რაში აკონტროლებს თამრიკო გვერდწითელს დედა და როგორ გადაჰყავს მას ჭკუიდან შვილის მეგობრები
ჩემი სამეგობრო ხშირად შევკრებილვართ და ყველას ერთხმად გვითქვამს, რომ თამარ გვერდწითელის კონცერტზე წავიდოდით დიდი სიამოვნებით. თუმცა, პირადად მე, არ ვიცოდი თამარ გვერდწითელის სცენაზე გამოსვლა რა ემოციებს აღძრავდა, რადგან არასოდეს მენახა ის სცენაზე. 9 ნოემბერს კი „მზიურის“ ვარსკვლავის გახსნაზე გამართულმა კონცერტმა და ქალბატონი თამრიკოს სცენაზე გამოსვლამ გამიასმაგა მისადმი სიყვარული. ყველაზე საოცრება კი კულისებში იყო, როცა ვუყურებდი ქალბატონებს და მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პატარა მზიურელებს ვესაუბრებოდი. ვნახე, როგორ ღელავდა ქალბატონი თამრიკო და სახეგაბადრული ელოდებოდა ფარდის აწევას. მეც თავი აღარ მოვაბეზრე და მეორე დღისთვის ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერაზე დავითანხმე. თუმცა, მეგონა, თავიდან რომ მოვეშორებინე, იმიტომ მომცა თანხმობა-მეთქი. მაგრამ, მეორე დღის საღამოს 6 საათზე, თეონა ჯორბენაძის დახმარებით, უტიფრად მივაკითხე დათქმულ ადგილას.
თამრიკო გვერდწითელი: ჩვენც ძალიან ვნერვიულობდით და ჩვენი პედაგოგი – ბატონი გურამ ჯაიანიც ისე გვაკვირდებოდა და ღელავდა, როგორც დიდი ხნის წინ. ამ საღამომ ყველა ბავშვობაში დაგვაბრუნა და ნამდვილად ბავშვებივით ვგრძნობდით თავს. სად არ გამოვსულვარ, სად არ მიმღერია, მაგრამ „მზიურის“ კონცერტზე ენით აღუწერელი რამ დამემართა. ვღელავდი, რადგან აბსოლუტურად წარმოუდგენელია, შენი გამოსვლის შედეგი. მთელი ცხოვრება რეპეტიციებს გადიხარ, შრომობ და ბოლოს არ იცი, რა გელოდება – ანუ, რა მოხდება ამ კონცერტზე, რადგან სწორედ ამ მომენტში წყდება შენი ბედი. სცენაზე რომ გავედი, ვიგრძენი, რომ რაღაც განსაკუთრებული ძალა იყო დარბაზში, რომელიც იმპულსურად გადმომეცა. თუმცა, მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა, ვიდრე მე მეგონა. ამიტომ, შევეცადე მაქსიმალური გამეცა და საქართველოში, როცა ქართველი მაყურებელი ფეხზე წარმოგიდგება და რამდენიმე წუთს ტაშს გიკრავს, ეს იმის მანიშნებელია, რომ შენ რაღაცას წარმოადგენ ცხოვრებაში.
– ცხოვრების როგორი რიტმი გაქვთ მოსკოვში?
– რაც შეეხება მოსკოვში ცხოვრებას – რეპეტიციები, კონცერტები, სპექტაკლები და ასე შემდეგ. საერთოდ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი, რადგან მასმედიასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ყველასთან უარს ვამბობ ინტერვიუზე, რადგან ნებისმიერ სიტყვას ინტერპრეტაციას უკეთებენ და პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. ამიტომ, თქვენს კოლეგებს ძალიან ვემდური. რასაკვირველია, არსებობენ მაღალპროფესიონალი ჟურნალისტებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, პრესას ჩემგან უნდა მხოლოდ რაღაც უაზრო შემწვარ-მოხრაკული მასალები. რაც შეეხება იმ გამოცემებს, რომლებიც მუსიკას ეძღვნება, ძალიან შემცირდა. მაგრამ, არსებობს საკმაოდ მაღალი ხარისხისა და დონის ჟურნალისტები – მუსიკის კრიტიკოსები და მე ბედნიერი ვარ, როდესაც ისინი ეხმიანებიან ჩემს შემოქმედებას. თუ რამე ხელჩასაჭიდი ნახეს, ისედაც მაშინვე წერენ, მაგრამ ინტერვიუს, არ ვიძლევი – არც საბაბს ვაძლევ, რომ რამე დაწერონ, რადგან, მაპატიეთ ამ სლენგისთვის, მაგრამ ეგრეთ წოდებულ „ტუსოვკებზეც“ არ დავდივარ, სადაც შეიძლება, პაპარაცულად დამაფიქსირონ. უკვე ორი წელია, ასეთ კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი და რუსები ამბობენ, „მიუდგომელი დედოფალიაო“ (იცინის). ასე თქვან, მირჩევნია ვიდრე რაღაც სისულელეები დაწერონ.
