როგორ იძია შური მეგობარზე პედაგოგმა ქალმა
საზარელი მკვლელობა
55 წლის ტამარა ზიმინას ცხედარი ვაკეში, მის ბინაში მილიციამ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც აუტანელი სუნით შეწუხებულმა მეზობლებმა მილიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ ძალოვნებს მასიური რკინის კარის ავტოგენით გაჭრა მოუწიათ და ბინაში შესვლამდე აირწინაღები აიფარეს, რომ არ გაგუდულიყვნენ.
ტამარა ზიმინას გახრწნილი სხეულის ნაწილები მთელ ბინაში იყო მიმოფანტული, მატლები ესია და ისე ყარდა, აირწინაღაფარებულ მილიციელებსაც ლამის გული შეუწუხდათ. სიმყრალის სუნმა აირწინაღებშიც კი შეაღწია და იძულებულები გახდნენ, ფანჯრები გაეღოთ, რომ სუნი ოდნავ მაინც გაენეიტრალებინათ.
მოკლული ქალის სხეულის ნაწილების სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ ტამარა ზიმინა ჯერ გაეშიშვლებინათ, შემდეგ სასტიკად ეწამებინათ და ცოცხლად დაენაწევრებინათ, რომლის დროსაც ის საშინელი ტკივილებისგან გარდაიცვალა.
ტამარა რვა ნაწილად იყო დანაწევრებული. გარდა ამისა, მას მოკვეთილი ჰქონდა ხელ-ფეხზე ყველა თითი, ცხვირი და ყურები, ხოლო დანაწევრებული ხორცის ნაჭრებზე უამრავი შავი ლაქა იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ზიმინას სხეულზე სიგარეტებს აწვავდნენ.
ექსპერტიზის დასკვნით, ისიც გაირკვა, რომ ტამარა ზიმინა სამი კვირის მოკლული იყო. ოპერმუშაკებმა მკვლელობის იარაღიც იპოვეს, რომელიც იქვე ეგდო. ეს იყო ძველებური, მეთვრამეტე საუკუნის მსუბუქი, რუსული ხმალი, რომელსაც მოოქრული ტარი ჰქონდა. მასში ორი ცალი თითოკარატიანი ლალი იყო ჩასმული. ასეთ ძვირფას ხმლებს პირადად რუსეთის იმპერატორი სჩუქნიდა განსაკუთრებული დამსახურების მქონე უმაღლესი რანგის ოფიცრებს, რომლებიც ერთგულად და პირუთვნელად ემსახურებოდნენ რუსეთის იმპერიას.
ზიმინას ბინის გულდასმით დათვალიერების შედეგად, ზუსტად დადგინდა, რომ მკვლელი ან დაუბრკოლებლად შეუშვეს ბინაში, ან თავისი გასაღებით შეაღწია მან შიგნით. ადგილი არ ჰქონია არც ძარცვას, რადგან არაფერი იყო წაღებული და გამომძიებლები მკვლელობის ორ ძირითად ვერსიას ამუშავებდნენ. პირველი ვერსიის მიხედვით, მკვლელობა შურისძიების მიზნით იყო ჩადენილი. მეორე ვერსიით კი, ეს სასტიკი, საზარელი მკვლელობა მანიაკის ნამოქმედარი იყო.
55 წლის ტამარა ზიმინას მკვლელობის ფაქტზე თბილისის ორჯონიკიძის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით. ამ საქმეს გამოცდილი გამომძიებელი კოტე გიგაური იძიებდა, რომელიც განთქმული იყო მძიმე, იდუმალი მკვლელობების გახსნით და ზიმინას მკვლელობის გამოძიება სწორედ ამიტომ დაავალეს მას.
