კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გამეზარდაშვილი

გვარის ფუძე ამოზრდილია ზმნიდან – ზრდა, გაზრდა. ამიტომაც, ის მიჩნეულია ზმნური მშობლისმიერი სახელიდან ნაწარმოებ გვარად.

ასევე გვხვდება გვარი გამზარდია.

„გამზარდიას, გენათელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკ (საყვარელიძემ) ივანე (ცირღილაძეს) უწყალობა მისი მამული”. (1548 წელი).

გვარი გამეზარდაშვილი გვხვდება ვანის რაიონში, ჭიათურაში, თერჯოლაში, თბილისსა და სხვაგანაც.

საქართველოში დაფიქსირებულია 1 176 გამეზარდაშვილი. ჭიათურაში – 410, თერჯოლაში – 223, თბილისში – 160. არიან სხვაგანაც.

მახვილაძე-ამირეჯიბი

მეცნიერები გვარს მამაკაცის საკუთარი სახელისგან – მახვილასგან წარმოებულად მიიჩნევენ. სინამდვილეში ის სადაურობის აღმნიშვნელი გვარია. მახვილა ერქვა ჯავახეთში მთას და ამ გვარისანი იქ სახლებულან.

„აზნაურ მახვილაძეთა წინაპარნი იყვნენ მონათესავენი ამირეჯიბთა და ესახლნენ ჯავახეთის კერძო მთისა, მახვილად წოდებულსა, რომლისა გამო გაუგვარდათ ესე სახელი მახვილეობა და დროსა ერეკლე მეფისასა, წელსა 1621-სა სოფელ ცუდანს მოვიდნენ და დაეშნენ სურამის კერძოდ და მუნითგან გაუგვარდათ გვარი მისი სახელისა გამო და არიან მოხსენიებული ტრაქტატსა შინა, ხოლო რომელნიმე ამათ გვარნი ცხოვრობდნენ როსიისა შინა და სხვანი ქართლს”.

მახვილაძეები ჯავახეთში დიასამიძეთა აზნაურებად მოიხსენიებიან. დიასამიძეებს ტრაქტატით სულ სამი აზნაური ჰყავდათ: მახვილაძე, გობირეხვასშვილი და ხუცისშვილი.

დიასამიძეები წარმოშობით სამცხის დიდგვაროვანი ფეოდალები იყვნენ და ქართლში მეთექვსმეტე საუკუნეში გადმოვიდნენ. მეფე გიორგი მეთორმეტე იესე დიასამიძისთვის 1860 წელს ბოძებულ წყალობის წიგნში წერს: „ოდესცა შენნი პირველნი მამაპაპანი საქართველოში მოსულან, იმათი სამკვიდრო ყმა აზნაურიშვილი მახვილაძე თან მოჰყოლია მემკვიდრე ყმად, ერთგულად სამსახურში ყოფილან იმ დროდამ, აწცა იმყოფებიან. კურთხეულის ბატონის პაპის ჩვენის მეფის თეიმურაზის დროს მამაშენი – მორდალი დავით და შენი სახლი კაცი იოანე რომ გაყრილან, მორდალს დავითს ზაალ მახვილაძე თავისის ყმით, მამულით ადგილით, საუფროსოთ აუყვანია”.

საქართველოში 547 მახვილაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 175, თბილისში – 144, ტყიბულში – 125. არიან სხვაგანაც.

დუნდუა-დონდუა

მეგრული გვარი დუნდუა და დონდუა ერთი და იგივე გვარებია.

გვარის ფუძეა სიტყვა დუნდა, დუნდუ, დუნდუა (დუნდული), რაც იმერეთსა და სამეგრელოში პირისახელებია.

ცნობილმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა მამაკაცს სახელად მიუთითა დონვარ, დონდარა, აქედან კი, გვხვდება გვარები დონდარაშვილი, რომლებიც აზნაურები იყვნენ ქვემო ქართლში. ასევე, აქედან გვხვდება გვარი დონდუაც.

გვარის მთავარი საცხოვრისია ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარე სოფლები: მარანი, პირველი მაისი, ქოლოუბანი, ტყვირი და სხვა.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 1 541 დუნდუა: აბაშაში – 544, სამტრედიაში – 375, თბილისში – 349. არიან სხვაგანაც.

სოიტაშვილი-სოსიტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოსიტა.

