ინტიმური საუბრები
ბავშვობის მეგობარმა შურის გამო ცხოვრება დამინგრია
მე და ჩემი დაქალი, ანა, შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ. რომ იტყვიან, უერთმანეთოდ წყალს არ ვსვამდით. ისე მიყვარდა და ისე ვენდობოდი, ერთი წუთითაც კი არ დამიშვია, რომ, შეიძლებოდა, ჩემი შეშურებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, ვუთხარი კიდეც, შურიანი ყოფილხარ-მეთქი, მაგრამ თავს იკლავს, კი არ შემშურდა, შენთვის ვზრუნავდიო.
საქმე ისაა, რომ ანა საკმაოდ პატარა ასაკში გათხოვდა, გაჰყვა ბიჭს, რომელსაც, პრაქტიკულად, არც კი იცნობდა – სულ რაღაც ერთი კვირის გაცნობილი ჰყავდა. სანამ გაიპარებოდნენ, ორი დღით ადრე, მეც გამაცნო. სასტიკად არ მომეწონა. მეც ანას ტოლი ვიყავი და დიდი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ, ალეკოს თვალებში რომ შევხედე, ისეთი უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, სულ ტანში დამბურძგლა. ხომ ამბობენ, ადამიანის თვალები მისი სულის სარკეაო, ჰოდა, იმ „სარკეში“ რაღაც არაწმინდა დავინახე. იმავე საღამოს დავურეკე და ძალიან ფრთხილად, რომ არ სწყენოდა, ვუთხარი, ნუ გადადგამ მაგ ნაბიჯს, სანამ კარგად არ გაიცნობ-მეთქი. გადაირია – შენ არ იცნობ და იმიტომ ამბობ ასე. ალეკოსნაირი ადამიანი თბილისში არ დადისო. ის რვა წლით უფროსი იყო ანაზე და ეს ფაქტი ამ ჩერჩეტ გოგოს რაღაცნაირ რომანტიკულ საბურველში ახვევდა – ეამაყებოდა, რომ „ვზროსლ“ ბიჭს შეუყვარდა. მე კიდევ გავაფრთხილე, გაიკითხე მაინც, ვინ არის, რას წარმოადგენს, რა წარსული ჰქონდა-მეთქი. წარსული კი არა, გვარიც არ ვიცი და არც მაინტერესებსო. მოკლედ, არ დამიჯერა და ალეკოსთან ერთად გაიპარა. სამი თვეც არ იყო გასული, რომ ვაჟბატონი ნარკოტიკების გამო დაიჭირეს. მერე გაირკვა, რომ ქალაქში ცნობილი ნარკოდილერი ყოფილა.
ანას მშობლებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე სახლში წაიყვანეს შვილი და მუცელიც მოაშლევინეს, რადგან, ყველა სხვა „სიკეთესთან“ ერთად, ალეკო ნარკომანი ყოფილა. თანაც, ანა დედამისს გამოუტყდა, რომ ქმარი სცემდა ხოლმე, როცა „კაიფში“ იყო და ექიმმა უთხრა, დიდი ალბათობაა, ბავშვი დეფექტური დაიბადოსო.
