ცოლის რა ინიციატივა შეიძლება გახდეს ოჯახის დანგრევის მიზეზი
სხვისი ცხოვრება ვერ გამოდგება მაგალითად, არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც, შენი ცხოვრება მხოლოდ შენ საკუთარ სტერეოტიპს უნდა მოარგო. არსებობენ წყვილები, რომლებსაც გაძლება არ შეუძლიათ სკანდალების გარეშე და ისინი ამაში, საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. პირიქით, დაგაჯერებენ კიდეც, რომ ასეთი ურთიერთობა ოჯახს გაცილებით მყარს ხდის. მაგრამ, წყვილების უმრავლესობისთვის სკანდალი და ჩხუბი ნამდვილი კატასტროფაა, წარმოუდგენელი რეალობა. ერთი სიტყვით, ის, რაც ერთისთვის ნორმაა, მეორისთვის – მოულოდნელი და შოკისმომგვრელი შეიძლება იყოს. ამიტომ, ნურასოდეს შეეცდებით, იცხოვროთ ისე, როგორც სხვა ცხოვრობს. ბრმად მიჰბაძოთ ვინმეს და თავი მოიტყუოთ, რომ ამით თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება. რჩევებიც კი არ შეიძლება, კანონზომიერებად აიღო და დაუფიქრებლად გაითავისო. ვერც წარმოიდგენთ, რა სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდეთ.
დაჯი (31 წლის): ჩემთვის რომ გეკითხათ, თავი სერიოზულ, გაწონასწორებულ და ჭკვიან ქალად მიმაჩნდა. არც რამე პრობლემა მქონია ისეთი, რომ შევშფოთებულიყავი და მენერვიულა. მშვიდი, წყნარი ცხოვრება მქონდა და რომ იტყვიან, შარი ძალად ავიტეხე.
– „შარი“ რა არის?
– ქმართან გავირთულე ურთიერთობა. აი, ეს არის შარიც და დღევანდელი უმთავრესი პრობლემა. არადა, გეუბნებით, ყველა მე შემნატროდა. რა ბედნიერი ოჯახი გაქვს, რა კარგი ქმარი გყავს, რაღა გაქვს სანერვიულო, მხოლოდ შენი და შენი ქმრის სიამოვნებაზე თუ იფიქრებ და იმაზე, ხვალ როგორ გაერთოო.
– საყოფაცხოვრებო პრობლემაც არ გქონიათ? ყველაფრით უზრუნველყოფილი იყავით?
– იცით, რაშია საქმე – ყველაფრით უზრუნველყოფილი ვინ არის, მაგრამ ჩემს ქმარს ნამდვილად აქვს იმისი მატერიალური შესაძლებლობა, რომ ოჯახი უზრუნველყოს. ვერ ვიტყვი, რომ თავზე გადაგვდის, მაგრამ სხვებთან შედარებით, სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს. სამწუხაროდ, სტაბილურობის განცდას, მერე შეცდომაში შევყავართ ხოლმე ადამიანები.
– რას გულისხმობთ, რა შეცდომაზე ლაპარაკობთ.
– გეტყვით. თუმცა, შეიძლება, ეს მარტო ჩემი პრობლემაა. მაგრამ ხომ იცით, როგორ ხდება. ადამიანები მაშინ ვაფასებთ იმ ჭეშმარიტად ღირებულს, როცა ვკარგავთ მას. ძალიან ბევრს ემართება ეს. მე ბუნებით საკმაოდ მშვიდი ვარ. გადაწყვეტილებებსაც ძნელად ვიღებ. ამ შემთხვევაში რა დამემართა, წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ, ავტყდი ასე ცუდად. რა მინდოდა?! ზოგჯერ ჯობია, საერთოდ ინფორმაციულ ვაკუუმში იყო და შენს ნაჭუჭში შეყუჟულმა შენთვის იცხოვრო. ნამდვილად არ არის ცუდი, როცა შენი მიკროსამყარო გაქვს, „დამცავი კედლით“ შემოვლებული, შიგ რომ ვერავინ შეიჭყიტოს. შეიძლება, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ მე ამ დასკვნამდე საკუთარი გამოცდილებით მივედი. არავინ თქვას, რომ სხვის შეცდომებზე სწავლა შეიძლება. მე არ მჯერა ამის. თუ შენ თვითონ არ დაუშვი შეცდომა და მერე ამ შეცდომის შედეგი არ იწვნიე, ბევრს ვერაფერს მიხვდები. მე ისეთ რამეს მოვყვები, არ გამიკვირდება, ვინმემ ქარაფშუტად და სულელად რომ მიმიჩნიოს. მაგრამ, მოდი, ნურავინ დაიკვეხნის, მე ეს არ დამემართება, ძალიან ჭკვიანი ვარ, შეცდომას არ ვუშვებ. ურთიერთობაში არაფერი მეშლებაო. სხვათა შორის, სწორედ მეტისმეტ თავდაჯერებულობას მოსდევს მერე პრობლემები... მე და ჩემს ქმარს ძალიან ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვა, – გვქონდა.
