კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაინტერესდნენ „მის მსოფლიოზე“ ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები დეა არაყიშვილით და იცოდნენ თუ არა კონკურსანტებმა წინასწარ ვინ გახდებოდა გამარჯვებული

„მის საქართველო 2010“ – დეა არაყიშვილი სულ ახლახან იმყოფებოდა კუნძულ სანიაზე, სადაც მონაწილეობდა კონკურსზე „მის მსოფლიო“. კონკურსიდან დეა დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.

დეა არაყიშვილი: თავიდან ჩავფრინდით სტამბულში, შემდეგ პეკინში და იქ უკვე დამხვდნენ „მის მსოფლიოს“ წარმომადგენლები. პეკინში ვიყავით ოთხი დღე. მერე ჩავედით მონღოლეთში, სადაც დავყავით სამი დღე და გადავფრინდით შან-ხაიში. სამი დღე გავჩერდით იქაც და ბოლოს წავედით სანიაზე. პეკინმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, ჩვეულებრივი, წყნარი ქალაქია. სამაგიეროდ, მონღოლეთმა გამაგიჟა, ბევრი ისტორიული ადგილია, ჩინგიზ ხანის დროინდელი. გაქვავებული ჯარი ვნახეთ, საოცრება იყო – ათასობით ქვის ჯარისკაცი იდგა. ისტორიულ ცხენსაშენშიც ვიყავით. ცხენის გაჭენება კი მინდოდა, მაგრამ ძალიან გიჟი ცხენები იყვნენ და ვერ გავბედე, ვერ მივეცი თავს ამის უფლება. სიცოცხლე მიყვარს და თავს საფრთხეში ვერ ჩავიგდებდი. შან-ხაიზე გავგიჟდი, ასეთი ლამაზი ქალაქი არ მინახავს. ჩინეთის ნიუ-იორკია, სულ ცათამბჯენებია. ძალიან გლამურული ქალაქია, სულ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წვეულებაზე ვიყავით, რომლებიც ჩვენს პატივსაცემად გაიმართა. გვქონდა შეხვედრები ქალაქის მერთან, ოფიციალურ პირებთან, ყოველ საღამოს მათთან ერთად ვსადილობდით. ცოტა დამღლელი კი იყო, – რობოტივით უნდა ყოფილიყავი. როდესაც „მისი“ ხარ და ქვეყანას წარმოადგენ, არ გაქვს უფლება, ჩვეულებრივი ადამიანივით მოიქცე – სულ გაღიმებული უნდა იყო, ბედნიერი სახით, მზად იყო იმისთვის, რომ ვიღაც რაღაცას გკითხავს და უნდა უპასუხო. მაგრამ ეს, იმავდროულად, ძალიან სასიამოვნოც არის. სამაგიეროდ, დაბადების დღე გადამიხადეს გრანდიოზულად, სიურპრიზი გამიკეთეს. ოთხი დღით ადრე ვფიქრობდი, ჩემი დაბადების დღე მოდის, აქ არავის გაახსენდება-მეთქი. ნოსტალგია მომეძალა, მაგრამ მერე იმდენად დაკავებული და გადართული ვიყავი საქმეებზე, რომ აღარც მახსოვდა. 8 ოქტომბერს შან-ხაიში ვიყავით. იმ დღეს გემზე აგვიყვანეს, რაღაც წვეულება უნდა ყოფილიყო. ავედით გემბანზე და უცებ 120 გოგონა დადგა და ერთად დაიწყეს სიმღერა: „ჰეფი ბერს დეი თუ დეა“, ისე გამიხარდა, კინაღამ გემიდან წყალში გადავხტი. ასეთ გარემოში დაბადების დღე არასდროს მქონია, თან ყურადღების ცენტრში ვიყავი. იმდენი საჩუქარი მივიღე – თითქმის ყველა გოგონამ მაჩუქა რაღაც, ათი კილოგრამით მძიმე ჩანთა ჩამოვიტანე. შან-ხაიდან გადავედით სანიაზე, ტროპიკული კუნძულია. იქ ნორმალური ტემპერატურა 35 გრადუსია. შან-ხაიში, პეკინში გავიყინეთ, იმის იმედით ვცოცხლობდით, რომ სანიაზე ჩავაღწევდით. პირველი სამი დღე შტორმი იყო, ისე წვიმდა, ისეთი ელვა იყო, რომ გადავირიე, მაგრამ მალე გამოიდარა, თუმცა სულ ქოლგებით შეიარაღებულები დავდიოდით.

