კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუჩინარდა ქრისტინე იმედაძე და ვინ ქექავს მის ცხოვრებას

ქრისტინე იმედაძე დიდი ხანია, პრესის ფურცლებზე აღარ გამოჩენილა, რაც მის ცხოვრებაში მომხდარი რადიკალური ცვლილებებით არ არის გამოწვეული. პირიქით, საინტერესო არაფერი ხდებოდა და მოსაყოლიც არაფერი იყო. საოცარი, ცეცხლოვანი „ფლამენგოს“ შემდეგ კი, შეუძლებელია, სურვილი არ გაგჩენოდა, ზუსტად გაგეგო, რა ხდება ამ წითელ კაბაში გამოწყობილი, ვნებიანი მოცეკვავის ცხოვრებაში.

ქრისტინე იმედაძე: სულ ასეა. არის პერიოდი, როდესაც არაფერი ხდება და მერე უცებ, ერთიანად იწყება გადარბენები. ორი კვირის განმავლობაში, რამდენიმე გადაცემას ვესტუმრე. ძირითადად, ვმუშაობ ჩემს ჯგუფთან – სტეფანესთან და გოგოებთან ერთად. ჯგუფის თემებზე კი, ყოველთვის სტეფანე და კახუჩელა ლაპარაკობენ. ამიტომ, პირად ინტერვიუებში ამაზე საუბარი არ მიწევს. „იმედის დილაში“ ერთწლიანი მუშაობის გამო, მთლიანად დავშორდი სტუდიას და სიმღერას. მიუხედავად იმისა, რომ დილის ათ საათზე უკვე თავისუფალი ვიყავი, იმდენად უუნარო ვიყავი, მთელი წლის გამოუძინებელი, რომ ვერ ვახერხებდი, კიდევ დამატებით მუშაობას.

– კმაყოფილი ხარ „იმედის დილაში“ მუშაობით?

– ეს იყო ჩემი პირველი სამსახური, გარკვეულ დროზე მისვლის და კიდევ ბევრი სხვა ვალდებულებებით, რაც ძალიან მომწონდა. თან, ძალიან კარგ ხალხთან ვმუშაობდი. პირველი ჩემი გამოცდილება იყო მას შემდეგ, რაც ტელე-წამყვანის სპეციალობა დავამთავრე. მართალია, ნახევარზე მეტად ეთერში მეძინა, მაინც საოცრად ვივსებოდი. დილის ხუთ საათზე რომ ვდგებოდი და მივდიოდი სამსახურში ვამბობდი, მორჩა, ხვალიდან აქ აღარ მოვალ... საშინლად მეძინებოდა და მიჭირდა, მაგრამ შევიდოდი თუ არა ეთერში, ისეთ სიამოვნებას ვიღებდი, მართლა არ ვიცი, ამის ფასი რა შეიძლებოდა, ყოფილიყო.

– ჭორების ზღვამაც ხომ არ განაპირობა გარკვეულწილად, შენი გაუჩინარება?

– ჭორებს მიჩვეული ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს მართლა იყო სერიოზული შემოტევა. სულ ვეკითხები ხოლმე ამ ტიპის ჟურნალისტებს, მესმის, რომ ეს კარგად იყიდება, საინტერესოა, მაგრამ ხომ არ შეიძლება, სულ ჩემს ცხოვრებაში იქექოთ?! ისინი მპასუხობენ, რომ საჯარო პიროვნება ხარ და უნდა შეეგუო მსგავს ქექვას შენს ცხოვრებაში. კი ბატონო, ამაზეც არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ყველაფერი საჯაროა ჩემს ცხოვრებაში და რაღაცეები ხომ მაინც შეიძლება, დავიტოვო, ის, რაც ჩემს გულში, ჩემს ოჯახში ხდება. მესმის, რომ როდესაც პოპულარობის „პასუხისმგებლობას” იღებ საკუთარ თავზე, ეს კიდევ ბევრ სხვა რაღაცას გულისხმობს. ჭორებიც, შენი ცხოვრების საჯაროობაც, არის ერთგვარი საფასური, რომელსაც პოპულარობის გამო იხდი. იწერება ისეთი რაღაცეები, რაც საერთოდ არ შეეფერება სიმართლეს. რომც შეეფერებოდეს, ყველაფრის გამოტანა, არ შეიძლება.

– მძიმე არ არის?

