კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით აცდუნებდნენ შან-ხაის მსოფლიო გამოფენაზე დამთვალიერებლებს და რატომ ააშენეს ბრიტანეთის პავილიონი მცენარეთა თესლებით

სულ ახლახან შან-ხაიში დასრულდა მსოფლიოს ქვეყნების გამოფენა, „ექსპო 2010“, სადაც მსოფლიოს 189 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელს ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა საშუალება გაცნობოდა, მსოფლიოს მომავალს – თანამედროვე ინსტალაციებისა და ვირტუალური მიღწევების წყალობით, 70 მილიონამდე ადამიანმა საკუთარი თვალით იხილა, ის ტექნოლოგიური საოცრებები, რაც ხვალ და ზეგ რეალობად იქცევა. შან-ხაიში მოწყობილი საოცრებათა სამყაროს შესახებ, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს გავესაუბრეთ, რომელიც „ექსპო 2010-ზე“ ქართული დელეგაციის წარმომადგენელი იყო.





მაია სიდამონიძე: მსოფლიოს ქვეყნების გამოფენა – „ექსპო“, ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს გამოფენას მასპინძლობდა ჩინეთი. „ექსპო“ გაიხსნა გაზაფხულზე. მისი საზეიმო დახურვის ცერემონიალი კი, ექვსი თვის შემდეგ, 31 ოქტომბერს მოეწყო. ექსპოს მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნების პოპულარიზაცია, მათი ტექნოლოგიური და ეკონომიკური წარმატებების, კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენაა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ბიზნესგარიგებებიც, რომლებიც გამოფენის დროს დგება. ამ გამოფენის ძალიან ბევრ მონაწილეს, მათ შორის ჩვენც, აქცენტი ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობაზე გვქონდა გაკეთებული. შან-ხაის „ექსპომ“ ძალიან დიდ მასშტაბებს მიაღწია, მასში მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის წარმოდგენილი იყო განვითარებადი და აფრიკის ქვეყნებიც. თითოეულ ქვეყანას ჰქონდა თავისი პავილიონი, რომლებიც განთავსებული იყო შან-ხაის გარეუბანში. ეს, ფაქტობრივად, იყო ქალაქი ქალაქში, რომელიც გაშენებული გახლდათ მდინარის ორ ნაპირზე, ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა პავილიონები და გათვლა იმაზე იყო გაკეთებული, რომ, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მოხიბლულიყო თავად პავილიონის ექსტერიერით. ეს კი, შიგნით ბევრი დამთვალიერებლის მოხვედრის ერთგვარი გარანტიაც იყო. ყველა ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობდა, თავის წარმოჩენას. ერთი პავილიონიდან მეორეში ტრანსპორტის გარეშე ვერ მოხვდებოდით. „ექსპოს“ ორგანიზატორებს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამაზე კარგად ეზრუნათ – ყველგან იყო რუკები, გზამკვლევები, გაკეთებული იყო მიწისქვეშა მეტრო, რომელიც სპეციალურად გამოფენისთვის გაიყვანეს „ექსპოს“ ტერიტორიაზე. მოძრაობდა სხვა ტრანსპორტიც – გოლფის მანქანების მსგავსი პატარა მანქანები. სახელმწიფო დელეგაციებისთვის კი, გადაადგილება შესაძლებელი იყო პატარა ავტობუსებით, რომელებიც „ექსპოს“ ტერიტორიაზე სპეციალური საშვებით დაიშვებოდა. საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული ტერიტორიის დაცვა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ინფრასტრუქტურაზე – პავილიონებს შორის მოწყობილი იყო რესტორნები, კაფეები, ბარები. როგორც შევიტყვე, „ექსპოს“ ექვსი თვის განმავლობაში 70 მილიონამდე დამთვალიერებელი ეწვია. იქ ერთი პავილიონის სრულად დათვალიერებას მინიმუმ, ერთი დღე მაინც სჭირდება. მით უმეტეს, თუ დიდი ქვეყნის პავილიონის ნახვა სურს დამთვალიერებელს, მას საკმაოდ დიდ რიგშიც უწევს დგომა. ყველაზე დიდი პავილიონები ჰქონდათ ჩინეთს, იაპონიას. ჩინეთის პავილიონი თითქმის „ქორთიარდ მარიოტის” ტოლი შენობა იყო. ერთი ნაწილი ჩინეთის ისტორიას ეძღვნებოდა, მეორეში კი ამ ქვეყნის მომავალი იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე იყო მატარებელი, რომელიც საათში ხუთასი კილომეტრი სიჩქარით დადის. მე ვნახე წყლის იმიტაცია, რომელიც ისე იყო გაკეთებული, თითქოს ნამდვილად წყლის პირას იყავი. იაპონიის პავილიონში წარმოდგენილი იყო იატაკი, რომელიც სიარულისას ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. მხოლოდ ფოტოებითა და ვიდეორგოლებით ეფექტის მოხდენა რთული იყო. ყველა დიდ ქვეყანას თავისი ვირტუალური წარმატებები ჰქონდა წარმოჩენილი. ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა აკრილის ჩხირებით ნაგებ ბრიტანეთის პავილიონს – თითოეულ დეტალში იყო განსაკუთრებული, სპეციალურად გამოყვანილი სხვადასხვა დანიშნულების მცენარეთა თესლები. ბრიტანელებს აქცენტი გაკეთებული ჰქონდათ ეკოლოგიის პრობლემებზე. მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ საოცრად იყო მოწყობილი მექსიკის პავილიონი. მის მიწისქვეშა პავილიონში მოხვედრა შესაძლებელი ყოფილა რკინის ქოლგებით. შიგნით პავილიონიც ერთობ საინტერესო ელემენტებით გამოირჩეოდა – ერთ-ერთ დარბაზში გამოფენილი იყო ნიღბები, რომლის მორგების შემდეგაც იმ სამყაროში ხვდებოდი, რომელ პერიოდსაც განეკუთვნებოდა თავად ნიღაბი. ასე რომ, იქ მოხვედრილი ადამიანი ხან მაიას ტომის მონადირე იყო, ხან – მეკობრე, ხან კი მეზღვაური. ამ ქვეყნებთან შედარებით ჩვენ გვქონდა მოკრძალებული პავილიონი, თუმცა ლამაზი და გემოვნებით გაფორმებული. ჩვენი პავილიონი აშენდა ჩვენივე სახსრებით და, ჩინეთის მთავრობამაც გამოყო ბიუჯეტი, რომელიც უნდა დახარჯულიყო პავილიონისა და სტენდის აგებაზე, ჩემი ინფორმაციით, ჩინეთი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას დაეხმარა. საუდის არაბეთს ჩინეთის დახმარება არც სჭირდებოდა, მათ უზარმაზარი პავილიონი ჰქონდათ და იქვე მიუთითებდნენ, რომ მის აშენებაზე განუსაზღვრელი რაოდენობის თანხა დაიხარჯა.

