რა სიურპრიზი მოუწყო თიკა ჯამბურიას ქორწილში
პატარძლისა და დიზაინერის ასეთი მეგობრობა, ალბათ ვალენტინოსა და ჟაკლინ კენედისაც კი შეშურდებოდათ. შაბათს „რედისონ ივერიაში“ მომღერალ თიკა ჯამბურიას ქორწილი აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, საქორწილო კაბა კი, მან თავის დიდი ხნის მეგობარს, ბიჭოლას მიანდო. დიზაინერი და საპატარძლო ჩვენ ქორწილის წინა დღეს, კაბის ბოლო მოზომების დროს ჩავწერეთ, სწორედ იმ დღეს, როდესაც ბიჭოლა, სპეციალურად თიკას კაბისთვის ლონდონიდან თბილისში ჩამოვიდა.
თიკა ჯამბურია: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხუთშაბათს დილით, ჯერ კიდევ მეძინა, როდესაც ნინი ქარსელაძემ დამირეკა, „რუსთავი 2-ზე“ გადართე ჩქარა, ნახე ვინ ჰყავთ სტუმრადო. ტელევიზორი, რომ ჩავრთე ვერ აგიწერთ რა დამემართა, შოკი მივიღე, ვკიოდი ისე გამიხარდა, რომ დილის ეთერში ბიჭოლა და ნინი ერთად ისხდნენ. ზუსტად გამთენიისას ჩამოვიდა ბიჭოლა იმისთვის, რომ ქორწილში ჩემს გვერდით ყოფილიყო.
ბიჭოლა: ვიღაც-ვიღაცეებმა კი იცოდნენ რომ ჩამოვდიოდი, მაგრამ არა – თიკამ. სიურპრიზი მოვუწყვე. მიმაჩნია, რომ იმ დროს, როდესაც მას უკვე კაბის საბოლოო მორგება და ბოლო შტრიხების შესწორება დასჭირდებოდა, მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, ისევე როგორც ქორწილში.
თიკა: მან ზუსტად იცოდა როგორი კაბა მინდოდა ქორწილში. იცი, როგორი მომენტია, ქორწილში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კაბაა, თუ ის არ ვარგა, პატარძალიც ცუდ ხასიათზეა და მერე უკვე აღარაფერს აქვს აზრი. ბიჭოლამ იცოდა, რომ მინდოდა ძალიან სადა კაბა – ყველანაირი გადაპრანჭული დეტალების, გიპიურებისა და მაქმანების გარეშე და თან გრანდიოზული. ანუ მოცულობით უნდა ყოფილიყო გრანდიოზული. არ მინდოდა ისეთი, როგორიც ყველას აქვს.
ბიჭოლა: ახალი ფაქტურა შევქმენით წულისგან, რომელიც ისეა აჭრილი, რომ ულამაზესად დგას. შევადარებდი იმ კაბას, რომელიც ჯონ გალიანომ, „დიორის“ სახლიდან, პენელოპა კრუზს გაუკეთა. თუმცა ის კაბა გაცრეცილი ვარდისფერი იყო. თიკას კი რადიკალურად თეთრი უნდოდა, სხვა ფერის გაგონებაც არ სურდა, არც სპილოსძვლისფერის, არც კრემისფერის.
თიკა: ბავშვობიდან ვოცნებობ თეთრ კაბაზე, ჯერ კიდევ ვერ გამოვედი პრინცესებისა და პრინცების ამბებიდან, ისევ ზღაპრებში ვცხოვრობ. ამიტომ, მინდა, ერთი დღე პრინცესა ვიყო და ზღაპარში ამოვყო თავი. მგონია, რომ ზუსტად ასეთი კაბა გამოვიდა, ფერიას სტილში.
ბიჭოლა: დიზაინზე ძალიან სერიოზულად ვიმუშავე ლონდონიდან, იქიდან გამოვაგზავნე „სვაროვსკის“ თვლებიც, რომლითაც კაბა უნდა მოირთოს, შაბათამდე კიდევ ბევრი საქმეა, თუმცა მთავარს უკვე კარგად ხედავთ. არ მინდოდა, როგორც იტყვიან, გადამეზედმეტებინა. თიკა მუდმივად არის ჭორების ობიექტი და არ მინდოდა, ჩემი კაბით ახალ ქარცეცხლში გაეტარებინათ. როგორც დიზაინერი, თავს ვალდებულად მივიჩნევდი ჩამოვსულიყავი და ამ დღეს მის გვერდით ვყოფილიყავი. კაბა „მარი და ზენკას“ სალონში შეიკერა, ისევე როგორც თიკას ფეხსაცმელი. საერთოდ, ჩემი კოლექციები, „მარი და ზენკას“ სალონში იკერება. ყველასთვის ცნობილია, რომ სახელოსნო თბილისში არ მაქვს. ახლა შევხედე და არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ თიკას საქორწილო ბეჭედს ბექა აწერია, ხოლო ბექას ბეჭედს – თიკა.
თიკა: არ გვინდოდა სტანდარტული ბეჭდები, ინტერნეტში ვათვალიერებდით და ასეთი ბეჭდები ვნახეთ. ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა.
– ანუ ყველაფრის არჩევა მაინც თავად გიწევს?
