კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამი მკვლელობა პოლიციაში „ჩაშვების“ გამო

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სამი ადამიანის მკვლელობისთვის სულიკო ნ-ს 28 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის მიზეზი ერთ-ერთი გარდაცვლილის მხრიდან განსასჯელის პოლიციაში დასმენა გახდა, რადგან განსასჯელი მას პერიოდულად ფულს „აწერდა“. სწორედ ამიტომ მოკლა განსასჯელმა „ჩამშვები“, მაგრამ მათ შორის მომხდარ ინციდენტს ორი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. დაზარალებულთა ახლობლების მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაეხვრიტათ, ცხადია, არ დაკმაყოფილდა, რადგან საქართველოში დახვრეტა წარსულს ჩაჰბარდა. საგულისხმოა ისიც, რომ ბრალდება განსასჯელისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ბრალდებული დაინდო და მას ვადიანი პატიმრობა მიუსაჯა.

განსაკუთრებულ საკანში მჯდარი სულიკო ნ. უვადო პატიმრობას თუ ასცდებოდა, ძნელი წარმოსადგენი იყო. როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, განაჩენამდე მისი ყოველი დღე იმის შიშით იწყებოდა, რომ უვადო პატიმრობას გამოუცხადებდნენ და ისე განიცდიდა, რამდენიმე დღეში შიშისგან თმა გაუთეთრდა. თუმცა, მოულოდნელად „სასიამოვნო“ ამბავი შეიტყო – უვადო პატიმრობას ასცდა.

წარსულში, სამი ადამიანის მკვლელობამდე 47 წლის სულიკო ნ. ფულის გამოძალვისთვისა და ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი. სასჯელი მან რუსთავის კოლონიაში მოიხადა, საიდანაც ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ შეწყალებით გამოვიდა. თუმცა, კვლავ კრიმინალური გზა არჩია. მანამდე ის ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი იყო, სახლში ავტომატს ინახავდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ იარაღით საშინელი ტრაგედია დაატრიალა.

საქმის მასალების თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შეიარაღებული სულიკო ნ., ასევე შეიარაღებულ ორ მეგობრთან ერთად, ავტომანქანით ანგარიშის გასასწორებლად ნაცნობის, კარლო დ-ს ოჯახში მივიდა, რადგან მიაჩნდა, რომ ციხეში სწორედ მის გამო მოხვდა და ოჯახის უფროსთან საქმე უნდა გაერჩია.

დაუპატიჟებელ სტუმარს კარი ოჯახის დიასახლისმა გაუღო, რომელსაც სულიკო ნ-ს მისვლა არ ესიამოვნა, რადგან იარაღმომარჯვებულმა სულიკო ნ-მ ქალს, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი შვილი ეჭირა, ქმრის ადგილსამყოფელი ჰკითხა და მისი მისამართით შეიგინა. ქალი იმდენად შეშინდა, რომ სტუმარი მოატყუა, თითქოს მისი ქმარი სახლში არ იყო. თუმცა, სწორედ ამ მომენტში მისი მეუღლე, კარლო დ., მეგობრებთან ერთად ქეიფობდა და ხმაურზე ცოლს ოთახის სიღრმიდან გამოსძახა, ვინ არისო. სწორედ ამიტომ, სულიკო ნ.-ს ქალისთვის აღარაფერი უკითხავს, პირდაპირ ოთახში შეიჭრა.

დაახლოებით სამ წუთში კარლო დ-ს სახლს მისი მეგობარი „ოპელის“ მარკის ავტომანქანთ მოადგა, საიდანაც სამი ახალგაზრდა გადმოვიდა. ის იყო, ეზოში უნდა შესულიყვნენ, რომ ჭიშკართან ორი შეიარაღებული უცხო მამაკაცი დახვდათ. მასპინძლის მეგობრებს უცნობები პოლიციელები ეგონათ და შეეცადნენ, გაერკვიათ რაში იყო საქმე. თუმცა, ვინაიდან „პოლიციელებმა“ უკმეხად უპასუხეს, მათ შორის ჩხუბი ატყდა.