მკვლელობის საქმე 16 ივლისს აღიძრა და როგორც კი მოკლულის სხეულის ნარჩენები პროზექტურაში წაიღეს, კოტე გიგაურმა თავისი საგამოძიებო ჯგუფი შეკრიბა და უთხრა:
– მოკლულის მეზობლები უნდა დავკითხოთ. ჩვენ ექვსნი ვართ, სახლში ოცდაოთხი ოჯახი ცხოვრობს და თითოეულს ოთხ-ოთხ ოჯახში მოგვიწევს სტუმრობა. გახსოვდეთ, ყურადღებით მოისმინეთ მათი მონათხრობი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან.
ამპარტავანი მდაბიო
კოტე გიგაურმა და მისი ჯგუფის წევრებმა რომ მოკლული ტამარა ზიმინას მეზობლები დაკითხეს, პროკურატურაში შეიკრიბნენ და პირველადი მოკვლევის შედეგები შეაჯამეს. გიგაურმა ჯერ სხვებს მოუსმინა და ბოლოს თქვა:
– ჩემ მიერ გამოკითხულმა ადამიანებმა მეც იგივე მითხრეს, რაც თქვენ. ანუ, მოკლული ტამარა ზიმინა ძალიან ქედმაღალი და ამპარტავანი ადამიანი ყოფილა, ხშირად ამცირებდა ხოლმე სხვებს, ძალიან ცუდი და მწარე ენა ჰქონდა და რაც მთავარია, შეფარული ინტრიგანი იყო და მეზობლებს ერთმანეთთან აბეზღებდა, ერთმანეთს წაჰკიდებდა ხოლმე და ამით დიდ სიამოვნებას იღებდა. ერთი სიტყვით, მოკლული ზიმინა უარყოფითი პიროვნება იყო, ხოლო ასეთ ადამიანებს უამრავი მტერი ჰყავთ ხოლმე, რაც ჩვენს ამოცანას ორმაგად ართულებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ზიმინას სამსახურშიც ასეთი სიტუაცია ექნება და მისი თანამშრომლებიც უნდა გამოვკითხოთ. ამის მერე კი, სავარაუდო ეჭვმიტანილების სიას შავადგენთ და გამორიცხვის მეთოდით ვიმოქმედოთ.
– ოჯახის წევრები არ დავკითხოთ? – ჰკითხა გიგაურს პრაქტიკანტმა ცინცაძემ, რომელსაც ახალი დამთავრებული ჰქონდა იურიდიული ფაკულტეტი და თავის პირველ საქმეზე მუშაობდა.
– აუცილებლად, თემურ, – ღიმილით მიუგო ცინცაძეს გიგაურმა, – ამ საქმეს მე თვითონ მივხედავ, მაგრამ მოგვიანებით. თქვენ კი ზიმინას სამსახურში ხვალ დილიდანვე მიდით და მისი თანამშრომლები გულდასმით „დაამუშავეთ“, მაგრამ კორექტულად, იცოდეთ, საჩივარი არ მომივიდეს თქვენზე.
სადისტურად მოკლული ტამარა ზიმინა თბილისის ერთ-ერთ პროფტექნიკურ სასწავლებელში მუშაობდა რუსული ენის მასწავლებლად და ისევე, როგორც მისი მეზობლები, კოლეგებიც უარყოფით პიროვნებად იხსენიებდნენ მას.
– ნამდვილი ამპარტავანი მდაბიო იყო, – პირდაპირ მიახალა პრაქტიკანტ ცინცაძეს ანა სილაგაძემ, რომელიც ზიმინას კოლეგა იყო და მასავით რუსულს ასწავლიდა, – ეს გათხოვების შემდეგ გახდა სოფლელი ტამარაჩკა ვაკელი, თორემ მთელი ახალგაზრდობა სოფელსა და საერთო საცხოვრებელში აქვს გატარებული.
– თქვენი კოლეგა გუშინ სადისტურად მოკლული აღმოვაჩინეთ მისსავე ბინაში, ვაკეში, – უთხრა ცინცაძემ სილაგაძეს.
– ეს არც იყო გასაკვირი, – მიუგო პრაქტიკანტ გამომძიებელს ანა სილაგაძემ, რომელსაც ძარღვიც არ შეტოკებია სახეზე, – ალბათ, ვინმეს ისე „უპოდლა“, რომ არ აპატიეს და აი, შედეგიც!
