გაარჩევს თუ არა ქართული ნაგვის გატანის საქმეს ევროსასამართლო და რატომ დაევალა, მაინცდამაინც, რუსულ კომპანიას საქართველოს აბონენტების დასჯა
ურჩ გადამხდელთა მოსარჯულებლად პირველი დეკემბრიდან ძალაში შედის სიტყვათა ლამაზად შეხამებული ინიციატივა: გადასახადების კოორდინირებულად ამოღების შესახებ, რაც მარტივ ენაზე იმას ნიშნავს, რომ მას, ვინც დასუფთავებისა და წყლის გადასახადებს არ გადაიხდის ან დავალიანება აქვს, ელექტროენერგია გაეთიშება. მეორე მხრივ, თვით ურჩ გადამხდელთათვისაც კი დღესავით ნათელია, რომ წყალმომარაგებისა და დასუფთავების სამსახურებს უჭირთ გადასახადების ამოღება იმ მარტივი მიზეზით, რომ აბონენტს მომსახურებას ვერ უწყვეტენ. არის თუ არა სამართლიანი გადასახადების კოორდინირებულად ამოღების შესაბამისი კანონი (ამ ლოგიკით, თუკი კანონში ჩავწერთ, რომ ურჩი აბონენტი თავისსავე მრიცხველთან დავხვრიტოთ, ესეც კანონიერი ქმედება იქნება), მოდის თუ არა ჰარმონიაში საქართველოს კონსტიტუციასთან და დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობებთან, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ გადასახადების გადახდაც დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქის ფასეულობაა, თემაზე ყოფილი ენერგოომბუდსმენი და ადვოკატი დავით ებრალიძე გვესაუბრება.
– ერთი მხრივ, თითქოს დგას პრობლემა, რომ წყალმომარაგებისა და დასუფთავების კომპანიებს არ აქვთ ბერკეტი, ამოიღონ დავალიანება გადამხდელებისგან და, ამდენად, რატომაც არ შეიძლება, რომ ელექტროენერგიის კომპანია დაეხმაროს მათ, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ კანონის მიღება არღვევს კერძო სამართლის ურთიერთობების პრინციპებს, რადგან, თუ მე მემსახურება კონკრეტული კომპანია და მასთან პირნათელი ვარ, რა უფლება აქვს ამ კომპანიას, სხვა კომპანიის გამო მომთხოვოს პასუხი?! შესაბამისად, ეს კანონი წინააღმდეგობაშია კერძო სამართლის ურთიერთობებთან.
– უფრო კონკრეტულად, რომელ კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში ახლად გამომცხვარი კანონი?
– ვალდებულებით სამართალთან, სადაც განმარტებულია, თუ რა ურთიერთობის პრინციპებია სუბიექტებს შორის. თუ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა გარკვეულ პრინციპებზეა აგებული და ეს მომსახურება დაკმაყოფილებულია, მესამე პირისადმი ვალდებულებები ვერ გახდება ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი. ეს მიდგომა ანალოგიურია კომუნალური აღრიცხვის პრინციპისა: მართალია, ერთი მხრივ, ამან მოაგვარა ეს სისტემა, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან უსამართლო პრინციპია, რადგან იჩაგრებოდნენ კარგი გადამხდელი აბონენტები.
– როგორც განმარტეს, „თელასსა“ და „ენერგოპროჯორჯიას“ მიენიჭებათ ადმინისტრატორის ფენქცია. ისინი საზოგადოებრივ საწყისებზე შეასრულებენ, როგორც „ლეიბორისტებმა“ უკვე უწოდეს ენერგოჯალათის ფუნქციას თუ მატერიალური დაინტერესებაც არის?
– არა, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები მიიღებენ ანაზღაურებასაც, რომ დაინტერესებული იყვნენ მონაწილეობით. რადგან ეს მათ მაინც შეუქმნის პრობლემებს.
– რატომ?
– ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე წყლისა და დასუფთავების გადასახდელის გადამხელთა რაოდენობა. როგორც კი, ელექტროენერგიის კომპანია დაავალდებულებს მათ, რომ აბონენტებმა, ასევე, უნდა დაფარონ წყლისა და დასუფთავების გადასახდელებიც, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს უფრო მეტის გადახდა მოუწევს. შესაბამისად, რაკი ასეთი ადამიანი უფრო ცოტაა, ვიდრე მხოლოდ ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელი იყო, შესაძლოა, დიდი ალბათობით, პრობლემები შეიქმნას ყველა ამ გადასახადის გადახდაში.