გინებისა და აყალმაყალის გამო, კარლო დ. და მისი სტუმრები, მათ შორის სულიკო ნ-ც სახლიდან გარეთ გაცვივდნენ. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ კარლო დ-ს მეუღლე ყვირილით ითხოვდა შველას. მის ყვირილზე მეზობლები გამოვიდნენ და სიტუაციის განმუხტვა სცადეს. რაღაც მომენტში სულიკო ნ-ს იარაღი ხელიდან გაუვარდა და წაიქცა. ამიტომ, გამშველებლებმა აქცენტი სხვა მოჩხუბრებზე გადაიტანეს, რითაც ისარგებლა წაქცეულმა და ავტომატის ჯერი მიუშვა შეგროვილ ხალხზე. შედეგად კი, არა მხოლოდ კარლო დ., არამედ, კიდევ სამი იქ მყოფი დაიჭრა რომელთაგან ერთ-ერთი გასაშველებლად მისული მეზობელი იყო.

მომხდარის შემდეგ დამნაშავე მეგობრებთან ერთან იქაურობას გაეცალა. ოთხივე დაჭრილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სასწაულებრივად მათგან მხოლოდ ერთი – კარლო დ-ს მეგობარი გადაურჩა სიკვდილს. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით, კარლო დ-ს ხუთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მეორე გარდაცვლილს სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხოლო მესამე მუცლის არეში იყო დაჭრილი, რომელიც სისხლისგან დაიცალა.

ძებნილი სულიკო ნ-ს დაკავება მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული სამი ადამიანის მკვლელობას არ აღიარებდა, ის მხოლოდ კარლო დ-ს მკვლელობას იღებდა საკუთარ თავზე. მეტიც, არ მალავდა, რომ მასთან სახლში სწორედ შურისძიებისთვის მივიდა.

განსასჯელის ჩვენებიდან: „ბრალდებას არ ვეთანხმები. იმ ბიჭებთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია და მათთვის არ მისვრია. სიტუაციის გასარკვევად იმ სახლში კარლოს სანახავად მივედი, რადგან სწორედ მისი საქციელის გამო, სრულიად უდანაშაულოდ აღმოვჩნდი ციხეში. ჩემი დაკავების შემდეგ ის დამიპირისპირდა და სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე გამასამართლეს. ამ ამბის შემდეგ ბევრჯერ შევუთვალე, ციხეში მოსულიყო და საქმე იქ გაგვერკვია, მაგრამ არ იკადრა, არაფრად ჩამაგდო. ალბათ, ეგონა, დიდხანს მომიწევდა ციხეში ყოფნა... ციხიდან რომ გამოვედი, არაერთხელ შევუთვალე შემხვედროდა, მაგრამ, აშკარად მემალებოდა. მის სახლშიც რამდენჯერმე მივედი და არ დამხვდა. ამის გამო ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და მინდოდა, მომეკლა.

იმ დღესაც, სახლში რომ მივედი, ცოლმა მომატყუა, რომ სახლში არ იყო, მაგრამ ბინიდან ხმაური მომესმა და ოთახში შევედი. ჩემი მეგობრები კართან მელოდებოდნენ. კარლოსთან ჩემთვის უცნობი ორი მამაკაცი იჯდა. რომ დამინახა, მივხვდი, არ ესიამოვნა. სახლიდან მის გაყვანას ვაპირებდი, მაგრამ ამ დროს გარეთ ჩოჩოქოლი ატყდა. ვიფიქრე, მისმა ცოლმა რაღაც მომიწყო-მეთქი და გარეთ გავვარდი. დავინახე, უცხო მამაკაცები როგორ სცემდნენ ჩემს მეგობრებს. ჰაერში მინდოდა გამესროლა, მაგრამ ამ დროს ვიღაც დამეტაკა და ხელიდან იარაღი გამაგდებინა. წამაქციეს და უმოწყალოდ მირტყამდნენ, თავის დაცვა ვერ შევძელი, ვეღარ წამოვდექი, ამ დროს ვიღაცამ იარაღიდან ისროლა და მე თავი დამანებეს. ამ მომენტით ვისარგებლე, იქვე დაგდებული ჩემი იარაღი ავიღე და პირდაპირ კარლოს ვესროლე. სხვებისთვის არ მისვრია. მხოლოდ ერთ მკვლელობას ვაღიარებ. იმ ბიჭების განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ“.