– ქალბატონო ანა, იქნებ უფრო დაწვრილებით მომიყვეთ მოკლული ტამარა ზიმინას შესახებ და ამიხსნათ, თუ რატომ იყო ამპარტავანი მდაბიო?
– ტამარას შესახებ რომ მოგიყვებით, მისი სიმდაბლის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ, – უთხრა ცინცაძეს სილაგაძემ, – მე და ტამარა დუხაბორების სოფელში დავიბადეთ, ერთად ვიზრდებოდით და სკოლა რომ დავამთავრეთ, პუშკინის სახელობის ინსტიტუტშიც ერთად ჩავაბარეთ. ისიც ერთად დავამთავრეთ და აქაც ერთად გაგვანაწილეს. მოკლედ, 40 წელია, ერთად მოვდივართ და ვინ, თუ არა მე, ვიცი ტამარას ყველა პლუს-მინუსი. თუმცა, მას მხოლოდ მინუსები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტელიგენტურ ოჯახში გათხოვდა, ნორმალური ქმარი შეხვდა და მდაბიო ჩვევები უნდა მოეშორებინა, სანეხვეზე გაზრდილი რომ იყო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამჟღავნებდა. ყველას ეუზრდელებოდა, დასცინოდა, ქედმაღლურად უყურებდა და ასაკის და სქესის განურჩევლად, ამცირებდა ადამიანებს. ტამარაჩკას თავი იმით მოჰქონდა, რომ ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა. თუმცა, როგორც საგნის მცოდნე და მით უმეტეს, პედაგოგი, დიდს არაფერს წარმოადგენდა.
– თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, – უთხრა სილაგაძეს ცინცაძემ, რომელსაც ზიმინას ცოცხალი პორტრეტი აინტერესებდა, – იქნებ, რამე მაგალითი მოიყვანოთ თქვენი სიტყვების დასტურად.
– კეთილი, – ჩაეცინა სილაგაძეს, – ერთ ისტორიას მოგიყვებით: მეორე კურსზე ვიყავით და ვაკის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით, ფეხი რომ მოვიტეხე და იქვე მეცხრე საავადმყოფოში დამაწვინეს, ერთ დღეს ტამარა და ტიტე კოდუა მოვიდნენ ჩემ სანახავად. ტიტე ჩემი საქმრო იყო, ჩვენ ორ თვეში უნდა დავქორწინებულიყავით და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დღეში ვიყავი, მომავალი ბედნიერების შეგრძნება ყველა ტკივილს მიქარვებდა. მაგრამ ხომ იცით, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. მეც ასე დამემართა. ტამარამ და ტიტემ რომ მომინახულეს, წავიდნენ და დამპირდნენ, ხვალ ისევ მოვალთო. თუმცა, ისინი იმ ღამეს ტიტეს ბინაში ავიდნენ, იქ დარჩნენ ტამარამ ჯერ თავი „ახმარინა“ ჩემს საქმროს, შემდეგ ცოლად შეეტენა. ორი ვაჟი გაუჩინა და სწორედ ტიტეს ბინაში დაასრულა თავისი სიცოცხლე. ეს ამბავი რომ შევიტყვე, თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე და იმ იმედით ვცოცხლობდი, რომ იმ დამპალს ცხოვრება საშინელ სამაგიეროს გადაუხდიდა და აი, ასრულდა კიდეც. არ დაგიმალავთ და ძალიან გამიხარდა მისი ასეთი საშინელი აღსასრული. რა ნაგავიც იყო, ისე ნაგვურად ჩაძაღლდა! ახლა კი, ჩემო კარგო, უნდა წავიდე.
ანა სილაგაძემ სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩაასრისა, თემურ ცინცაძეს მოუბოდიშა და წავიდა.
