რა ასაკიდან ვლინდება რაქიტი და როგორ უნდა შევურჩიოთ პატარებს საკვები რაციონი
ტერაქიტი განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და დიდ ზარალს აყენებს მათ. ავადმყოფობა გვხვდება ადრეულ ასაკშივე და უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, სავალალო შედეგები მივიღოთ. პრობლემა უკვე დაძლეულია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, რაც მიღწეულ იქნა ადეკვატური კვებისა და საკვები მინარევების წყალობით. ის ფაქტი, რომ რაქიტის პრევენცია და ადრეული სტადიის განკურნება რთული არ არის, არ უნდა გახდეს მშობელთა მოდუნების საბაბი. პრობლემის შესახებ ვესაუბრებით პედიატრ ამირან უგრეხელიძეს.
– რა არის რაქიტი და რა ასაკში გვხვდება ის?
– რაქიტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის დარღვევით, D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლით ხასიათდება. აღნიშნული პროცესები იწვევს ზრდის შეფერხებას, რადგან ადგილი აქვს ოსტეომალაციას – რომლის დროსაც ვითარდება ძვლის დარბილება და დემინერალიზაცია; ოსტეოპოროზს, ანუ ძვლის მოცულობის ერთეულში ძვლოვანი ქსოვილის მასის შემცირებას, თან მოჰყვება ძვლის სტრუქტურის დარღვევა და ბოლოს პათოლოგიური მდგომარეობა – ოსტეოიდური ქსოვილის ჰიპერპლაზია, რომლის დროსაც ძვლის ზრდის ზონებში ძვლოვანი ქსოვილი ჭარბად იზრდება.
– გავრცელებულია თუ არა ეს პათოლოგია მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში?
– ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ალიმენტური რაქიტი, პრაქტიკულად, აღარ გვხვდება, რაც განპირობებულია საკვებში D ვიტამინის შერევით. ინგლისში აღნიშნული ვიტამინის დეფიციტის გამოვლინება აღინიშნება 100 000 ბავშვიდან 7,5 პროცენტში. განვითარებად ქვეყნებში რაქიტი შედის 5 ყველაზე გავრცელებულ დაავადებას შორის. ხშირია აფრიკასა და აზიაში. ნიგერიაში რაქიტი აღენიშნება ბავშვთა 9 პროცენტს. საქართველოში მონაცემები რაქიტის გავრცელების შესახებ არ არსებობს, ვინაიდან ის არ შედის სტატისტიკურად აღსარიცხავ დაავადებათა ჩამონათვალში.
– რა იწვევს რაქიტს?
– ვიტამინდეფიციტური რაქიტის განვითარების ძირითადი მიზეზებია, არარაციონალური კვება და მზის ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისად მიღება. არარაციონალურ კვებაში იგულისხმება D ვიტამინის დაბალი შემცველობის პროდუქტების მიღება, აგრეთვე საკვებში კალციუმისა და ფოსფორის დეფიციტი. მეორადად ვიტამინის დეფიციტი შეიძლება, გამოწვეული იყოს ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევით ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღებისას. ამის მიზეზი ასევე, შესაძლებელია, გახდეს კანის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება, რომლის დროსაც ვერ ხერხდება საკვებით მიღებული ვიტამინის ათვისება; ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები.
– რა არის რაქიტის განვითარების რისკ-ფაქტორები?
– თუ დედის ასაკი ორსულობისას ნაკლებია 17 წელზე და მეტი – 35-ზე, მაშინ რაქიტის განვითარების საფრთხე იზრდება. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დედის არაბალანსირებულ კვებას. არაადეკვატური კვება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ძალზე საზიანოა. დიდად განსაზღვრავს რაქიტის ჩამოყალიბებას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა – ბავშვის დაბადების პერიოდი, დღენაკლულობა, დაბადებისას დიდი მასა, სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ჭარბი ნამატი, ხელოვნური კვება და ხშირი რესპირაციული ინფექციები. ასევე, ხშირი დიარეა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ბავშვის ჰიპოდინამია, მისი მჭიდროდ გახვევა ან აკვნის გამოყენება.
– რა ასაკში ვლინდება რაქიტის არსებობა და როგორია მისი ნიშნები?