– რას ნიშნავს, ჩვეულებრივი ოჯახი.
– გეტყვით. ჩვეულებრივი ოჯახი ჩემთვის იყო, სტაბილური, მშვიდი ურთიერთობა. მჩქეფარე ემოციების, ვნებების „აფეთქებების“ გარეშე. ზუსტად ვიცოდი, ხვალ როგორი დღე მექნებოდა. შვიდი წელია, ერთად ვართ და ამ ხნის განმავლობაში, ჩემს ქმარს გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი არაფერი გაუკეთებია.
– სიურპრიზებს გულისხმობთ?
– სიურპრიზებსაც. იმას არ ვამბობ, რომ ჩემთვის არაფერს ყიდულობდა. ვერც სიძუნწეს დავწამებ და ვერც უგემოვნობას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთან შეთანხმებით ხდებოდა. თუ სადმე წავიდოდით, ისიც ჩემი ინიციატივით. მე ვიცი, რომ არიან მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლები მუდმივად გაოცებული ჰყავდეთ, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ჩემს რამდენიმე მეგობარს, მაგალითად, ჰყავს ასეთი მეუღლე. ან მე „მაგიჟებდნენ“, როცა მიყვებოდნენ, როგორ იპოვეს მოულოდნელად, საძინებელ ოთახში ბეჭედი, რომელიც ძალიან მოსწონდათ, ან როგორ დახვდათ კართან ყვავილების დიდი თაიგული, როგორ მოუწყო უცებ ქმარმა რომანტიკული ვახშამი რესტორანში... მეც მინდოდა, ჩემს ქმარსაც გაეკეთებინა ასეთი რომანტიკული სიურპრიზები.
– ეს ადამიანის ბუნებაზე, მის ხასიათზეა დამოკიდებული. ყველა ხომ ვერ იმოქმედებს ერთი გეგმის მიხედვით?
– სწორედ მანდ დავუშვი შეცდომა. უნდა გამეთვალისწინებინა ჩემი ქმრის ხასიათი. ძალიან სერიოზული ადამიანია. ვინც მას პირველად ნახავს, იმასაც კი იფიქრებს, უხეში, და ადამიანთმოძულეაო. სინამდვილეში, თბილია და მგრძნობიარე. იმაზე მეტად მგრძნობიარეც კი ყოფილა, ვიდრე მე წარმომედგინა. სამწუხაროდ, ქმარი საერთოდ არ მცნობია. რატომ ის მაინც არ გამახსენდა, როგორი იყო შეყვარებულობის პერიოდში. მაშინაც რომ არ მანებივრებდა სიურპრიზებით. ყველაფერი წინასწარ ვიცოდი. წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს, თუ გეგმას მივყვებოდით.
– მერე ეს ცუდია?
– არ ვიცი, ცუდია თუ კარგი. აი, ეს რომ არ ვიცოდი, იმიტომაც ვარ ახლა ასეთ გაურკვეველ და ცუდ მდგომარეობაში. ალბათ, უნდა დავკმაყოფილებულიყავი იმით, რაც მქონდა. იმიტომ, რომ ბევრ ცოლს, სწორედ ის სტაბილურობა აქვს სანატრელი, რომელიც მე მომბეზრდა. გონიერება არ მეყო. სხვას ვერაფერს დავაბრალებ იმ სისულელეს, რაც ჩავიდინე. მართალია, იყო გარე ფაქტორები, რომლებმაც ამ საქციელისკენ მიბიძგა, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც თავისი პრობლემების მიზეზს სხვაგან და სხვებში ეძებენ. არჩევნის უფლება გაქვს ყოველთვის შენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც იღებ მარტო შენ. რამდენიც ვინმე რამეს გეტყვის და გირჩევს, ყველას თუ დაუჯერე და აჰყევი, ცხოვრება კოშმარად გექცევა, მე არ ვამბობ, რომ არავის არ უნდა მოუსმინოთ და არავის რჩევა არ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ გონიერი ადამიანი, მიღებულ ინფორმაციას „ფილტრავს“, „თავისას“ იტოვებს. ანუ, იმას იტოვებს და ითვალისწინებს, რაც მართლაც მისია. სამწუხაროდ, ასეთ დასკვნებს ახლა ვაკეთებ, თორემ სულ ცოტა ხნის წინ, ისე წინდაუხედავად ვიქცეოდი, საკუთარი საქციელის მრცხვენია. რომანტიზმის თამაში არაფრით არ შეიძლება მაშინ, როცა ის ცეცხლთან თამაშს ემსგავსება.
