კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საოცრება მოხდა დათუნა სულიკაშვილის ცხოვრებაში მის გარეშე

სულ ახლახან ჩატარებულ მოდის კვირეულზე დათუნა სულიკაშვილის ჩვენება მუსიკისა და დრამის თეატრში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო – ამ ჩვენებაზე დაიკრა ისეთი ტაში, როგორიც არც ერთ დიზაინერს არ ჰქონია მთელი კვირეულის განმავლობაში. ლამაზი სამოსი, შოუ, მოძრავი სცენა და ულამაზესი ლიკა ევგენიძე დათუნასთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა, რაც თბილისში მყოფმა უცხოურმა მედიამ უკვე ფართოდ გააშუქა და დიზაინერმა საინტერესო შემოთავაზებებიც მიიღო.





დათუნა სულიკაშვილი: მართლა კმაყოფილი ვარ ამ კვირეულზე ჩემი ჩვენებით. გრანდიოზული შოუ გამოვიდა, რასაც საერთოდ არ ველოდი. რეპეტიციაზეც კი ვერ ვგრძნობდი, რომ ასეთი საოცარი ეფექტი ექნებოდა.

– როგორც ვიცი, ამდენი ტაში არავისთვის დაუკრავთ.

– არ მახსოვს, მართლა. ისე ვითიშები მაგ დროს, რომ საერთოდ არ მახსოვს, პოდიუმზე გამოსვლის დროს რა ხდება. გადასარევია, როდესაც ასე მოსწონს მაყურებელს ის, რაც აჩვენე, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ცუდად მოვიქეცი – არ შეიძლება, ასე ერთბაშად გააკეთო ამხელა შოუ, ამდენი ეფექტით. დიზაინერი ასე არ უნდა მოიქცეს, რადგან დღეს უკვე უფლება არ მაქვს, ამაზე ნაკლები გავაკეთო. ყველაზე მეტად ვერ ვიტან შეფასებას – „წინა ჯობდა“, – ეს ჩემთვის წარუმატებლობას ნიშნავს. ამას ვერავის ვათქმევინებ და, შესაბამისად, ამაზე კარგი და კარგი უნდა ვაკეთო, ეს კი თბილისში სრულიად წარმოუდგენელია გინდა შოუს, გინდა თანხების გამო. ამ შოუზე ჩემ გარდა ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა.

– თბილისის მოდის კვირეულზეც გამოდიხარ და მეორე სიგიჟესაც უნდა ველოდოთ შენგან?

– ამ მოდის კვირეულზეც ჩვენებას შოუს სახე ექნება. თვითონ თემა მაქვს ცოტა საშიში კი არა, უფრო მოსაფრთხილებელი და სარისკო. ბევრი იყო საფიქრალი. თემა რელიგიაა. რელიგია და მოდა – ასე ერთად ძალიან რთული წარმოსადგენია და, ალბათ, ვერც აგიხსნით, უნდა ნახოთ.

– მონაზვნის კაბებში ხომ არ აპირებ მოდელების გამოყვანას?

– არა. თემატიკა მომწონს – რელიგიური აქსესუარები და სხვა. ჯვარი არ მაქვს გამოყენებული. თვითონ თემაა აღებული, სილუეტი... საერთოდ, მონაზვნის კოსტიუმებსა და ამ კოლექციის შექმნას ძალიან დიდი ისტორია აქვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ეხება კათოლიკურ და არა მართლმადიდებლურ კაბებს. მათ ძალიან ბევრი განმასხვავებელი ნიშანი აქვთ. აქ სიბინძურე, რელიგიური თემის არასწორად გამოყენება – მსგავსი არაფერი იქნება.

– მაგრამ, მგონია, ამას მაინც მოჰყვება გარკვეული მითქმა-მოთქმა.

– ეს არის ხელოვნება. თუკი შეიძლება ამ თემის მხატვრობაში, მწერლობაში, სცენაზე, კინოში გამოყენება, რატომ არ შეიძლება ტანსაცმლის დიზაინში გამოყენება? ახალი კოლექციის ინსპირაცია მოვიდა მონაზვნის კაბიდან – მასში დავინახე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა. ეს არის ჩემი რაღაც დამოკიდებულება, ამით რამის თქმა კი არ მინდა, უბრალოდ, იქნება შოუ. დარწმუნებული ვარ, არავითარი კრიტიკის ქარიშხალი ამას არ მოჰყვება. მეგობრები, ახლობლები მეუბნებიან, რომ ეს სარისკო თემაა და დაფიქრდიო, მაგრამ, მართლა ყველას სათითაოდ ხომ ვერ ავუხსნი, თქვენ ცდებით, სხვანაირად მაქვს ჩაფიქრებული ყველაფერი-მეთქი?! ამიტომ, ერთი პასუხი მაქვს: მოდით, ნახეთ და იქ ყველაფერი გაშიფრული იქნება.

– ვიცი, რომ უცხოელი ჟურნალისტების მიერ შენი ჩვენება ძალიან მაღალი ქულებით შეფასდა და საინტერესო შემოთავაზებებიც მიიღე.

