რომელი ალერგიის პირველადი გამოვლინება ხდება ცხოველებში 10 თვიდან 3 წლის ასაკამდე
წელიწადის ყველა დრო გამოირჩევა საკუთარი პლუს-მინუსებით. მაგალითად, ცხოველებში, კერძოდ კი, ძაღლებში, შემოდგომაზე ალერგიები იმატებს. არსებობს რამდენიმე სახის ალერგია, რომლისგანაც ჩვენი ოთხფეხა მეგობარი აუცილებლად უნდა დავიცვათ. ამით არა მხოლოდ მათ, არამედ ჩვენს ნერვებს და ბიუჯეტსაც გავუფრთხილდებით. ამიტომ, არის რამდენიმე დეტალი, რაც ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს. ამის შესახებ კი, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: ალერგია ეს არის ცხოველის ან ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის არასწორი, არაადეკვატური რეაქცია რაიმე ნივთიერებაზე. უმეტესი ალერგიებისა, გადაეცემა შთამომავლობით. ზოგიერთი ცხოველის ორგანიზმში მოხვედრილი ეს ნივთიერებები ჩვეულებრივ, გარეთ გამოიდევნებიან და ალერგიულ ცხოველებში ანთებით პროცესებს იწვევენ.
ალერგია მკაცრად სპეციფიკურია და გამოხატულია ერთსა და იმავე ნივთიერებაზე. ის ნაკლებად არის დამოკიდებული ნივთიერების იმ რაოდენობაზე, რომელიც ორგანიზმში მოხვდება. მაგალითად, საკვებისმიერი ალერგიების დროს, საკმარისია, ორგანიზმში მოხვდეს ალერგენის პატარა ნაწილი, რომ განვითარდეს ალერგიული პროცესი.
– რამდენი სახის ალერგია არსებობს?
– არსებობს რამდენიმე სახის ალერგია. აქედან ყველაზე გავრცელებულია ალერგია ტკიპას ნერწყვზე. ასევე, ალერგია გარემოს მიმართ, სადაც ცხოველი იმყოფება და საკვებისმიერი ალერგიები.
– აქედან ყველაზე გახშირებული რომელი ალერგიაა?
– ყველაზე ხშირად გვხვდება ალერგია ტკიპას ნერწყვზე. ხშირად, არ ხდება მისი ობიექტური შეფასება, რადგან ამ დროს ცხოველის ორგანიზმზე შეიძლება, ვერ აღმოვაჩინოთ ტკიპა. საქმე ისაა, რომ ალერგიული რეაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისია, ტკიპას ერთი ნაკბენიც. კბენა შეიძლება, მოხდეს ცხოველის გასეირნების დროსაც. ეს იმითაც აიხსნება, რომ ხშირად ცხოველები ერთსა და იმავე გარემოში იმყოფებიან და მათზე ტკიპები პარაზიტობენ. არც ის არის გამორიცხული, ერთად მყოფი ორი ცხოველიდან ალერგია ერთს განუვითარდეს, მეორეს კი – არა.
– ალბათ, ბევრს დააინტერესებს ინფორმაცია საკვებისმიერი ალერგიის შესახებ. ამაზე რას გვეტყვით?
– საკვებისმიერი ალერგიები ყველაზე იშვიათია. საკვებისმიერი ალერგიების განვითარებისთვის იმუნურ სისტემას სჭირდება გარკვეული დრო. ამიტომ, არასწორია ის აზრი, რომ საკვების ალერგია შეიძლება, განვითარდეს ახალი პროდუქტების მიცემის შედეგად. პირიქით, სრულიად ახალ ცილას ცხოველისთვის არ შეუძლია, გამოიწვიოს რაიმე რეაქცია და ზუსტად ამიტომ გამოიყენება ის, ალერგიული დაავადებების სადიაგნოსტიკოდ. ყველაზე ხშირად ალერგია ვითარდება ხორცის ცილაზე და ეს მკაცრად ინდივიდუალურია. შეიძლება, ერთ ცხოველს ჰქონდეს ალერგია საქონლის ხორცზე, მეორეს კი – თევზზე.
რაც შეეხება ალერგიას გარემოში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებაზე (ატიპური დერმატიტები), მეორეა თავისი გავრცელების მიხედვით. როგორც წესი, აღნიშნული ტიპის ალერგიების პირველადი გამოვლინება ხდება 10 თვიდან 3 წლის ასაკამდე.
– რა შეიძლება, იყოს მისი გამომწვევი?
– მისი გამომწვევი ნივთიერებები სხვადასხვაგვარია, მაგალითად, იქნება ეს ოთახის მტვერი თუ ასე შემდეგ. რეაქციის გამოწვევისთვის მათი მცირე „მიკროდოზაც” საკმარისია. ჩვენ არ შეგვიძლია, გაუკეთოთ ცხოველს იზოლაცია გარემო სამყაროსთან. ამიტომ, საჭიროა, ცხოველის მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მართალია, ალერგიის განკურნებას ვერ შევძლებთ, მაგრამ შეგვიძლია, შევურჩიოთ ისეთი მკურნალობა, რომელიც ცხოველს შეუმსუბუქებს მდგომარეობას, გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს და გახდის მას კომფორტულს.
– რა პირველადი ნიშნები უვითარდებათ ამ დროს?
– ყველა ტიპის ალერგიების კლინიკური ნიშნები ძალიან რთული და მრავალფეროვანია. ეს არის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი. ეს ყველაფერი მიუთითებს არა მარტო ალერგიაზე, არამედ თანმდევ ბაქტერიულ ინფექციაზეც.
უმეტესობა ალერგიებისთვის დამახასიათებელია ზურგის, გავისა და კუდის დაზიანება. იმის გარჩევა, თუ რომელი ალერგიაა, გარეგნული ნიშნებით საკმაოდ რთულია. ალერგიის სეზონურობა კი, ძირითადად დამახასიათებელია ტკიპას მიერ ალერგიებსა და ატიპური ალერგიებისთვის.
ცხოველის კანზე ნებისმიერი სახის გამონაყარის, სიწითლისა და ქავილის დროს, საჭიროა, დაუყოვნებლივ ვაჩვენოთ ვეტერინარს, რომელიც დიაგნოზს დასვამს და დაადგენს, თუ რა სახის ალერგია აქვს ცხოველს. დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას და დიეტას.
აღნიშნული სახის ალერგიების პრევენციისთვის საჭიროა, ცხოველს შეუქმნათ ისეთი მოვლა-შენახვის პირობები, რომ ნაკლები შეხება ჰქონდეს ალერგენებთან (ალერგიის გამომწვევებთან). მაგალითად, საკვებისმიერი ალერგიების დროს, შეუზღუდოთ ის საკვები, რაზეც ალერგია აქვს. ტკიპის ნაკბენზე ალერგიისას, რეგულარულად დავამუშაოთ ცხოველი ტკიპების საწინააღმდეგო ხსნარით. ხოლო რაც შეეხება ატიპურ დერმატიტებს, ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულადაა, ის საჭიროებს რეგულარულ მკურნალობას და კონტროლს.