მიძღვნა
რა კაცს ვყვარებივართ!
როგორც გაირკვა, კიდევ ერთხელ გაგვიმართლა, რადგან ჯორჯ ბუშის მემუარებში არა მხოლოდ მოვხვდით, ერთი თავიც კი მოგვეძღვნა. თუმცა ჩვენ რა, ვარდების რევოლუციას მიეძღვნა. აშშ-ის აწ უკვე ყოფილი ლიდერი ასე აღწერს სახელისუფლო გადატრიალებას: „მიხეილ სააკაშვილი სესიის გახსნისას პარლამენტში შევარდა და ათასობით შეკრებილს უთხრა, ეს თავყრილობა უკანონოა, რადგან გაყალბებული არჩევნების შედეგადაა არჩეულიო. პრეზიდენტმა ედურად შევარდნაძემ იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა და გადადგა.“ ჯორჯ ბუში არც იმას მალავს, რომ ბუქარესტის სამიტზე (რომლის წინათ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად გვარწმუნებდა, თავი ნატოში გვაქვსო) „ჩვენ კომპრომისზე შევთანხმდით – ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას არ მივანიჭებდით „მაპს“, მაგრამ განვაცხადებდით, რომ მათ ნატოს მომავალი წევრების სტატუსს მივცემდით.“ ბუნებრივია, აშშ-ის პრეზიდენტი გვერდს ვერც აგვისტოს ომს აუვლიდა. შესაბამისად, პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარიც გაიხსენა და არც იმას გვიმალავს, რომ ომის დაწყების ცნობის მიღებისთანავე დაუნახავს, ჩინეთის პრეზიდენტთან მისასალმებელ რიგში ჩამდგარი პუტინი, მაგრამ „გადავწყვიტე, იქ არ იყო ადგილი ფარული დიპლომატიისთვის“, ამიტომაც სასტუმროდან დაურეკავს მედვედევისთვის და რჩევაც მიუცია: „თქვენი მოქმედების არაპროპორციულობა მსოფლიოს თქვენ წინააღმდეგ განაწყობს“ (და მერე რა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ბუში ჯარებს დაახმარდა). ჯორჯ ბუშის შეშფოთებას კი მეტად მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონია: „დიდად მაშფოთებდა ის, რომ რუსებს შეეძლოთ თბილისისთვის შეეტიათ და საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოეგდოთ.“ თუკი შედეგით ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ჯორჯ ბუშს თავისი შეშფოთებისთვის მალამო უშოვნია, რადგან რუსებს ჩვენს დედაქალაქზე იერიში არ მოუტანიათ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: „მედვედევმა მითხრა, სააკაშვილი სადამ ჰუსეინის მსგავსია, მან უმიზეზოდ წამოიწყო ბარბაროსული იერიში და 1 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი დამიხოცაო. მე მივუგე, იმედია, თქვენ საპასუხოდ ამდენივეს დახოცვას არ აპირებთო“. ამ დიალოგიდან აშკარაა, რომ შემოდგომის წიწილებივით გვითვლიდნენ. ბუნებრივია, მომხდარის მეტ-ნაკლებად სრული სურათი მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნება, როდესაც იმ საქმეში მონაწილე ყველა პრეზიდენტი გამოაქვეყნებს მემუარებს (სავარაუდო ჭეშმარიტებასაც სწორედ მათი გადაკვეთის ადგილას მივაგნებთ).
მანამდე კი, „დემოკრატიის შუქურის“ შემოქმედი ასკვნის, რომ „საქართველოს მოქალაქეები თავისუფალ ადამიანებად ვარდების რევოლუციის შემდეგ იქცნენ“. რაკი ბ-ნი ბუში არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს „თავისუფალ ადამიანებში“, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული თავისუფლება“ სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ყველაფერში ეთანხმები საკუთარ ხელისუფლებას. მაგრამ, ასეა თუ სხვაგვარად, ერთი რამ ცხადია, „რა კაცს ვყვარებივართ“!