კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაათვალიერებინა სტალინმა მორის ტორეზს საქართველო და როგორ იხსნა მან ფრანგი ხალხი შიმშილისგან

1925 წლის 27 მარტს სტალინი პირველად შეხვდა საფრანგეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციას, რომელიც მონაწილეობას იღებდა კომუნისტური ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის მეხუთე გაფართოებული პლენუმის მუშაობაში. მაშინ მათ შორის აზრთა ურთიერთგაზიარების შედეგად, მოხდა შეთანხმება.

გავიდა ხანი და ცნობილი ფრანგი მწერალი ანრი ბარბიუსი, რომელიც მანამდე არაერთგზის შეხვედრია და უსაუბრია იოსებ სტალინთან, შემდეგნაირად ახასიათებდა მას: „აი ის – ჩვენს თანამედროვეობაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ადამიანი. ის მიუძღვება 170 მილიონ ადამიანს 21 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართზე და ყველას უყვარს ის, სჯერათ მისი, სჭირდებათ ის, ირაზმებიან მის ირგვლივ, მხარს უჭერენ და წინ წამოსწევენ მას. ის მთელი ტანითაა აღმართული ევროპისა და აზიის წარსულისა და მომავლის თავზე. ესაა მსოფლიოში ყველაზე უფრო სახელგანთქმული და ამავე დროს, თითქმის ყველაზე უცნობი ადამიანი“.

დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და გერმანიამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან ერთად საფრანგეთის ოკუპირებაც მოახდინა. ფრანგმა კომუნისტებმა და წინააღმდეგობის მონაწილეებმა დაიწყეს პარტიზანული ომი საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე. მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, 1944 წლის 6 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის მოკავშირეთა ჯარებმა განახორციელეს ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ოვერლოდი“, რომლის შესაბამისად ჩრდილოეთ ნორმანდიაში, საფრანგეთის ტერიტორიაზე მოკავშირეებმა გადასხეს სამხედრო შენაერთები. დესანტში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე კანადის სამხედრო ნაწილებმა. სხვათა შორის, მეორე ფრონტის გახსნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სტალინის ძალისხმევით და დაჟინებული მიმოწერით ჩერჩილსა და რუზველტს შორის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტალინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფრანგ კომუნისტებს ახალშექმნილ საფრანგეთის მთავრობაში თავიანთი ადგილი და როლი განემტკიცებინათ. ასეც მოხდა, საფრანგეთის მთავრობასა და სენატში ფრანგ კომუნისტთა ცეკას გენერალური მდივანი და ზოგიერთი თანაპარტიელი მოხვდნენ. ეს იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ცეკას გენერალური მდივნის მორის ტორეზის დიდი გამარჯვება. იმ დროს, როდესაც საფრანგეთის შიმშილობა დაიწყო და პური არ ჰქონდათ, სტალინის განკარგულებით, საფრანგეთის ხალხს ექსპორტით ეგზავნებოდათ მარცვლეული. სწორედ ამიტომ იყო, რომ მეოცე საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს, ფაქტობრივად, საფრანგეთის კომპარტია, როგორც თვისობრივად, ასევე რაოდენობრივად ერთ-ერთ უძლიერეს პარტიად ითვლებოდა ევროპაში.

სტალინი ყოველთვის მზად იყო უცხოელი მეგობრებისთვის გაეცნო თავისი სამშობლოს საუკუნოვანი ტრადიციები, ზნე-ჩვეულება, ადათ-წესები, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და კულტურა, ხელოვნება და ღირსშესანიშნაობა.

1951-1952 წლებში მოსკოვში დასასვენებლად და სამკურნალოდ ჩამოვიდა საფრანგეთის პარტიის ცეკას გენერალური მდივანი მორის ტორეზი. სტალინმა მოინახულა ავადმყოფი ტორეზი და გამოჯანმრთელება უსურვა მას. მალე მორის ტორეზი გამოჯანმრთელდა და სტალინი კვლავ ეწვია მას.

ქვემოთ მოგვყავს ვიაჩესლავ მოლოტოვის მოგონებებიდან სტალინისა და მორის ტორეზის საუბარი, რომელიც აღებულია ჩუევის წიგნიდან – „140 საუბარი მოლოტოვთან“. საუბრის შინაარსი ასეთია:

„ – ამხანაგო ტორეზ! თქვენ, ცხადია, საქართველოში ერთხელაც არ ხართ ნამყოფი.

– სამწუხაროდ, არ ვარ ნამყოფი, ამხანაგო სტალინ!

– არ გსურთ იქ ჩასვლა?

– მოვინახულო ის ქვეყანა, სადაც თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ, სიმართლე გითხრათ, ჩემი დიდი ხნის ოცნებაა.

– და თუ ეს ასეა, რა გიშლით ხელს?

– ჯანმრთელობის გარდა, არაფერი, ამხანაგო სტალინ!

– ექიმებს თუ დავუჯერებთ და ჩემს თვალებსაც თუკი რამე დაეჯერება, თქვენს ჯანმრთელობას ამჟამად არა უშავს რა, ამხანაგო ტორეზ! იმდენად კი ხართ გამოჯანმრთელებული, რომ საქართველოში ჩასვლას გაუძლოთ. იქ ჩაბრძანდით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩემი თანამემამულეები ჩინებულ მასპინძლობას გაგიწევენ“.