– მძიმე არ არის მაშინ, როდესაც შენს ცხოვრებაში ყველაფერი ლამაზადაა, სიმშვიდე გაქვს. სულ დალაგებული და უპრობლემო ცხოვრება არავის აქვს, მაგრამ მთავარია, სულიერი სიმშვიდე, არა?! თუ შენ მშვიდად ხარ, შენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას აკონტროლებ, მაშინ მსგავსი რაღაცეები აღარ გედარდება და გერთულება. თან, არის რაღაცეები, რაშიც თვითონ მინდა, გავერკვე, მაგრამ, სანამ მე გავერკვევი, შენ უკვე ამას მიწყვიტავ და მიკანონებ.

– ამის გამო რამე გაგფუჭებია?

– იცი რა? უცებ შენი ახლობლები იგებენ შენზე ისეთ ინფორმაციას, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს და იწყებენ ფიქრს – თუ ეს ხდება, რაც მათთვის ძირეულად მიუღებელია, ამის შესახებ მათ როგორ, არაფერი იცოდნენ?! მიწევს თავის მართლება, ახსნა თუ რაღაც მსგავსი და ამ ყველაფრით მიჩნდება დამატებითი საქმე. მაგრამ, რა ვქნა, აქტუალური ხარ და ხალხს აინტერესებო! წერონ თუ აინტერესებთ.

– რეალურად, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– სიმშვიდეა. დღეს ჩემი მთავარი პირადი ცხოვრება ჩემი შვილი და ოჯახია. ძალიან კარგი შვილი მყავს, გადასარევი დედა, ოჯახის წევრები და ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ამ მხრივ სიმშვიდეა, სხვა დანარჩენი კი არ მაინტერესებს.

– პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, რატომ ხდება, რომ შვილით შემოიფარგლება მხოლოდ პირადი ცხოვრება? იმედგაცრუებული ხდები?

– იმედგაცრუებაში არ არის საქმე. სხვასთან როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, გეტყვით, რაც მოხდა. თუ ადრე, მთავარი საზრუნავი ჩემი თავი იყო – პირადი ცხოვრება აუცილებლად უნდა მომეწყო, ყველა ქალს ეს მხარე მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, დღეს უპირობო პრიორიტეტი ჩემს შვილს აქვს. დილით რომ ვიღვიძებ, სწორედ მას ვხედავ, მასზე ზრუნვით იწყება ყოველი დღე. ვინ შეიძლება, უფრო მეტად მიყვარდეს ან უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყოს ჩემთვის. მას იმდენი ენერგია, ყურადღება და სიყვარული სჭირდება, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ გრჩება. კი არ ვწუწუნებ, პირიქით, ეს არის მთავარი სიამოვნება და მისგანაც იმდენ ენერგიას და სიყვარულს ვიღებ, ამდენს ვერც ერთი ჩემი საქმიდან თუ სხვა ურთიერთობიდან ვერ მივიღებ. რასაც დღეს ვაკეთებ – ვდგები, მივდივარ, სიმღერას ვწერ, კონცერტზე გავდივარ, ყველაფერი ჩემი შვილისა და მისი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ხდება. ამან განაპირობა ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

– როგორი შეგრძნებაა, როდესაც ყველაზე სასურველი ხარ?

– ძალიან კარგი შეგრძნებაა, რატომ უნდა იყოს ცუდი?! მაგრამ, დღეს ბევრად უფრო გამიხარდებოდა, ასეთივე კარგი შეფასება მქონოდა ჩემს საქმესთან, პიროვნულ თვისებებთან, ინტელექტთან დაკავშირებით. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ესეც ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაინც სურვილი გაქვს, რომ ადამიანებმა სხვა კუთხით დაგინახოს.

– შენი ამ კუთხით აღქმა მხოლოდ იმ კლიპმა განაპირობა, სადაც პერანგით ხარ.

– შეიძლება. მიმზიდველობას, სასურველობას, არ განაპირობებს მაინცდამაინც ის, რომ მოშიშვლებული გული და ფეხი გქონდეს. თუ ხარ ასეთი, თუ ეს შენ შიგნით არის, ეს როლინგსა და ჯინსებშიც გადასარევად იცნობა. სპეციალურად მოხდილი და გადახდილი, ვულგარულობაში გადადის, რაც არასდროს მომწონდა. ჩემს თავზე არ მომწონს, თორემ როდესაც არტისტი ხარ, მომღერალი, მსახიობი თუ მოდელი, ეს ყველაფერი სცენას, ჟურნალს, გადაღებას უხდება. მსახიობი, როდესაც კახპას ან მოლარეს, თამაშობს, იმას ხომ არ ნიშნავს, ცხოვრებაშიც ასეთივეა. ის იმ წუთში იბადება და კვდება. კლიპში, რომ ვარდისფერი ტყავის კორსეტი მაცვია, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს ჩემი „ობრაზი” და ხასიათია ცხოვრებაშიც. მსგავსად ჩაცმულს, ხომ ვერსად მნახავ. ჩემთვის ეს კლიპის იმიჯი უფრო ბარბულია, ვიდრე გამომწვევი.

