იუმორი
– მართლა სირცხვილია‚ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება‚ რამდენი წელია‚ ცოლშვილიანად მშობლების კისერზე ვზივარ!..
– მუშაობის დაწყებას აპირებ?
– არა, რამდენიმე თვით ბებიასთან გადავალ.
***
– ქალები ვერასდროს მოხვალთ კაცების დონემდე. სულ უბრალო მაგალითი ავიღოთ: ვერასოდეს ისწავლით მანქანის კარგად ტარებას...
– ეს იმიტომ‚ რომ მანქანის მართვას ყოველთვის კაცები გვასწავლიან...
***
„სანამ დიეტას დაიწყებთ‚ კარგად ჩამოიბანეთ ყოველგვარი კოსმეტიკა – ესეც თქვენი ორი კილოგრამი და, თუ კიდევ გჭირდებათ წონაში დაკლება‚ მხოლოდ ამის შემდეგ გადადით კვებით დიეტაზე“.
***
„თუ გინდათ, შეინარჩუნოთ ოჯახური სიმყუდროვე‚ ნორმალური ცოლქმრული ურთიერთობა და, მივლინებიდან დაბრუნებულმა, ლამაზი‚ რომანტიკული და ვნებიანი ღამე გაატაროთ‚ ნუ დაიზარებთ და ვაგზლიდან დაურეკეთ მეუღლეს“.
***
– მიხო‚ ე ცხენები რას ახვიხვინდნენ?
– ვირი უყვება ხოლმე ჩვენზე ანეკდოტებსა და‚ ალბათ მეეწონათ...
***
– ჩემო სიხარულო‚ იქნებ, ჩემი პიჯაკი მონახო‚ ჩემო ფისუნია?..
– სად იქნება‚ ჩემო სიყვარულო?
– შეიძლება‚ აბაზანაში იყოს‚ ტკბილო‚ გუშინ გვიან რომ დავბრუნდი და ტაფით რომ გამომეკიდე‚ სწორედ იქ დავიმალე...
***
– ააა‚ გილოცავ‚ დაქორწინებულხარ... როგორაა საქმე?
– დიდი მადლობა‚ მართლა ბედნიერი ვარ‚ ძალიან მიყვარს...
– შესანიშნავია!
– მაგრამ, ის რომ ყველას მოსწონს?!
– მერე რა‚ ძალიანაც კარგი!
– იცი‚ ვეჭვიანობ – რომ მიღალატოს?
– იეჭვიანე‚ ოღონდ ჩუმად‚ იმან არ გაიგოს‚ კარნახი არ გამოგივიდეს‚ იქნებ თვითონ ვერც კი მოიფიქროს...
***
მიხომ ქალაქში ვირით ყურძენი ჩამოიტანა გასაყიდად. ნავთლუღში დააყენა და მუშტარს უხმობს... მსურველი ბევრი გამოჩნდა. ერთ-ერთი მყიდველი მიხოს ვირთან ახლოს მოხვდა. ვირი ხმადაბლა გამოელაპარაკა და წუწუნი დაიწყო:
– ეჰ‚ თქვენ არ იცით‚ რა საშინლად მექცევა ჩემი პატრონი: არ მაჭმევს‚ არ მასმევს‚ ყველაზე მძიმე საქმეებს მე მაკეთებინებს‚ ბაზარშიც, აი‚ როგორი დატვირთული მოვყავარ‚ თანაც, მთელი დღე დაბმული‚ ასე გაუნძრევლად უნდა ვიდგე...
– აუ‚ მოლაპარაკე ვირი!.. კი მაგრამ‚ ლაპარაკი თუ შეგიძლია‚ ვერ ეტყვი შენს პატრონს‚ ასე აღარ გაწვალოს?
– რას ამბობ‚ ჩუმად‚ არ გაიგოს‚ თორემ, დილიდან საღამომდე მაყვირებს: „ყურძენი‚ აბა‚ შაქარივით ყურძენი იაფად!“...