რატომ უწოდეს ევროპელებმა სამცხის მთავარ ყვარყვარე ჯაყელს ჰერცოგი გორგონა და ვინ მიაჭედა მან სახლის კარზე ყურით
ყვარყვარე ჯაყელი მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, რომელმაც თავისი ნიჭით, შეუპოვრობითა და ენერგიით გაითქვა სახელი. თუმცა, სამწუხაროა, რომ მან ყოველი ეს თვისება საკუთარი ძალაუფლების მოხვეჭასა და საქართველოს სამეფო სამთავროებად დაშლას მოანდომა. ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე გვიამბობს მის პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ თავგადასავლებს. თუ რატომ მიაჭედა ჯაყელმა შაქელი ვაჭრები სათითაოდ მათივე სახლის კარზე ყურებით, როგორ მოჭრა საკუთარ სახელზე ფული, როგორ იქორწინა ხელმეორედ უკვე საკმაოდ მოხუცებულმა და რას მიაღწია თავისი მოღვაწეობით საბოლოოდ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
მიხეილ ბახტაძე: ყვარყვარე მეორე ჯაყელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯაყელთა საგვარეულოსი, რომელიც მოღვაწეობდა მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. ეს ის მძიმე პერიოდია ჩვენი სამშობლოსთვის, როდესაც საქართველოს დაშლა იწყება სამეფო სამთავროებად, ოსმალები კონსტანტინეპოლს იკავებენ და ასპარეზზე თურქმანები ჩნდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის ისეთი ძლიერი და მიზანმიმართული პიროვნება, როგორიც ყვარყვარე ჯაყელი იყო, სხვა ქართველ მეფე-მთავრებს შორის არ გვყავს.
ყვარყვარე ჯაყელი თავის მოღვაწეობას იწყებს 1447 წელს, მაშინ, როდესაც იგი საკუთარ ძმას აღბუღა ათაბაგს აუჯანყდა, მოინდომა სამთავროს დაკავება, მაგრამ აღბუღას საქართველოს მეფემ – გიორგი მერვემ დაუჭირა მხარი და ყვარყვარე დამარცხდა. 1451 წელს აღბუღა გარდაიცვალა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მას დარჩა კანონიერი მემკვიდრე, სამთავროს ტახტი დაიკავა ჩვენი საუბრის გმირმა – ყვარყვარე ჯაყელმა. ცხადია, მას გართულებული ურთიერთობა აქვს მეფესთან – ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჯაყელი ცდილობს გიორგი მერვის წინააღმდეგ ბრძოლას.
როგორც მოგახსენეთ, ყვარყვარე ჯაყელი ძალიან ნიჭიერი კაცი გახლდათ, ენერგიული, მიზანმიმართული და მებრძოლი, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ ამ კაცმა ყველა ეს თვისება გამოიყენა იმისათვის, რათა დაპირისპირებოდა მეფეს და მთელი თავისი ენერგია დახარჯა იმაში, რომ შეექმნა ძლიერი, მაგრამ დამოუკიდებელი სამცხის სამთავრო, რაც საბოლოოდ მოახერხა კიდეც.
– რა ტერიტორიებს მოიცავდა იმდროინდელი სამცხის სამთავრო?
– იმდროინდელი სამცხის სამთავრო საქართველოს ერთ მესამედს მოიცავდა. ეს არის: შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ამიერტაო, იმიერტაო – ანუ, მთელი ის ტერიტორია, რასაც ისტორიული მესხეთი ერქვა, მფლობელობაში მოიქცია ყვარყვარე ჯაყელმა და გახდა მისი მთავარი. ფაქტობრივად, ვინც კი ამ პერიოდისთვის გიორგი მერვის წინააღმდეგ გაილაშქრებდა, ყველას უკან ყვარყვარე ჯაყელი იდგა. იმერეთის ერისთავი ბაგრატ ბაგრატიონი რომ აუჯანყდა მეფეს, მის უკანაც ყვარყვარე იდგა. ბაგრატმა მეფე დაამარცხა, ტყვედაც ჩაიგდო და ერთი წლის თავზე, მხოლოდ იმის შემდეგ გაათავისუფლა, რაც ამ უკანასკნელმა ბაგრატის ქალიშვილზე იქორწინა. მისი ტყვეობის პერიოდში საქართველოში სიტუაცია შეიცვალა და გიორგი მერვემ ტახტი დაკარგა.
– რა დარჩა გათავისუფლებულ გიორგი მერვეს?
– გიორგი მერვეს სამართავად დარჩა მხოლოდ კახეთის ტახტი, ქართლი და იმერეთი – ბაგრატს, მესხეთი კი – ყვარყვარე ჯაყელს.