– არის ადამიანი, ვინც ქორწილის ორგანიზებაში გვეხმარება, მაგრამ ყველაფერს ჩვენთან შეთანხმებით აკეთებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერში მონაწილეობა გვაქვს მიღებული.
ბიჭოლა: ნევროზი აქვს უკვე, მაგრამ დღეს უკვე იმდენი საქმე აღარ არის. მთავარია, შაბათს იყოს მშვიდად. „რედისონში“ საოცრება უნდა მოახდინო.
თიკა: ძალიან უცნაური იყო, თუ როგორ ავირჩიეთ „რედისონი“. სასტუმროს გახსნაზე ვიყავი მეგობრებთან ერთად. მარიკა თხელიძე, ნინი იქ იყვნენ. ახალი გათხოვილი ვიყავი და ქორწილს ვგეგმავდით. საოცრად მომეწონა დარბაზი და ისე, ჩემთვის ვთქვი, ნეტავ შეიძლება თუ არა იქ ქორწილის გადახდა-მეთქი. მერე ეს ისტორია სახლშიც მოვყევი და ბექას დედამ თქვა, ვცადოთ, მივიდეთ და ვიკითხოთო. აღმოჩნდა, რომ ყველანაირი პირობა გვაკმაყოფილებდა.
ბიჭოლა: ეს არის პირველი ქორწილი „რედისონში“. თიკა არის ის ადამიანი, ვისთვისაც ძალიან უნდა მოინდომონ. ეს როგორც „რედისონისთვის“ იქნება ძალიან სასურველი ქორწილი, ისე თიკასთვის სასურველი ადგილი ქორწილისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თბილისში ისეთი ამბავია თიკას ქორწილზე, როგორიც არც ერთ ქორწილთან დაკავშირებით არ ყოფილა. საკმაოდ ცნობილ პატარძლებთან მიმუშავია, რომელთა ქმრებიც არანაკლებ ცნობილები და გავლენიანები ყოფილან, თუმცა ასეთი ამბავი, არ მახსოვს. თიკას ქორწილმა ლონდონში შემაზანზარა. ათასი კაცი მწერდა, ათასი – მირეკავდა, მიმესიჯებდა, აბა, როგორი კაბა იქნება, რა გამოვა, რას უკეთებო. თიკას კიდევ ათასი კაცი აბრუებდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ამხელა პასუხისმგებლობას ვერ გავწვდე, მით უმეტეს, რომ ლონდონში ვიყავი. ზუსტად ამიტომ ვარ დღეს აქ.
– მეჯვარეები ვინ იქნებიან?
თიკა: მეჯვარეები არიან – ნინი ქარსელაძე, სალომე წვერაიძე და თიკო ბოლქვაძე. მინდოდა, მარიკა თხელიძეც ყოფილიყო, მაგრამ ლონდონშია და ჩამოსვლა ვერ მოახერხა. მათაც ევროპულ სტილში, ერთი ტონალობის, მაგრამ სხვადასხვა ტიპის კაბები ეცმევათ. ჩემი მეუღლის მეჯვარეები არიან – რევაზ ადამია, ვატო ჩიხრაძე, თოკო თარხნიშვილი და გიორგი გულუა. ბექას მეჯვარეებს ზუსტად ერთნაირი კოსტიუმები ეცმევათ. ბექას ეცმევა ავთანდილის პიჯაკი და შარვალი, ხოლო ჰალსტუხი და პერანგი – „ბოსის“.
– ბიჭოლა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ინტერვიუ, ვიცი, რომ ლონდონურ ცხოვრებაში ყოველდღე ხდება სიახლეები. მოგვიყევი ამის შესახებ.
ბიჭოლა: ძალიან კარგი შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერ მაინც საიდუმლოდ დავტოვებ, სანამ ხელს არ მოვკიდებ იმ საქმეს. თუმცა, ერთმა ფაქტმა გამაოგნა. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოდის კრიტიკოსმა, ფილიპ მოთვერიმ, ლონდონში წარმადგინა, როგორც ახალი და ძალიან წარმატებული, იმედის მომცემი, ქართველი დიზაინერი. ფილიპი ისეთ დიზაინერებთან აკეთებს ინტერვიუებს, როგორებიც არიან: დრაის ვან ნოტენი, ვალტერი, მეისონ მარჯიელასა და სხვა. სერიოზულ კრიტიკასაც აკეთებს. თავისი ინტერნეტ-გვერდი აქვს მოდისა და ხელოვნების შესახებ. ძალიან საინტერესო შემოთავაზებები მაქვს. შეიძლება, ძალიან ცნობილ მოდის სახლში, ერთ-ერთი ბრენდისთვის კოლექციების კეთება დავიწყო. ერთი სიტყვით, ეს არის ქალაქი, ქვეყანა, სადაც მოკლე დროში ძალიან ბევრი რაღაცის მიღწევა შეიძლება, დიდი გაქანება გაქვს. თან სულ გაფასებენ. ქორწილის მეორე დღეს, ისევ ლონდონში ვბრუნდები, ბევრი საქმე შუა გზაზე მაქვს მიტოვებული, მაგრამ როდის მოვახერხებ ისევ ჩამოსვლას, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, ერთს გპირდებით, აუცილებლად ძალიან ბევრი სიახლითა და კარგი ამბებით დაგიბრუნდებით.
სალომე გველესიანი