პოლიტიკური კალეიდოსკოპი
რაულ კასტრო 13 წლის შემდეგ
კომპარტიის სხდომას ატარებს
კუბის ლიდერმა, რაულ კასტრომ, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში პირველი კომუნისტური პარტიის სხდომის ჩატარების თარიღი გამოაცხადა. კუბის კომუნისტური პარტიის რიგით მეექვსე სხდომა 2011 წლის აპრილში გაიმართება, სადაც კუბის ეკონომიკის მოდერნიზაციის მოდელების საჯარო განხილვა გაიმართება. უკანასკნელად კომუნისტური პარტიის სხდომა კუბაში 1997 წელს ჩატარდა, ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ფიდელ კასტრო თანამდებობაზე მისმა ძმამ – რაულმა შეცვალა.
ჯორჯ ბუში გერჰარდ
შროდერს აკრიტიკებს
ახლახან გამოცემულ მემუარებში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ძველი წყენა გაუხსენა გერმანიის ექსკანცლერს და წიგნის გარკვეული ნაწილი მის კრიტიკას დაუთმო. კერძოდ, ამერიკის ექსპრეზიდენტმა გაიხსენა ის შეხვედრა, როდესაც გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა შროდერმა ერაყში მოკავშირე ჯარების შესვლას დაუჭირა მხარი და სამხედრო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. თუმცა, სამშობლოში დაბრუნებულმა შროდერმა საპირისპირო სვლა გააკეთა და ჟაკ შირაკთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად, მოკავშირე ძალების საწინააღმდეგო პოლიტიკა ააგორა. საინტერესოა, რომ გერჰარდ შროდერის 2007 წელს გამოცემულ მემუარებში საერთოდ არაფერია ნათქვამი ჯორჯ ბუშისთვის მიცემულ პირობაზე.
შვედეთის მეფე სექსუალურ სკანდალში გაეხვია
შვედეთის მეფის, კარლ მეთექვსმეტე გუსტავის გარშემო სექს-სკანდალი აგორდა: გასულ კვირას შვედეთში გამოიცა წიგნი „კარლ XVI გუსტავი – მონარქი იძულებით“, სადაც ავტორი მეფის ახალგაზრდობის დროინდელ ამბებზე მოგვითხრობს. ავტორი ირწმუნება, რომ კარლ გუსტავი ახალგაზრდობაში ლოთური დროსტარების და მეძავებთან გართობის მოყვარული იყო. გარდა ამისა, წიგნში მოყვანილია ფაქტები მეფისა და სერბი განგსტერის – მილე მარკოვიჩის კავშირის შესახებ. კერძოდ ძებნილი მაფიოზი სხვადასხვა დროს მეფის პატივსაცემად წვეულებებს მართავდა, სადაც ათობით მეძავი მეფესთან ერთად შამპანურით გავსებულ ჯაკუზში ერთობოდა. წიგნში ასევე მოხსენიებულია კარლ გუსტავის საყვარელი, წარმოშობით ნიგერიელი მოდელი, კამილა ჰენემარკი. მეფის პრესსამსახურს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, ხოლო, შვედური პრესის ვერსიით, სამეფო ოჯახმა წიგნში მოყვანილი ფაქტები სიძველის გამო საინტერესოდ არ მიიჩნია.
ვლადიმირ პუტინი გავლენას კარგავს
ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების 2010 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე იმყოფება ჩინეთის ლიდერი – ხუ ძინ ტაო; მეორე პოზიცია დაიკავა ბარაკ ობამამ, რომელსაც გასულ წელს პირველი ადგილი ეკავა; მესამეზეა საუდის არაბეთის მეფე, აბდულა იბნ აბდელ-აზიზი, ხოლო ვლადიმირ პუტინი მეოთხე პოზიციაზე გავიდა. პირველ ათეულში, ასევე, მოხვდნენ: ანგელა მერკელი, ბენედიქტე მეთხუთმეტე, დევიდ კამერონი და ბილ გეითსი; სილვიო ბერლუსკონი, ნიკოლა სარკოზი და ჰილარი კლინტონი მეორე ათეულში მოხვდნენ, ხოლო მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი გავლენიანთა შორის 57-ეა.
ელიზაბეთ მეორის „ფეისბუქს“ უწმაწური კომენტარებისგან წმენდენ
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეთ მეორის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის მოდერატორები იძულებულნი იყვნენ, 60 ათასამდე შეურაცხმყოფელი კომენტარი წაეშალათ. კომენტარებში ინტერნეტ-მომხმარებლები ძირითადად სამეფო ოჯახის მიმართ ზიზღსა და მათი ცხოვრების წესით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, თანაც საკმაოდ უცენზურო ფორმაში, რის გამოც აუცილებელი გახდა, წაშლილიყო კომენტარების გარკვეული რაოდენობა. საინტერესოა, რომ მსგავსი უწმაწური კომენტარები დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის – გორდონ ბრაუნის „ტვიტერის“ გვერდზეც დაფიქსირდა, თუმცა, დედოფლისგან განსხვავებით, ბრაუნის პროფილს არ ჰყავს მოდერატორი და ექს-პრემიერმა საკუთარი ხელით წაშალა რამდენიმე ასეული შეურაცხმყოფელი კომენტარი.