ამ ყველაფრის გადასახარშავად ანას თითქმის ორი წელი დასჭირდა. მერე გაიცნო ბიჭი, რომელსაც უკვე რამდენიმე თვე ხვდებოდა. ანას მისთვის არაფერი დაუმალავს, ყველაფერი უამბო. ის კი არაფერს უყვებოდა თავისი წარსულის შესახებ. მე მისი ასეთი საქციელი საეჭვოდ მომეჩვენა და გავაფრთხილე. ანამ კი მითხრა, ზუსტად ვიცი, რომ არც ნარკომანია, არც ქურდი, არც „ბარიგა“. ისეთ სამსახურში მუშაობს, ასეთი რომ იყოს, იქ არავინ გააჩერებდაო. ისიც კარგა გვარიანად უფროსი იყო ანაზე და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, პატარა ბიჭივით ცანცარული საქციელი არ შეეფერებოდა. ამხელა კაცი გოგოს გაპარვას რომ შესთავაზებს, თანაც ისე, რომ თავის მშობლებს არ გააცნობს, ოჯახში ერთხელაც არ მიიყვანს და არც თვითონ გამოთქვამს მისი მშობლების გაცნობის სურვილს, იმ მოტივით – „წინარეისტორიული ტრადიციების დაცვა ოცდამეერთე საუკუნეში სასაცილოაო“ (ეს მისი სიტყვებია), მსუბუქად რომ ვთქვად, იმდენად არასერიოზულია, რომ თავისთავად ბადებს ეჭვს – ეს ბიჭი რამეს ხომ არ მალავს? საერთოდ, ეჭვიანი არ ვარ, ალბათ, ეს უფრო სიფრთხილეა, ვიდრე ეჭვიანობა და, რადგან ანა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ისევ გავაფრთხილე, მოსთხოვე, მშობლები გაგაცნოს და შენც გააცანი შენები-მეთქი. მაგრამ, არც ახლა დამიჯერა. დამიჯერა კი არა, ლამის სერიოზული უსიამოვნება მოგვივიდა. იმის მაგივრად, თუ არ დამიჯერებდა, გულში მაინც ყოფილიყო მადლობელი, რომ მასზე ვზრუნავდი, პირდაპირ მომახალა – მაშინაც შენ დამთარსე და ახლაც გინდა, რომ ცხოვრება ამირიო. როცა ყველაზე მეტად მჭირდება შენი თანადგომა, მაშინ დამჩხავი ყვავივით. ძალიან ცუდი თვალი და ენა გაქვს და, თუ გაჩუმება არ შეგიძლია, საერთოდ თავი დამანებეო. მეწყინა, მაგრამ გადავყლაპე ეს წყენა და არაფერი ვუთხარი. ვიფიქრე, ასეა თუ ისე, მაინც განერვიულებულია და თვითონაც არ იცის, რას ამბობს-მეთქი. გაპარვის დღე რომ დათქვეს, რამდენიმე საათით ადრე ანას ვიღაც ქალმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ანამ უპასუხა, არ მცალია, ორი კვირის შემდეგ შეგხვდებიო. იმ ქალმა კი უთხრა, ორი კვირის შემდეგ ძალიან გვიან იქნება, ახლა უნდა გნახოო. მოკლედ, გაირკვა, რომ ბატონი სასიძო ცოლშვილიანი ყოფილა და ზუსტად იმ საღამოს, როცა ანასთან ერთად უნდა გაპარულიყო, ვაჟბატონი ცოლ-შვილთან ერთად უცხოეთის რომელიღაც კურორტზე აპირებდა გამგზავრებას. ანუ, ეს ჩემი სულელი დაქალი ჩანთებაკიდებული რომ მივიდოდა დათქმულ ადგილზე, იქ არავინ დახვდებოდა.
ამ მეორე ტრაგედიის გადატანა ანას უფრო გაუჭირდა, ვიდრე პირველის. სახლში ჩაიკეტა და არავის იკარებდა. მე ხომ საერთოდ შემიძულა – შენი ბრალია, რომ ცხოვრებაში ბედი არ მწყალობსო. ამის მიუხედავად, მაინც ვერ დავკარგე ბავშვობის მეგობარი და ხანგრძლივი მცდელობების შემდეგ შევირიგე.