– აბა, რით ერთობით, ქალბატონო თამარ, ამხელა ქალაქში?
– (იცინის) მეგობრებთან კონტაქტით. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩემთვის ის ხალხი, ვინც ამ რთული გზის დასაწყისში, გვერდში მედგა. ასეთი ადამიანი კი ძალიან ბევრია და სულ მინდა, მათთან გავატარო თავისუფალი დრო. მათ ხშირად ვპატიჟებ ქართულ რესტორნებში და ერთად გადავეშვებით ხოლმე ტკბილი მოგონებების მორევში. გარდა ამისა, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს: აეროპორტიდან – მატარებელში, მატარებლიდან – აეროპორტში და მოსაწყენად არასოდეს მრჩება დრო. გარდა ამისა, როდესაც ევროპაში მივდივარ გასტროლებზე, იქ არის მომენტები, როცა შემიძლია, მაქსიმალურად დავტკბე და გავერთო, თუნდაც იმ ერთი კონცერტიდან კონცერტამდე, თავისუფალ დღეს.
– დედა თუ გიმზადებთ ქართულ კერძებს და რა მოგწონთ ყველაზე მეტად?
– დედა აცხობს გადასარევ ხაჭაპურს, აკეთებს გადასარევ საცივს. მოგეხსენებათ, დედა ოდესელია და ვეუბნები ხოლმე, რაღაც ოდესურიც ურევია ყველაფერ ამაში და ამიტომაც გამოგდის ასე გემრიელი-მეთქი (იცინის). დედის გაკეთებული კერძი, ალბათ, ყველაფერს გვირჩევნია. ჩვენი ქართველი მეგობრები, მოსკოვში რომ არიან, დედაჩემს უკვეთავენ ხოლმე – შენი ხაჭაპური მოგვენატრაო. დედა ეუბნება, კარგით რა, ხალხო, გუშინ „სულიკოში“ იყავით და ჩემი ხაჭაპურით როგორ გაგაკვირვებთო. ჭკუიდან გადადიან ხოლმე ჩემი რუსი მეგობრები, დედას გაკეთებულ ხაჭაპურზე. სპეციალურად ამისთვის მოდიან ჩემთან. მაგრამ, დედა ვერ ითმენს და იმდენ კერძს აკეთებს, მაგიდაზე ვეღარ ეტევა. ქართულად, მამაპაპურ სუფრას შლის და არის ერთი ამბავი.
– ვარსკვლავური თავის მოვლის თქვენეული რეცეპტები გაუმხილეთ ქართველ ქალბატონებს.
– (იცინის) ამისთვის სპეციალური კრემები არსებობს, რომლებსაც ყველა ქალბატონი ისედაც იყენებს. რომ გითხრათ, რამე განსაკუთრებულს ვიყენებ-მეთქი, ასე არ არის. ქალის მოვლის მეთოდები ძველი აღმოსავლეთიდან, საბერძნეთიდან და რომიდან მოდის. ახლა კი უკვე – თანამედროვე ევროპიდან. ასე რომ, თუ ქალს უნდა, ყოველთვის მოძებნის საშუალებას, კარგად გამოიყურებოდეს. რა თქმა უნდა, არსებობს თანამედროვე მედიცინა და პლასტიკური ჩარევაც, მაგრამ, აქ უკვე ქალმა თავად უნდა განსაზღვროს, სჭირდება მას ეს თუ არა. კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ ვარჯიშს. მე ფიტნესის ფანი არ ვარ და ამაზე არ ვგიჟდები, არც სპორტდარბაზებში დავდივარ. მაგრამ, ყოველდღე დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს ვაკეთებ. დედა ამ საკითხში ძალიან მაკონტროლებს, რა თქმა უნდა, ვაკეთებ სუნთქვით ვარჯიშებსაც, რადგან ეს სჭირდება თამარს, როგორც მომღერალს. დედა სულ მეკითხება, გააკეთე დილის ვარჯიში?
– ხომ არ ატყუებთ ხოლმე დედას, რომ ვითომ გააკეთეთ?
– არა, არა, დედას ვერ მოვატყუებ (იცინის). ადრე სავარჯიშო ველოსიპედი მაჩუქეს და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემნაირი ტემპერამენტიანი ქალისთვის როგორი მოსაწყენი იქნებოდა (იცინის). რა თქმა უნდა, მირჩევნია, ნამდვილ ველოსიპედზე დავჯდე ლაღად და გავიქროლო, ვიდრე ერთ ადგილზე ვიჯდე და უაზროდ ვატრიალო პედლები (იცინის). ეს ველოსიპედი სოფელში გადავიტანე და რომ ჩავდივარ, ბავშვები ველოსიპედებით და ყვავილებით მხვდებიან. ასეთი, ნამდვილი რუსული სოფელია. ის ბავშვები მათხოვებენ ხოლმე ნამდვილ ველოსიპედს (იცინის).
– დიეტასთან მიმართებაში როგორ ხართ? კვების რაციონში რამე სპეციალურად შერჩეული საკვები ხომ არ გაქვთ?
– არა. ჩვენ ისე ვართ მიჩვეული გემრიელ საკვებს, რომ რა დიეტაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, თავს არ ვიკლავ ღამე ხინკლების ჭამით, მაგრამ ზოგჯერ არის პერიოდიც, როცა მხოლოდ ბოსტნეულზე ვარ. თუმცა, სპეციალური დიეტა, რასაც ჰქვია, ჩემთვის არ არსებობს.
– ესე იგი, გირჩევნიათ, დაჯდეთ და გემრიელად მიირთვათ, ქართულად?
– რა თქმა უნდა. ზოგჯერ მატარებელში არ არის ვაგონ-რესტორანი და რამდენჯერ ყოფილა, მგზავრებს შემოუთავაზებიათ ჩვენთვის ძეხვი და შავი პური. ჩვენც ძალიან გემრიელად მიგვირთმევია 3-4 ნაჭერი. ისე, ძეხვს რა მაჭმევს, ან რატომ უნდა ვჭამო, როცა დედა აკეთებს უგემრიელეს კერძებს. მაგრამ, ესეც კარგია, როცა გშია და რამდენიმე ნაჭერ ძეხვს მიირთმევ.
– პირად ცხოვრებაზე რას მეტყვით, რამე ახალი ხომ არ ხდება?
– არაფერს (იცინის). რომელი მამაკაცი აიტანს ცხოვრების იმ რიტმს, რომელიც მე მაქვს? ძალიან შეგნებული მეუღლე უნდა გყავდეს, რომ ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდოს. გვერდში დაგიდგეს და შენთან ერთად გაიზიაროს დიდი წარმატება. თუნდაც, ჩემს გოგონებს – „მზიურის“ გოგონებს ვგულისხმობ, წარმოიდგინეთ რა შესანიშნავი მეუღლეები ჰყავთ, რომ ამ კონცერტის მზადებას და წარმატებას რკინის ნერვებით გაუძლეს. ეს ნამდვილად არ არის ადვილი. ერთია, რომ ზენიტში ხარ, როგორც მსახიობი და მეორეა, როცა გვერდში გყავს მამაკაცი, რომელიც ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდება. ყველა კაცი ვერ ეგუება ქალის ასეთ წარმატებას თუ ცხოვრების რიტმს.
– ანუ, მამაკაცები იჩრდილებიან ვარსკვლავ თამრიკო გვერდწითელის გვერდით?
– (იცინის) არ ვიცი, მამაკაცს, ალბათ, ძალიან ბევრი მოეთხოვება ასეთ შემთხვევაში. გამოცდილი მაქვს და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს – შენ თვითონაც გერიდება და პატარა ბავშვივით იწყებ თავის მართლებას.
– თქვენ გყავთ ვაჟიშვილი, რომელიც ლონდონში სწავლობს, რას საქმიანობს ის?
– ჩემი შვილი ამთავრებს დოქტურანტურას ლონდონის უნივერსიტეტში – მასმედია და კულტურა, პლუს კინოსარეჟისორო. კარგი შვილი და შვილიშვილია. ძალიან ფაქიზად ეპყრობა ბებიას და უფრთხილდება. შესანიშნავი ახალგაზრდაა. უკვე 4 წელია, ლონდონში სწავლობს. 18 წლის წავიდა და აბსოლუტურად დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება. მთელი ეს წლები იყო დედის და ბებიის კალთას ამოფარებული და ერთ დღეში სრულიად დამოუკიდებელი გახდა.
დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ აპრილში ჩემი ვარსკვლავი იხსნება საქართველოში, სიხარულისგან გაგიჟდა. მარტში ამერიკის ტურნე და, კიდევ უამრავი სარიოზული კონცერტი მაქვს დაგეგმილი, მაგრამ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, საქართველოში აპრილის კონცერტმა ეს ყველაფერი დაჩრდილა. არსებობს ისეთი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ვარსკვლავის გახსნა ჰქვია და ამას ვერაფერს შევადარებ. ჩემთვის სცენა ყველაფერია, მაგრამ ის, რაც გაჟღერდა „მზიურის“ კონცერტზე, რომ აპრილში სოლო კონცერტი დამიგეგმა ბატონმა დათო ოქიტაშვილმა, სადაც ჩემი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება, – ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე და გავაანალიზე ეს მომენტი. ეს იქნება აუცილებლად ორკესტრის თანხლებით, მინდა, გაორკესტრდეს ჩემი ნაწარმოებები, დაწყებული „მრავალჟამიერიდან“. საინტერესოა, ადამიანის შემოქმედებითი გზა. ის, რაც დაწერა 18 წლის ასაკში და ის, რაც დაწერა, როცა იყო 38-ის. ახლა ჩემი ფიქრები და გონება მთლიანად გადართულია ამ საღამოზე – თუ როგორი იქნება და როგორ ჩაივლის ეს ყოველივე.