ყვარყვარე ჯაყელი ცდილობდა, არა მარტო პოლიტიკურად გამოეყო თავისი სამთავრო საქართველოსაგან, არამედ ეკლესიურადაც.
– და, მოახერხა?
– ყვარყვარე ჯაყელის წაქეზებით, მესხეთის ეპისკოპოსთა ერთმა ნაწილმა შეწყვიტა ქართლის კათოლიკოს-პატრიარქის წირვა-ლოცვაში მოხსენიება. ყვარყვარეს სამხედრო ძალით ვერავინ დაამარცხებდა, ერთიანი ეკლესიის დაშლა კატასტროფა იქნებოდა საქართველოსთვის, რადგან ისედაც სამეფო-სამთავროებად დაშლილ ქვეყანას, მხოლოდ ეკლესია აერთიანებდა, მაგრამ ამ მომენტში დიდი ვაჟკაცობა და წინდახედულობა გამოიჩინა ქართლის კათოლიკოსმა დავით მეოთხემ, რომელიც ჩავიდა სამცხეში, შეკრიბა მესხეთის სასულიერო პირები და ყველა შეაჩვენა და განკვეთა ეკლესიიდან. ეს იყო ძალიან დიდი სასჯელი. მისი ახსნა შეეძლო მხოლოდ იმას, ვინც დაადო, ანუ ისევ და ისევ კათოლიკოს-პატრიარქს. მესხეთის სასულიერო პირები იძულებულნი გახდნენ, მოენანიებინათ. ასე რომ, ამ მხრივ ყვარყვარეს გეგმა ვერ განხორციელდა. საქართველოს ეკლესიის ერთიანობა შენარჩუნდა, მაგრამ პოლიტიკურად სამცხე უკვე აბსოლუტურად ცალკე, დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენს, რომელიც ებრძვის თურქმანებს... ეს ის პერიოდია, როდესაც კონსტანტინეპოლი დაეცა და რომის პაპი იწყებს ანტიოსმალური კოალიციის შექმნას. ამ კოალიციაში მონაწილეობას იღებენ ქართველებიც, კერძოდ, გიორგი მერვე, სამეგრელოს მთავარი და ყვარყვარე ჯაყელიც. ყვარყვარეს მიმოწერა აქვს ბურგუნდიის და ვენეციის ჰერცოგებთან. ამ წერილებში ის მოხსენიებულია როგორც ქარციხის, ანუ ახალციხის ჰერცოგი. სახელი „ყვარყვარე“ ძნელი წარმოსათქმელი იყო ევროპელებისთვის და ის საკუთარ თავს ასე მოიხსენიებდა: ქარციხის ჰერცოგი ბატონი გორგონა. ბატონი გორგონა აქაც არ მალავს თავის ამბიციურობას, წერს, რომ გამოიყვანს 30-ათასიან ლაშქარს და თვითონ უნდა იყოს მთელი აღმოსავლეთის ჯარების სარდალი.
იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოიდგინოთ, თუ როგორი კაცი იყო ჯაყელი, გიამბობთ ერთ ამბავს, რომელიც მოხდა 1483 წელს: ამ დროს ქართლის მეფე არის კონსტანტინე მეორე. ყვარყვარეს ერთ-ერთი ვაჭარი სავაჭროდ წასული იყო აზერბაიჯანში, შაქში. უკან დაბრუნებისას მას შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივ ვაჭართან. სამცხელი ვაჭარი დაემუქრა: წავალ ყვარყვარესთან, რომელიც ძალიან ძლიერი კაცია, იმას ვეტყვი ამ ამბავს, მოვა და ნახავთ, რას გიზამთო. შაქელმა ვაჭარმა მისი მუქარა აინუნშიაც არ ჩააგდო და უთხრა: წახვალ, ახლა, ისიც ახალციხიდან არ ჩამოვიდეს და ყურით არ მიმაჭედოსო.
– შაქელმა ვაჭარმაც იცოდა, ვინ იყო ყვარყვარე ჯაყელი?
– ყოველ შემთხვევაში, ამ ისტორიის შემდეგ უნდა სცოდნოდა, რადგან გაძარცული და ნაცემი ვაჭარი მივიდა ყვარყვარესთან და შესჩივლა: გამძარცვეს, შეურაცხყოფა მომაყენეს და, ეგ კიდევ რა არის, მთავარი ისაა, რომ, როდესაც დავემუქრე, ყვარყვარეს ვეტყვი-მეთქი, არაფრად ჩააგდო. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ადგა ყვარყვარე ჯაყელი, წავიდა შაქში, მოძებნა ყველა ის პიროვნება, ვინც მის ვაჭარს შეურაცხყოფა მიაყენა და, როგორც ისტორიულ წყაროებში წერია, თითოეული მათგანი მათივე სახლის კარებზე ყურით მიაჭედა. ამ ისტორიის შემდეგ, სამცხეში დაბრუნებისას, ჯაყელმა გზად გაიარა ქართლზე. ამ პერიოდში ქართლში უკვე დამკვიდრებულნი არიან ციციშვილები (ყოფილი ფანასკერტელთა საგვარეულო), რომლებიც ჯაყელებმა გამოაგდეს მესხეთიდან. არ არის ცნობილი, ციციშვილების წაქეზებით თუ თვით ქართლის ტახტის მმართველის, კონსტანტინეს სურვილით, ყოველ შემთხვევაში, წყაროებში წერია, რომ, რაც მოხდა, კონსტანტინემ არ იცოდაო, მაგრამ მე ამის არ მჯერა.