თითქმის ერთი წელი ისეთ აპათიაში იყო, ბიჭისკენ არ გაუხედავს – აღარავის აღარ ენდობოდა. ამასობაში მეც გავიცანი ბიჭი, რომელიც შემიყვარდა. მასაც ვუყვარდი, მაგრამ დაქორწინებას არ ვჩქარობდით, რადგან გვინდოდა, შეყვარებულობის ეს ლამაზი პერიოდი გაგვეხანგრძლივებინა. ცხადია, ანასთვის არაფერი დამიმალავს. გავაცანი კიდეც გოგა. მეორე დღეს კი ეს ჩემი დაქალი მირეკავს და „იაზვურად“ მეკითხება, გოგაზე ყველა ცნობა შეაგროვე თუ არაო. მივხვდი, სადაც „უკაკუნებდა“, მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვუთხარი, კი-მეთქი. მერე ისე მოხდა, რომ მე და გოგამ ანა რამდენჯერმე ხან კაფეში დავპატიჟეთ, ხან რესტორანში, ხან გოგას მეგობართან წავიყვანეთ, – მინდოდა, თავისი სატკივარი მალე დაევიწყებინა. ის ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ მირეკავდა და ათას საძაგლობას მეუბნებოდა: გოგას შევამჩნიე, სხვა გოგოებს ისეთი თვალებით შეჰყურებს, შენი ერთგული არ იქნებაო; ან – სულ საათზე იყურებოდა, მერე მისმა ტელეფონმა დარეკა, ჩუმად გვერდზე გავიდა და ვიღაცას მოსაფერებელი სიტყვებით ელაპარაკებოდაო. ბოლოს ისიც კი მითხრა, ძალიან მიკვირს, შენისთანა გოგო როგორ მოეწონაო. არ მინდოდა, მეჩხუბა, ძალიან ვიკავებდი თავს, მაგრამ ბოლოს მაინც ვუთხარი, რატომ მკბენ-მეთქი. ეს სიტყვები არ მაპატია, ჩემს ჩუმად შეხვდა გოგას და ვითომ სხვათა შორის უთხრა, ჩემი ისტორიებიდან გამომდინარე, ია (ანუ – მე) ჩუმ-ჩუმად შენს წარსულში იქექება, რომ რამე „ისეთი“ არ გამოეპაროსო. გოგას გაოცებით უკითხავს, – რატომ, რით დავიმსახურე ასეთი საქციელიო. ანას კი უთქვამს, ჯერ ერთი, არ გენდობა, მეორეც, უნდა, რომ რაღაც „კოზირი“ ეჭიროს ხელში და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს. მაგრამ, სამაგიეროდ, თავის წარსულზე ვერაფერს დააცდენინებო.
ერთი სიტყვით, ისე „ტექნიკურად“ დაამუშავა გოგა, რომ საბოლოოდ, ერთმანეთს დაგვაშორა. სწორედ ამის შემდეგ ვუთხარი, შეგშურდა ჩემი-მეთქი, რაზეც თავი გაიგიჟა.
ახლა აღარც დაქალი მყავს და აღარც შეყვარებული. ვიცი, რომ არ ვიქცევი სწორად, მაგრამ ჩემს დანარჩენ მეგობრებსაც ეჭვის თვალით ვუყურებ. აღარ მგონია, თუ მათ შორის ერთი მაინც მოიძებნება ისეთი, ვინც ბოლომდე მიერთგულებს.
ია, 23 წლის.
შეყვარებულის სიტყვებმა ჯერ კინაღამ ხრამში გადამჩეხა, მერე კი თავი მაპოვნინა
ერთი წესიერი, წყნარი, ზრდილობიანი და თავაზიანი ბიჭი ვიყავი. ბებიაჩემი „გიმნაზისტკა“ იყო, ბაბუა – ყოფილი სამხედრო პირი და მათი გაზრდილი სხვანაირი როგორ ვიქნებოდი. წიგნის კითხვა ხომ ლამის დედის მუცელში დამაწყებინეს. არ ვტრაბახობ, მაგრამ, გარეგნობითაც გამოვირჩეოდი – არც სიმაღლე მაკლდა, არც ნავარჯიშევი ტანი და არც კარგი ჩაცმა-დახურვა. თუმცა, უნდა ითქვას, მოდაზე არასდროს მეცვა, რადგან ჩემს ჩაცმაზე ძირითადად ბებია და ბაბუა ზრუნავდნენ, მათ კი, თავიანთი ასაკიდან და აღზრდიდან გამომდინარე, აკადემიური სტილი მოსწონდათ და მეც სულ ასე „კლასიკურად გამოწკეპილი“ დავდიოდი, რაც ჩემი თანაკლასელებისა და ეზოს გოგო-ბიჭების ირონიულ ღიმილს (ხშირად კი, დაცინვასაც) იწვევდა. ამის გამო, კლასშიც და უბანშიც გოგოებიც და ბიჭებიც ისე მიყურებდნენ, როგორც „თეთრ ყვავს“, რასაც ძალიან განვიცდიდი. სანამ პატარა ვიყავი, ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, შევატყვე, რომ ჩემს ჯენტლმენობასა და ზრდილობიან სიტყვა-პასუხზე გოგოები ფხუკუნს იწყებდნენ. არც ჩემი წიგნიერება ეპიტნავებოდა ვინმეს, თუმცა, ხანდახან მაინც ვგრძნობდი ხოლმე, რომ ჩემს ნაკითხობას პატივს სცემდნენ.
