი ქმრის შესახებ იცოდა, ტუჩზეც კი იკბინა, რომ ეს სურვილი ჩაეხშო. წარმოიდგინა კიდეც, როგორი რეაქცია ექნებოდა ლიკას ქმრის მოულოდნელ გამდიდრების ჭეშმარიტ მიზეზს რომ გაიგებდა და ამოიოხრა.
– შენც პრობლემა გაქვს? „იმას“ ხომ არ დაშორდი? – თავისებურად ახსნა სოფოს ოხვრის მიზეზი ლიკამ, – ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მამაკაცი საერთოდ არ არის საჭირო, მათგან მხოლოდ პრობლემებს უნდა მოელოდე. ერთი წუთის ბედნიერებას ცხვირში ისე მწარედ ამოგადენენ, სანანებლად დაგრჩება, რომ საერთოდ გქონდა მასთან ურთიერთობა.
– ანდრომაც ხომ არ გაგიცრუა იმედი? რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ.
– არა, არა, ანდრო არაფერ შუაშია. ძალიან ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, უფრო მეგობრული. მასზე აზრიც კი შემეცვალა. არ ჩანს ისეთი, როგორიც თავიდან მეგონა.
– მაინც, როგორი გეგონა?
– როგორც თავიდან დაიწყო – შეტევით, ასე ნამდვილად აღარ მოქცეულა. ბავშვივით მეპყრობოდა და ძალიან გავერთე.
სოფოს ლიკას სიტყვებმა არცთუ შორეული წარსული გაახსენა და გული ეტკინა.
– ჰო, როცა უნდა, ანდროს შეუძლია, გაგაოცოს, მაგრამ, ფრთხილად იყავი, არ შეგიყვარდეს.
– შემიყვარდეს?! რა სისულელეა! ლაშასთან ურთიერთობამ რაღაც მასწავლა. ყოველ შემთხვევაში, ის ვიცი, რომ სიყვარული ჩერჩეტების გასართობია, მე კი აღარ მცალია ამისთვის, საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე უნდა ვიფიქრო.
– მოიცა, რას გულისხმობ?
ლიკამ ჯერ არ უპასუხა. საკუთარ ხელებს ჩაშტერებული რაღაცაზე ფიქრობდა, მერე კი უცებ თქვა:
– გადავწყვიტე, შენ მოგბაძო...
– რა?!
– ჰო, რა იყო? ცუდად ცხოვრობ, თუ არავინ გიყვარს და გათხოვილი არ ხარ? გავიჩენ მეც ერთ საყვარელს და ვიქნები ჩემს ნებაზე.
– ლიკა, თუ ფიქრობ, რომ საყვარელი ქმრისგან ძალიან განსხვავდება, ცდები. ზოგჯერ ქმარზე უარესადაც იქცევიან, დამიჯერე.
– შენი შემხედვარე, ამას ვერ იტყვი, – გაიცინა ლიკამ.
– რატომ, სულ რომ გიღიმი? არც ასეა საქმე. შეგიძლია, სიტყვაზე მენდო. მით უმეტეს, თუ საყვარლად ანდრო გყავს შერჩეული.
ლიკამ თვალები მოჭუტა და ირონიით წარმოთქვა:
– მართლა? ანუ, ანდრო საყვარლად არ გამომადგება? ხომ არ ეჭვიანობ, ძვირფასო?..
ლაშასთვის ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა, ვისთან მოიოხებდა გულს. იმ მომენტში მთავარი მსმენელის არსებობა იყო. ისეთი მსმენელის, რომელიც ზედმეტი შეკითხვებით არ შეაწუხებდა და ფიქრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას მისცემდა. ვახო შესაფერისი კანდიდატურა იყო და ლაშასაც ბევრი აღარ უფიქრია.
