ვის გაუგზავნა უდანაშაულო ადამიანის მოკვეთილი თავი დავით მეათემ და რატომ არ აწყობდათ ქართველ მეფე-მთავრებს ქართლის გაძლიერება
მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგიდან ახალი ეტაპი იწყება ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. თითქმის საუკუნის განმავლობაში ირანსა და ოსმალეთს შორის არსებული ბრძოლის ველი უმეტესწილად საქართველო იყო. ასეთ დაძაბულ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ სიტუაციაში ქართლის ტახტზე ადის დავით მეათე. ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ სვანიძე გვესაუბრება, თუ როგორი იყო მისი პოლიტიკა შინაურ და გარეულ მტრებთან, რატომ მოჰკვეთა უდანაშაულო მუსლიმანს თავი და როგორ გააცურა შაჰი.
მიხეილ სვანიძე: ქართლის მეფე, კონსტანტინე მეორეს გარდაიცვალების შემდეგ ტახტზე ადის დავით მეათე. ამ დროს საშინაო და საგარეო მდგომარეობა მეტად გართულდა, ფეოდალური საქართველოს დაშლის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო საბოლოოდ დაიშალა ცალკეულ სამეფო-სამთავროებად. მიუხედავად ამისა, ერთიანობის აღდგენისთვის ბრძოლა კვლავ არ შეწყვეტილა. საქართველოს დაშლას დაემთხვა მეზობელი სახელმწიფოების გაძლიერება. 1453 წელს ოსმალეთმა დაიპყრო ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი და საბოლოოდ გაანადგურა ბიზანტიის იმპერია, ხოლო 1461 წელს კი – ტრაპიზონის საკეისრო. ამის შემდეგ, ოსმალები უშუალოდ მოადგნენ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთიდან და ქვეყნის დაპყრობას შეუდგნენ. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაც ახალი მტერი – სეფიანთა ირანი გახლდათ მისი მეზობელი. ირანის შაჰები აგრძელებდნენ თავიანთ წინაპართა აგრესიულ პოლიტიკას.
დავით მეათის მეფობის პირველ წლებში ქართლის სამეფოს ხელისუფლება დასუსტებული იყო. იმერეთისა და კახეთის მეფეები დროდადრო თავს ესხმოდნენ ქართლს, არბევდნენ და მის დაპყრობას ცდილობდნენ. 1509 წელს იმერეთის მეფემ, ალექსანდრემ ილაშქრა ქართლში, აიღო გორის ციხე და ქართლის მთელი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდინარე ლიახვამდე იმერეთის სამეფოს ხელში გადავიდა. მაგრამ, ამ დროს ალექსანდრემ მიიღო ცნობა, რომ იმერეთს ოსმალები შეესივნენ. ტრაპიზონის გამგებელი, უფლისწული სელიმი შეიჭრა დასავლეთ საქართველოში, აიღო ქუთაისი. გაძარცვა, ააოხრა ქვეყანა და უკან ნადავლით გაბრუნდა. ალექსანდრე იძულებული შეიქნა უკან გაბრუნებულიყო. ამით ისარგებლა დავით მეათემ და ქართლის დაპყრობილი ნაწილი ისევ უკან დაიბრუნა.
ქართლის სამეფოს არც კახეთის მეფე ავგიორგი (ასე უწოდებდნენ მამის მკვლელ კახთა მეფეს) ასვენებდა. იგი თავს ესხმოდა ქართლს, ძარცვავდა და მის ხელში ჩაგდებას ლამობდა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს ავგიორგი შეიპყრეს და მოაკვლევინეს. დავითმა არ დააყოვნა, კახეთი დაიპყრო და ქართლს შემოუერთა. იგი შეეცადა ხელთ ეგდო ავგიორგის მცირეწლოვანი მემკვიდრე – ლევანიც და ამით საბოლოოდ შემოემტკიცებინა კახეთი.
– მოახერხა მან ეს?
– ვერა, საგარეო ვითარებამ ხელი შეუშალა ქვეყნის გაერთიანების ამ გეგმას. ამ პერიოდში ოსმალეთსა და ირანს შორის ომი დაიწყო, რომელიც მცირე შესვენებებით, საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ ომის მოქმედების მთავარი ასპარეზი, ამიერკავკასიის ქვეყნები და კერძოდ, საქართველო იყო. ოსმალეთი, ისევე როგორც ირანი, დაჟინებით ცდილობდა, ამ ქვეყნებში გაბატონებას. სამეფო-სამთავროებად დაშლილმა ქვეყანამ ვერ შეძლო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება. რამაც, საბოლოო ჯამში, მტერს გაუადვილა მიზნის განხორციელება.
