ენერგეტიკაში რევოლუციაა მოსალოდნელი
ბოლო ხანებში ხშირია საუბარი იმის თაობაზე, რომ ბიოსაწვავი მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის იმ დროს, როცა მილიარდობით ადამიანი შიმშილობს, მილიონობით ტონა სიმინდი და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ბიოსაწვავის შესაქმნელად გამოიყენება. ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მსგავს მოსაზრებებს ნავთობმწარმოებლები ლობირებენ, რომლებსაც არ სურთ, თუნდაც, ბაზრის უმცირესი ნაწილი დაუთმონ ახალ ტექნოლოგიებზე დამყარებულ ინოვაციებს. ბიოსაწვავი, უფრო სწორად, ბიოეთანოლი – სიმინდისგან, შაქრის ლერწმისგან, რაფსისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისგან იწარმოება. ამჟამად მსოფლიოში 35 მილიონ ტონა ბიოსაწვავს აწარმოებენ. ამერიკაში ბიოსაწვავი ორჯერ იაფია ბენზინზე, ევროპაში კი სხვაობა კიდევ უფრო მეტია. ბიოსაწვავის მთავარი ნაკლი მისი გამოყენების შეზღუდულობა, შენახვასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეებია. თუმცა, არ არის გამორიცხული, ბიოეთანოლი მის ფართო გამოყენებამდე კიდევ უფრო იაფმა და ეკოლოგიურად სუფთა, სინთეტიკურმა, გათხევადებულმა გაზმა შეცვალოს, რომელიც გოგირდს არ შეიცავს. თუ ბიოეთანოლის გამოყენება რენტაბელურია, ბარელი ნავთობის 40 დოლარად ღირებულების შემთხვევაში, გათხევადებული გაზი მაშინაც კი ეკონომიკურად მომგებიანია, თუ ნავთობი 20 დოლარი ეღირება.