ლავრენტის კვალში
„აგრე ვიცის“ განათლების სამინისტრომ!
ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა „დიდოსტატის მარჯვენა“ განათლების მინისტრის სამაგიდო წიგნი (უბრალოდ არ ვკადრულობ, ეჭვი შევიტანო, აქვს თუ არა წაკითხული-მეთქი), მაგრამ ფაქტია, რომ მეფე გიორგისეული ხედვა მისთვის უცხო არ არის. კერძოდ, მას შემდეგ, რაც იმ მეთორმეტეკლასელების სკოლის დირექტორებს, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებში იღებდნენ მონაწილეობას, გადადგომის შესახებ განცხადებები დააწერინეს (თუმცა, დირექტორებისვე განმარტებით, განცხადებები უკვე დაწერილი დახვდათ, მათ უბრალოდ ხელი უნდა მოეწერათ), ბრძანა, სამინისტრო არ ერევა დირექტორების გადადგომა-გადმოდგომაშიო (ზუსტად ასე, ომში არას მკითხავს სპასალარიო, თუმცა არ ჰკითხავს და კაი ჩიტსაც დაიჭერს!). საინტერესოა, რომ სამინისტროს მიერ შერისხული რვა დირექტორიდან (მათგან შვიდი მამაკაცია), გადადგომის შესახებ განცხადებას მხოლოდ ერთადერთმა არ მოაწერა ხელი და ისიც ქალბატონმა! თუმცა სამინისტრომ, როგორც მოსალოდნელი იყო, „გეგმა B“ აამოქმედა: კერძოდ, ქ-ნი მაია გიორგაძის ქმარს, რომელიც, ასევ, სკოლის დირექტორია, განუმარტეს, რომ, თუკი მისი ცოლი არ გადადგებოდა, ორივე მათგანის დაქვემდებარებულ სკოლაში გენინსპექციას მიუშვებდნენ (ასე ბრძანებს ქ-ნი გიორგაძის მეუღლე). რაკი არც „გეგმა B-მ“ გაამართლა, სამინისტრო „გეგმა C-ზე“ გადავიდა და, დაპირებისამებრ, ორივე სკოლას გენინსპექცია მიუშვა. ამ საკითხის კომენტირებისას, ბ-ნ შაშკინს მეფე გიორგისეული პათოსი აღარ გამოუყენებია და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვამცნო, რომ სამინისტროს აქვს სკოლების შემოწმების უფლება. რა თქმა უნდა, აქვს, ოღონდ არა ზეწოლის მიზნით. მე რომ მკითხოთ, სამინისტრომ ეს ოპერაცია უნდა დაასრულოს გეგმით, რომლის კოდური სახელწოდება იქნება: „ბარბაროსა“. კერძოდ, სკოლების წინ სახელდახელო სახრჩობელები უნდა მოეწყოს, გარშემო მანდატურები დადგნენ და დირექტორები საჯაროდ და საჩვენებლად ჩამოახრჩონ, შეიძლება, ერთი-ორი მოსწავლეც მივაყოლოთ (ვფიქრობ, ჩემი ეს გეგმა სამინისტროს ზემომოყვანილ სამივე გეგმას ჯიბეში ჩაისვამს!).
ჩვენთვის უცნობია, რატომ იკრძალება საქართველოში აზრის გამოხატვა, სამაგიეროდ, ზემომოყვანილი ისტორია იწვევს ნაცნობ ასოციაციებს: გასული საუკუნის 30-იან წლებში დასახვრეტთა ცოლებს აიძულებდნენ, ქმრები ჯაშუშურ საქმიანობაში ემხილათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციმბირში გადასახლებით ემუქრებოდნენ! სწორედ ამ რეპრესიის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად შექმნა ვარდების ხელისუფლებამ „ოკუპაციის მუზეუმი“, ჰოდა, წესით, ან ის მუზეუმი უნდა გვქონდეს, ან ლავრენტი ბერიას მეთოდებს, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე განათლების სამინისტრომ მაინც უნდა დაანებოს თავი!