– რა მოხდა?
– ქართლის ტერიტორიაზე მიმავალ ყვარყვარე ჯაყელს გზაში დაეწივნენ და უთხრეს: შენ, ქართლის მიწაზე რომ მიბრძანდები, კეთილი ინებე, ეახელი კონსტანტინე მეორეს და თაყვანი ეცი მასო. ყვარყვარემ მოკლედ უპასუხა: გამანებეთ თავი, ჩემს საქმეზე ვიყავი და ქართლისთვის არაფერი დამიშავებიაო. მაშინ შეკრიბეს ჯარი, სათავეში დაუყენეს ციციშვილები და დაედევნენ ყვარყვარეს. ამასობაში ციციშვილმა ელჩად ქართლის ეპისკოპოსი გაუგზავნა ყვარყვარეს, რომელმაც იგივე დანაბარები გაუმეორა სამცხის მთავარს და როდესაც კვლავ უარი მოისმინა მისგან, დანანებით უთხრა: ყვარყვარე, ეტყობა არ იცი, რომ ძალა აღმართს ხნავსო. ამის შემდეგ მოხდა ბრძოლა სოფელ არადეთთან, რომელშიც ყვარყვარემ გაიმარჯვა. მას ტყვედ ჩაუვარდა სწორედ ის ეპისკოპოსი, რომელმაც ელჩის ვალდებულება შეითავსა. გამარჯვებულ სამცხის მთავარს დატყვევებული ეპისკოპოსისთვის შეუხსენებია: როგორ მითხარი, ძალა აღმართს ხნავსო?! ახლა მე შენ გაჩვენებ, როგორ ფარცხავს ნება თავდაღმართსო! საწყალი ეპისკოპოსი წვერით ათრიეს. თუმცა, საინტერესოა, რომ მემატიანეები წერენ სამცხის მთავრის შესახებ: იმის სამართალი სჯობდა და იმიტომაც გაიმარჯვაო.
– ყვარყვარე ჯაყელის ოჯახური მდგომარეობის შესახებ თუ არსებობს ცნობები?
– ძალიან საინტერესოა, რომ ყვარყვარე ჯაყელი 72 წლის იყო, როდესაც მეუღლე – დედისიმედი გარდაეცვალა, რომელთანაც მას რვა შვილი ჰყავდა. სამცხის მთავარმა მეორე ცოლი, ნესტან-დარეჯანი, 73 წლის ასაკში შეირთო და მასთან კიდევ ოთხი შვილი შეეძინა. თვითონ ყვარყვარე 1498 წელს გარდაიცვალა, 82 წლის ასაკში.
შეიძლება ითქვას, რომ სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში არის ყველაზე ძლიერი ქართველი ფიგურა, მაგრამ მან თავისი ნიჭი და შესაძლებლობები საქართველოს დაშლასა და მხოლოდ სამცხის სამეფოს გაძლიერებას მოინდომა. წარმოუდგენელია, არ სცოდნოდა, რომ ცალკეული სამთავროები დიდხანს ვერ შეძლებდნენ არსებობას და მისი ასეთი ქმედება საქართველოს დაშლას და, საბოლოო ჯამში, მაინც ქართველობის მოშლას ნიშნავდა. მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო მისი ლტოლვა საკუთარი ძალაუფლების მოპოვებისა და განმტკიცებისაკენ, რომ მთელი თავისი ნიჭი, ძალა და ენერგია ამას მოანდომა; ანუ ქვეყნის საზიანოდ გამოიყენა, რასაც მიაღწია კიდეც. წყაროებში იგი მოხსენიებულია, როგორც ამირსპასალარი, ათაბაგთა-ათაბაგი, სამცხის სპასალარი... სამცხის მთავარი ფულს ჭრიდა თავისი სახელით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ფულის მოჭრა მეფისა და დამოუკიდებელი მმართველის პრეროგატივა იყო. ერთადერთი, მეფის ტიტული არ მიუღია ყვარყვარე ჯაყელს, დანარჩენს აბსოლუტურად ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა.
ეკა სალაღაია