ვინ არიან ყველაზე მდიდარი სპორტსმენები
იმის გათვალისწინებით, რომ, პრაქტიკულად, სპორტის ყველა სახეობაში აიღო სტარტი რეგულარულმა ჩემპიონატმა, ჟურნალისტებმა მოახერხეს და გაარკვიეს, თუ რომელი სპორტსმენები არიან შემოსავლების მხრივ მოწინავეთა შორის. სანამ უცხოელებზე გეტყოდეთ, ქართველებზე მოგახსენებთ, რადგან აქ არცთუ დიდი არჩევანი გვაქვს და, რეალურად, დიდი ცვლილებებიც არ იყო მოსალოდნელი.
პირველ ადგილზე, წლიური 4 მილიონი დოლარით, კვლავ ზაზა ფაჩულიაა. „ატლანტა ჰოუქსის“ ქართველი ცენტრი ამ სეზონშიც სტაბილურად თამაშობს და, იმის გათვალისწინებით, რომ მისმა გუნდმა სეზონი მძლავრად დაიწყო, ზაზას არც პრემიალური თანხები მოაკლდება და, სეზონის ბოლოს, ეგებ, ექვს მილიონამდეც ავიდეს.
მეორე ადგილზე კვლავ მალხაზ ასათიანია, რომელსაც, როგორც რუსები ამბობენ, წლიურ ჯამაგირად ორნახევარი მილიონი ევრო აქვს. მართალია, ეს არაოფიციალური ინფორმაციაა, მაგრამ, იმდენჯერ დაიწერა და, თან, არავის გაუპროტესტებია, რომ სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს. რადგან ქართულ ხელფასებზე ვსაუბრობთ, რამდენიმე დღის წინ მომხდარსაც გეტყვით: მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველი ლეგიონერის, ჯანო ანანიძის აგენტებმა რუსულ კლუბს ახალი მოთხოვნა წაუყენეს: ან „სპარტაკი“ კეთილს ინებებს და ანანიძეს ხელფასს გაუორმაგებს, ან კიდევ, ფეხბურთელი გუნდიდან წავაო. როგორც რუსული მედია წერს, ჯანოს ამჟამინდელი ჯამაგირი თვეში 50 ათასი დოლარია და, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელი თვეში 100 ათასს ითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ ეპატიჟება და წლიურ ხელფასად ორ მილიონ დოლარს სთავაზობს, ანანიძის მოთხოვნა სავსებით სამართლიანია და, ძალიან დიდი ალბათობით, „სპარტაკი“ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ახლა, რაც შეეხება უცხოელებს (სამწუხაროდ, ქართული ხელფასები მოწინავე ათეულთან სასაცილოდ მოჩანს):
1. ტაიგერ ვუდსი (გოლფი, წლიური 90 მილიონი) – პირველი სპორტსმენი, რომლის შემოსავალსაც წელს მილიარდი დოლარისთვის უნდა გადაეჭარბებინა, მაგრამ, რად გინდა! – ტაიგერი სკანდალში გაეხვია, ცოლი დაშორდა და, თან, 400 მილიონი დოლარიც წაიღო. ახლა ვუდსს მილიარდამდე მისასვლელად მინიმუმ ხუთი წელი დასჭირდება და, თან, ამ ხუთი წლის განმავლობაში ისევე წარმატებულად უნდა ითამაშოს, როგორც ახლა თამაშობს, რაც ძალიან საეჭვოა.
2. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი, წლიური 61 მილიონი) – უახლოესი სამი წლის განმავლობაში შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა არაფერი რომ არ მოიგოს, პრობლემა მაინც არ ექნება, რადგან გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტები სამი წლის შემდეგ იწურება და გვეეჭვება, ამ სამი წლის განმავლობაში ფედერერმა ახალი კონტრაქტები არ გააფორმოს.
3. ფილ მიკელსონი (გოლფი, წლიური 60 მილიონი) – ვუდსის შემდეგ ყველაზე მარჯვედ „ყვანჯს“ ფილი იქნევს, თუმცა, თავისი მეტოქისგან შედეგებითა და შემოსავლებით ჯერ ძალიან შორსაა. სამაგიეროდ, ფილს ოჯახური პრობლემები არ აწუხებს და მშვიდად ხარჯავს მოპოვებულ მილიონებს.