მთავარი ეჭვმიტანილი
ტამარა ზიმინას მკვლელობიდან ერთი კვირა იყო გასული და კოტე გიგაურის საგამოძიებო ჯგუფს უკვე საკმაო რაოდენობის მასალა დაუგროვდა. მთავარი მაინც ის იყო, რომ გიგაურმა ზიმინას ოჯახში მომხდარი ერთი ამბავი შეიტყო, რომელზეც მან გამოძიების მთავარი ვერსია ააგო.
გამოცდილმა გამომძიებელმა შეიტყო, რომ დაქვრივებული ტამარა ზიმინა ძალიან ცუდ დამოკიდებულებაში იყო თავის ვაჟიშვილებთან და განსაკუთრებით კი უფროსი შვილის ცოლთან – ლიკასთან. მოკლული ქალის ქმრის ნათესავმა გიგაურს უთხრა:
– ტამარა საზიზღარი არსება იყო და ტიტეს სრულიად არ შეეფერებოდა. ის ქალი ვერავის იტანდა და ტიტეს ინფარქტიც მისი ბრალია. ის მდაბიო ისე მაგრად უშლიდა ქმარს ნერვებს, რომ გული გაუხეთქა. ეს ნეხვში გაზრდილი ქალი რომ სავსე ბინაში შევიდა, იქაურობა სანეხვედ გადააქცია. არც რეცხავდა, არც ალაგებდა და საცოდავი ტიტე იძულებული გახდა, მოსამსახურე დაექირავებინა. ტიტე რომ გარდაიცვალა, ნოდარი 16 წლის იყო, ლექსო – 19 წლის და ახლა თავის შვილებზე გადაიტანა რისხვა. ნოდარმა თავს უშველა და სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა სკოლის დამთავრების შემდეგ, ხოლო ლექსომ კი ცოლი მოიყვანა. ლიკა, მისი მეუღლე ფეხმძიმედ იყო, როდესაც ისინი აგარაკზე, წყნეთში ისვენებდნენ. ერთი სიტყვით, ერთ საღამოს ტამარამ თურმე გორგოლაჭიანი მაგიდა მიაგორა ვერანდაზე, სადაც ფეხმძიმე ლიკა სავარძელში იყო მოკალათებული და რძე, ბოსტნეული და სხვა საჭმელი მიუტანა, რომლის მიღება მას ექიმისგან ჰქონდა რეკომენდებული, მაგრამ მოხდა ისე, რომ ლიკას რძით სავსე ჭიქა გაუტყდა, ძირს დაიღვარა და როდესაც სიამის კატამ იატაკზე დაღვრილი რძე ალოკა, ადგილზევე დალია სული. ამის შემხედვარე ლიკა დედამთილს დაეტაკა, თმებით ითრია და სამსახურიდან დაბრუნებულ ლექსოს დედა საშინლად ნაცემი და გულწასული დახვდა. ის დღე იყო და ლექსო და ლიკა ტამარას არ გაკარებიან. ეს ამბავი მხოლოდ მე ვიცოდი და თქვენ იმიტომ გიყვებით, რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ, თუ რა უვარგისი ვინმე იყო ტამარა.
– თქვენი მონათხრობი სხვა ეჭვებსაც მიჩენს, – თქვა გიგაურმა, – თუ ზიმინა თავის ფეხმძიმე რძალს წამლავდა, დასაშვებია, რომ ლიკამ სამაგიერო გადაუხადა დედამთილს.
