შაქრის მსოფლიო ფასმა მაქსიმუმს მიაღწია
შაქრის მსოფლიო ფასმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი წელს ბრაზილიაში შაქრის ჭარხლის მოუსავლიანობაა, რაც მსოფლიო ბაზარზე მის უკმარისობას გამოიწვევს. აჟიოტაჟი მოჰყვა იმასაც, რომ მსოფლიოში შაქრის ძალიან მცირე მარაგია შექმნილი. ყოველივე ამან, 2010 წლის მაისიდან დღემდე შაქრის ფიუჩერსული ფასების 135-პროცენტიანი ზრდა გამოიწვია. შაქარი ბოლოს ასეთი ძვირი 1980 წელს ღირდა. შაქრის ფასების არნახული ზრდა, არა მხოლოდ ბროკერებსა და მწარმოებლებს, არამედ პოლიტიკოსებსაც უქმნის პრობლემებს. იმ ფონზე, როცა დასავლეთის ქვეყნებში შაქარი ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი ფასების ცვალებადობას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მესამე სამყაროს მილიონობით მცხოვრებისთვის შაქარი კალორიების მიღების ერთადერთი იაფი წყაროა. შაქრის ფასის რეკორდულმა და სწრაფმა მატებამ, შესაძლოა, აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ყველა საკვებ პროდუქტზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. წამყვანი შაქრის მწარმოებელი კომპანიები, უახლოესი 20 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ამ პროდუქტის ფასის 50-პროცენტიან ზრდას ვარაუდობენ. ინდოეთი დეკემბერში დამატებით 2 მილიონ ტონამდე შაქრის ექსპორტის ნებართვას გასცემს. თუ ეს ასე არ მოხდება, მსოფლიოში შაქრის ფასების ზრდა კვლავაც გაგრძელდება.