რუბინი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ეკონომისტია
ჟურნალმა „ფორბსმა” ნიუ-იორკის ბიზნესსკოლის პროფესორი, ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური მრჩეველი და ანალიტიკური კომპანია „რუბინი გლობალ ეკონომიკს მონიტორის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნურიელ რუბინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ეკონომისტად დაასახელა. მან ჯერ კიდევ 2005 წელს იწინასწარმეტყველა ამერიკის შეერთებულ შტატებში იპოთეკური კრიზისი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე კოლაფსს გამოიწვევდა. რუბინის პროგნოზით, ამ ყველაფერს შედეგად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოჰყვებოდა. ჟურნალმა „თაიმმა” ის „მოაზროვნეთა” კატეგორიაში პლანეტის 100 რჩეულ მოღვაწეს შორის დაასახელა. „ფორბსის” ყველაზე გავლენიან ეკონომისტთა სიაში ასევე მოხვდნენ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი – ბენ ბერნანკე, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე – ლორენს სამერსი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის დირექტორი ჯეფრი საქსი, პრინსტონის უნივერსიტეტის ნობელიანტი, პროფესორი პოლ კრუგმანი, ეკონომისტები ჩიკაგოსა და ჰარვარდის უნივერსიტეტებიდან – რაგურამ რაჯანი და კენეტ როგოფი და გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის” ერთ-ერთი ავტორი, ანალიტიკოსი მარტინ ვულფი.