ასევე გვხვდება სახელები სოსია, სოსა, სოსიკო, სოტი, სოიტა, ამათგან კი გვარები: სოტიშვილი, სოსიტაშვილი.

ლეკვია სოიტაშვილი მოხსენიებულია 1760 წელს, ყმის ნასყიდობის წიგნში, რომელიც გიორგი წარიხაძემ მისცა შალვა ფავლენიშვილს.

1817 წელს, სოფელ ღოუბანში, პრაპორჩიკ თავად ლუარსაბ ორბელიანის მამულზე მცხოვრებთა შორის მოიხსენიება გულია სოიტაშვილი.

საქართველოში 112 სოიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 66, თბილისში – 32, გორში – 14.

სუთიაშვილი – ჩაფიძე

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი სუთია. ასევე, ამ ფუძით გვხვდება გვარი სუთიძე.

ჩაფი ჭურჭელია. გვხვდება სახელები: ჩაფა, ჩაფიაყი, ჩაფირა, ჩაფიჩა, ჩაფო. აქედან კი გვარი ჩაფიჩაძე;

1721 წლის აღწერით, სოფელ მაწევანში, დღევანდელ თეთრი წყაროს რაიონში, ცხოვრობდა სუთიაშვილი-ჩაფიძე.

გადმოცემით, ერთ-ერთი სუთიაშვილი ერთ ჩაფ ღვინოს სვამდა და ვაჟკაცურად ინელებდა. სხვა წყაროთი კი სუთიაშვილები ჩაფის მკეთებლები, ხელოსნები იყვნენ.

საქართველოში 127 სუთიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 67, მცხეთაში – 54, გორში – 6.

1 830 ჩაფიძე: ტყიბულში – 376, ჭიათურაში – 272, თერჯოლაში – 229. არიან სხვაგანაც.

კოკაია

ფუძეთი კოკა რამდენიმე ქართული გვარი გვაქვს. კოკა ძველ ქართულ წყაროებში ასეა განმარტებული: „კოკა – სარწყავი კოკისა არს ათი ახალი ლიტრა, ჭირაქი არს ნახევარი კოკა, რომელ არს დორა. ჩაფი არს დორაკი, რომელ არს გვერდი, კოკის ნაოთხალი. დოქი არს ჩაფის ნახევარი. კოკა, წყლის საზიდი თიხის ჭურჭელია, დიდმუცელიანი და ცალყურიანი”. ამ სიტყვიდანაა ნაწარმოები გვარი კოკაია. ეს მეგრული გვარ-სახელია.

მთიულებთან არის გვარი კოკაური. ური იგივე სუფიქსია, რომელიც ცვლის სუფიქსებს – შვილი, ძე და ია. შიდა ქართლში გვხვდება გვარი კოკაშვილი.

რუსული ფორმატითაა გაწყობილი კოკაევი. არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი არ იყოს ქართული.

კოკაიასა და კოკაშვილის შედგენილობის გვარებია: ჩაფიძე, დოქიძე და სხვა.

გვარი უშუალოდაა დაკავშირებული წყლის საზიდ ჭურჭელთან. სავარაუდოა, ხომ არ იყვნენ კოკაიათა წინაპარი კოკის მოხელე-მკეთებელნი, რადგან ხელობა-საქმიანობის მიხედვით, ქართულში არაერთი გვარი არსებობს.

კოკაიები ცხოვრობენ ჭყონში, ნაჯახავოში, ზანათში, ნაქალაქევში, პატარა ფოთში, ახალ სოფელში, ნორისში, უშაფათში, მარტვილში, სერგეთში, წყემში და ასე შემდეგ.

გვხვდება ლეკოკაიე, სოფელი ეკუსქურის შუა წელზე.

კოკა პირსახელიცაა.

მიღებული ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში 1 974 კოკაიაა დაფიქსირებული: თბილისში – 499, მარტვილში – 357, სენაკში – 285. ცხოვრობენ სხვაგანაც.

98 კოკაშვილი: თბილისში – 40, რუსთავში – 34, მცხეთაში – 6. ცხოვრობენ სხვაგანაც.

მაჩაიძე-მაჩაბელი

მაჩაიძეთა გვარის ეტიმოლოგიის თაობაზე, ვარაუდი აქვთ გამოთქმული ილია მაისურაძეს და ივანე ქავთარაძეს. აი, რას წერენ ისინი: „მაჩაიძე ალი, ხაშურის რაიონში მცხოვრები. მისი ფუძეა საკუთარი სახელი მაჩა”.