პარალელურად, განსასჯელს ძალიან ბევრი ადამიანი დაუპირისპირდა, რადგან საზარელ ტრაგედიას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, მათი ჩვენებები კი ერთმანეთის იდენტური იყო – განსასჯელს ისინი დანაშაულში ამხელდნენ.

მოწმის ჩვენებიდან: „ბიჭები სუფრასთან ვსვამდით. მოულოდნელად ხმაურით ვიღაც შემოვიდა, თან კარლოს მისამართით იგინებოდა, კარლოს მეუღლე კი ცდილობდა, ოთახში არ შემოეშვა. ავტომატიანმა უცნობმა კარლოს გინება პირისპირაც დაუწყო და კატეგორიულად მოითხოვდა, გარეთ გაჰყოლოდა. კარლო გაყოლას არ აპირებდა, მაგრამ, ვინაიდან აიძულებდა, სუფრიდან ჩვენც წამოვდექით. ამ დროს კარლოს მეუღლის საშინელი კივილის ხმა მოგვესმა და ყველანი ერთად გარეთ გავედით, სადაც ხელჩართული ჩხუბი იყო. როგორც გაირკვა, ლუდის საყიდლად გარეთ გასულ ჩვენს მეგობრებს ჩხუბი განსასჯელის მეგობრებთან მოუხდათ. ვცდილობდით, მოჩხუბრები გაგვეშველებინა. სულიკო ნ-სთვის არავის არაფერი უთქვამს, ის არავის უცემია, მაგრამ, უცებ ავტომატის ხმა გაისმა. მან ჯერ კარლოს, შემდეგ კი სხვების მისამართით ისროლა. ყვიროდა, რომ არც ერთს ცოცხალს არ დაგვტოვებდა. საშინელი სურათი იყო – ბიჭები მიზაწე დაჭრილები ეყარნენ. დღემდე არ ვიცი, ჩვენ როგორ გადავურჩით სიკვდილს. სხვას იქ იარაღი არავის გაუსვრია. არ ვიცი, რა საქმე ჰქონდა მას კარლოსთან და რის გარკვევას ცდილობდა, თუმცა, ფაქტია, მას წინასწარ ჰქონდა განზრახული კარლოს მკვლელობა. ვერ გეტყვით, ის უდანაშაულო ბიჭები რატომ დახოცა. ის მეზობელი ხმაურზე შემოვიდა და მხოლოდ მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა“.

სასამართლოზე სწორედ კარლო დ-ს მეუღლე იყო, რომელიც პატიმრის დახვრეტას მოითხოვდა: „ეს კაცი დახვრეტას იმსახურებს. ჩვენს ოჯახს სიცოცხლე გაუმწარა და მანამ არ მოგვეშვა, სანამ საბოლოოდ არ გაგვაუბედურა. კარლო მას იცნობდა. ჩვენთან ხშირად მოდიოდა და ჩემი ქმრისგან ფული მიჰქონდა. თავიდან ამ ამბავს კარლო მიმალავდა, ერთ დღეს კი მითხრა, – ყელში ამომივიდა ეს კაცი, სხვა გზა არ მაქვს, მთელი ცხოვრება მაგისთვის ხომ არ ვიმუშავებ, ფულს მძალავსო. გაიგო, ჩემს მეუღლეს შემოსავალი რომ ჰქონდა და ფულს „აწერდა“. ბოლოს კარლომ უთხრა, ჩემგან ვეღარაფერს მიიღებო. რამდენიმე დღის შემდეგ სულიკო ჩემს ქმარს ქუჩაში დახვდა, სასტიკად სცემა და მანქანა წაართვა. ამ ყველაფრის ატანა აღარ შეიძლებოდა და ჩემმა მეუღლემ პოლიციაში უჩივლა. პროცესზე ჩემი მეუღლე არ მისულა. მართალია, სულიკო ნ. ციხეში იჯდა, მაგრამ მოსვენებას მაინც არ გვაძლევდა. რამდენჯერმე სახლში უცნობები მოგვიგზავნა – კარლოსთან შეხვედრა უნდოდათ. მათი მოსვლა ბევრჯერ დავუმალე ჩემს ქმარს – არ მინდოდა, ისევ რაიმე შარში გახვეულიყო. თუმცა, დამიბარეს, კარლო ციხეში თუ არ მივა, მკვდარს მოგისვენებენო. სულ მეშინოდა.

