რას განასხვავებენ ტანსაცმლის ფერით მსოფლიოს ცნობილ საფონდო ბირჟებზე და როგორ ხდებიან თრეიდერები 100 დოლარით მილიონერები
მოგეხსენებათ, ამქვეყნად ბევრი უცნაური პროფესია არსებობს, რომელთაც, ერთი შეხედვით, სტანდარტულ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს და წარმატებაც ამ სფეროში ადამიანის თვისებების, უნარ-ჩვევების წყალობით მოდის. ალბათ, სწორედ ესაა ამ ეგზოტიკური და ორიგინალური პროფესიების ხიბლი. ასეთ პროფესიათა შორის არის „თრეიდერის“ საქმეც, რომელიც მსოფლიოს ცნობილი საფონდო ბირჟების ყველაზე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი რგოლია. თრეიდერი ასრულებს სავაჭრო ოპერაციებს, ყიდულობს, ყიდის, რისკავს, თვლის და... ცხოვრებას ასრულებს საკმაოდ მალე. როგორია თრეიდერის რთული და საინტერესო ცხოვრება და რატომ ვერ ცოცხლობენ ისინი დიდხანს, ამის შესახებ საქართველოში თრეიდერთა სკოლის დამაარსებელს, დავით დობორჯგინიძეს გავესაუბრეთ:
დავით დობორჯგინიძე: საქართველოში თრეიდერთა რაოდენობა მცირერიცხოვანია. ჩვენთან ეს პროფესია პოპულარული არ არის, რაც განაპირობა ობიექტურმა მიზეზებმა: მოგეხსენებათ, 90-იანი წლები ჩვენი რეგიონისთვის და არა მხოლოდ რეგიონისთვის ძალიან მძიმე იყო. ამან გამოიწვია პროცესები, რაც განაპირობებდა ერთგვარ უნდობლობას კაპიტალის ბაზრის მიმართ. იმ პერიოდში ჩავარდნილი იყო თრეიდერთა საქმიანობაც. მას შემდეგ, რაც ჩვენთან განვითარდა სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ჩვენ უკვე პირდაპირი კავშირი გვაქვს მსოფლიოს ნებისმიერ საფონდო ბირჟასთან, შესაბამისად, თრეიდერთა საქმიანობას უახლოეს მომავალში აღმასვლა ელის.
თრეიდერი არის პიროვნება, რომელიც ასრულებს სხვადასხვა სახის ოპერაციას საფონდო ბირჟაზე – ის უძღვება როგორც ვალუტის, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვას, ასევე მუშაობს სხვადასხვა საქონლით ვაჭრობაზე. თრეიდერი ხელმძღვანელობს სხვადასხვა ცნობილი და ავტორიტეტული საექსპერტო ცენტრების ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელზეც ხელი ინტერნეტითა და პირადი კავშირებით მიუწვდება. თრეიდერს შესწავლილი აქვს ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა, მათი ინდექსები, რაც ქმნის კონკრეტულ წინაპირობას მისი საქმიანობისთვის. იცის, როდის და რა სეგმენტში უნდა ენდოს ამა თუ იმ ექსპერტს და ცენტრს. ამის შემდეგ თრეიდერი დგამს ნაბიჯს, სადაც მისი რისკი გათვლილია და მინიმუმამდეა დაყვანილი.
– თრეიდერს ამისთვის ალბათ, სპეციალური განათლებაც სჭირდება.
– თრეიდერს უფრო მეტად სჭირდება პროფესიული განათლება, ვიდრე თეორეტიკოსს. თუმცა, თრეიდერი შეიძლება გახდეს ყველა – მასწავლებელი, ტაქსის მძღოლი, ექიმი. ეს არის საკმაოდ თავისუფალი პროფესია. თრეიდერს შეუძლია თვითდასაქმება, არ ჰყავს ხელმძღვანელი, თუ თავისი საკუთარი კაპიტალით მუშაობს, თუნდაც ეს თანხა ძალიან მცირე – 100-200 დოლარი იყოს. მე ვიცნობ თრეიდერებს, რომლებსაც საქმიანობა 80 დოლარით აქვთ დაწყებული და საკუთარი კაპიტალი საკმაოდ მალე გაზარდეს. ამერიკაში მყავს მეგობარი, რომელსაც გინეკოლოგი ქმარი ჰყავს. სამუშაო დღის შემდეგ ის ბრუნდება სახლში, რთავს კომპიუტერს, ესაუბრება თავის მეგობრებს სხვადასხვა ქვეყნებში და აკეთებს თავისი პორტფელის გადახალისებას. ხანდახან თრეიდერის საქმით მიღებული