მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ გავზარდო ციმბიდიუმი და რთულია თუ არა მისი გახარება ბინაში?
პასუხი: ციმბიდიუმი ოთახის მშვენიერი ორქიდეაა. ის საკმაოდ იოლად გასაზრდელია. სინათლეში დადგით, მაგრამ მწველ მზეს მოარიდეთ. სუსტი განათება მის ყვავილობას ხელს შეუშლის. ზამთარში 10 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფეთ. ზაფხულში კი, ნორმალურია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. მას ბევრი წყალი ვნებს, ამიტომ ზამთრობით მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ზაფხულში მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწის ზედაპირი გაშრება. ფოთლების დანამვისას, ეცადეთ, ყვავილები არ დაგისველდეთ, რადგან წყალი ლაქებად დააჩნდება და შესაძლებელია დალპეს კიდეც. გირჩევთ, ეს მცენარე სველკენჭებიან ლანგარზე დადგათ რეგულარულად და დანამოთ მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად. გაზაფხულზე შეგიძლიათ, სასუქით გაანოყიეროთ მისი ნიადაგი. ბინაში მისთვის სასურველი ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყათ ლავანდა?
პასუხი: ეს მცენარე სინესტეს ვერ იტანს. ზამთრის სეზონზე მისი მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტემპერატურა დაბალია. ზაფხულში უფრო ინტენსიურად მორწყეთ. ნიადაგი კი, ყოველ სამ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ.
კითხვა: როგორ მოვუაროთ სოლანუმს და სად გვირჩევთ მის დადგმას?
პასუხი: ეს მცენარე მწველ მზეს უნდა მოარიდოთ, თუმცა ზაფხულში გარეთ ყოფნა მისთვის სასურველია. თავს კარგად გრძნობს ოთახის ტემპერატურაზე. ზამთარში 10 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ მცენარემ კარგად გამოიზამთროს. ხშირად მორწყეთ და მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთრის სეზონზე კი, მორწყვა შეამცირეთ და მცენარე დაასვენეთ. სოლანუმი ყვავილობისას ყოველდღე დანამეთ. მისთვის ყველაზე კარგი ადგილი ნათელი ოთახია.
კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ პახირა?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს სინათლე. ამიტომ არ მოაკლოთ სინათლე. ის მზესაც იტანს, მაგრამ შუადღის მწველ მზეზე შეიძლება, ფოთლები დაუზიანდეს. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში – მინიმალური ტემპერატურა 14 გრადუსი უნდა იყოს.
კითხვა: რა ტემპერატურაა სასურველი ჟასმინისთვის?
პასუხი: მისთვის იდეალურია სტაბილური ტემპერატურა, დაახლოებით 22 გრადუსი. თუ მცენარე უფრო მაღალ ტემპერატურაზე იქნება, მეტი ტენი დასჭირდება. ზამთარში ეცადეთ, საშუალო ტემპერატურა შეინარჩუნოთ ბინაში, რომ მცენარემ არ მოიწყინოს.