– გქონია ისეთი შემთხვევა, როცა როგორც ბარბის, ისე გიყურებდნენ?

– სანამ გამიცნობდნენ – კი. სანამ გამიცნობენ ვარ გოგონა ყდიდან, გოგონა ტელევიზორიდან... გოგონა! რომ გამიცნობენ, მერე ხვდებიან, რომ გაცილებით ღრმა ადამიანი ვარ, ვიდრე უბრალოდ „ფუტლარი”. შეფასება – „სასურველის“ კიდევ იმიტომ არ მომეწონა, რომ ამას გარდა, მგონია, კარგი ადამიანი ვარ და შინაგანი მოთხოვნილება მაქვს, კიდევ მეტი დაინახონ ჩემში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სხვათა შორის, ჩემს მეგობრებსაც იგივე დამოკიდებულება აქვთ. სასურველობის ამბავი რომ განიხილებოდა, ყველამ ერთხმად თქვა, რატომ არ აღინიშნა, მაგალითად, გემოვნება რომ გაქვს, რაღაცა რომ გაგიკეთებია, რაღაცა რომ წაგიკითხავს. ეს რატომ არ იციან?! ამის გამო მწყდება გული, თორემ ესეც მშვენიერი ამბავია და ძალიან გამიხარდა.

– ანუ, როგორია რეალურად ქრისტინე?

– არ ვიცი, ძალიან ჩვეულებრივი გოგო, რომელიც უპირველესად, არის დედა. დღის უმეტეს ნაწილს ვატარებ ჩემს შვილთან. სანამ ის ბაღშია, სტუდიაში მივდივარ სამუშაოდ. ეს თუ არა, ან გადაღებაა ან რაღაც მსგავსი. საღამოს თუ სადმე მიწევს წასვლა, თუ შესაძლებელია, ტაისიაც მიმყავს, რადგან ძალიან მინდა, მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ ერთად. სადღაც საქმეც რომ მაქვს თუ პრეზენტაციაზეც რომ ვარ მისასვლელი, თან დამყავს. თვითონაც გიჟდება ხალხმრავლობაზე და გადასარევად გრძნობს თავს. მიყვარს სახლში ყოფნა, ვგიჟდები. მეგობართან სახლში სტუმრობა უფრო მიყვარს, ვიდრე სადმე, კლუბში გართობა. სახლის გოგო უფრო ვარ. საერთოდ, მგონია, რომ, თუ ადამიანს სახლში კომფორტი აქვს, მაშინ ყოველდღე კლუბში ყოფნას, სახლში ურჩევნია. იმ გართობიდან არაფერი არ მოდის. სახლში კიდევ ბევრად უკეთესი რაღაცეებით შეიძლება, დაკავდე. თუ ბავშვს სძინავს, წიგნს ავიღებ, წავიკითხავ. რაღაც გამახსენდება და კომპიუტერში ინფორმაციას მოვქექავ.

– რას კითხულობ?

– ზაფხულში რაღაც ფსიქოლოგიური წიგნის კითხვა დავიწყე, სადაც ბევრჯერ იყო ნახსენები კასტანედას „საუბრები დონ ხუანთან” და – მაგალითები იქიდან. ამიტომ, გადავერთე კასტანედაზე, რომ გამეგო რატომ იყო „ლინკები” იმ წიგნში და ის დავამთავრე. საერთოდ, კი ვგიჟდები ზღაპრებზე. შეიძლება რამდენჯერმე წავიკითხო ერთი და იგივე ზღაპარი. იმიტომ რომ, ამ ზღაპრის მიღმა რაღაც ინფორმაციებს „ვიკიპედიაში” ვეძებ. ვკითხულობ ამა თუ იმ შეფასებებს, მიმოხილვას, თუ რა დევს ამ ზღაპარში. ჩემი კვლევები მაქვს. ზღაპრებში უამრავი ისეთი სიღრმეა, რომელსაც ასაკში უფრო იგებ. მიყვარს ზღაპრები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება, წაიკითხო და სულ სხვადასხვანაირად გესმის. როგორიცაა მაგალითად, „პატარა უფლისწული”, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში” და სხვა.


скачать dle 11.3