შემოსავალი უტოლდება მის ხელფასს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დროს დაუთმობს ამ საქმეს. მე ვიცი მაგალითი, როცა თრეიდერს დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი სძინავს, რათა დროში დაემთხვეს სხვადასხვა ბირჟებს. როცა აზიის ბირჟა მუშაობას იწყებს მაშინ ჩვენ გვძინავს. თრეიდერი ასი დოლარით ვერ შეიძენს სოლიდურ აქციებს, მაგრამ გაზრდის თავის დეპოზიტს, მას მხარს აძლევს ის საბროკერო კომპანია, რომელშიც თრეიდერია ჩართული. ამის გარეშე თრეიდერი კონკრეტულ სფეროებში ვერ ივაჭრებს. როგორც წესი, თრეიდერი ძირითადად ერთი და იგივე ფინანსური ინსტრუმენტის აღმართ-დაღმართზე აკეთებს ფულს. ყველაზე ძლიერი თრეიდერები იმ ქვეყნებში არსებობენ, სადაც ძალიან ძლიერი და მსხვილი საფონდო ბირჟებია. როგორც „ხვანჭკარაა“ ჩვენი ქართული ბრენდი, ასეა ამერიკისთვის ბირჟა. შესაბამისად, ამერიკაში ყველაზე მეტი თრეიდერი ცხოვრობს. ძლიერი თრეიდერები არიან აზიის ქვეყნებში, ტოკიოში, შანხაიში, საიდანაც იწყება ბირჟის საქმიანობა. როდესაც დგება დრო, როცა ბირჟაზე შემოდის ამერიკა, შესაბამისად იწყება ძალიან ძლიერი ტალღები. ამერიკა იწყებს აგრესიულ ვაჭრობას, უფრო მეტიც, აზიისა და ევროპის ბირჟებიც კი არიან მოლოდინში – რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამერიკაში, სადაც პულსი ძალიან ინტენსიურია. არსებობენ ვიწრო სპეციალიზაციის თრეიდერები, რომლებსაც საქმეში მაშინ უშვებენ, როცა ბირჟებზე დიდი ტალღებია და ამ ტალღებში ცურვას თავს გაართმევენ.
– თრეიდერი საფონდო ბირჟაზე გამართულ ვაჭრობაში ფიზიკურად იღებს მონაწილეობას?
– მას, ვინც ფიზიკურად იღებს მონაწილეობას საფონდო ბირჟის ოპერაციებში, გავლილი აქვს მაღალი რანგის სწავლება. ნებისმიერ ბირჟაზე ყველა სახის ოპერაცია კაბინეტებიდან, კომპიუტერებიდან იმართება, განსაკუთრებით სასაქონლო. გამოცდილი თრეიდერები თანამშრომლობენ საბროკერო კომპანიებთან, რომლებიც ვაჭრობენ დარბაზს შიგნით. თუმცა, დარბაზი მაინც პირობითია, რადგან საბროკერო კომპანია ოპერაციაში ნებისმიერი ქალაქიდან შეიძლება იყოს ჩართული. თრეიდერის შრომა რუტინულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ფულის შოვნა სახლიდან გაუსვლელად ბევრი პროფესიის ადამიანს არ ძალუძს. არსებობენ ისეთ თრეიდერები, რომლებიც არიან შემსრულებელი სუბიექტები – გადაწყვეტილებები მიიღება ნიუ-იორკში ან სხვა რომელიმე დიდ ქალაქში. თრეიდერი იღებს დავალებას, იყიდოს და გაყიდოს ესა თუ ის აქცია ამა და ამ ფასად. თუ თრეიდერმა დავალება არ მიიღო, ის არაფერს აკეთებს. ნიუ-იორკის სათავო ოფისი ამ გზით ახორციელებს ინტერვენციას ბირჟაზე. როცა 100 000 ათასი თრეიდერია ჩართული ვაჭრობაში, ეს ბირჟაზე ძალიან დიდი ძალაა. ეს არის სამყარო, სადაც კარგი გაგებით, სპეკულანტები, აღმოაჩენენ რეალურ ფასებს, რომელსაც ვაჭრობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ბაზარზე სპეკულანტები არ მუშაობენ, ფასები ხელოვნურად იზრდება, სწორედ ამ პროცესს არეგულირებს თრეიდერი. ასე რომ, მსოფლიოს ცნობილი საფონდო ბირჟები არა მხოლოდ სახელმწიფოების და კონკრეტული ადამიანების მილიონებზე, თრეიდერის დიდ შრომაზეც დგას.
– როგორც ვიცი, თრეიდერს ყველაზე მეტად ფსიქოლოგიის ცოდნა სჭირდება. ხასიათზე რას იტყვით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ თრეიდერს?