– დიახ, რამდენიმე შემოთავაზება მართლა მაქვს. მოდის კვირეულის შემდეგ ჟურნალისტებმა ჩვენების შესახებ ჩემთვის ძალიან წარმატებული რეცენზიები და შეფასებები განათავსეს მოდის სფეროში ცნობილ ვებ-გვერდებზე. სოფო ჭყონიამ გამომიგზავნა „ლინკები“ და მართლა ძალიან გამახარა იმან, რაც წავიკითხე. რაც შეეხება შემოთავაზებებს, არის საინტერესო წინადადებები, მაგრამ, ვინაიდან ახლა გარკვევის პროცესში ვართ, არ მინდა, ჯერ კონკრეტულად ვისაუბრო ამის შესახებ.

– მაშინ მე ვიტყვი, რომ ერთ-ერთი შემოთავაზება „ლანვინის“ მოდის სახლიდანაა.

– ესე იგი, სხვა გზას აღარ მიტოვებ და უნდა ვთქვა, რომ ეს სიმართლეა. თუმცა, ირკვევა დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხნით უნდა წავიდე, რა ტიპის სამუშაო თუ სტაჟირება მექნება. საუბარია ჩემზე და კიდევ ორ დიზაინერზე, რომლებიც მოდის კვირეულზე მოეწონათ. ერთ-ერთია ჩემი მეგობარი, გიორგი ფანცულაია. სხვადასხვა ტიპის შემოთავაზებაა. ერთ-ერთი წინადადების მიხედვით, უნდა ვიცხოვრო ლონდონში, რაც არ მინდა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ „ლანვინის“ მოდის სახლში სტაჟირებაზე წასვლა გამოვა, მაშინ პარიზში უნდა ვიყო, რაც ჩემთვის ძალიან კარგია. ვგიჟდები პარიზზე, ის ჩემი მეორე სახლია, სადაც უამრავი მეგობარი მყავს. თან, სტაჟირება სწორედ ის არის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მჭირდება. ვნახავ, რა და როგორ ხდება იმ ლეგენდარულ მოდის სახლებში, რომლებმაც ნამდვილი ეპოქა შექმნეს. არარეალურია და არც მე ვარ მზად იმისთვის, რომ იქ დიზაინერად ვიმუშაო, ანუ, რამდენიმეთვიანი სტაჟირება ჩემთვის ზუსტად დროულია. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხნით უნდა წავიდე, ანუ, ზუსტად ორი კვირაში ყველა დეტალი მეცოდინება.

– როგორ მოხდა შენით დაინტერესება?

– როგორც ვიცი, კოლექციები და ჩვენების ჩანაწერები გაუგზავნეს და მათ თქვეს, რომ ჩამოვიდნენ სტაჟირებაზეო. მათთან პირადად ჯერ არ მისაუბრია, სხვები მუშაობენ ამაზე.

– მსგავსი სასწაულების გჯერა?

– ეს ჩემთვის საოცრება და სასწაული მართლა არ არის, რაღაც შემოთავაზებები სულ არის. თუმცა, ამ დონის სახლიდან, როგორებიცაა: „ლანვინი“, „დიორი“, „ივ სენ ლორანი“ და სხვა – არ მქონია. ძალიან მიხარია, რომ ასე უეცრად, საერთოდ რომ არ ველოდი, ასეთი შემოთავაზება მივიღე. მართალია, ეს დიდი შრომისა და ენერგიის შედეგია, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი „ჩემ გარეშე“ მოხდა. საერთოდ, ასე ხდება: უნდა შეკრიბო მასალები, მოაგროვო, გადაახარისხო, გაგზავნო, გააცნო შენი თავი, ამას კი ჩემით, ალბათ, არასდროს გავაკეთებდი მარტო იმიტომ, რომ ზარმაცი ვარ. მიხარია, რომ ყველაფერი ასე მოხდა. მათ აუცილებლად გავუგზავნი იმ კოლექციასაც, რომელსაც თბილისის მოდის კვირეულზე ვაჩვენებ. ძალიან ლამაზი შოუ იქნება, სერიოზული პერფორმანსი. თვითონ თემა იძლევა ძალიან ბევრ საშუალებას. ამ ყველაფერს გადავიღებ და მათ გავუგზავნი. ერთი სიტყვით, ახლა მათგან საბოლოო პასუხს ველოდები, ზუსტად უნდა გაირკვეს თარიღები, როდის რა იქნება. მართალია, აქაც მაქვს გარკვეული ვალდებულებები, შეიძლება საქმე აწყობილი არ არის, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ წინ. ეს ყველაფერი კი უნდა დავტოვო და წავიდე. ვიცი, რომ ჩემს მარკას ეს ფაქტი კიდევ ერთ პლუსს დაუმატებს, მაგრამ, ესეც რომ არა, ვგრძნობ, როგორ მჭირდება მსგავსი სტაჟირება. თბილისში ჩემი სახელი მაქვს და, როცა იქიდან დავბრუნდები, ეს სახელი ისევ აქ დამხვდება. თან, ძალიან მომწონს „ლანვინი“ ახლანდელიც და ძველიც. მოდის ისტორიის უამრავი წიგნი მაქვს, საიდანაც მთლიანად შევისწავლე მისი შემოქმედება. დღემდე ძალიან აქტუალურია ის ძველი, რაც „ლანვინმა“, „შანელმა“, „დიორმა“ დატოვეს. ერთი სიტყვით, მათთან ვიმუშავებ და მერე „ლანვინზე“ უფრო მეტი ვისაუბროთ.


скачать dle 11.3