– დღის როგორი რეჟიმი გქონდათ?

– დღის უმეტეს ნაწილს რეპეტიციაზე ვატარებდით. ბოლო კვირა ისეთი დატვირთული გვქონდა, დილით გავდიოდით სასტუმროდან და ღამე შემოვდიოდით. ლამის რეპეტიციაზე გვეძინა, საჭმელსაც იქ ვჭამდით. მარტო გადაადგილება გვეკრძალებოდა. სასტუმროს შიგნით გადაადგილებაც არ შეიძლებოდა. სართულიდან სართულზე რომ გადასულიყავი, ჯგუფის ლიდერისთვის უნდა დაგერეკა. თავიდან „მის გერმანიასთან“ ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ მერე, არ ვიცი, რა პრივილეგიით ვისარგებლე, სულ მარტო ვიყავი. მგონი, დაბადების დღის საჩუქარი გამიკეთეს. ძალიან მინდოდა მარტო ყოფნა, დედოფალივით ვცხოვრობდი. ჩემს ჭკუაზე მოვაწყვე ოთახი, საწოლები შევაერთე. გოგონები შურით კვდებოდნენ, კარადას ვერ იყოფდნენ და სულ პრობლემები, წეწვა-გლეჯა ჰქონდათ. ღამღამობით ერთმანეთის ოთახებში დავძვრებოდით და მინი-წვეულებებს ვაწყობდით. ყველა ოთახში მუშაობდა ბარი, გვიცვლიდნენ სასმელებს, ერთმანეთის ოთახიდან ვიპარავდით და კარგად ვილხენდით. სხვათა შორის, რამდენიმე უცნაური გოგონა გვყავდა. ერთი „შიზოფრენიკი“ იყო, წამლებს სვამდა. ეტყობა, მერე წამლები გაუთავდა და მეშვიდე სართულიდან ხტებოდა. ყველაფერი აუფიცრეს. ერთი გოგონა მთვარეული იყო და ღამე დადიოდა, თან თავისი „ბოიფრენდის“ სახელს: ესტებან, ესტებანო, ყვიროდა ჰოლში.

– რატომ არ მიიღე მონაწილეობა შიდა შესარჩევ კონკურსებში?

– სპორტის კონკურსში კი მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ისე ვიყავი გადაღლილი, რომ არაფრის თავი არ მქონდა. ასეთი რეჟიმით არასდროს მიცხოვრია. დროის სხვაობამ, სულ გამაგიჟა, ღამე ვერ ვიძინებდი და დილით უკვე დაღლილი ვიღვიძებდი. ცალკე კიდევ რეპეტიციები, ყველა ნაბიჯი უნდა გაგეთვალა. მოკლედ, ძალიან დიდი სტრესი იყო. მარტო მორალურად და ფსიქოლოგიურად კი არ დავიღალე, ორგანიზმიც ვეღარ უძლებდა. „მის ტალანტშიც“ არ მივიღე მონაწილეობა, მიმაჩნდა, რომ კარგად არ ვიყავი მომზადებული და ვიფიქრე, ჩემი ტალანტი იქ გამოსაჩენად არ იყო. მაგრამ, მერე ვინანე, ისეთი რაღაცეები წარადგინეს გოგონებმა, იქ რომ მეცეკვა, სამეულში მაინც გავიდოდი.

– როგორც ვიცი, შენით „მის მსოფლიოს“ პრეზიდენტი დაინტერესდა.

