როგორ მოდის ავზნიანი და ტაბუდადებული ოჯახების საცხოვრებელ ადგილას საფერავის ყველაზე საუკეთესო ჯიში და რა მისტიკას უკავშირდება ის
ქართველი კაცი, რომ ოდითგანვე ვაზის სიყვარულით ცხოვრობდა, ეს არავისთვისაა საიდუმლო. თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ამ სიყვარულს ქართველი გლეხი იმ საინტერესო ტრადიციებსა და რიტუალებში დებდა, რომლებიც დღეს დავიწყებას მიეცა.
ნოდარ მამისაშვილი: საქართველოს ისტორიას ძალიან შორი წარსული აქვს, მითებამდე მიდის. სწორედ ამ ისტორიის სიღრმეში, სად იბადება კონკრეტულად ვაზის რიტუალი და ვაზის კულტურის ნამდვილი შემეცნება, ამაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია. პრაქტიკულად, ქართველმა გლეხმა, რომელიც ბუნების მეცნიერი იყო და მისი აზროვნება საოცრად ერწყმოდა კოსმოსს, ბუნებას, გამოიმუშავა ისეთი უნიკალური ჯიში, რომელიც, შემიძლია თამამად ვთქვა, მსოფლიოში არ არსებობს. მაგალითისთვის მოვიყვან მსოფლიოში უძვირფასეს ღვინოს – „ბორდოს“. ის იყო რამდენიმე ქვეყნის ტექნოლოგიური კატეგორიის სინთეზი – ფრანგული, გერმანული, ინგლისური. ყველაზე საუკეთესო ვარიანტის „ბორდოს“ მისაღებად საჭიროა დაახლოებით ხუთი სხვადასხვა ყურძნის სინთეზი. ქართველმა ეს ერთ ჯიშში განახორციელა და შეიტანა ღვთისაგან ნაკარნახევი აზრი, შექმნა უნიკალური ჯიში. მაგალითად, საფერავი, რომელიც მართლაც უნიკალური ჯიშია, არაჩვეულებრივი ისტორიაც აქვს, რომელიც მითსაც ჰგავს და რეალობასაც.
– როგორია ეს ისტორია?
– ხაშმი თავისთავად ავზნიანს ნიშნავს და ადრე იმ ადგილას, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ზემო ხაშმია, იყო ოჯახები, რომლებსაც უბრალოდ, ტაბუ ჰქონდათ დადებული. იქ ცუდად ხდებოდნენ ადამიანები და შესაბამისად, იქ მისვლას ერიდებოდნენ. თამარ მეფემ, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემა გადაჭრა, მეღვინეობის თვალსაზრისითაც საოცარი უნარი და შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა. მან ბერები გაგზავნა ხაშმში, რომ დაეთესათ საფერავი. მოხდა საოცრება, ეს კიდევ უფრო დიდი მისტიკაა, მართლმადიდებლურად, რომ ვთქვათ, ღვთის დიდი წყალობა. ის მიწა, რომელიც თითქოს ხაშმი იყო, ავზნიანი, შეიცვალა, ანუ ის იქცა რაიონად, სადაც მსოფლიოში საუკეთესო ჯიშის საფერავი მოდის. საბჭოთა კავშირის დროს, ეს ბერები დააწიოკეს, აოხრდა ყველაფერი. შემდეგ, როდესაც იმ ადგილებში კიდევ დარგეს ყურძენი, ისევე არაჩვეულებრივი მაღალი ჯიშის საფერავი მიიღეს. ფიზიკითაც თუ ვიხელმძღვანელებთ, აღმოჩნდება, რომ ინფორმაციული ველი ამ ადგილებში, სადაც ღვინის რაიონი იყო, სწორედ ღვინისთვის იყო განკუთვნილი, ვიდრე სხვა რამისთვის.
– რა თვისებებით გამოირჩევა ხაშმის „საფერავი“?
– ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს გვინდა პოპულარული ელემენტები ავიღოთ, ამიტომ გეტყვით, რომ ხაშმის „საფერავი“ რადიაციაზე დადებითად მოქმედებს. ამბობენ, რომ იაპონელებმაც შეიძინეს, მას შემდეგ, რაც ხიროსიმასა და ნაგასაკში დიდი აფეთქება მოხდა. ანუ, სამკურნალო დანიშნულება აქვს მას. ხაშმის „საფერავს“ კიდევ უამრავი თვისება აქვს, შეიძლება, უფრო ნაკლებ პოპულარული, ვიდრე ატომური აფეთქებაა, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა. როდესაც ოჯახში ბავშვი დაიბადებოდა, დიდ სპილენძის ქვაბში ასხამდნენ „საფერავს“, ქვაბი იყო მზის სიმბოლო, მასში ჩასხმული „საფერავი“ კი იყო აღქმული, როგორც ქრისტეს სისხლი. ეს არ არის შემთხვევითი და მხოლოდ მეტაფორა. სისხლი ადამიანს კვებავს, უამრავ თვისებას აძლევს. „საფერავი“ უხვად სასმელი ღვინო არ არის, ადამიანს, რომელიც მას ზომიერად დალევს, თავის ტკივილი არასდროს შეაწუხებს. ჩემი აპარატით ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე, სანამ ადამიანს „საფერავს“ დავალევინებდი, ჯერ მის ბიოველს ვზომავდი, მერე ვასმევდი „საფერავს“ და თავიდან გაზომვის შემდეგ, აღმოჩნდებოდა, თითქოს მისი ბიორეზონანსი ვიღაცამ ახლიდან დამუხტა და ძალა შესძინაო.
– რომელი დროა ყველაზე კარგი ყურძნის მოსაკრეფად და ღვინის დასაწურად?
– ეს ქართველმა კაცმა ძალიან კარგად იცოდა. ყურძნის მოსაკრეფად, დასაწურად ყველაზე კარგი ტემპერატურაა დაახლოებით, 23-დან 25 გრადუსი. საქართველო ისეთ ზონაში იყო, რომ რთველიც დაახლოებით ამ პერიოდს მოერგებოდა ხოლმე. მაგრამ, ბუნებას ამ ყველაფერს ვერ შეუკვეთავ, ამ პერიოდში ზოგჯერ უფრო ციოდა და ზოგჯერ უფრო ცხელოდა. ამ შემთხვევაში, ქართველ გლეხს გამომუშავებული ჰქონდა თავისი ტექნოლოგია, – რა გააკეთოს, როცა უფრო ცივა და რა – როცა უფრო ცხელა. ისე, რომ ყურძენმა იგრძნოს, თითქოს 23-25-გრადუსიან გარემოშია.
– ამისთვის რას აკეთებდნენ?
– ეს პრობლემა ძირითადად მარანში წყდებოდა. მარანს გათბობა სჭირდება, მაგრამ ცეცხლს ვერ დაანთებდნენ. გლეხი საწნახელში აწყობდა ყურძენს და მას კი ასეთი თვისება გააჩნია, როდესაც ერთმანეთსაა ჩახუტებული, თავისით თბება. გლეხმა კი იცოდა, რამდენ ხანს უნდა ჰქონოდა ის საწნახელში, რომ სითბო 23-25 გრადუსამდე ასულიყო. ძალიან საინტერესოა ის შემთხვევა, როდესაც ცხელოდა. ამისთვის სპეციალურად სხვენზე შენახული ჰქონდათ სურნელოვანი ვაშლები, რომელსაც ჩამოიტანდნენ, გარშემო შემოუწყობდნენ ყურძენს და ასე აგრილებდნენ მას საჭირო ტემპერატურამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გამოჰყავდა ქართველ კაცს სუფრაზე მისატანი ღვინო. რომ დააკვირდეთ, ძალიან ცოტაა სუფრაზე მისატანი – თითა და ასეთი სადესერტო ჯიშის ყურძნები. მაგრამ, ყველა, ქართულ ჯიშს თხელი კანი აქვს. რამდენი უნდა ემუშავა გლეხს და როგორ უნდა ჰყვარებოდა ვაზი, რომ ასე ეზრუნა მასზე და გამოეყვანა ქართული სადესერტო ყურძნის ჯიში. ქართველი გლეხები წალამზე ძალიან კარგად მუშაობდნენ, იცოდნენ, როგორ ეწარმოებინათ ვაზის ჯიში, როგორი ტიპის ნიადაგი შეექმნათ მისთვის. მინდა ჩემი ბებია გავიხსენო, რომელიც საგარეჯოში