ერთ დღეს კარლო სახლში ძალიან გაღიზიანებული მოვიდა. გაირკვა, რომ განსასჯელის სახელით ვიღაცეებმა ისევ ფულის „შეწერა“ დაუპირეს. ვთხოვე, პოლიციაში განეცხადებინა, მაგრამ უარი მითხრა. ეს გარეწარი ციხეში დიდხანს არ დარჩენილა, ალბათ, იქიდან გამოსვლა ფულით მოახერხა და სახლში მოგვადგა. ხელში ავტომატი ეჭირა, იგინებოდა და ჩემს ქმართან შეხვედრას მოითხოვდა. შევეცადე, ოთახში არ შემომეშვა, მაგრამ მაინც შეიჭრა და კატეგორიულად მოითხოვდა, კარლო გარეთ გაჰყოლოდა.

სახლიდან გავედი, მინდოდა, მეზობლებისთვის დამეძახა, მაგრამ, გარეთ, ჭიშკართან ჩხუბი იყო – კარლოს მეგობრებს უცხოები ეჩხუბებოდნენ, თან იარაღები ეჭირათ და კივილი ავტეხე. ამასობაში ოთახში მყოფებიც გარეთ გამოცვივდნენ, მეზობლებიც მოგროვდნენ, მაგრამ, ვერავინ მიშველა. მკვლელმა ავტომატით დაცხრილა ჩემი მეუღლეც და მისი მეგობრებიც. დღემდე არ ვიცი, როგორ გადავრჩი. ბავშვით ხელში ვიდექი, ვკიოდი და შველას ვითხოვდი. სროლების შემდეგ ის და მისი მეგობრები როგორ და როდის წავიდნენ, არ მახსოვს. მთელი ეზო დაჭრილებით იყო სავსე, ჩემს ქმართან რომ მივედი, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. გული წამივიდა და მას შემდეგ არაფერი მახსოვს. გამაუბედურა და ჩემს მსგავსად კიდევ რამდენი უდანაშაულო ადამიანი გააუბედურა, ვინ იცის. უფლება რომ მქონდეს, აქედან ცოცხალს არ გავუშვებდი. წამებით სიკვდილს იმსახურებს და მოვითხოვ, რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯოს, დახვრიტეთ“.

ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ განსასჯელი შერაცხადი აღმოჩნდა. დასკვნაში მითითებულია, რომ მას შეუძლია ჩვენების მიცემაც, სასამართლო სხდომებში მონაწილეობაც და, მთავარი – შეეძლო, გაეცნობიერებინა მოსალოდნელი შედეგი.

სხვათა შორის, სასამართლოს სხდომაზე არ დაკითხულან ის პირები, რომლებიც დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულს თან ახლდნენ. პატიმარმა არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლოზე მათი ვინაობა არ დაასახელა, გამოძიებამ კი მათი დადგენა ვეღარ შეძლო.

პროცესის დასასრულს, განსასჯელის ადვოკატი მოითხოვდა, პატიმარი მხოლოდ კარლო დ-ს მკვლელობისთვის გაესამართლებინათ. მიიჩნევდა, რომ გამოძიებით არ იყო დადგენილი, რეალურად ვინ მოკლა დანარჩენი ორი მამაკაცი. ამ მოსაზრებას არც სახელმწიფო ბრალმდებელი და არც დაზარალებული მხარე არ დაეთანხმა. თუმცა, უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ გაიზიარა და განსასჯელს 28 წლით პატიმრობა მიუსაჯა.


скачать dle 11.3