1514 წელს ოსმალეთის ასიათასიანი ლაშქარი, სულთან სელიმ პირველის სარდლობით, ირანის წინააღმდეგ გაემართა. სელიმმა სამცხის გამგებელს – ათაბაგს, რომელიც მისი მოხარკე იყო, ელჩი გაუგზავნა და ლაშქრისთვის სურსათ-სანოვაგის მიწოდება მოსთხოვა. ქართველებმაც არ დააყოვნეს.
სელიმმა სასტიკად დაამარცხა შაჰ-ისმაილის ლაშქარი. ამ უკანასკნელმა გაქცევით უშველა თავს. ამის შემდეგ ძალიან მალე ოსმალეთის ლაშქარი ირანის დედაქალაქ თავრიზში შევიდა და გაძარცვა. შაჰ-ისმაილმა უარყო სელიმის მიერ შეთავაზებული ზავი და ოსმალების წინააღმდეგ პარტიზანული ომი გააჩაღა. სელიმი იძულებული შეიქნა უკან გაბრუნებულიყო. მისი ლაშქარი გზაში სურსათ-სანოვაგის ნაკლებობას განიცდიდა. სელიმმა ათაბაგ მზეჭაბუკს ელჩი გაუგზავნა და სურსათის მიწოდება სთხოვა. ქართველი ათაბაგი სურსათის მიწოდებას აყოვნებდა. სელიმი ომით დაემუქრა და სამცხის დასარბევად ლაშქარი გაგზავნა. ასეთ ვითარებაში მზეჭაბუკი დაეხმარა ოსმალთა ლაშქარს სურსათ-სანოვაგით და ქვეყანა დარბევას გადაარჩინა.
– როგორი იყო ამ ომში დავით მეათის პოზიცია?
– დავით მეათე ირანის მოკავშირე იყო. ევროპული წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ოსმალთა ლაშქარზე თავდასხმისას. ასეთი თავდასხმის დროს ქართველებმა 15 ათასამდე კაცი გაანადგურეს და ხელთ იგდეს 11 ზარბაზანი.
შაჰ-ისმაილმა გადაწყვიტა ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად ანტიოსმალური კოალიცია შეედგინა. ამ კოალიციაში, საქართველოს გარდა, შევიდნენ ეგვიპტის სულთანი, ალბისტანისა და მარაშის გამგებლები. მოკავშირეები შეთანხმდნენ, დახმარება აღმოეჩინათ ერთმანეთისთვის, თუ მათ თავს დაესხმოდათ ოსმალეთის სულთანი. ამ კოალიციის შედგენის საქმეში ქართველებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ჩანს, ეს სელიმისთვის ცნობილი გახდა და მან გადაწყვიტა, ზომები მიეღო ანტიოსმალური კოალიციის მონაწილეთა წინააღმდეგ. მან გაილაშქრა ალბისტანისა და მარაშის წინააღმდეგ. დაიპყრო ეს საამიროები და ოსმალეთის იმპერიას შეუერთა. მოგვიანებით, სელიმმა ბრძანა ანატოლიაში ჯარი შეეკრიბათ და დიდ ვეზირს – სინან-ფაშას დაავალა საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ მომზადება. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს ლაშქრობა არ შედგა.