კოტე გიგაურმა დაადგინა, რომ ზიმინას მკვლელობის პერიოდში ლექსო, ლიკა და მათი წლინახევრის ვაჟი ტიტე მახინჯაურში, ზღვაზე ისვენებდნენ. ერთი შეხედვით, ლიკას ალიბი ჰქონდა, მაგრამ გამოცდილმა გამომძიებელმა ამ ალიბის გადამოწმებას მიჰყო ხელი და დაადგინა, რომ ტამარას მკვლელობის დღეს ლიკა ორი დღით თბილისში დაბრუნდა, რომ საკურსო პროექტი დაეცვა და შემდეგ კვლავ მახინჯაურში დაბრუნდა. მართალია, გიგაურს არანაირი სამხილი არ ჰქონდა ლიკას წინააღმდეგ, მაგრამ გოგონას მაშინ ეწვია ბინაში, როდესაც ის მარტო იყო და უთხრა:
– პირდაპირ გეტყვით, რომ ჯერჯერობით მთავარი ეჭვმიტანილი თქვენ ხართ. თუმცა, ეს ოფიციალურად არსადაა დაფიქსირებული და სახლში ამიტომ გეწვიეთ და პირისპირ გესაუბრებით, რომ ამაში გადამარწმუნოთ.
ლიკას გაეცინა და გიგაურს უთხრა:
– ამხანაგო გამომძიებელო, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა ტამარას ასეთი აღსასრული და რასაც იმსახურებდა, ის მიიღო. არც იმას დაგიმალავთ, რომ მას მერე, რაც მოწამვლას გადავურჩი, შურისძიებაზე ფიქრს წამითაც არ დავუტოვებივარ და იმ საზიზღარს უფრო საშინელ შურისძიებას ვუმზადებდი. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი რამე ამცდა და სხვამ იძია მასზე შური. რაც შეეხება ჩემს ალიბს, ჩემი ჯგუფელები დაკითხეთ და დარწმუნდებით, რომ ჩვენ საკურსო პროექტს ერთად ვაკეთებდით, ორი დღე საგურამოს აგარაკიდან არ გამოვსულვართ და ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი ტამარას მოკვლას, რასაც, როგორც უკვე გითხარით, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი.
კოტე გიგაურმა გულდასმით გადაამოწმა ლიკას ალიბი, გოგონას უდანაშაულობაში დარწმუნდა და სხვებზე გადაერთო. თუმცა, გამოძიება ადგილიდან არ იძროდა. ზიმინას მკვლელობიდან მეხუთე კვირას გიგაური ქალაქის პროკურორმა დაიბარა და გამოძიების დაჩქარება დაავალა.
საშინელი შურისძიება
ტამარა ზიმინას მკვლელობის საქმე პრაქტიკანტ თემურ ცინცაძის ძალისხმევით გაიხსნა, რომელმაც ანა სილაგაძის სიგარეტის ნამწვავი ჩუმად ამოიღო საფერფლიდან და ექსპერტიზაზე წაიღო. ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ზიმინას სახლში ნაპოვნი სიგარეტ „ლუქსის“ ნამწვავზე აღმოჩენილი ნერწყვი და სიგარეტ „ივერიის“ ნამწვავზე აღმოჩენილი ნერწყვი, რომელიც ცინცაძემ საფერფლიდან ამოიღო, იდენტური იყო. ეს კი იმას ამტკიცებდა, რომ ანა სილაგაძე იყო ტამარა ზიმინას მკვლელი. მაგრამ, საქმეს ის ართულებდა, რომ საფერფლედან მოპოვებული სამხილი უკანონო იყო და ამის საფუძველზე სილაგაძეს ვერ დააპატიმრებდნენ. ამიტომ, გიგაურმა ფსიქოლოგიური სვლა გააკეთა, ანა სილაგაძე დაკითხვაზე ოფიციალურად დაიბარა, თემურ ცინცაძეც დაისწრო და ქალს უთხრა:
– ქალბატონო ანა, სიგარეტს ხომ არ ინებებთ?
– სიამოვნებით, – მიუგო ანამ.
გიგაურმა „ლუქსი“ და „ივერია“ ერთდროულად გაუწოდა ქალს და ჰკითხა:
– რომელს ინებებთ?
ქალი მხოლოდ წამით შეცბა, თუმცა არ შეიმჩნია, სიგარეტი „ლუქსი“ ამოიღო, გააბოლა და გიგაურს უთხრა:
– „ლუქსი“ მირჩევნია, ბევრად არომატულია, ვიდრე „ივერია“, – შემდეგ გამომძიებელს გაუღიმა და ჰკითხა, – გისმენთ, ამხანაგო გამომძიებელო, რისთვის დამიბარეთ? თქვენს ახალგაზრდა კოლეგას ყველაფერი მოვუყევი და დასამატებელი არაფერი მაქვს.
