გულგაწეული
ანუ საჩუქარი ყველას უნდა
გასული წლის 8 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და მაშინ თანა-, აწ კი ანტიგუნდელ ქ-ნ ბურჯანაძეს „საქართველოს პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებული წვლილისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, როგორც ახლა გაირკვა, 12 მილიონის ღირებულების ქონება სიმბოლურ 1 ლარად გადასცა. მაშინ არც ერთ უმრავლესობელსა თუ მთავრობის წევრს კრინტიც არ დაუძრავს, იმსახურებდა თუ არა ქ-ნი ბურჯანაძე საჩუქარს (შესაძლოა, იმიტომაც არ დაუძრავთ, რომ დასაჩუქრებას, ადრე თუ გვიან, თავადაც იმედოვნებდნენ). მაგრამ, ხანი გამოხდა და, თუკი თანაგუნდელების მიტოვების შემდეგ ქ-ნ ბურჯანაძეს წყნეთურ საჩუქარს მხოლოდ უხსენებდნენ, მოგვიანებით (როცა ქ-ნ ბურჯანაძეს გულმა არა მხოლოდ გაუწია ოპოზიციისკენ, თავად იქცა გულად), ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო მილიონნახევრიანი ჯარიმაც დააკისრეს; უფრო მეტიც, ბ-ნმა გოკა გაბაშვილმა ისიც ბრძანა, რომ „პრეზიდენტის გადაწყვეტილება (წყნეთის აგარაკი – ერთ ლარად) სამართლებრივი თვალსაზრისით სადავო არ არის, თუმცა ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზანშეწონილობა აშკარად სადავოაო“ (ხალხის, „ნაციონალური“ წარმოშობის რჩეული გაკვირვებულია, ბურჯანაძეს ქონების გადასახადის გადახდაც არ უნდაო!). არანაკლებ გააფთრებულ-გაკვირვებულია ბ-ნი თორთლაძეც (თუმცა ისიცაა, ამ უკანასკნელს გააფთრება ერთგვარ ბუნებრივ მდგომარეობადაც ექცა), განსაკუთრებით გადასახადების გადაუხდელობის მიმართულებით. ერთი სიტყვით, შესაძლოა, პრეზიდენტს საჩუქარი უკანაც დაუბრუნდეს (თუკი ქ-ნი ბურჯანაძე მილიონ-ნახევარს არ გადაიხდის, ქონება აუქციონზე გაიყიდება). ხოლო, თუ ბ-ნი გაბაშვილის მოსაზრებას გავიხსენებთ, „სააკაშვილმა მრავალ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით იმოქმედა“ (როდესაც ბურჯანაძეს 12-მილიონიანი ქონება 1 ლარად გადასცა), არ არის გამორიცხული, უმრავლესობა და მათი თანამგრძნობები იმედოვნებდნენ, რომ, შესაძლოა, მათაც ერგოთ, თუ მთლიანად არა, წყნეთური საჩუქრის ნაწილები მაინც და, შესაძლოა, საჩუქრის ოდენობა გამოხატული აღშფოთების პირდაპირპროპორციულიც იყოს.