– წყვილები ხშირად მიმართავენ პატარა ინტრიგებს, რომ ყოველდღიურობა გაიხალისონ და რუტინას აჯობონ.
– მეც მაგ მოსაზრებიდან გამომდინარე, დავიწყე თამაში, მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე, რომ ასეთ თამაშებს ორი მხარე სჭირდება. უნდა იცოდე, წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს, აგყვება თუ არა შენი პარტნიორი ამ თამაშში. ყველა ქმარს არ მოსწონს სიახლეები ურთიერთობაში. ყველას კი არა, უმრავლესობას არ მოსწონს. მით უფრო ისეთებს, როგორი ტიპაჟიც ჩემი ქმარია: საქმიანი და ძალიან სერიოზული. ყოველთვის, ყველა ნაბიჯი წინასწარ აქვს გათვლილი. ვერ იტანს, როცა გეგმები ერევა. ეს ხომ უნდა გამეთვალისწინებინა. მაგრამ, ვიფიქრე, სიახლე ჩვენს ურთიერთობას გაამძაფრებდა და ახალ „სისხლს“ გადაუსხამდა. შევცდი. ქალი ვარ, ბოლოს და ბოლოს. შეუმცდარი ვინ არის. ემოციას ავყევი. ვინ არ აჰყოლია?! მაშინ რკინის უნდა იყო. ფოლადისგან ჩამოსხმული – უნერვო და უემოციო. რატომ ვერ გაიგო ჩემმა ქმარმა, რა მინდოდა სინამდვილეში.
– თქვენ ხომ თქვით, რომ ის ძალიან სერიოზული ადამიანია. შეიძლება, ამიტომ.
– ჰო, მაგრამ ჩემი დადანაშაულება უზნეობასა და ღალატში, მეტისმეტია. გამოდის, რომ საერთოდ არ ვცნობივარ. ეს აჩენს ბზარს ჩვენ შორის, რაც აქამდე არ ყოფილა. შვიდი წლის განმავლობაში უცხო ადამიანებს გვიცხოვრია ერთმანეთის გვერდით.
– ზედმეტად დრამატულად ხომ არ აფასებთ სიტუაციას?
– არა. ნამდვილად მაქვს დრამატული სიტუაცია: ჩემი ქმარი ყოველდღე საყვედურებით მიკლებს. ხან არ სჯერა, რომ რაც გავაკეთე, მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის იყო და ბრალდებებს მიყენებს. ხან სულელს, ქარაფშუტას და შტერს მეძახის. მეუბნება, იმისიც კი მეშინია, ბავშვებთან მარტო რომ რჩები. რა ვიცი, რა სისულელე წამოგივლის თავში. მაგათთანაც რომ მოგინდეს ურთიერთობის „განახლება“ და რამე დაუშავო, მერე რა ვქნაო... ეს ისეთი სტრესია, სულ ვტირი...
– ასეთი რა გააკეთეთ?
– ხომ გითხარით, „რომანტიკა“ „ვითამაშე“-მეთქი. რაც წინდაუხედაობა და უგუნურება იყო. ეს ჩვენ შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების მთავარი მიზეზი გახდა. გაინტერესებთ, ალბათ, რას ნიშანვს „რომანტიკის“ თამაში. ვიღაც-ვიღაცეების რჩევები პირდაპირ ბრმად გავითვალისწინე. ვერ ვიტყვი, რომ მათ ჩემთვის ცუდი უნდოდათ, მეუბნებოდნენ, შვიდი წელი ის დროა, როცა ოჯახური ცხოვრება მოსაწყენი ხდება და შენმა ქმარმა სხვაგან რომ არ დაუწყოს სიახლეს ძებნა, შენ თვითონ უნდა „დადგა“ პატარა ინტრიგაო. რატომ ვერ ვიფიქრე, რომ ამას ნიჭი და გამოცდილება სჭირდებოდა. მოკლედ, მოვინდომე ძალიან ვნებიანი, სექსუალური და გამომწვევი ქალი გავმხდარიყავი. მამაკაცებს რომ აგიჟებენ, ისეთი. თან, ვითომ ვიღაც თაყვანისმცემელიც გამომიჩნდა. პროვოკაციებზეც წავედი. მაგალითად, როცა ქმართან ერთად საყიდლებზე მივდიოდი, რამდენჯერმე „ჩავატარე“ ასეთი რაღაც: იმდენი ვეკეკლუცე და ვუღიმე ჩუმად გამყიდველ ბიჭს, რომ იმანაც ძალიან თბილად გამიღიმა და სწორედ ეს მომენტი დააფიქსირა ჩემმა ქმარმა. პირველად არაფერი უთქვამს. არ შეიმჩნია, მაგრამ მივხვდი, რომ არ ესიამოვნა. ბენზინგასამართ სადგურზეც რომ განმეორდა იგივე, გადაირია. ის ტიპი გალანძღა, ჩემს ცოლს რატომ უყურებდი და უღიმოდიო. მე სახლში გამლანძღა, თვალებს რატომ უნაბავდიო. ცოტა დავფრთხი, მაგრამ ვინც ეს რჩევა მომცა, იმან მითხრა, პირიქით, ყველაფერი კარგად მიდისო და თამაში გავაგრძელე.