– ამ თანხის გახმაურება აუცილებელი იყო?

– არსებობდა სია, სადაც ეს თანხები იყო მითითებული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ „ექსპოს“ დასრულებიდან მეორე დღესვე, იწყება იმ პავილიონების დანგრევა და დემონტაჟი, რომლის აშენებასაც წლები და უამრავი თანხა სჭირდება. ამაზე ძალიან დამწყდა გული – შან-ხაიში ახლაც მუშაობს ჩვენ მიერ დაქირავებული ხალხი და საქართველოს პავილიონს ანგრევენ. ამ პროცესზეც გარკვეული თანხები იხარჯება, როგორც გამოფენის ორგანიზატორების, ასევე ქვეყნების წარმომადგენლობების მხრიდან. ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ საკუთარი პავილიონის დემონტაჟს ბოლომდე გაუწიოს ორგანიზება. პავილიონებთან ერთად, ნადგურდება ის ინფრასტრუქტურაც, რაც გამოფენის ტერიტორიაზეა მოწყობილი, არადა ამ მხრივ მართლაც საოცრებათა სამყაროში ხვდებით. პავილიონებში მთელი ქალაქები, პროვინციები და ქვეყნებია წარმოდგენილი. საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს ანიმაციები, ინსტალაციები, ახალი, სამ და ოთგანზომილებიანი ტექნოლოგიების გამოვლინება. დარბაზებში იმართებოდა საინტერესო პრეზენტაციები, გამოფენილი იყო მაკეტები, თანამედროვე ეფექტების გამოყენებით გრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ზუსტად იმ რეალობაში ხარ, რასაც გაყურებინებენ. მე ვნახე ჩინეთის, იაპონიის, ტაილანდის პავილიონები. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამხრეთ კორეის პავილიონმაც. მართალია, პავილიონის დათვალიერება ვერ მოვასწარი, მაგრამ თვითონ შენობა იყო ძალიან ლამაზი, გრანდიოზული და აგებული საინტერესო არქიტექტურით.

