როგორ ქმნის გაიოზ შერგელაშვილი ხელოვნების ნიმუშებს
გაიოზ შერგელაშვილის კოლექციაში უამრავი მშვენიერი ნამუშევარია და ისინი ჩვენი რესპონდენტის ხელითაა შესრულებული. გადაავლებთ თვალს მათ და დაიბნევით, სანამ ბატონ გაიოზს საკუთარი თვალით არ იხილავთ მუშაობის პროცესში, მერწმუნეთ, გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ასეთი დახვეწილი და სრულყოფილი ნაქარგები, მამაკაცის ხელითაა შექმნილი. თუ როდის დაიწყო ამ კოლექციის შექმნა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ვერ წარმოვიდგენდი, რომ კაცის ხელს ასეთი დახვეწილი სილამაზის შექმნა შეეძლო?
– სხვათა შორის, პირველი წამოძახილი ყოველთვის ასეთია, როცა ოჯახში მეწვევიან და ჩემს ნამუშევრებს ათვალიერებენ. სანამ შეიტყობენ, რომ ჩემი ნახელავია, ყველა ქებით აღნიშნავს, როგორი ხელმარჯვე მეუღლე გყავსო.
– ანუ, თავდაპირველად, ყველას ჰგონია, რომ ეს ნაქარგები თქვენი მეუღლის ხელითაა შექმნილი?
– უკლებლივ ყველას, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ ნემსთან და ძაფთან ასეთი დამოკიდებულება მამაკაცსაც შეიძლება, ჰქონდეს.
– რა პროფესიის ბრძანდებით?
– პროფესიით იურისტი ვარ და 10 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებშიც ვმუშაობდი. ერთ მშვენიერ დღეს შევედი პოლიციის უფროსის კაბინეტში და განვუცხადე, რომ სამსახურიდან მივდიოდი.
– რა იყო ამის მიზეზი?
– არ შემეძლო სხვისი ბედი გადამეწყვიტა. მიმაჩნდა, რომ არაფრით იმათზე მაღლა არ ვიდექი, ვინც უნდა გამესამართლებინა. თანაც, წარმოიდგინეთ 60 ლარად დაცული სამართალი, ხანდახან იმ 60 ლარსაც ყინავდნენ. ეს „რკინის მინისტრის” ხანა იყო. მე არ მსურდა ასეთ პოლიციაში მუშაობა.
ამის შემდეგ წამოვიწყე კერძო ბიზნესი.
– პირველი ნაქარგიც ამ პერიოდში შექმენით?
– არა. ქარგვა დაახლოებით 7 თვის წინ დავიწყე. ზუსტად ამდენი ხნის წინ დამეღუპა ძმა, ხელში ჩამაკვდა. ბუნებრივია, სტრესში ვიქნებოდი. ამის შემდეგ, სულ განმარტოება მინდოდა და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე რომ ერთადერთი საქმე, რაც მაწყნარებდა, ეს იყო ქარგა. გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, მანამდე ნემსი არ ამიღია ხელში, ღილსაც ვერ დავაკერებდი. ხატვა კი საერთოდ შორის იყო ჩემგან. მეც არ ვიცი, როგორ გაიღვიძა თუ დაიბადა ეს უნარი ჩემში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყოველი ახალი ნამუშევარი უფრო გართულებული და უფრო მეტად დახვეწილია ჩემს კოლექციაში. იმდენად მიტაცებს და დიდ სტიმულს მაძლევს ეს საქმიანობა, რომ ერთი სული მაქვს, ქარგვას რომ დავიწყებ, საბოლოო შედეგი დავინახო და მალე დავასრულო. შემიძლია ამ ხნის განმავლობაში არ ვჭამო, არ ვსვა, არ დავიძინო. ყოფილა შემთხვევა 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლად მიქარგია.
– არ იღლებით?
– ვიღლები, მაგრამ ისევ ქარგვისას ვისვენებ.
– ეს როგორ?
– როგორ და ერთდროულად რამდენიმე სურათზე ვმუშაობ, როდესაც ერთი, დამღლის, რომელშიც, ვთქვათ, ჭარბობს წითელი ფერი, იმას გადავდებ და ქარგვას ვაგრძელებ იმ ნამუშევარზე, რომელშიც მწვანე, ან სხვა ფერი დომინირებს.
– როგორ იქმნება ეს ნამუშევრები?
– თავდაპირველად, შევკრავ ჩარჩოს, შემდეგ ნაჭერს დავამაგრებ და ვიწყებ მუშაობას. წინასწარ არასდროს ვიცი, რა გამომივა. შეიძლება, ერთი რამ ჩავიფიქრო, მაგრამ მუშაობის დასრულებამდე ეს ჩანაფიქრი რამდენჯერმე შევცვალო. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მუშაობისთვის მქონდეს საკმარისი რაოდენობისა და პალიტრის ძაფები, რაშიც, ფაქტობრივად ხელს ჩემი ძმა მიწყობს. სხვათა შორის, მისი ინიციატივით, გამოფენისთვის ვემზადები და მუდამ ვგრძნობ, მის გვერდში დგომას.
– ვინმეს თუ უზიარებთ თქვენს ცოდნას ხელოვნების ამ დარგში, მოსწავლეები თუ გყავთ?
– არა, მე ორი შვილი მყავს და ჯერჯერობით მხოლოდ ჩემს ნაბოლარას, მარიამს ვასწავლი ქარგვას, რომელიც დიდი მონდომებით მუშაობს და თავისი პატარა თითებით ცდილობს, შექმნას ისეთი რამ, რაც მამიკოს მოეწონება და შეაქებს.
– ამჟამად რამდენი ნაქარგის ავტორი ხართ?
– ამ 7 თვის განმავლობაში დაახლოებით 50 ნამუშევარი დავასრულე.
– გაჩუქება თუ შეგიძლიათ?
– მე არ მიჩუქებია, უფრო სწორად ჩემი ინიციატივა არ იყო, რომ რომელიმე კონკრეტული ნამუშევარი გამეჩუქებინა, ეს მნახველის რეაქციას მოსდევს. რაც, რა თქმა უნდა, მე მახარებს. მხოლოდ ერთი პირობით ხდება ჩემი ნაქარგის გაჩუქება.
– რა პირობით?
– იმ პირობით, რომ გამოფენაზე აუცილებლად წარვადგენ იმ ნაქარგს, რომელსაც ჩემს სახელზე ინახავენ.
– საყვარელი ფერი თუ გაქვთ?
– უფრო მკვეთრი ფერებით ვმუშაობ. ისე კი, თუ საშუალება მაქვს, ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ წითელ ფერს.
– ერთი ნამუშევრის შექმნას რა დრო სჭირდება?
– თუ ხელი არ შემიშალეს და არ მიძახეს: ადექი, ცოტა დაისვენეო, 2 დღე სრულებით მყოფნის ერთი ნაქარგის დასასრულებლად. ისე, ერთ კვირამდე მაინც მჭირდება ნამუშევრისთვის საბოლოო სახის მისაცემად.
– რა ჰქვია იმ სტილს, რომლითაც თქვენ ქარგავთ?
– როდესაც ქარგვა დავიწყე, მაშინ სულ არ ვიცოდი, რა სტილით ვქარგავდი, ან საერთოდ, ქარგვის რამდენი სახეობა არსებობდა. თუმცა, როდესაც ჩემი ნამუშევრები ნახეს სპეციალისტებმა შეთანხმდნენ, რომ ეს ნიმუშები გობელენის ნაირსახეობაა.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ჩემთვის ძმის ხსოვნაა. საერთოდ, ხელოვნებაში ფრინველი თავისუფლებას, სულს ნიშნავს, ჩემს ნამუშევრებშიც ჭარბობენ ფრინველები. დღე არ გავა, რომ ძმა არ გამახსენდეს და ამიტომ, ყველა ნამუშევარს მის ხსოვნას ვუძღვნი. ყოველი ნიმუში ამ კოლექციიდან, მასთან ერთად გატარებული დღეების გახსენებაში იქმნება.