მეათე კლასში რომ გადავედი, ერთი გოგო შემიყვარდა, ჩემი თანაკლასელი. მაგრამ, განებივრებული დედისერთა, თამამი და, ცოტა არ იყოს, თავხედიც. მთელ თავის ოჯახს საკუთარ ნება-სურვილზე ათამაშებდა და ასეთივე იყო მეგობრებთანაც, მაგრამ, რატომღაც, გასდიოდა – ყველა უთმობდა და თვალებში შესციცინებდა. ალბათ, იმიტომ, რომ გარეგნობითაც გამოირჩეოდა, ჩაცმა-დახურვითაც, სითამამითაც, თან, ყოველთვის ჰქონდა ფული და, აქედან გამომდინარე, ბიჭებშიც და გოგონებშიც, ლიდერი იყო. საერთოდ, ასეთი ტიპის გოგონები არასდროს მომწონდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ისე შემიყვარდა, დღე და ღამე მასზე ვოცნებობდი და სულ იმას ვფიქრობდი, როგორ მიმექცია მისი ყურადღება. ერთხელაც, როგორღაც, მოვერიე სიმორცხვეს და სიყვარული ავუხსენი. კინაღამ სიცილით მოკვდა – შენისთანა „დედიკოს ბიჭებს“ დასანახავად ვერ ვიტანო, – მომახალა. ასე შეურაცხყოფილად თავი არასდროს მიგრძნია. დამცირებული და განადგურებული დავბრუნდი სახლში. იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს, დილამდე ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. დილით კი უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რაც უნდა მექნა. ამ გადაწყვეტილებამ ერთგვარი შვება მომგვარა, თუმცა, ვიცოდი, რომ ოჯახში სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა, მაგრამ, უკან დახევა აღარ შემეძლო და, ჯერ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად, მერე კი უკვე აშკარად, დახვეწილი ბიჭიდან „ძველ ბიჭად“ ვიქეცი. რამდენიმე თვეში კი, როგორც ჩანს, მაინც ჩემი წიგნიერების წყალობით, სკოლისა და უბნის ძველი ბიჭების ლიდერიც გავხდი. ცხადია, კარგად სწავლასაც თავი დავანებე, უფრო სწორად, არათუ წიგნს აღარ ვიღებდი ხელში, სკოლაშიც კი აღარ დავდიოდი, რითაც ოჯახის წევრების აღშფოთებასა და საძმაკაცოს აღფრთოვანებას ვიწვევდი. მერე თანდათან ისე ავიშვი, რომ სკოლაში კი არა, სახლშიც იშვიათად მხედავდნენ. ძალიან ცდილობდნენ ჩემები, რომ ჭკუაზე მოვეყვანე, რა ხერხს აღარ მიმართეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ხელი ჩაიქნიეს – პრაქტიკულად, თავი დამანებეს. გამოგიტყდებით, სულაც არ მადარდებდა, რა დღეში იყვნენ ჩემი მშობლები, რადგან, მას შემდეგ, რაც ასე რადიკალურად შევიცვალე, თაკოს – ჩემი პირველი და ყველაზე დიდი სიყვარულის – ყურადღება და მოწყალე ღიმილი დავიმსახურე, და, არა მარტო ღიმილი: თაკომ ოფიციალურად გამოაცხადა ჩვენს „კუტოკში“, ვახოს შეყვარებული ვარო და ამით ყველა იმედიანი თუ უიმედო თაყვანისმცემელი მოიშორა.
ასე გავიდა ორი წელი. სკოლა დავამთავრეთ და ჩემი მეგობრების უმრავლესობა, არ ვიცი, რა სასწაულით, უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყო, მე კი დავრჩი ასე, ცასა და მიწას შორის გამოკიდებული – ორი წელი წიგნისთვის ხელი არ მიხლია და როგორ უნდა ჩამებარებინა სადმე! სხვებთან ერთად, თაკოც სტუდენტი გახდა. ლექციები რომ დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ჩემთვის აღარავის ეცალა. ვინც ჩემი ტოლი იყო, ერთი-ორი „ბაცანას“ გარდა, ყველა შემომეცალა და დავრჩი ასე უაზროდ, უფუნქციოდ და მარტო. სხვა „სასტავი“ კი მოვნახე და შევუერთდი, მაგრამ, იქ არათუ ლიდერი არ ვიყავი (სიმართლე გითხრათ, აღარც ლიდერობა მაინტერესებდა, რადგან გვერდით თაკო აღარ მყავდა), „შეკედლებულის“ სტატუსი მომენიჭა, რაც ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ, იმათაც რომ დავშორებოდი, სულ მთლად მარტო ვრჩებოდი.