ამ პერიოდში გარდაიცვალა სამცხის ათაბაგი მზეჭაბუკი და მისი ადგილი დაიკავა ყვარყვარე მესამემ. მას აუჯანყდა ბიძამისი, მზეჭაბუკის ძმა და დაამარცხა იგი. დამარცხებული ყვარყვარე ირანში გაიქცა და შაჰს დახმარება სთხოვა. შაჰ-ისმაილმა სამცხეში მანუჩარის წინააღმდეგ ლაშქარი გაგზავნა, რომლის მეშვეობითაც ყვარყვარემ მანუჩარი დაამარცხა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სელიმ პირველი ეგვიპტის წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადება. 1516 წელს მანუჩარი დამასკოში პირადად წარდგა სელიმ პირველის წინაშე. სელიმმა მას საათაბაგოს გამგებლად დანიშვნის ფირმანი უბოძა და დახმარება აღუთქვა. მან ბაიბუთის სანჯაყ-ბეგს – ყიზილ-აჰმად ოღლი მირზას და ისფირის ბეგს დაავალა მანუჩარისთვის სამხედრო დახმარება გაეწიათ. თუმცა, უკვე ქაიროში ყოფნის დროს, სელიმს ცნობა მოუვიდა, რომ ყვარყვარემ მირზა-ბეგიც და ისფირის ბეგიც დაამარცხა და მოკლაო. ასე რომ, მანუჩარის ცდა, ოსმალთა დახმარებით ყვარყვარეს დამარცხებისა, კრახით დამთავრდა.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– 1518 წელს შაჰ-ისმაილის ელჩმა ზავი შესთავაზა სელიმ პირველს, რაზეც უარი მიიღო. ამ უკანასკნელს გადაწყვეტილი ჰქონდა ევფრატის ნაპირას მოეწყო ლაშქრობა ირანის წინააღმდეგ, მაგრამ მოულოდნელად გეგმა შეცვალა და ევროპისკენ იცვალა პირი. შაჰ-ისმაილ პირველი ყურადღებით ადევნებდა თვალს სულთან სელიმის საქმიანობას. მას განსაკუთრებით აფიქრებდა, რომ სელიმი სამცხე-საათაბაგოსა და ქართლში არ შეჭრილიყო. ამიტომ, აქ თავისი გავლენის განმტკიცებას შეეცადა. სამცხე-საათაბაგოსა და ქართლს ხომ დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ქვეყნები იცავდნენ ირანს ჩრდილო-დასავლეთიდან ოსმალეთის შემოტევისას. ამ ქვეყნების დაპყრობის შემთხვევაში ოსმალეთს საშუალება ეძლეოდა გაელაშქრა, როგორც დასავლეთ საქართველოს, ისე აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მიმართულებით. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დაპყრობა კი, მას ჩრდილოკავკასიაში შეჭრისა და ირანისთვის ჩრდილოეთის მხრიდან დარტყმის შესაძლებლობას აძლევდა. 1518 წელს შაჰმა დაიბარა ათაბაგი ყვარყვარე და თავის სარდალთან, დივ-სულთან რუმლუსთან ერთად, ქართლში გამოგზავნა. მათ დაიკავეს გორი და სურამი. დავით მეათემ ქართლის სამეფოს აოხრებისგან გადარჩენის მიზნით, მორჩილება არჩია. დავითმა დივ-სულთანთან მოსალაპარაკებლად თავისი ვაჟი, – რამაზი გაგზავნა დიდძალი ძღვენით. მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა. ასეთ ვითარებაში შაჰის შედარებით ლოიალური პოლიტიკა ქართლის სამეფოს მიმართ იმით აიხსნება, რომ შაჰს სურდა, ქართლის სამეფო ოსმალეთის წინააღმდეგ მომავალ ომში, მისი მოკავშირე ყოფილიყო.
ამ ვითარებაში, ქართლის სამეფოს გართულებული მდგომარეობით, ისარგებლეს ლევანის მომხრე კახელმა თავადებმა და იგი კახეთში გაამეფეს. ამით ქართლ-კახეთის პოლიტიკურ ერთიანობას ბოლო მოეღო.
– შეეგუა ამას დავით მეათე?
– ქართლის მეფე ვერ შეეგუა კახეთის სამეფოს დაკარგვას და ლევანის წინააღმდეგ გაილაშქრა. ამ კონფლიქტში საქართველოს მეფე-მთავრებმა ლევან კახთა მეფეს დაუჭირეს მხარი. ისინი არ იყვნენ დაინტერესებული ქართლის სამეფოს გაძლიერებით, რამეთუ ქართლის განმტკიცება, სამეფო-სამთავროების დამოუკიდებლობასაც უქმნიდა საფრთხეს. მამია გურიელის შუამავლობით, დავითი და ლევანი დაზავდნენ, საზღვრები დაადგინეს და კეთილმეზობლობისა და საერთო მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ხელშეკრულება დადეს. ამრიგად, ქართლის მეფის ბრძოლა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისთვის, მარცხით დამთავრდა. ამის მთავარი მიზეზი, როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარება იყო.
სელიმ პირველის დაპყრობითი ომების შედეგად ოსმალეთს შეუერთდა: დასავლეთ სომხეთი, ქურთისტანი, სირია, ლიბანი, პალესტინა, ეგვიპტე, ალჟირი, აგრეთვე, მუსლიმანთა წმიდა ქალაქები – მექა და მედინა. ამიერიდან, ოსმალეთი ფლობდა ტერიტორიებს, არა მარტო ევროპასა და აზიაში, არამედ აფრიკაშიც. ოსმალეთი შიშის ზარს სცემდა იმდროინდელ სახელმწიფოთა მეფე-გამგებლებს.