– რაქიტის პირველი ნიშნების გამოვლენა იწყება 1-2 თვიდან, თუმცა კლინიკური სურათის უკეთ ჩანს 4-12 თვის ასაკში. რაქიტს ახასიათებს ცვლილებები ნერვული, ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მხრივ, სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. ანამნეზური მონაცემებიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს კვებაზე, დღის რეჟიმზე, მოვლის პრინციპებზე. გამოყოფენ დაავადების მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. მსუბუქი რაქიტისთვის დამახასიათებელია, ნერვული სისტემის დარღვევები, კერძოდ, მოუსვენრობა, აგზნებადობა, კრთომები, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, რაქიტული სიქაჩლე. ცვლილებებია ასევე, კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ. იცვლება სისხლის ბიოქიმიური მახასიათებლები. საშუალო სიმძიმის რაქიტისათვის დამახასიათებელია ემოციური ლაბილობა, მკვეთრი ოფლიანობა, განვითარებაში ჩამორჩენა. საშუალო სიმძიმისას, მსუბუქთან შედარებით, ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ მკვეთრი ცვლილებები აღინიშნება. აღინიშნება ქალას ძვლების დარბილება, კვადრატული თავი, თხემის ბორცვების მკვეთრი გამობერილობა, უნაგირა ცხვირი, კბილების ამოჭრის დარღვევა, თანკბილვის დარღვევა. გულმკერდი შესაძლებელია იყოს ქათმისებური ან მეწაღისებური, განვითარებულია კიფოზი, სქოლიოზი, ლორდოზი. კუნთთა ტონუსი მკვეთრადაა დაქვეითებული, მსუბუქისგან განსხვავებით აღინიშნება რენტგენოლოგიური ცვლილებებიც. მძიმე რაქიტის შემთხვევაში ზემოაღწერილ კლინიკურ ნიშნებთან ერთად დამატებით ვლინდება ცვლილებები შინაგანი ორგანოების მხრივ. სასუნთქი მუსკულატურის ტონუსის დაქვეითებამ და გულმკერდის დეფორმაციამ შეიძლება, გამოიწვიოს ვენტილაციის დარღვევა, სასუნთქი გზების დახშობა და აქედან გამომდინარე, ხშირი ინფექციები. კუნთების მოდუნებულობის გამო, შესაძლებელია, განვითარდეს საზარდულის, ჭიპის ან თეთრი ხაზის თიაქარი.
– რა უნდა გავაკეთოთ რაქიტის პროფილაქტიკისთვის?
– დედის რძეში D ვიტამინის შემცველობა დაბალია. ამიტომ, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილები, მზის არასაკმარისი ინსოლაციის პირობებში, აღნიშნული ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და საჭიროებენ ვიტამინის დამატებით მიღებას. რაქიტის პრევენციისთვის 6 თვის ასაკამდე მიზანშეწონილია, ვიტამინის მედიკამენტური ფორმის საპროფილაქტიკო დოზის გამოყენება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში რაქიტის მძიმე ფორმა არ ვითარდება. არსებობს ცნება რაქიტის არასპეციფიკური პროფილაქტიკა, რაც გულისხმობს ბალანსირებულ კვებას, დამატებითი კვების დროულ დაწყებას, მოვლის პრინციპების დაცვას, ანუ ჰაერზე სეირნობა და სხვა. დიეტის შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბურღულეულის უჯრედისი ამცირებს კალციუმის ათვისებას, საკვებთან ერთად რკინის მიწოდება კი, ხელს უშლის ფოსფატების შეწოვას.
– რა ხანგრძლივობით უნდა იყოს ბავშვი მზის გამოსხივების ქვეშ?
– მზეზე ყოფნის ადეკვატური ხანგრძლივობა და უსაფრთხო ზღვარი არ არის განსაზღვრული. ჩვილებში მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი და ხანმოკლე ზემოქმედება ზრდის მოზრდილ ასაკში კანის კიბოს განვითარების რისკს. 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის სხივების პირდაპირი ექსპოზიცია არ არის რეკომენდებული. 6 თვის შემდეგ მისაღებია მზის სხივების პირდაპირი ექსპოზიცია სახეზე დღეში 17 წუთი ანუ კვირაში 2 საათი; ხოლო შიშველ მდგომარეობაში ერთჯერადი საფენით, 4 წუთი დღეში ანუ კვირაში 30 წუთი. ბავშვებში მზის ულტრაიისფერი სხივების აღნიშნული რაოდენობის მოქმედების დროს, წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით D ვიტამინი.
– როგორია რაქიტის პროგნოზი?
– რაქიტი თავისთავად არ არის ფატალური დაავადება, პროგნოზი დროული და ადეკვატური მკურნალობის პირობებში კეთილსაიმედოა, ხდება სრული გამოჯანმრთელება. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, შეიძლება, დარჩეს ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციები. პრობლემის არსებობას მნიშვნელოვნად შეამცირებს ძუძუთი კვება, თუ ორ წლამდე გაგრძელდება და დამატებით საკვებს დროულად დავიწყებთ. მშობლებს უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ბავშვებს არ დააძალონ სოდიანი სასმელები, რადგან ისინი შეიცავს კოფეინს, რაც ძვლებიდან კალციუმის დაკარგვას იწვევს.