მორის ტორეზმა არ დააყოვნა და ჩამოვიდა საქართველოში. მოიარა საქართველოს მხარეები, გაეცნო ქართველ ხალხს და მშვენიერი დრო გაატარა. უკან დაბრუნებისას იგი კვლავ შეხვდა სტალინს, რომელმაც დაწვრილებით გამოჰკითხა საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებანი.

აი, რა განაცხადა აღტაცებულმა ტორეზმა:

„ – ჩემი შთაბეჭდილებანი საქართველოსა და ქართველ ხალხზე იმდენად დიდია და ღრმა, რომ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ ვთქვა და რომელი ვთქვა, ვერ გადამიწყვეტია, ამხანაგო სტალინ!

– ალბათ, იქ ბევრი რამ ნახეთ, არა?

– დიახ, ძალიან ბევრი რამ მანახეს და დამათვალიერებინეს. კერძოდ, ქართული ხელოვნების მუზეუმი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან მომეწონა ქართული ჭედური ხელოვნების, იქაურ მხატვართა ნამუშევრები, განსაკუთრებით კი ფიროსმანის მხატვრობა... თბილისი, ფუნიკულიორი ხომ ულამაზესია!

– ძალიან კარგი! – გაეღიმა სტალინს, – მაშინ საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ, ამხანაგო ტორეზ!

– დიდი სიამოვნებით და დიდი კმაყოფილებით დავლევ საქართველოს და ქართველი ხალხის სადღეგრძელოს, ამხანაგო სტალინ! – მორის ტორეზმა ღვინით სავსე ჭიქა აიღო და ფეხზე წამოდგა.

– დაბრძანდით, ფეხზე დგომა საჭირო არაა, – გაიკვირვა სტალინმა.

– არა, ამხანაგო სტალინ! ნება მიბოძეთ, ამ შემთხვევაში არ დაგემორჩილოთ და ჩვენებურად მოვიქცე. მე საქართველოსა და ქართველი ხალხის სადღეგრძელო ფეხზე ამდგარმა უნდა დავლიო, დიდი მადლობისა და მონანიების ნიშნად!

– თქვენი ნებაა, – მიუგო სტალინმა.

– მე გაგონილი მქონდა, რომ საქართველო ძალზე ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ საკუთარი თვალით დანახულმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამიერიდან მე მუდამ მემახსოვრება ეს ღმერთების სამეფო, ჩინებული, ყოველგვარი სიკეთით შემკული ქართველი ხალხი, რომელიც თავისი განუმეორებელი, უზადო სტუმართმოყვარეობით ხიბლავს და ნუსხავს სტუმარს. საქართველო თავისი მაღალი კულტურით, მდიდარი ისტორიითა და ხელოვნებით, არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან...

თუნდაც საქართველოში არ ჩახვიდე, მარტო მისი რუსთაველის „ვეფხისტყაოსნით“ შეგიყვარდება ეს ქვეყანა, მისი კეთილი ხალხი... დაე, იდიდოს და იდღეგრძელოს საქართველომ და ქართველმა ერმა! – ტორეზმა ჭიქა გამოცალა და დასძინა, – დაე, ასე მტერი და ორგული დაეცალოს საქართველოსა და ქართველებს!

– ამინ! – ჩაილაპარაკა სტალინმა და დამატა: სხვათა შორის, ჩვენში, საქართველოში, ასე, ფეხზე ამდგარი სვამენ განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს, თანაც ერთ წვეთსაც არ ტოვებენ ჭიქაში.

– მე ეს საქართველოში მასწავლეს, ამხანაგო სტალინ! – მიუგო ტორეზმა, – ჩვენთან საფრანგეთში, ჯერ ასე არ იციან“!..

ზემოთ მოყვანილი საუბრიდან ექვსი თვე გავიდა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა სტალინი. თანდათანობით მოხდა საფრანგეთის კომპარტიის როლის დაცემა, მისი ავტორიტეტის დაკნინება და დაბალრეიტინგულ პარტიად გადაქცევა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია უკვე აღარ უმართავს მისი რანგის მოღვაწეს, რომელსაც შეეძლო, ბრწყინვალედ შეეთავსებინა ფართო მსოფლმხედველობის შორსმჭვრეტელი თეორეტიკოსისა და საზოგადოებრივი ცხოვრების უდიდესი ორგანიზატორის შესაძლებლობები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უმაღლეს ხელმძღვანელობაში განათლებული საზოგადოებათმცოდნეები უკვე აღარ ფიგურირებდნენ.

დაბოლოს, მოგვყავს შარლ დე გოლის სიტყვები სტალინის შესახებ: „სტალინს ჰქონდა კოლოსალური ავტორიტეტი და არა მხოლოდ რუსეთში. მას შეეძლო თავისი მტრების „მოთვინიერება“. წაგება არ აშინებდა და გამარჯვებებით ტკბებოდა. გამარჯვებები კი დამარცხებებზე მეტი ჰქონდა.

სტალინის რუსეთი – ეს ძველი რუსეთი არ იყო, რომელიც მონარქიასთან ერთად დაიღუპა, მაგრამ სტალინის სახელმწიფო, სტალინის ღირსეული მემკვიდრეების გარეშე – განწირულია“.


скачать dle 11.3