4. ფლოიდ მაივატერი (კრივი, წლიური 58 მილიონი) – იმის მიუხედავად, რომ ძმებმა კლიჩკოებმა კრივში ყველაფერი მოიგეს, იმის ნახევარ პოპულარობასაც ვერ მიაღწიეს, რაც, მაგალითად, მაიკ ტაისონს ან ევანდერ ჰოლიფილდს ჰქონდათ. შავკანიანი მოკრივეები უფრო პოპულარულები არიან და ამის მიზეზი მათი კანის ფერია. პრომოუტერები ცდილობენ, ფლოიდისგან ახალი ტაისონი თუ არა, ჰოლიფილდი მაინც შექმნან და ჯერჯერობით ეს საქმე ურიგოდ არ გამოსდით.
5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, წლიური 45 მილიონი) – „ახალ მაიკლ ჯორდანად“ მონათლულ ლებრონს ჯორდანივით თამაში ჯერ არ გამოსდის, მაგრამ კალათბურთში დღეს მაინც ნომერ პირველია და, ამიტომაც, მეფური ჯამაგირი აქვს. ჯეიმსის შემოსავალი გაისად აუცილებლად გაიზრდება, რადგან „ნაიკთან“ გაფორმებული ახალი კონტრაქტი შევა ძალაში, რომელიც წელიწადში 20 მილიონ დოლარს ითვალისწინებს.
6. ლიონელ მესი (ფეხბურთი, წლიური 44 მილიონი) – ლოგიკურია, რომ მსოფლიოს უძლიერეს ფეხბურთელად აღიარებული არგენტინელი კოლეგებს შორის ყველაზე მეტს გამოიმუშავებს, თუმცა, ყველა აღიარებს, რომ ფეხბურთელს უფრო მეტის შოვნაში ხელს მორიდებული ხასიათი და არასათანადო გარეგნობა უშლის ხელს.
7. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი, წლიური 40 მილიონი) – წესითა და რიგით, დევიდის ჯამაგირი 50 მილიონი უნდა იყოს, რადგან სწორედ ამ პირობით წავიდა იგი „ლოს ანჯელეს გელექსიში“. თუმცა, ფინანსურმა კრიზისმა მის ჯიბესაც დაარტყა და ინგლისელი ნახევარმცველი იძულებული გახდა, ბედს შეგუებოდა. კარიერის მიწურულს მყოფ დევიდს მომავალში ამ თანხის გაზრდის იმედი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა, კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება, რაც კიდევ მინიმუმ 40 მილიონ შემოსავალს ნიშნავს.
8. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი, წლიური 40 მილიონი) – თუ წელს მადრიდის „რეალი“ ქვეყნის ჩემპიონი გახდება და ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს, გაისად პორტუგალიელი ფეხბურთელი მინიმუმ ხუთეულში იქნება, რადგან გუნდის მთავარი ვარსკვლავი ის არის, გოლებიც რეგულარულად გააქვს და, არც ის მოსაზრება უნდა იყოს ლოგიკისგან შორს, რომ მოედანზე რონალდუ ნამდვილი ეგოისტია და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი კარისკენ მაშინაც თავად ურტყამს, როცა პარტნიორი უკეთეს პოზიციაშია.
9. მენი პაკიაო (კრივი, წლიური 38 მილიონი) – იმის მიუხედავად, რომ პაკიაოს წონა, პროფესიული კრივის თვალსაზრისით, არც პოპულარულია და ერთი შეხედვით არც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თავად მოკრივის ბრძოლის მანერას მილიონობით ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს. მან უკან დახევა არ იცის და მაშინაც კი, როდესაც მეტოქე მასზე ძლიერია, ბოლომდე იბრძვის, ამ შეუპოვრობას კი საჩემპიონო ქამრები მოაქვს. მისმა მეტოქეებმა იციან, რომ პაკიაოსთან ბრძოლის შემდეგ შემოსული თანხის 70 პროცენტი სწორედ მენის ჯიბეში მიდის, მაგრამ ის დარჩენილი 30 იმდენად მსუყეა, რომ მასთან ბრძოლას ყველა სიამოვნებით თანხმდება, მთავარია, ამის უფლება ჰქონდეთ.
10. ალექს როდრიგესი (ამერიკული ფეხბურთი, წლიური 37 მილიონი) – როდრიგესის პოპულარობას ხელს არა მხოლოდ მისი კარგი თამაში, არამედ კარგი გარეგნობაც უწყობს. ალექსს ათასგვარ რეკლამაში იღებენ, ამას გარდა, მისი კლუბიც მოწინავე პოზიციებზეა და, შეიძლება ითქვას, რომ როდრიგესი ამ თანხის თითოეულ ცენტს ალალად გამოიმუშავებს. სხვათა შორის, მან ერთხელ დისციპლინა დაარღვია და კლუბმა მილიონიანი ჯარიმა აჰკიდა, რის შემდეგაც როდრიგესი სანიმუშო დისციპლინის მქონე ფეხბურთელად იქცა.