– შეიძლება, დაიკლოს ელექტროენერგიის მოხმარებამ?
– რა თქმა უნდა. შესაძლებელია, პრობლემები ამ კუთხითაც შეიქმნას, მაგრამ მთლიანობაში, ეს ეფექტს მოუტანს ყველა კომპანიას, ოღონდ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უსამართლო კანონია.
– განვმარტოთ: დასუფთავებისა და წყალმომარაგების კომპანიები იხეირებენ იმით, რომ აბონენტები გადაიხდიან მათ გადასახადსაც, „თელასი“ კი იმით, რომ ანაზღაურებას მიიღებს ამ საქმეში მონაწილეობისთვის?
– „თელასისთვის“ ეს ხეირი კი არა, გარკვეული კომპენსაცია იქნება იმ დანაკლისისთვის, რაც მას ნებისმიერ შემთხვევაში გაუჩნდება, ოღონდ ეს ყველაფერი მიიღწევა პიროვნების კერძო ინტერესების ხარჯზე. აქ შემოდის ღირებულებების თემა: თუკი ევროპაში აღიარებულია ადამიანის უფლებები, ჩვენ ამ ღირებულებებისგან განსხვავებულ ღირებულებებს ვაწესებთ. ეს იმას ჰგავს, როდესაც ევროპელისთვის, თუ კრიმინალს დანაშაულზე არ წაასწრებენ, მისი დაჭერა მიუღებელია და არც შეიძლება. ჩვენთან კი შემოვიღეთ კანონი, რის მიხედვითაც, არ არის აუცილებელი, კრიმინალს კრიმინალზე წაასწრო, თუ ის იმ სამყაროს წარმომადგენელია, ეს საკმარისია მის დასაჭერად. ეს კანონი ჩვენს საზოგადოებას მოსწონს, იმიტომ რომ ამან შეამცირა კრიმინალი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს პრობლემებს ქმნის ადამიანის უფლებების მხრივ. ასე რომ, ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ამ კანონის შემოღებით, განსაკუთრებული რამ ჩავიდინეთ, უბრალოდ ჩვენ ხელი ავიღეთ დასავლურ ღირებულებებზე, თორემ განა დასავლეთს არ შეეძლო, ასეთი გზით წასულიყო და ამ მეთოდით ებრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ?! მაგრამ, მათი აზრით, პიროვნების უფლებები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინტერესები.
– დასავლეთის მოდელში: ადამიანი – სახელმწიფო, პრიორიტეტს სწორედ ადამიანს ანიჭებს, ჩვენთან პირიქითაა.
– ადამიანის მე, ღირსება, პიროვნება და მისი უფლებები ჩვენთან მეორე პლანზეა გადატანილი, სამაგიეროდ, წინა პლანზეა ზოგადსახელმწიფოებრივი ინტერესები.
– თუმცა ისიც სათქმელია, ალბათ, საბოლოო ჯამში, არის თუ არა სახელმწიფოებრივი ინტერესი პიროვნების დაჩაგვრა? ამ შემთხვევაში გადასახადების კოორდინირებულად ამოღების ნაწილს ვგულისხმობ.
– პარლამენტი, როდესაც ამ კანონს იღებდა, ადამიანების დაჩაგვრაზე არ ფიქრობდა. მათი გადმოსახედიდან სავსებით ლეგიტიმურია, რომ, თუ ადამიანი არ იხდის გადასახადებს, რატომ არ შეიძლება, არსებობდეს ასეთი შემხვედრი ბერკეტი?!
– ეს კი აჩენს არანაკლებ შემხვედრ კითხვას: როდესაც პენსია არ უდრის საარსებო მინიმუმს, ისე დათვლილსაც კი, რომელშიც არ არის გათვალისწინებული კომუნალური და ჯანდაცვის მომსახურების ხარჯები, აქვს სახელმწიფოს უფლება, გადამხდელს გადასახადების კეთილსინდისიერად გადახდა აიძულოს?
– ამას სხვა მაგალითსაც დავუმატებ: თუ სახელმწიფო აღიარებს მიდგომას, რომ ერთი დავალიანების გამო მეორე მომსახურება გაუთიშოს მომხმარებელს, თვითონ რატომ არ აკეთებს იმავეს და მეწარმეს ერთი სახის გადასახდით არ უფარავს მეორე სახის ვალდებულებას?! როდესაც დღგ-ს მეტობა აქვს ამა თუ იმ მეწარმეს, რატომ არ უფარავს ამ მეტობით სხვა გადასახადის დავალიანებას?! აქ არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც, ჩემი აზრით, კანონმდებლებს არ უფიქრიათ, როდესაც ამ კანონს იღებდნენ. მაგალითად, თუკი ადამიანი უკმაყოფილოა დასუფთავების მომსახურებით და უნდა, რომ არ გადაუხადოს გადასახადი და ედავოს კომპანიას...
– წყლის მაგალითი, მგონი, უფრო თვალნათელი იქნება: წყალი თბილისშიც კი რამდენიმე რაიონს გრაფიკით მიეწოდება.
– რა თქმა უნდა. ადამიანს უნდა რომ ედავოს ამა თუ იმ კომპანიას და მოითხოვოს კანონით მინიჭებული უფლებების შესრულება. რა გზით უნდა მიაღწიოს ამას? რა თქმა უნდა, სასამართლოს გზით, მაგრამ, თუ ეს ადამიანი მიმართავს სასამართლოს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სასამართლო პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია და ეს ადამიანი ამ კანონის წყალობით გაუსაძლის ვითარებაში მოექცევა.
– მაშინვე ჩააბნელებენ.
– მაშინვე გაეთიშება ელექტროენერგია. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვაყენებთ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი გაუჩნდება, რომ თავისი უფლებები დაიცვას?! საწყისშივე ვკლავთ ყოველგვარ ინიციატივას, რომ ადამიანმა იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის. არადა სასამართლოსთვის მიმართვა არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება.
– მით უფრო, რომ ჩვენთან ძალიან მოდურია გამონათქვამი: თუ რამე არ მოგწონთ, გადაწყვიტეთ ცივილიზებულად და მიმართეთ სასამართლოსო.
– ჩვენ კი ისეთ მდგომარეობაში ვაყენებთ ადამიანებს, რაც გამორიცხავს იმის სურვილის წარმოშობასაც კი, რომ სასამართლოში იდავოს, იმიტომ რომ ის მაშინვე ჯოჯოხეთში აღმოჩნდება.
– ადმინისტრატორებად არა მხოლოდ ელექტროენერგიის გამანაწილებელი, არამედ გაზგამანაწილებელი კომპანიებიც სახელდებოდა. რატომ ამოვარდა ამ სქემიდან დასჯა გაზის გათიშვით?
– „თელასს“ ავტომატიზებული აქვს გამორთვის მექანიზმები, მრიცხველები გარეთაა გატანილი, ამიტომაც შეირჩა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები. თუმცა საინტერესოა, იქ, სადაც კომუნალური აღრიცხვის პრინციპია, როგორ მოხდება გადასახადების კოორდინირებულად ამოღება. თუ ერთი ადამიანი არ გადაიხდის წყლის ან დასუფთავების გადასახადს, მთელ უბანს გაეთიშება ელექტროენერგია?!
– სავარაუდოდ, ზუსტად მასე მოხდება.
– მეორე მხრივ, ხელისუფლების აზრით, ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ კომპანიებს შემოსავლები გაეზრდებათ და ეს თანხა ისევ ამ კომპანიების განვითარებას მოხმარდება. სხვათა შორის, აქაც დგას არჩევნის თემა. ჩვენს პრეტენზიებს ხელისუფლება, ალბათ, ასეთ პასუხს გასცემს: იმისთვის, რომ დასუფთავებისა და წყლის კომპანიას გადასახადის ამოღების მექანიზმები შევუქმნათ, საჭიროა, ინვესტიციები და ეს იმოქმედებს ტარიფებზე. რა გირჩევნიათ: ტარიფები გაიზარდოს და გადასახადების ინდივიდუალურად ამოღება იყოს უზრუნველყოფილი, თუ ტარიფი იგივე დარჩეს და ასეთი მექანიზმებით მოვახდინოთ გადასახადების ადმინისტრირება. ანუ აქაც საზოგადოების არჩევანია – რა არის მისთვის პრიორიტეტი: ადამიანი და ამისთვის მეტი ხარჯი გაიღოს თუ ჯობია, ისევ მცირე დარჩეს გადასახადი და ასეთი დრაკონული მეთოდები იყოს ჩართული. ამ არჩევნის წინაშე აშკარად დგას საზოგადოება.
– მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე თავის ინტერვიუში ამბობს, რომ კანონით არ არის განსაზღვრული, როგორ მოექცევიან დავალიანების მქონე აბონენტებს: მხოლოდ მიმდინარე გადასახადებზე გავრცელდება ეს სადამსჯელო კანონი თუ დავალიანების მქონეებზეც?
– კანონი არაფერს ამბობს, მხოლოდ მიმდინარე გადასახადს შეეხება ადმინისტრირება, თუ ძველ დავალიანებასაც. სავარაუდოდ, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, როგორც, თავის დროზე, „თელასი“ და „ყაზტრანსგაზი“ აკეთებდა. შესაძლოა, გადაუნაწილონ დავალიანება. რაც მთავარია, კომპანიებმა აბონენტებზე ზემოქმედების ბერკეტი დაიჭირეს ხელში და ამის შემდეგ, როგორც თვითონ გადაწყვეტენ, ისე იმოქმედებენ.
– თუკი ექნებათ საშუალება, რატომ არ უნდა ამოიღონ ძველი დავალიანებები?
– იღებენ კიდეც. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებამ ეფექტი უკვე გამოიღო და აბონენტებმა დაიწყეს დავალიანებების გადახდა.
– საზოგადოების არჩევანი ახსენეთ: თუკი ადამიანები მაშინ იწყებენ გადასახადების გადახდას, როდესაც მათ წინააღმდეგ ძალისმიერ მეთოდს იყენებენ, ამით თავადაც ხომ არ უბიძგებენ სახელმწიფოს, ასე მომექეციო?
– გარკვეულწილად, მოსახლეობაც სცოდავს. ის, რომ მოსახლეობა არ იხდიდა გადასახადებს, სამი ფაქტორით იყო განპირობებული: პირველი – ნაწილს რეალურად არ ჰქონდა თანხა; მეორე – მიშვებული იყო გადასახადების ადმინისტრირება და თვითონ კომპანიებმა შეაჩვიეს აბონენტები, რომ ამ გადასახადების გადახდა არ იყო, მაინცდამაინც, აუცილებელი და მესამე – ესა თუ ის მომსახურება დიდი ხნის განმავლობაში არ ხორციელდებოდა და ამიტომ მომხმარებელიც არ იხდიდა. დღესაც კი მომხმარებელთა ნაწილი წყალს არ იღებს 24-საათის განმავლობაში, არადა ისინიც იმავე ოდენობის გადასახადს იხდიან, რამდენსაც დანარჩენები.
– გასაგებია, რომ ევროპულ ქვეყნებში ასეთი კანონის პრეცედენტი არ არის, იმიტომ რომ მათთვის მიუღებელია ადამიანის უფლებათა შემლახველი კანონები. ჩვენ გარდა, კიდევ რომელ ქვეყანაში იღებენ გადასახადებს კოორდინირებულად თუ ეს საკუთრივ ადგილობრივი კანონშემოქმედებაა?
– პასუხად ერთი ანეკდოტი მახსენდება, თქვენც გეცოდინებათ: ჯენტლმენები და მეგრელი კარტს თამაშობენ. ერთ-ერთმა ჯენტლმენმა თქვა, მოვიგეო. მეგრელმა კარტის ჩვენება მოითხოვა, ჯენტლმენი აღშფოთდა, როგორ, არ გჯერათ ჩემი? ჩვენ აქ ჯენტლმენები ვსხედვართო. ეს რომ მითხრეს, მერე სულ მე ვიგებდი და ვიგებდიო, თქვა მეგრელმა. აქაც ისეთი რამაა: ჩვენ გვგონია, რომ რაღაც გამოვიგონეთ, თორემ, სინამდვილეში, იმ საზოგადოებამ ამაზე უარი თქვა, ჩვენ კი ვიყენებთ.
– რამდენიმე პარტია აპირებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს ეს კანონი. აქვს შანსი ამ საქმეს?
– თუ იმ გასახედიდან შევხედავთ მოვლენებს, რომ ქართული სასამართლო ბოლომდე დამოუკიდებელი არ არის, რა თქმა უნდა, არა.
– სამართლებრივი გადასახედიდან თუ შევხედავთ?
– რა თქმა უნდა, სამართლებრივად ამ საქმეს აქვს შანსი, მაგრამ მე არ მაქვს იმის იმედი, რომ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიღებს.
– შეიძლება, ამ სახის დავის ევროსასამართლოში წაღება? ბოლოს და ბოლოს, ეს მაინც ადამიანის უფლებებს ეხება, თუმცა დიდი სირცხვილი კი იქნება, ევროსასამართლოს თუ გავარჩევინებთ ჩვენი ნაგვის საქმეს.
– შესაძლოა, რადგან ეს კანონი ლახავს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს და რატომაც არ უნდა შეიძლებოდეს მისი განხილვა ევროსასამართლოში?! ჩემი აზრით, ეს სავსებით ლეგიტიმური სარჩელი იქნება.