ცხოვრობდა და მასთან ხშირად ჩავდიოდი. ერთხელ თბილისიდან მის მეზობლად აგრონომი ჩამოვიდა, მან თავისი ვენახი ისე გაალამაზა, გაამშვენა, რომ ბებიასთან მივედი და ვუთხარი, მარტო, რომ ხარ, ჩვენ – ბიძაშვილები, დავუვლით ვენახს და ამ სარეველა ბალახებისგან გავათავისუფლებთ-მეთქი. მაშინ – „უცოდინარმა“ ბებიამ მითხრა, შვილებო, ღმერთი არ გაგიწყრეთ, ეს არ ჩაიდინოთ, აგვისტოში გვალვა უნდა იყოს, სარეველა დაიცავს ვენახს, მისი ვენახი კი დაიხრუკებაო. მართლაც ასე მოხდა, იმიტომ, რომ ბუნების სკოლა უფრო დიდია, ვიდრე – შენობების.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი. მესამე წელს, ვაზი ძალიან კარგად ისხამს, თუ ნორმალური ამინდები შეხვდა. მესამე წელს, თუ ვაზმა 100 მტევანი დაისხა, ხოლო მეოთხე, მეხუთე წელს 120, 140, ძველი გლეხი იმ ორმოც მტევანს მოაცლიდა. იმიტომ, რომ მისი ნორმა იყო ასი და ვაზი უნდა გაძლიერებულიყო. როგორც ადრე უკვე გითხარით, – „მოდი ვნახოთ ვენახი“, ეს უძველესი რიტუალია. მე შევსწრებივარ ასეთ რამეს, ხე არ ისახმდა და პატრონი მას მოჭრით ემუქრებოდა. მეზობლები კი იდგნენ და ეხვეწებოდნენ, არ მოჭრაო. ჩემდა გასაკვირად, ის ხე მერე ისხამდა. დღეს ეს უკვე გასაგებია, აგრესიისა და მუქარის, ხვეწნა-მუდარის დროს ისეთი სიხშირეები გამოიყოფა, რომელიც ხელს უწყობს: მაგალითად, აგრესის დროს ფესვების ზრდას, ხოლო წყალი, რომ კარგად ადიოდეს ზევით და დაისხას ნაყოფი, ამას ხვეწნა-მუდარა უწყობს ხელს. ვენახსაც უნდა მოესხა, თორემ თხას შეუშვებდნენ და შეაჭმევინებდნენ. ამიტომ თხას მოიყვანდნენ და ვაზის რტოებს, ფოთლებიანად ცხვირ-პირში ურტყამდნენ – ამას შეჭამ, თუ არ დაისხამსო. ამ დროს იქვე იყო საფერხულო კატეგორია და მღეროდნენ – „თხამ ვენახი შეჭამა“. – „მოდი ვნახოთ თხა, ვინ შეჭამ თხა“, ანუ მერე თხას შეწირავდნენ და შეწირულობას, რომ მიიღებდა, ვაზის მთელ რიგს უხაროდა – საფრთხე აღარ ელოდა და კარგად მოისხამდა. ჭაჭის დაყენების დროს, ტახი მიჰყავდათ, რომელსაც მერე კლავდნენ. ამ დროს პურიც თავისებურად ცხვებოდა. დღეს ვერ წარმომიდგენია ქართველი, რომელმაც – „შენ ხარ ვენახი“ არ იცის, ახლა მას ეკლესიაშიც გალობენ. ძველად კი, ის ეკლესიის გარშემო შემოვლით იმღერებოდა და ამას ძალიან საინტერესო ძირი აქვს. ვაზის გარმავლება ხდებოდა ორი ხერხით. ერთი არის ვაზის გადაწვენა ნიადაგზე და იქ გამოიღებდა ხოლმე ფესვს. გენეალოგიური შტო ძალაში რჩებოდა და მასზე ამოდიოდა ახალი ვაზი, ისევე როგორც ქორწინების საიდუმლოს შემდეგ. აი, სწორედ ამ სიმბოლოს გამო, როდესაც ჯვარდაწერილები გამოდიოდნენ ეკლესიიდან, მათ სამჯერ უნდა შემოევლოთ და უნდა ემღერათ – „შენ ხარ ვენახი“. მეორე შემთხვევაში კი თუ ძირითადი ღერო ზედმეტად იყო მობერებული, მას ბზარს უკეთებდნენ, როგორც მყნობისას და წალამს უყრიდნენ შიგ, რომელსაც სპეციალურად მიწით ამოავსებდნენ, მიწაში ჩარგავდნენ, ცალკე უსხამდნენ წყალს. ისინი გაიხარებდნენ ამ ღეროს ფუძეზე და ორმაგი ფესვი კეთდებოდა – წალმისა და ღეროსი. ეს კი აღქმული იყო ასე – მათ, რომ იქორწინეს, ცალკე, გავიდნენ და შვილები ეყოლათ, შემდეგ ეს შვილებიც წამოვიდნენ და იგივე გაიარეს.
ნათია უტიაშვილი