1520 წელს გარდაიცვალა სელიმ პირველი და ტახტზე ავიდა მისი შვილი სულეიმან პირველი. იგი აგრძელებდა მამის მიერ დაწყებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებთან ომის სამზადისით იყო დაკავებული, ყურადღებით ადევნებს თვალს, თუ რა ხდება აღმოსავლეთის ქვეყნებში. ევროპასთან ომის დროს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთის საზღვრების უშიშროებას. ეს ხელს შეუწყობდა მის წარმატებებს ევროპის სახელმწიფოებთან ომში. სულთანის სამეფო კარი ახალ-ახალ აგენტებს გზავნიდა აღმოსავლეთის ქვეყნებში, რათა სრული ინფორმაცია ჰქონოდა იქ შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
თავის მხრივ, ჩანს, შაჰიც კარგად იყო ორიენტირებული საერთაშორისო ვითარებაში. სელიმ პირველის სიკვდილის შემდეგ, მან გადაწყვიტა, განემტკიცებინა პოზიციები ოსმალეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და გამზადებულიყო ოსმალეთზე იერიშის მისატანად, რათა დაებრუნებინა დაკარგული ქვეყნები. იგი აგრეთვე ცდილობდა, ანტიოსმალური კოალიციის შექმნას და ამ მიზნით, ელჩობა გაგზავნა ევროპის ქვეყნებში.
სწორედ ამ დროს დაკარგა ქართლის სამეფომ კახეთი, სხვა ქართული სამეფო-სამთავროების მეფე-მთავართა დახმარებით. ეს უკანასკნელნი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქართლი დასუსტებულიყო. მათ ვერ გამოიჩინეს შორსმჭვრეტელობა, სიფრთხილე პოლიტიკაში და არ შეეცადნენ კარზე მომდგარ მტერთან საბრძოლველად ძალების გაერთიანებას. ასეთ ვითარებაში დავით მეათე საკუთარ ძალებს უნდა დაყრდნობოდა. საჭირო იყო ოსმალეთსა და ირანს შორის არსებული წინააღმდეგობების გამოყენება, მათ შორის ბალანსირება.
დავით მეფეს კარგად ესმოდა, რომ შექმნილ ვითარებაში მის ქვეყანას საფრთხე უშუალოდ ყიზილბაშური ირანიდან ემუქრებოდა, რადგან ირანის შაჰი არ მოითმენდა დამოუკიდებელი ქართლის სამეფოს არსებობას. ის ხომ დაჟინებით ცდილობდა, სრულ მორჩილებაში ჰყოლოდა ქართლი და ამით უზრუნველეყო ქართველების მონაწილეობა ირანის ლაშქარში ოსმალეთის წინააღმდეგ ომში, აგრეთვე სასურსათო რესურსებიც გამოეყენებინა თავისი ქვეყნის სასარგებლოდ. ოსმალეთი კი ცდილობდა, ქართლი მისი მოკავშირე ყოფილიყო ორანთან ომში.
ქართლის მეფე დავით მეათე თავის მხრივ ცდილობდა, მოხერხებულად გამოეყენებინა ამ სახელმწიფოებს შორის არსებული წინააღმდეგობა. ამჯერად მისთვის მისაღები იყო ოსმალეთთან კავშირის დამყარება. მაგრამ, ეს უნდა მომხდარიყო ფარულად, რომ შაჰის რისხვა არ გამოეწვია. ამიტომ, დავით მეათე ასე მოიქცა: 1612 წელს, ოსმალეთის ხელისუფალის მიერ გაგზავნილ დავით მეფის წერილით ირკვევა, რომ შეუძლებელი გახდა ვინმე ოსმალო ჯაშუშის, აჰმადის გაპარება შირვანს, ქართლის გავლით, ვინაიდან სპარსელებმა ყვარყვარეს მეშვეობით გაიგეს, მისი თბილისში ჩამოსვლის ამბავი. შაჰმა დავითს კაცი გაუგზავნა და დაემუქრა, რომ მთელ მის ქვეყანას მიწასთან გაასწორებდა, თუ ჯაშუშს არ გადასცემდნენ. დავითი ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა.
– როგორი გამოსავალი მოძებნა ასეთი სიტუაციიდან დავით მეათემ?
– დავით მეათემ საზღვარზე დააჭერინა ვიღაც მუსლიმანი, რომელიც გარეგნობით ჰგავდა ოსმალოს, მოაკვეთინა თავი და ტანსაცმელთან ერთად გაუგზავნა შაჰს საბუთად იმისა, რომ მისი ბრძანება შესრულებულია. თვით თურქი ჯაშუში, საღ-სალამათი დააბრუნა ოსმალეთში იმ საბაბით, რომ შეუძლებელი გახდა მისი გატარება ბაქოსკენ. ასე გააცურა დავით მეათემ ოსმალეთის სულთანი და ირანის შაჰი ერთდროულად.