– ქალბატონო ანა, თუკი გულახდილად აღიარებთ ტამარა ზიმინას მკვლელობას, შეიძლება 2 წლით ნაკლები მოგისაჯონ და 13 წლით ჩაგსვან. დახვრეტით არ დაგხვრეტენ, რადგან მხოლოდ ერთი ადამიანი მოკალით განსაკუთრებული სისასტიკით და პრიმა მუხლი არ შეგეხებათ. თქვენს კვალს კი ნერწყვით მივაგენით, რომელიც თქვენ „ლუქსისა“ და „ივერიის“ ფილტრებზე დატოვეთ. თუ გაჯიუტდებით, ხელახალ ექსპერტიზას ჩავატარებთ და პასუხს 12 საათში მივიღებთ. თქვენ კი 48 საათით დაგაკავებთ, შემდეგ კი დაგაპატიმრებთ და შეღავათი არ შეგეხებათ, – განუმარტა სილაგაძეს გიგაურმა, – ახლა კი გისმენთ, რატომ და როგორ მოკალით ზიმინა.
ანა სილაგაძემ „ლუქსის“ ნამწვავი საფერფლეში ჩაასრისა და გიგაურს უთხრა:
– ეს საშინელი შურისძიება ჯერ კიდევ მაშინ ჩავიფიქრე, როდესაც ტამარამ ცხოვრება დამინგრია და ტიტე წამართვა, თითქმის 30 წელი გავიდა იმ დღიდან და შურისძიების სურვილი წამითაც არ გამნელებია. თუმცა, ყველაფერი შემთხვევით, დაუგეგმავად და მოულოდნელად მოხდა. ტამარამ თვითონ დამირეკა და მთხოვა, რომ მასთან მივსულიყავი, რადგან გადაუდებელი საქმე ჰქონდა. შუადღე იყო, რომ მივედი და ის ბილწი უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დამხვდა. ყავაც კი შემომთავაზა, თუმცა უარი ვუთხარი. ხოლო როდესაც ვკითხე, რატომ დამიბარა, ჩამეხუტა, კოცნა დამიწყო და ისე იქცეოდა, როგორც ლესბოსელი. მე გული ამერია, ხელი ვკარი და წასვლას ვაპირებდი. მან კი მოულოდნელად ხმალი მომიღერა, რომელიც ტიტეს ბაბუას რუსეთის იმპერატორმა აჩუქა და მითხრა, რომ თუ მის ნებას არ ავყვებოდი, დამჩეხავდა. მისმა სიტყვებმა საბოლოოდ ამივსო მოთმინების ფიალა და თავი ისე დავიჭირე, თითქოს მის ნებას გავყევი, ხოლო, რომ გაშიშვლდა, ჯერ თავში ლარნაკი ჩავარტყი და გავთიშე, შემდეგ რადიატორზე მივაბი, პირი ავუკარი და თითქმის 3 საათის განმავლობაში სასტიკად ვაწამე. ამ დროს მას რამდენჯერმე წაუვიდა გული. რაც უფრო მეტს ვაწამებდი, მით უფრო ღვივდებოდა ჩემში ცხოველური ჟინი და როგორც კი ჩაძაღლდა, დავანაწევრე, დაღამებას დაველოდე და მას მერე, რაც ჩემი აზრით, ყველა ჩემი კვალი წავშალე, წამოვედი. თუმცა, სიგარეტის ნამწვავმა გამყიდა...
ანა სილაგაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ის 10 წლის შემდეგ გათავისუფლდა ციხიდან, რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, დღესაც ცოცხალია და შეცვლილი გვარით ცხოვრობს...
P. S. სილაგაძე 91 წლისაა და სამჯერ საქართველოშიც იყო ჩამოსული.