ვენგერი რეპერთან გამოიჭირეს
ლონდონის „არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი 22 ოქტომბერს 61 წლის გახდა. ფრანგი სპეციალისტი უკვე მე-14 წელია, რაც ბრიტანულ კლუბს თავკაცობს და ამ ხნის განმავლობაში სკანდალში არ გარეულა. სამსახური, სახლი, ან პირიქით და მუსიე არსენს ბარებსა და რესტორნებშიც იშვიათად ხედავენ. ძირითად დროს იგი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ატარებს, თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს კი – სახლში, ცოლის გვერდით, თუმცა...
ბრიტანელ ჟურნალისტებს რა დაემალებათ და მათ ახლა გაარკვიეს, რომ თურმე, აგერ უკვე მეორე წელია, ვენგერი რეპერს, ვინმე სონია ტატარს ხვდება. რაღა ვინმეს, სონია საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვერ გეტყვით, არის თუ არა ფრანგი სპეციალისტი იმ ასაკში, რეპს უსმინოს, მაგრამ თურმე სონიასთან ერთად არცთუ იშვიათად რეპავს. ბოლო ასეთი შემთხვევა ორი კვირის წინ ყოფილა. „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის „შახტართან“ დამარცხდა და მაშინ, როცა მთელი გუნდი უკრაინიდან ლონდონში დაბრუნდა, ვენგერმა გეზი პარიზისკენ აიღო. აქაოდა, საქმე მაქვსო და იმავე საღამოს სონიას გვერდით ჯერ რესტორანში, შემდეგ კი სასტუმროს შესასვლელში ნახეს.
„ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან საამისოდ არაერთი მიზეზი მაქვს. ჟურნალისტებს კი ვთხოვ, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე მეტად, საფეხბურთო ამბებზე წერონ,“ – ასეთი იყო ვენგერის რეაქცია ჟურნალისტთა კითხვაზე. თუმცა, ეჭვი გვაქვს, ცოლის რეაქცია უფრო საინტერესო უნდა ყოფილიყო.