ბრიტანელი „პირველი ნომერი მზვერავის“ პიკანტური საოჯახო ფოტოები პაპარაცებმა კი არა, ოჯახის წევრებმა გამოაქვეყნეს
ბრიტანული დაზვერვის „M-16-ის“ ხელმძღვანელის, ჯონ სოიერსის ოჯახის წევრები უკვე მეორედ აგდებენ საფრთხეში „ნომერ პირველი მზვერავის“ უსაფრთხოებასა და რეპუტაციას. ბრიტანული დაზვერვის უფროსის ქალიშვილმა, 23 წლის კორინამ, პირად ბლოგში, „ფეისბუქზე“, განათავსა თავისი ფოტო, რომელზეც ის გამოსახულია საახალწლო ნაძვის ხის ფონზე კალაშნიკოვის ოქროს ავტომატით ხელში. ზოგიერთი მონაცემით, ეს იარაღი სადამ ჰუსეინის კერძო კოლექციიდან არის ამოღებული.
„M-16-ის“ უფროსი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გასაიდუმლოებული ადამიანია დიდ ბრიტანეთში. თანამდებობის დაკავების შემდეგ ჯონ სოიერსს სთხოვეს, ამოეღო პირადი ინფორმაცია ინტერნეტიდან, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ შანტაჟის შესაძლებლობა. თუმცა ეს სულაც არ გაითვალისწინა მისმა ქალიშვილმა და თავისი ფოტოები „ფეისბუქში“ გასართობად განათავსა, სადაც ის ნებისმიერს შეეძლო, ენახა.
გასულ წელს სოიერსს სირცხვილი საკუთარმა მეუღლემ შელიმ აჭამა, რომელმაც „ფეისბუქში“ ქმრის ფოტო განათავსა, სადაც იგი მხოლოდ საცურაო კოსტიუმშია გამოსახული.
კალაშნიკოვის სადამ ჰუსეინისეული ავტომატი კი, სერ ჯონს, ალბათ საჩუქრად მიართვეს ერაყში. ჰუსეინს ასეთი რამდენიმე ავტომატი ჰქონდა.
სურათები გაზეთ „ლონდონის“ ფურცლებზეც გამოქვეყნდა ანონიმური წყაროს კომენტარით, რომელიც თავის დროზე სპეცსამსახურში მუშაობდა: „ეს ძალიან სულელური ქცევაა მისი მხრიდან. იმის გათვალისწინებით, თუ რა თანამდებობა უკავია მამამისს. ის ორჯერ მაინც უნდა დაფიქრებულიყო იმის შესახებ, თუ რას აქვეყნებდა“.