– კი, ჯულია მორლი სხვანაირი ქალია, საერთოდ არ უყურებდა გოგონებს, გამარჯობასაც არ ეუბნებოდა. ერთ დღესაც, სადილის შემდეგ, ჩემს ოთახში მივდიოდი და ჩვენი ჯგუფის ლიდერმა მითხრა, მეშვიდე სართულზე უნდა ავიდეთ, გელოდებიანო. „ვიაიპი“ სართული იყო, არ ვიცოდი, ვისთან და რატომ უნდა ავსულიყავი. ავედით და მის კაბინეტში შემიყვანეს. რომ დავინახე, გავშრი, ათასი უბედურება ვიფიქრე, სახლში ხომ არ მიშვებენ-მეთქი. კომპლიმენტებით ამავსო, გარეგნულად და შინაგანად ძალიან ლამაზი ხარ, მინდა, გამარჯვებული გნახოო. თითქმის ნახევარი საათი დამითმო, ყველაფერი დეტალურად გამომკითხა. ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და კონკურსზე ჩემ მიმართ, ზოგადად, კარგი დამოკიდებულება შეიქმნა. ალბათ, ამან მოახდინა მასზე შთაბეჭდილება. მითხრა, ყველას მოსწონხარ, შენზე კარგს ამბობენო. კონკურსზე მხოლოდ გარეგნობას არ აქცევენ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანის შინაგანი სამყარო – როგორი ურთიერთობა აქვს სხვებთან. ფინალში ბევრი ისეთი გოგონა გადაიყვანეს, სილამაზის არანაირ სტანდარტს რომ არ აკმაყოფილებდა.

– თვით კონკურსის პრეზიდენტს მოეწონე, გოგონებთან კარგი ურთიერთობა გქონდა, მაინც რატომ ვერ მოხვდი თუნდაც 25 გოგონას შორის?

– არ მქონდა ვიდეოები, ფოტოები, მოკლედ, ის მასალა, რაც საჭირო იყო ფინალში გადასასვლელად. ფინალამდე ჟიური ვერ გნახულობს, პირადად არ გიცნობს, 25 გოგონას ვიდეოების მიხედვით არჩევს. არ ვიცოდი, თორემ აუცილებლად წავიღებდი. კონკურსი რომ დამთავრდა, ძალიან ვინერვიულე. ვიცოდი, რომ შანსი არ მქონდა ვიდეოების გარეშე, მაგრამ გულში მაინც მქონდა პატარა იმედი და ეს უკანასკნელი იმედიც რომ გამიცრუვდა, ძალიან ცუდად გადავიტანე. ლამის ორი საათი ვტიროდი. მეორე დღეს, გოგონები რესტორანში ვისხედით, ვიცინოდით. ჯულია შემოვიდა და რომ დამინახა, მოვიდა ჩემთან, გადამკოცნა, როგორ ხარ, მიხარია, რომ ასეთ ბედნიერს და გაღიმებულს გხედავო.

– ჩემი აზრით, ფინალის მიღმა ძალიან ბევრი კარგი გოგონა დარჩა. წინასწარ თუ იცოდით, ვინ შეიძლებოდა გადასულიყო ფინალში და გაემარჯვა?

– ძირითადი შემადგენლობა ვიცოდით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ ქვეყანას წარმოადგენ, რა წონა აქვს შენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. თანხის გადახდაზე ვერაფერს გეტყვი, შეიძლება, ხდება ასეთი რაღაცეები, არ ვიცი. ძალიან ბევრი კარგი გოგონა ვერ მოხვდა 25 ფინალისტს შორის. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ამერიკა გაიმარჯვებდა, ძალიან კარგად იყო მომზადებული. მისი საღამოს კაბა 40 ათასი დოლარი ღირდა, ბრილიანტებით იყო გაწყობილი. ფინალშიც ძირითადად ისეთი გოგონები მოხვდნენ, რომლებსაც კაბებში დიდი თანხები ჰქონდათ გადახდილი. შესაბამისად, ალბათ, ასეთ რაღაცეებს აქცევდნენ ყურადღებას.

– შემოთავაზებები თუ მიიღე?

– მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ბრენდის წარმომადგენელმა გამოხატა ჩემთან მუშაობის სურვილი, სარეკლამო სახედ უნდოდათ ჩემი აყვანა, მაგრამ სხვა ქვეყანაში მომიწევდა გადასვლა საცხოვრებლად. არადა, წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს, თან, როგორც „მისს“ არც გამიშვებდნენ. კონკურსებიდანაც მივიღე შემოთავაზებები და ალბათ, წავალ.


скачать dle 11.3