– იცი, ზოგჯერ რისი სურვილი მიჩნდება? მოვკიდო ამ დივანს ხელი და საერთოდ გადავაგდო. ოღონდ, არ მითხრა, რომ ჭკუიდან ვიშლები. შენ რომ ჩემს ადგილას იყო, ზუსტად ასევე იფიქრებდი. დააკვირდი, რა ხდება? საკუთარ ცხოვრებას ვეღარ ვაკონტროლებ. ძალიან ცუდი განცდაა. ვცდილობ, არ ვიფიქრო ამაზე, მაგრამ, ვეღარ ვუძლებ.
ვახომ გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე დრო იყო, რაღაც ეთქვა:
– „იზმენები” არ გინდა, რა! მართალი ხარ იმაში, რომ შენი ცხოვრება იცვლება, მაგრამ, მხოლოდ უკეთესობისკენ. ჯერ ვერ ხვდები ამას, მაგრამ, ხვალ რომ ახალ მანქანაში ჩაჯდები, მაშინვე სხვანაირად დაიწყებ ფიქრს.
– ეჰ, ვახო, რა მარტივად გადაჭერი ჩემი პრობლემა! – სევდიანად გაიღიმა ლაშამ – მოდი, მოვრჩეთ ამ ამბავს. ვალი გადახდილი მაქვს, ცოტა ფულიც დამრჩა. შენც მოტოციკლის საყიდლად გეყოფა, რაც მოგეცი, საარსებო ფულს კი ყოველთვის ვიშოვით ორივე, სამსახურებიდან ჯერ ხომ არ გამოვუყრივართ. სამაგიეროდ, მშვიდი ცხოვრება გვექნება...
– მშვიდი ცხოვრება აღარ გექნება, – მოიღუშა ვახო, რომელიც აშკარად ვერ დააკმაყოფილა ლაშას არგუმენტმა, – ეგ დაივიწყე. თანაც, ნუ დაგავიწყდება, რომ ოჯახი უკვე დაგენგრა – ლიკას შენი დანახვაც არ უნდა. წარმოიდგინე, რა შანსი გაქვს მის დასაბრუნებლად.
– ვინ გითხრა, რომ მის დაბრუნებას ვაპირებ. – უხალისოდ ჩაილაპარაკა ლაშამ.
ვახოს ჩაეცინა:
– საკუთარი თავის მოტყუებას თუ ცდილობ, არ ვიცი, მაგრამ, ძალიან უნიჭოდ კი ცრუობ. შენი მთავარი პრობლემა ლიკაა, თორემ, სისულელე იქნება იმისი მტკიცება, რომ ის, რაც შენს ცხოვრებაში ახლა ხდება, საერთოდ არ გაღელვებს. მეტსაც გეტყვი: ერთი სული გაქვს, იმ საძულველ დივანზე მოკალათდე და კიდევ უფრო მეტი ფული მოიგო. შეგიძლია, არაფერი მითხრა, ისედაც ვიცი, რომ მართალი ვარ.
– არაფერიც არ იცი, – გააპროტესტა ლაშამ – ფული არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მთავარი.
– ყველა ასე ამბობს, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება, რომ მთავარი კი არა, უმთავრესი ყოფილა, – ისევ გაეცინა ვახოს, – მაგრამ, რა არის, იცი? ეს ჩვენ გვჭირს რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის სენი – პოზა დავიჭიროთ, რომ სხვებზე მაგრები და განსხვავებულები ვართ. მთელი მსოფლიო ფულზე ირევა და ჩვენ რატომ ვიქნებით გამონაკლისები? არ ვჭამთ, არ ვსვამთ, ტანსაცმელი არ გვჭირდება, სამკაული და „ნავაროჩენი” მანქანები არ მოგვწონს, თუ რა?! უკანასკნელი მათხოვარიც კი ისე მალე შეიფერებს კარგ ცხოვრებას, გაოგნდები – თითქოს სამეფო ციხე-დარბაზებში იყოს დაბადებულ-გაზრდილი. არ გეწყინოს, მაგრამ, სულელი და სულელზე უფრო დიდი სულელი იქნები, თუ იმ შანსზე იტყვი უარს, რომელიც ცხოვრებამ მოგცა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში