როგორ იგრძნო ჰამლეტ გონაშვილმა ცხინვალის დაკარგვა და რატომ არ ეძინა მას ღამეები
ანსამბლ „რუსთავს“ ნამდვილი რაინდი ჰყავდა, ისეთი, როგორიც აღარ განმეორდება. ჰამლეტ გონაშვილის ულამაზესი ხმა გულს მალამოსავით ედებოდა. ყველა ერთნაირად, სულგანაბული ვუსმენდით და გვიკვირდა, საიდან და როგორ გამოსცემდა ეს ადამიანი ბგერებს ასე მსუბუქად, ჰარმონიულად და ხავერდოვნად. არა, საქართველოში ასე ვერავინ მღერის. ის იყო ქართული ხალხური სიმღერების ერთადერთი შემსრულებელი, რომელმაც შეძლო, არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, უცხოეთშიც გაეოცებინა მსმენელი, ცრემლამდე მიეყვანა და დიდხანს, ძალიან დიდხანს დაემახსოვრებინა მათთვის თავი. სურათებიდან ის ისეთი მეტყველი და სევდიანი თვალებით გამოიყურება, თითქოს თვითონ გიამბობთ თავის ცხოვრებაზე.
ქალბატონი ლამარა (ჰამლეტ გონაშვილის მეუღლე): როგორც ჩემს დედამთილს აქვს მოყოლილი, ჰამლეტი ჯერ კიდევ აკვანში იწვა, მუსიკალური სმენა რომ გამოუვლენია. ცდებს ვატარებდი: ძილის წინ რომ ვუმღეროდი, თავს ხან ერთ მხარეს გადაწევდა, ხან, მეორე მხარეს და თავისთვის ღუღუნებდაო. ძალიან წყნარი, დინჯი, მეოცნებე და მგრძნობიარე ბავშვი ყოფილა. ბუნება უყვარდა. ბიჭებს რომ სჩვევიათ ოინბაზობა – ჩიტის ბუდეს დაინახავენ და ესვრიან, – ასეთი არ ყოფილა. ჩიტის ჭიკჭიკს რომ გაიგებდა, დიდხანს იდგა და უსმენდა. მათ ოჯახში ყველა, წინაპრებიც კი მღეროდნენ. ერთხელ ჰამლეტსა და დედამისს მატარებლით უმგზავრიათ. ზედა საწოლზე ვიღაც ბიჭი წამოწოლილიყო და ღიღინებდა. შენს გამზრდელს ვენაცვალეო, – უთქვამს ჩემს დედამთილს. გათენდა, სადგურში უნდა ჩავიდნენ და, ხედავს, ზედა საწოლიდან ჰამლეტი ჩამოდის. ასე აღმოაჩინა მან თავისი შვილი, როგორც მომღერალი. ერთხელ, ისევ მატარებლით მიდიოდნენ და ჰამლეტს ისევ წაუღიღინია. გამცილებელს ტირილი დაუწყია და დედამისს უთქვამს, ნუღარ მღერი, გამცილებელი ტირისო.
1947-1948 წლებში მომღერალთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა ნიჭიერთა ათწლედისთვის. მის ნაცვლად მისმა მამიდაშვილმა, ავთანდილ ჯანიაშვილმა შეიტანა განცხადება, რადგან იმ დროს ჰამლეტი ცხინვალში, პედაგოგიურ ინსტიტუტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. იქ მიიღო დეპეშა, რომ ამა და ამ დღეს თბილისში კონკურსზე უნდა გამოცხადდეო. ჩამოვიდა. მივიდა თავის მამიდაშვილთან და ჰკითხა: ასეთი ცნობა მომივიდა და ნეტავ რაშია საქმეო. მე შევიტანე განცხადება შენ მაგივრადო, – უთხრა ავთომ. პირველივე ტურიდან ჩარიცხეს ათწლედში. მასთან ერთად სწავლობდა ზურიკო ანჯაფარიძე. მერე ცხინვალიდან საბუთები თბილისში გადმოიტანა, პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ამდენ წასვლა-წამოსვლაში გაცივდა, სერიოზულად ავად გახდა და იძულებული იყო, აკადემიური აეღო. აღარც დაბრუნებია ათწლედს. ჩემი მამამთილი არ იყო მომხრე, მომღერალი გამხდარიყო. მიაჩნდა, რომ სიმღერით ოჯახის რჩენას ვერ შეძლებდა. სხვათა შორის, თვითონ ძალიან უნდოდა, ექიმი ყოფილიყო. ცხინვალში სამედიცინო არ იყო და ამიტომ შეიტანა საბუთები ბიოლოგიურზე, თორემ, აუცილებლად სამედიცინოზე ჩააბარებდა. ცხინვალში პედაგოგიური ინსტიტუტი რომ გაიხსნა, ჩემი მამამთილი იქ გადაიყვანეს. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე იყო და მაშინ გადავიდა ოჯახი იქით. მანამდე ჰამლეტი სიღნაღის პირველ სკოლაში სწავლობდა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის საექსკურსიო ბიუროში დაიწყო. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან უყვარდა ბუნება, ფეხით აქვს შემოვლილი მთელი საქართველო. ერთხელაც, ერთ-ერთ ექსკურსიაზე სახელმწიფო ანსამბლის მომღერალთა ჯგუფი შეხვდა. კარგად მღერი და მოდი ჩვენთანო, – შესთავაზეს. ასე, სრულიად შემთხვევით მოხვდა ანსამბლში, სადაც სოლისტიც იყო და წამყვანიც. გასტროლები ძირითადად საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჰქონდათ. ბრწყინვალედ ფლობდა რუსულს. 1978 წელს კი ანსამბლი „რუსთავი“ ჩამოყალიბდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ ანსამბლის სოლისტი იყო.
– როგორი იყო ბატონი ჰამლეტი ცხოვრებაში?
– ძალიან მშვიდი და უპრეტენზიო იყო. არ უყვარდა სახლში ხელცარიელი მოსვლა, აუცილებლად სარჩო-სანოვაგით დატვირთული უნდა მოსულიყო. ზოგჯერ იმდენს მოიტანდა, ვსაყვედურობდი, სად წავიღო ამდენი-მეთქი. შაბათ-კვირას მე, ბავშვებს, ახლობლებს ჩაგვსვამდა მანქანაში და ბუნებაში – სადმე კარგ ადგილას გავყავდით. ბავშვებსაც ძალიან უხაროდათ მამასთან ერთად მგზავრობა. რაღაცეებს უხსნიდა, ასწავლიდა. ის იყო გამორჩეულად კარგი მამა. ერთხელ უფროსი ბიჭი საბავშვო ბაღში წაიყვანა. მაშინ მანქანა არ ჰყავდა. წვიმამ მოუსწროთ და დასველდნენ. საღამოს ბავშვს მე მივაკითხე წამოსაყვანად. მასწავლებელმა მითხრა: ქალბატონო ლამარა, ჰამლეტი როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია. მშობლებმა დასველებული ბავშვები შემოგვიყარეს და წავიდნენ. ამან კი ბავშვს სველი ტანსაცმელი გახადა, გაამშრალა და კარადაში რომ სათადარიგო ტანსაცმელი ჰქონდა შენახული, ის ჩააცვა, ყველაფერი გამოუცვალა და ისე წავიდა. ასე დედებიც კი არ იქცევიან, არამცთუ მამებიო. ასევე, ძალიან ერთგული, მოსიყვარულე მეუღლე იყო. ლამაზი ფოთოლიც რომ ენახა სადმე, აუცილებლად აიღებდა და მე მომიტანდა – ლამარას არ უნახავს და წავუღებო. ერთხელ, საბაობაზე იყო წასული. საღამოს კარზე ზარის ხმაა. გავაღე – ვხედავ რაღაც დიდი თაიგულის მსგავს ხის ჯირკს ფერად-ფერადი ფოთლებით. ეს სამხრეთსაქართველოს ბუნების ნაწილი – შენო, – მითხრა.
ძალიან სტუმართმოყვარე იყო. სახლში რომ მოდიოდა, თავისი გასაღები ჰქონდა და ისე შემოდიოდა, მაგრამ, თუ სტუმარი მოჰყვებოდა, გასაღებითაც აღებდა კარს და ზარსაც რეკავდა – მანიშნებდა, რომ სტუმართან ერთად ვარო. სახლში ჩვეულებრივი იყო, სხვათა შორის, არ მღეროდა. ერთადერთი, რასაც აკეთებდა, სუნთქვითი ვარჯიშები იყო – ბგერებს ამუშავებდა.
– გაბრაზება თუ იცოდა?
– იშვიათად ბრაზდებოდა. ერთ დღეს უხასიათოდ მოვიდა. რაშია საქმე, ჰამლეტ, რამე მოხდა-მეთქი? – ვკითხე. იცი, რა, ლამარა, როკის გვირაბს აშენებენ და, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხინვალს დავკარგავთო. ან, თუ დაინახავდა, რომ წვიმაში ასფალტს აგებდნენ, განიცდიდა – მთელი ნაწვალები წყალში ჩაეყრებათო და დარდისგან კაცს ღამე არ ეძინა. ის, რაც მის ქვეყანას არ წაადგებოდა, გულთან ახლოს, როგორც პირადი ტკივილი, ისე მიჰქონდა. ძალიან განათლებული პიროვნება იყო. ზედმიწევნით ერკვეოდა არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში. სადმე რომ მიდიოდა, იმ ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას გაიგებდა, წიგნებს გადახედავდა. სამზარეულოში მსოფლიოს რუკა გვქონდა გაკრული და ბავშვებს დაწვრილებით აცნობდა ყველაფერს. ერთხელ გერმანიაში იყო გასტროლებზე და ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მიუპატიჟებიათ. სუფრაზე კარგი ჯიშიანი ქათმები დაუნახავს. უნდოდა, კვერცხი წამოეღო, რომ აქ გაემრავლებინა ქათმები. ვერაფრით მიახვედრა მასპინძელს, რა უნდოდა. რამდენჯერაც ახსენა კვერცხი, იმდენჯერ მოხარშული მიუტანეს. ესპანეთში კი, ოთხცურიანი თხა ნახა და გადარეულა როგორმე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ასეთი ჯიშის თხები და ქათმები ჩვენთანაც იყოსო, – აღტაცებული მეუბნებოდა, რომ ჩამოვიდა. სირიაში „სვიმეონ მესვეტის“ ტაძრის ეზოში განსხვავებული ლეღვის ხე რომ ნახა, ტოტი მოატეხა, სველ ცხვირსახოცში გაახვია და მთელი ერთი კვირა ასე, უბით ატარა გასტროლებზე. რომ ჩამოვიდა, ყიფშიძეზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ეზოში ჩარგო. პირველი ნაყოფი საზეიმო ვითარებაში გავსინჯეთ.
– როგორ გახსენდებათ თქვენი ერთად ყოფნის ბოლო დღეები?
– გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფილარმონიაში კონცერტი ჰქონდა. რეპეტიციების დროს რკინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოვარდა და მის ცხვირწინ დაეცა. ლამარა, როგორ გადავრჩი, არ გიკვირსო? – აღშფოთებული მეუბნებოდა. მაინც ვერ ასცდა რკინის სოლს – ორ წელიწადში დაიღუპა. მანამდე უმცროსი ძმა გარდამეცვალა. ამის შემდეგ ჰამლეტი სხვანაირი გახდა, უფრო მობილიზებული და ყურადღებიანი. ნუ ტირი ამდენს. ის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადავიდა. ფიზიკურად აღარ არის, თორემ, შენს გულში, ჩემს გულში და ყველა ჩვენგანის გულში ხომ არისო, – მამხნევებდა. თურმე, მეორე ტკივილისთვის შემამზადა, რომ კიდევ ერთი უბედურება გადამეტანა.
ლენინგრადში მიდიოდნენ გასტროლებზე. გადაწყვიტა, მე და ბავშვებიც წავეყვანეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გამოსათხოვარი პერიოდი. იქიდან რომ ჩამოვიდოდით, მერე იტალიაში უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ლენინგრადში ყოფნის დროს რაღაც ცვლილებები მოხდა და იტალიის გასტროლები ჩაიშალა. 10 ივლისს ჩამოვედით. კონცერტები კახეთში დაგეგმეს. მაგ დროს ჰამლეტს ბრმა ნაწლავი ასტკივდა. „ლეჩკომბინატში“ მივედით, სადაც აღრიცხვაზე იყო. არ გაიკეთა ოპერაცია – კონცერტებია დაგეგმილი და, როგორ შეიძლება, კახეთში „რუსთავი“ უჩემოდ წავიდესო. ქირურგი ჩვენი ახლობელი კაცი იყო და მითხრა: ლამარა, გაუშვი ეს კაცი, წავიდეს, თელავი ახლოსაა. თუ შეტევა მოუვა, აგერ არ ვარ? უცებ ჩავალ და ყველაფერს გავუკეთებ, ამის გამო ნუ ხარ წინააღმდეგიო. ღამით კი ასეთი რამ მოხდა: ტელეფონმა დარეკა, ავიღე ყურმილი და მესმის ჩემი გარდაცვლილი ძმის ხმა – ლამარა, რას შვრებიო – და გაითიშა. ჰამლეტს სადილზე და ვახშამზე წესად ჰქონდა ერთი-ორი ჭიქა ღვინის დალევა, მერე ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვუყვებოდით, დღემ როგორ ჩაიარა, ბავშვები როგორ სწავლობენ. ერთხელ, მთხოვა, შენც დალიეო. ღვინო არა, მაგრამ შამპანურს კი ნამდვილად დავლევდი-მეთქი. ეჰ, ეს რა ცხოვრებაა, ცოლს შამპანური უნდა და სახლში არ მაქვსო. წავიდა კახეთში. მეორე დღეს უნდა ჩამოვიდეს, ველოდები. თვითონ ვიყიდე შამპანური, მაცივარში შევდგი გასაცივებლად და კარგი სადილიც მოვამზადე. მოსაღამოვდა. რამდენი მანქანა გაჩერდება, აივნიდან გადავხედავ, ჰამლეტი ხომ არ მოვიდა-მეთქი. რომ დააგვიანდა, ანსამბლის ერთ-ერთ წევრთან, ტარიელ ონაშვილთან დავრეკე. თელავიდან პირდაპირ ანაგაში (დედულეთში – ავტორი) წავიდა, სტუმრები ჰყავდაო, – მითხრა. ცოტა ხანში ტელეფონი რეკავს, გონაშვილის ბინააო. დიახ-მეთქი. ჰამლეტი ცუდად გახდა და დაიბარა, მეუღლე ჩამოვიდესო. მაშინვე ვიფიქრე, ალბათ, ბრმა ნაწლავის შეტევა მოუვიდა-მეთქი. მე და რამდენიმე ადამიანი ჩავსხედით მანქანაში და მივდივართ. წეღან რომ გიყვებოდით, სადმე ჭრელ ფოთოლს რომ ნახავდა, ჩემთან მოჰქონდა-მეთქი და უცებ თავში გამიელვა. გზაში ჩემს მულს ვკითხე, ახლა ანაგაში რა ხილია, ჰამლეტი ხეზე ხომ არ ავიდა და ჩამოვარდა-მეთქი? ვიფიქრე, ალბათ, ჩემთვის კრეფდა ხილს და ნამდვილად რაღაც დაემართა-მეთქი. ზუსტად ასე მომხდარა. მათ იცოდნენ, რომ აღარ არის და გაოცდნენ – რას ამბობსო. ვხედავ, ჭიშკარი ღიაა და უამრავი ხალხია თავშეყრილი. მაინც არ დავუშვი, რომ აღარ იყო. ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ცუდად არის და ამიტომ იყო ამდენი ხალხი.
– რა მოხდა?
– მეზობელს ხე უჩრდილავდა და სთხოვა, ტოტები მოეჭრა. ძირში ძველისძველი ხის კუნძი იდგა, რომელზეც საქონლის დასაბმელი სოლი იყო ჩარჭობილი. წინა დღეებში ჩემს დედამთილს უცდია მისი ამოღება – ბავშვები რომ ჩამოდიან, ამაზე რამე არ იტკინონო. ამოღება რომ დაუწყია, მეზობელი მისულა რაღაც საქმეზე, ამასობაში შებინდებულა კიდეც და თავი მიუნებებია. ეტყობა, ჰამლეტს ტოტზე ფეხი დაუცურდა და ზედ ჩამოეგო.
– როცა ჩვენგან ჩვენი ძვირფასი ადამიანები მიდიან, ყოველთვის ვცდილობთ გავიხსენოთ ის, რაც წარსულში ერთმანეთთან გვაკავშირებდა. ცხოვრების ყველა ეპიზოდი თვალწინ გვიდგას და გვენატრება დრო, რომელიც აღარასოდეს განმეორდება. მე მინდა, თქვენი შეხვედრისა და შეუღლების ისტორიაც გაიხსენოთ.
– ჰამლეტის დეიდაშვილი ჩემი თანამშრომელი იყო. ამ გოგონამ დაბადების დღეზე დამპატიჟა, სადაც ჰამლეტიც იყო და სუფრასთან გავიცანით ერთმანეთი. მაშინ იშვიათად ქრებოდა შუქი. იმ საღამოს ჩემ წინ იჯდა. შუქი რომ ჩაქრა, ლამპები შემოიტანეს და ახლოს დამიდგეს. ლამპის შუქმა არ შეგაწუხოსო, – ხელსახოცი ამოჭრა და შუშაზე ჩამოაცვა, დამიჩრდილა. რასაკვირველია, სუფრასთან იმღერა. მაშინვე გაჩნდა ჩვენ შორის სიმპათიები. მერე ქობულეთში ვიყავი დასასვენებლად და რადიოში მოვისმინე მისი სიმღერა. იმდენად იმოქმედა ჩემზე, ოთახში ვერ გავჩერდი და ზღვის ნაპირზე გავედი, რომ მისი ხმით გამოწვეული ემოციები გადამეხარშა. იქიდან რომ ჩამოვედი და შევხვდი, უკვე სხვა დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ. ასე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ბოლოს გადავწყვიტეთ, დავოჯახებულიყავით. ის 44 წლის იყო, მე 39-ის. ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით: მე ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვიყავი, ჩაის სპეციალისტი, ჰამლეტი კი – ასეთი მომღერალი. სამაგიეროდ, პოეზიის სიყვარული გვაკავშირებდა.