– ეს რომ აღარ ჰგავს „რომანტიკას“?
– რომანტიკაზე მერე გადავედი. ერთხელ სამსახურში მივადექი, გადაპრანჭული, გამომწვევად ჩაცმული და მოდი, სადმე ვივახშმოთ-მეთქი. გაგიჟდა. თუ სადმე წასვლა გინდოდა, დილით ვერ მითხარი, აქ რა სპექტაკლებს მიწყობ, ხომ არ გაგიჟდიო. სახლში ეროტიკული ფილმის ჩანაწერი დავახვედრე, მოდი, ერთად ვუყუროთ-მეთქი. ესეც არ მოეწონა. აქამდე ამის სურვილი არ გაგჩენია და ახლა რა დაგემართაო... საქმე იქამდე მივიდა, რომ პირდაპირ მომახალა, საყვარელი გყავსო. იმასთან სწავლობ რაღაცეებს და მერე ჩემზე ატარებ ექსპერიმენტსო. გეკითხებით, ეს მამაკაცისთვის ნორმალური ეჭვია? არ შეიძლება, ცოლმა ქმრისთვის მოინდომოს ასეთი ექსპერიმენტები? ქმარი რა, მამაკაცი არ არის? რატომ ვერ უნდა გიღვიძებდეს ფანტაზიას. მასთან რატომ არ შეიძლება მოგინდეს სიახლეები, თუნდაც ინტიმურ სფეროში. მე ვფიქრობ, სწორედ ქმარი უნდა იყოს ამ ფანტაზიების მთავარი წყარო.
– ალბათ, სჯობდა, ჯერ დალაპარაკებოდით თქვენს მეუღლეს და ერთად გადაგეწყვიტათ, გჭირდებოდათ თუ არა ურთიერთობაში სიახლე.
– ზუსტად ვიცი, მეტყოდა, არ გვჭირდებაო. თანაც, ეს რაღა ინტრიგა იქნებოდა.
– თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ყველა ქმარს სჭირდება ინტრიგა გასართობად, ცოლს რომ არ უღალატოს?
– რა, არ არის ასე? უბრალოდ, ცოლისგან წამოსული ინიციატივა „ეჯახებათ“? იქნებ, ისეთი ქმრებიც არსებობენ, რომლებსაც ფანტაზიორი და ნოვატორი ცოლები მოსწონთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ქმარი მათ რიგებში არ აღმოჩნდა. რადგან ერთხელ გაუჩნდა ეჭვი, ახლა მოსვენება აღარ მაქვს. მობილურს ხომ მიმოწმებს. როცა სამსახურშია, დღეში რამდენჯერმე მირეკავს, რომ დარწმუნდეს, სახლში თუ ვარ. ბავშვები როცა მიმყავს სადმე, იმათ ეკითხება, სად იყავითო... ლანძღვა და საყვედურებიც არ მაკლია. ვეუბნები, მე მინდოდა, შენ ჩემში ახალი ქალი აღმოგეჩინა-მეთქი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მწარდება. ნუ აფრენ, როდის გითხარი ან გაგრძნობინე, რომ ახალი ქალი მჭირდებოდა. ვინც „აღმოაჩინა“ შენში ეს „ახალი“ ქალი, გავიგებ, ვინ არის და მერე ნახავ, ორივეს რასაც გიზამთო.
– სერიოზულად გაგრთულებიათ ურთიერთობა.
– აბა, რატომ ვარ აქ. ლამის გული გამისკდეს ნერვიულობით. რა მინდოდა, როგორი მშვიდი ცხოვრება მქონდა. მართალია, ადრენალინი მაკლდა, მაგრამ სტაბილურობაზე კარგი არაფერი ყოფილა. ახლა რა ვქნა, როგორ დავაჯერო ჩემი ქმარი, რომ არც „ატეხილი“ ვარ და მის გარდა არ მყავს სხვა მამაკაცი. ღმერთმა დამიფაროს, რაში მჭირდება სხვა კაცი, როცა ჩემი ქმარი ჩემთვის ყველაფერია. რა მოხდა, თუ ცოტა „ვითამაშე“, განა რა დავაშავე ამისთანა...