ამასობაში თაკო ძალიან შეიცვალა (სხვებზე აღარაფერს ვამბობ) – იმ თავხედი „ძველი გოგოდან“, დახვეწილ, სწავლაზე გადამკვდარ, საქმიან ქალიშვილად იქცა. ჩემთან შეხვედრებს რომ გაურბოდა, ვგრძნობდი, მაგრამ ერთხელ პირდაპირ მითხრა: არ გეწყინოს, მაგრამ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. მიყვარხარ, თუმცა, ვეღარ შეგხვდები, რადგან მე ახლა ისეთ წრეში ვტრიალებ, შენისთანა ბიჭთან რომ ვინმემ დამინახოს, ავტორიტეტი შემელახება. ამიტომ, უნდა დაგივიწყო და შენც ნუ შეეცდები ჩემს ნახვასო. მეორედ დავბრუნდი სახლში განადგურებული. ისევ მთელი ღამე გავათენე ფიქრში. იმ წუთებში თაკო საშინლად მძულდა, მაგრამ, უფრო მეტად მძულდა საკუთარი თავი – ვიღაც სულელი გოგოს სიტყვებს როგორ ავყევი და მომავალი როგორ დავინგრიე-მეთქი. ვიფიქრე, ვიფიქრე და დილით გადავწყვიტე, რაც უნდა მექნა: გათენდა თუ არა, მამაჩემს ვუთხარი, ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ყველა საგანში მომამზადეთ, გაისად სამედიცინოზე უნდა ჩავაბარო-მეთქი. ბებიამ თერმომეტრი მომიტანა, დედაჩემმა კი ბაბუას და მამას უთხრა, ექიმი ხომ არ გამოვიძახოთო. ბაბუა დაეთანხმა, ოღონდ, უთხრა, ფსიქიატრია საჭირო, სხვა ვერავინ უშველისო. ერთი სიტყვით, დიდი აჟიოტაჟი ატყდა და, ცხადია, არავინ დამიჯერა, თუმცა, მაინც იფიქრეს, იქნებ მართლა რამე გვეშველოსო და ერთი კვირის შემდეგ ყველა საგნის მასწავლებელი სახლში მომდიოდა.
არ დამიჯერებთ, მაგრამ, შემიძლია, ვთქვა, თითქმის მთელი წელი სახლიდან არ გავსულვარ, ვიჯექი და ვმეცადინეობდი. დღე-ღამეში სულ სამი-ოთხი საათი მეძინა. არ ვიცი, ბავშვობაში მიღებულმა განათლებამ თუ წიგნების კითხვამ იქონია გავლენა თუ, იმიტომ, რომ ძალიან ვიყავი მონდომებული, თაკოსთვის რაღაც დამემტკიცებინა, ჩემმა სიბეჯითემ და ჯინიანობამ შედეგი გამოიღო – მეორე წელს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი. სხვათა შორის, მანამდე თაკოსთვის (და არც სხვებისთვის) არც კი დამირეკავს – მინდოდა, სიურპრიზი მომეწყო და გამომივიდა კიდეც. პირველ კურსზე რომ ვიყავი, საახალწლო კარნავალის მოწყობა გადავწყვიტეთ თანაკურსელებმა და დავთქვით, ყველას წამოეყვანა ცოლი, ქმარი ან შეყვარებული. მე თაკოს დავურეკე. ერთი წლის დუმილის შემდეგ ჩემმა ზარმა გააოცა, მაგრამ აშკარად არ გაახარა. დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ დავითანხმე, ერთი საათით მაინც წამომყოლოდა ერთ ადგილას (ჯერ არაფერი მქონდა ნათქვამი) და მერე, თუ მისი სურვილიც იქნებოდა, სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაიგონებდა ჩემს სახელს.