ივანე ქავთარაძის ვარაუდით, ასევე, გვარი წარმომდგარი უნდა იყოს მაჩაჩიძისაგან.

მაჩაიძეთა გვარში არსებული გადმოცემის მიხედვით, მათი წინარე გვარი მაჩაბელი ყოფილა. უცხოვრიათ შიდა ქართლში. ორი ძმა მაჩაბელი იძულებული გამხდარა იქაურობის გასცლოდა და რაჭისთვის შეეფარებინა თავი. როგორც წესი, მათ გვარი შეუცვლიათ. საკუთარი გვარის ერთი ნაწილი მაჩა შემოუნახავთ, მეორე ნაწილი ბელი კი, ჩამოუცილებიათ და ამ გზით მაჩაიძეები გამხდარან.

ქართული გვარების ისტორიაში მსგავსი მაგალითები იშვიათი არ არის. თანაც, გვარში შემონახული გადმოცემები უაღრესად გამძლეა და ხშირ შემთხვევაში ის დოკუმენტურადაც მტკიცდება ხოლმე.

საქართველოში 1 362 მაჩაიძე ცხოვრობს: თბილისში – 730, საჩხერეში – 116, რუსთავში – 61. ცხოვრობენ სხვაგანაც.

მსხალაია-სხალაია-მსხალია-სხაია

მსხალაია-მსხალიათა ფუძეა მსხლის რედუქციით მიღებული მეტსახელი – მსხალა.

მსხალაიათა კომპაქტური დასახლება აღინიშნება ვედიდკარში.

ადგილობრივი ვარიანტებია სხალაია, სხაია.

გვხვდება ტოპონიმი ესხაია ვედიდკარში.

მსხალაია გურია-აჭარაში გავრცელებული მსხალაძის ვარიანტია, მეგრულ მოდელს მორგებული. იშვიათი საპასპორტო ვარიანტია – მსხალია, რომელიც გვხვდება მარტვილის რაიონში.

საქართველოში 54 მსხალაია ცხოვრობს: თბილისში – 19, ფოთში – 10, სენაკში – 5. არიან სხვაგანაც.

848 მსხალაძე: ხელვაჩაურში – 370, ბათუმში – 111, ქობულეთში – 102. არიან სხვაგანაც.

22 მსხალია: მარტვილში – 17, თბილისში – 1, ზუგდიდში – 1. არიან სხვაგანაც.

სონღულისძე-სონღულაშვილი

გვაქვს საკუთარი სახელები – აქედან კი გხვდება გვარები: სონღულაშვილი, სონღულისძე.

როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, სონღულისძე სონღულაშვილის წინამორბედი გვარია.

გვართან დაკავშირებით, არაგვის ერისთავების შესახებ შემონახულ ერთ-ერთ პირველ ცნობარში, 1398 წელს, მცხეთის გუჯარში აღნიშნულია, რომ ამირთ-ამირა ლომმა სონღულისძემ და მისმა ძმისწულმა ლაჩინა, მცხეთას შესწირეს გორში აქუბაშვილისგან ნაყიდი ზღვარი. ამავე დროს ხსენებულმა პირებმა საყდარს შემოავლეს სპონდიო. ყოველივე ეს წერილობით გააფორმეს, სიგელი დააწესეს და მოწმეები დაისწრეს. მოწმეებს შორის ჩანს ერისთავი მიქათ შაბურისზე: „მე ერისთავი შაბურის მიქაი, მოწმე ვარ”.

სონღულისძე-სონღულაშვილი დიდებული გვარია. მას ამშვენებენ დიდებული მწიგნობრები და ისტორიკოსები.

1537-1538 წლებში, სონღულაშვილი ივანე, დმანისს მცხოვრები, მამულით ერგო იოთამ ბარათაშვილს.

სონღულაშვილი ბასილა, ბერია, გიორგი, გოდერძი, ზაქუტა, ზორია, იორდანე, მახარა, მელიტა, პაპუნა, პაატა, ჟოჟუა, ხონღულა, მეჩვიდმეტე საუკუნიდან შეძლებულ მეურნეებად მოიხსენიებიან შიდა ქართლში.

საქართველოში 794 სონღულაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 370, მცხეთაში – 205, თბილისში – 172. ცხოვრობენ სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3