– თრეიდერმა აუცილებლად უნდა იცოდეს ფსიქოლოგია. გამორიცხულია, რომ კარგი თრეიდერი აზარტული იყოს – მას დახარჯავს ბაზარი, დაფერთხავს და გამოუშვებს. სწორედ ასეთი, აზარტს აყოლილები კვებავენ ბაზარს. თრეიდერი, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იყოს ემოციური, ალკოჰოლის მოყვარული. ასეთი ადამიანი საქმიანობის დასაწყისშივე გაკოტრდება. ჩემი მეგობარი თრეიდერი სიგარეტსაც არ ეწევა, რადგან ეს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და დიდ დატვირთვას ვეღარ აიტანს. არსებობს მოსაზრება, რომ თრეიდერი დიდხანს ვერ ცოცხლობს, იმის მიუხედავად, წესრიგშია თუ არა მისი ემოციური მდგომარეობა. თრეიდერი პრაგმატულია, ეს არის აუცილებელი თვისება, რადგან ამ სფეროში ისეთი ტალღებია, თუ ადამიანი პრაგმატული არაა, ის სტრესულ გარემოს ვერ გაუძლებს. კარგ თრეიდერს აქვს მოჭადრაკის ფსიქოლოგია – არის დინჯი, ფლეგმატური და უყვარს ნაბიჯების გათვლა. სვლის გაკეთებამდე თრეიდერი ძალიან ბევრს ფიქრობს, ისე ნაბიჯს არ დგამს. თრეიდერმა შეიძლება, ზედაპირულად იცის მაკროეკონომიკა, ან რომელიმე მეთოდის არსი, მაგრამ იცის, ამ მეთოდის გამოყენება. ისტორიას ახსოვს ბევრი ცნობილი თრეიდერი, ერთ-ერთი მათგანი იყო რუსი ებრაელი ელდერი. მან სპეციალურად აითვისა ექიმის პროფესია, იმისთვის, რომ გემზე ემუშავა. ის მოხვდა იმ გემზე, რომელიც ნიუ-იორკთან ახლოს მივიდა. როცა გემი უკან უნდა დაბრუნებულიყო, ელდერი გემიდან გადახტა, გაცურა ნაპირამდე და თან წაიყოლა მხოლოდ ერთი წიგნი „როგორ ვივაჭროთ ბირჟაზე და როგორ გავხდეთ მილიონერი“. ის ოთხჯერ გახდა მილიონერი და ამდენჯერვე გაკოტრდა. ეს ისეთი სტრესია, ადამიანმა შეიძლება, ერთხელ ვერ გადაიტანოს. დღეს ელდერი ამ დარგის ერთ-ერთი ცნობილი თეორეტიკოსია. ბირჟაზე ვაჭრობდა აინშტაინიც, მას საკმაოდ დიდი შემოსავლებიც ჰქონდა. თრეიდერის წარსული აქვს ცნობილ მილიარდერ სოროსს. ის ვაჭრობდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. მის ცხოვრებაში იყო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – როდესაც სოროსს ჰქონდა წარუმატებელი პერიოდი, როგორც პირადი, ასევე საბროკერო, მან დაიბარა მსხვილი ინვესტორები და ყველას უთხრა: ჩემგან გაიტანეთ თქვენი ფული, მე ძალიან საშიშ დაღმართზე ვდგავარო. ამ ნაბიჯის წყალობით, გაიზარდა სოროსის გაცილებით მნიშვნელოვანი კაპიტალი – არის ნდობა. მას შემდეგ, რაც სოროსმა კრიზისს თავი დააღწია, იგივე ინვესტორებმა მასთან მიიტანეს გაცილებით მეტი თანხები.
– რა ხდება ცნობილი საფონდო ბირჟების კულისებში, რა წესები მოქმედებს იქ?
– ეს არის ძალიან საინტერესო სამყარო. კარგმა თრეიდერმა უნდა იცოდეს მუნჯური ენაც, რადგან მაშინ, როდესაც დარბაზში ქაოსი და ხმაურია, ადამიანები ერთმანეთს მუნჯური ენით – ხელებით აგებინებენ სათქმელს. ერთი და იგივე საბროკერო ფირმის წარმომადგენლებს ერთი და იგივე ფერის ქურთუკები აცვიათ. ეს ადამიანები ყველანი მილიონერები არიან. კონტრაქტები და შეთანხმება დაცული და გადაზღვეულია. ისინი დარბაზში ხშირად დგებიან ჟესტიკულაციით. ბევრმა არ იცის, რომ დარბაზში კეთდება ჩანაწერები. ალბათ, გინახავთ, როცა ადამიანები ძირს ყრიან პატარა ფურცლებს, რომლებზეც ხელი აქვთ მოწერილი გარიგების დასადასტურებლად. ამ ფურცლებს ხვეტენ და ინახავენ, რაც გარიგების ირიბი მტკიცებულებაა იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდა ამ გარიგების წამოწევა. ეს ფურცელი არის მყარი გარანტია, როგორც სასამართლოსთვის, ასევე ეთიკის თვალსაზრისით. თუ საჭირო გახდა, ხელმოწერის ექსპერტიზაც კი შეიძლება, ჩატარდეს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ტერმინალებმა, რომლითაც ყველა ბროკერია აღჭურვილი, ეს ფურცლები თითქოს ჩაანაცვლა. მაგრამ, ის მაინც რჩება ბირჟის „სავიზიტო ბარათად” და ამ სფეროს ტრადიციულ რელიკვიად.