ჩემი სიურპრიზი თაკოსთვის ისეთი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, კინაღამ ხელში ჩამაკვდა – სიხარულისგან ისე ცუდად გახდა, ძლივს მოვასულიერე.
მას შემდეგ ოცდახუთი წელი გავიდა. მე და თაკოს სამი შვილი გვყავს და მალე შვილიშვილსაც ველოდებით.
ვახო, 44 წლის.
მოულოდნელი სიხარულიც ძნელი გადასატანი ყოფილა
ბედნიერებისგან ლამის ჭკუიდან გადავიდე. ასეთი განცდები ცხოვრებაში არ მქონია. ეს მოულოდნელი სიხარული გულმა ვეღარ დაიტია და გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა.
საქმე ისაა, რომ ამ რამდენიმე თვის წინ დამირეკა ვიღაც უცნობმა ქალმა და მითხრა, ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე უნდა მოხვიდეო და მისამართი დამისახელა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა და დაეჭვებულმა ვკითხე, თქვენ ვინ ხართ და რატომ მიბარებთ-მეთქი. გაეცინა, – ნუ გეშინია, კარგი ამბავი უნდა გახარო. მე თქვენი შორეული ნათესავის – ელენეს ბავშვობის მეგობარი ვარო. ელენე ერთი კვირის წინ გარდაიცვალა 85 წლის ასაკში და მთელი თავისი ქონება ანდერძით შენ დაგიტოვა, რადგან თვითონ გაუთხოვარი იყო და შვილები არ ჰყავდაო. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე, მაგრამ დედას მაინც ვუთხარი. დედაჩემმა მითხრა, კი, გვყავდა ასეთი ნათესავი, ბებიაჩემის (ანუ, ჩემი დიდი ბებიის) ნახევარდა, რომელთანაც ოდესღაც გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ მერე დებს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა და ერთმანეთს დავშორდითო. დედამ ისიც გაისხენა, რომ ელენე ბებიას ყველაზე მეტად დედაჩემი უყვარდა, თურმე, სულ იმას ამბობდა, ეს ჩემი გოგოა, ჩემს ბავშვობას მაგონებსო. მე რომ გავჩნდი და დედამ მისი სახელი დამარქვა, ისე გახარებია, უზარმაზართვლიანი ბრილიანტის ბეჭედი უჩუქებია დედაჩემისთვის ჩემს სახელზე, მაგრამ, მერე ჩვენს ოჯახს რაღაც დიდი პრობლემა შეჰქმნია და ის ბეჭედი გაუყიდიათ.
ერთი სიტყვით, დათქმულ დროს დედასთან ერთად წავედი მითითებულ მისამართზე. გულში მაინც ვეჭვობდი – ალბათ, რაღაც გაუგებრობა იქნება, მე ვინ მომცა იმის ბედი, რომ ვინმემ რამე მაჩუქოს-მეთქი, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი სიმართლე გამოდგა. თურმე ქვეყნად მართლა ხდება სასწაულები! ჩემთვის უცნობმა ელენე ბებიამ ანდერძით დამიტოვა სამოთახიანი ბინა (საბურთალოზე) თავისი ავეჯით, ანტიკვარული ნივთებით და ამასთან ერთად, ძვირფასი სამკაული და საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელიც იმ თავისი მეგობრისთვის ჰქონია მიბარებული, ვინც მე დამირეკა. ხომ წარმოგიდგენიათ, ის ქალბატონი რა დონის პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ერთი პატარა ბეჭდის ან რაიმე ნივთის, ერთი კაპიკის მითვისების მცდებობაც კი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, როცა ყველა საკითხი იურიდიულად გაფორმდა და მოგვარდა, ელენე ბებოს მეგობარი მე და დედამ, რომ იტყვიან, მეფურად დავაჯილდოვეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, არაფრით არ გვართმევდა, ძლივს დავითანხმეთ.
ჩვენს ოჯახს მიანცდამაინც არ ულხინდა, მემკვიდრეობის მიღების შემდეგ კი მართლა წელში გავიმართეთ და ამოვისუნთქეთ.
რა თქმა უნდა, ელენე ბებოს სურათი ყველაზე საპატიო ადგილზე გვიკიდია და მთელი ოჯახი მისი სულისთვის ვლოცულობთ.
ელენე, 22 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.