ევროკავშირში 23 მილიონზე მეტი უმუშევარია
ევროპის კავშირის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ევროკავშირში უმუშევართა რაოდენობა 71 ათასით, ხოლო ევროზონაში 67 ათასით გაიზარდა. უმუშევრობის დონემ ევროკავშირის 27 სახელმწიფოში 2010 წლის სექტემბერში მოსახლეობის 9,6 პროცენტს მიაღწია. ევროსტატის განცხადებით, ამჟამად ევროკავშირის 27 ქვეყანაში 23,1 მილიონი უმუშევარია, მათ შორის, 15,9 მილიონი საერთო ევროპული ვალუტის – ევროს მოქმედების არეალში. ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ნიდერლანდებსა (4,4 პროცენტი) და ავსტრიაშია (4,5 პროცენტი), ყველაზე მაღალი – ესპანეთში (20,8 პროცენტი), ლატვიაში (19,4 პროცენტი), ესტონეთსა (18,6 პროცენტი) და ლიტვაში (18,2 პროცენტი). ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის დონის ზრდა ამ სახელმწიფოების მიერ განხორციელებულმა ანტიკრიზისულმა პროგრამებმა გამოიწვია, რომლებიც მიზნად ეროვნული ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის მნიშვნელოვნად შემცირებას ისახავდა. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ უმუშევრობასთან ბრძოლა 2011 წლისთვის ევროკავშირის ეკონომიკური პროგრამის პრიორიტეტად დაასახელა. საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლის სექტემბრისთვის უმუშევარი შრომისუნარიანი მოსახლეობის 9,6 პროცენტი იყო.