– პავილიონები რეგიონების მიხედვით იყო განთავსებული?

– მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აზიის ქვეყნები ერთად იყო თავმოყრილი, ჩვენთან ძალიან ახლოს მდებარეობდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პავილიონები. აზერბაიჯანს კულტურულ ტრადიციებზე ჰქონდა გაკეთებული აქცენტი, სომხეთს – თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამომავლო გეგმებზე. ძალიან მაინტერესებდა, რუსეთის პავილიონის ნახვა, რომელიც, როგორც ამბობდნენ, საკმაოდ დიდი გახლდათ. მაგრამ, რუსეთი ჩვენთან ახლოს არ იყო, როგორც ჩანს, პოლიტიკური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, „ექსპოზეც“ ტერიტორიულად დაგვაშორეს.

– ქართული პავილიონი დამთვალიერებლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა?

– იმის მიუხედავად, რომ საქართველოს აზიის ქვეყნებში ნაკლებად იცნობდნენ, ჩვენს პავილიონს მაინც ეწვია მილიონ შვიდასი ათასი დამთვალიერებელი. ეს კი საკმაოდ ეფექტურია იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ისინი ძალიან მოიხიბლნენ ჩვენი ქვეყნის სილამაზით, რომელიც წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლებითა და ფოტოებით. ჩვენ შევძელით, წარმოგვეჩინა საქართველოს ტურისტული პოტენციალი. აზიაში ტურიზმი დღეს ძალიან აქტუალურია. ევროპული კურორტები მათთვის უკვე კარგად არის ცნობილი. მსოფლიოში უკვე ტენდენციად იქცა ახალი მიმართულებების მოძიება. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას, რომ საქართველო ახალი მიმართულების საინტერესო, ეგზოტიკურ და საუკეთესო ტურისტულ ზონად იქცეს. ჩვენ გვქონდა ორსართულიანი პავილიონი, შუაში იყო ვაზის ხე, ყურძნის მტევნებით, გარშემო კი მოწყობილი გვქონდა ოთხი კუთხე, რომელიც ჩვენს დივერსიფიცირებულ ტურისტულ პროდუქტს ეხებოდა. წარმოვადგინეთ როგორც თბილისი, ასევე ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები და ზღვის სანაპირო. ულამაზესი ფოტოების ფონზე ზღვის სანაპიროს იმიტაცია შევქმენით. ჩვენ 3D-ს ვერ შევთავაზებდით დამთვალიერებელს, სამაგიეროდ, წარმოვადგინეთ ქართული კულტურის ამსახველი მასალა, ქართული ფოლკლორი. დახურვამდე 3 დღით ადრე, 28 ოქტომბერს მოეწყო ჩვენი ნაციონალური დღე, რომელიც ყველა ქვეყანამ სხვადასხვა დროს ჩაატარა. ამ დღეს ყველას ყურადღება ჩვენს პავილიონზე იყო გადმოტანილი. მოვაწყვეთ მიღება. ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩინეთის კულტურის მინისტრს. პროტოკოლური ღონისძიებების შემდეგ ჩვენს პავილიონში ანსამბლმა „რუსთავმა” ჩაატარა კონცერტი. წარმოვადგინეთ ჩვენი სამზარეულოც. წაყვანილი გვყავდა მზარეული, რომელმაც ქართული საჭმელების თანამედროვე პრეზენტაცია მოაწყო.

– ხინკლისა და ხაჭაპურის თანამედროვე პრეზენტაცია როგორია?

– ჩვენ ფხალეული შევთავაზეთ პავილიონის სტუმრებს, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ხინკლისა და ხაჭაპურის გაკეთება. საზღვარზე ვერ მოვახერხებდით ფქვილის, ყველისა და სხვა ინგრედიენტების გადატანას. ეს უამრავ ტექნიკურ და ბიუროკრატიულ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. იგივე პრობლემები არსებობს კანადასა და ბრიტანეთშიც. საზღვარზე ვერ გადაიტან ხორცს, თუ იმპორტიორ კომპანიას არ წარმოადგენ. შან-ხაიში ეს პრობლემა მარტივი ხრიკით გადავწყვიტეთ, ადგილობრივი ბაზრის ხორცი და თევზი გამოვიყენეთ ინგრედიენტებად. მართალია, ჩვენს სტუმრებს ხინკალი და მწვადი ვერ ვაჭამეთ, სამაგიეროდ, ისინი ამ საჭმელების დასაგემოვნებლად საქართველოში დავპატიჟეთ (იცინის).




скачать dle 11.3