მოსათმენიც არაფერია...
როდის იქცევა პარტნიორის პატარ-პატარა ახირებები მომაბეზრებელ, მავნე ჩვევებად?! – მაშინ, როცა მის მიმართ ლტოლვა ნელდება, სიყვარული კი, თურმე, არც ყოფილა. „ის სხვანაირი იყო. ახლა შეიცვალა“, – აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. ადამიანები არ იცვლებიან. ის ყოველთვის ასეთი იყო, ეს თქვენ ხედავდით მას სხვანაირად. უფრო სწორად, მის ჩვევებსა თუ ახირებებს ყურადღებას არ აქცევდით. მაშინ მთავარი და მნიშვნელოვანი ლტოლვა იყო, სხვა დანარჩენი კი – უმნიშვნელო წვრილმანი. ადამიანებს აქვთ მათთვის დამახასიათებელი ჩვევები, აბსოლუტურად ყველას და, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ერთ ჭერქვეშ იწყებთ ცხოვრებას, თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ მის ორიგინალობასთანაც მოგიწევთ შეგუება. თუმცა, მოსათმენიც არაფერია, როცა გიყვართ, ანუ გიღირთ და გინდათ. თქვენც ხომ არ ხართ იდეალური. თუკი რაღაც ეტაპზე იცინოდით მის ახირებებზე და ხალისობდით კიდეც, ახლაც ხომ იმავეს აკეთებს. რა შეიცვალა?! შეიცვალა ის, რომ ლტოლვა გაქრა. გრძნობა კი – არ ყოფილა! იწყება გაუთავებელი საყვედურები ერთმანეთის მიმართ, რაც კამათსა და ჩხუბში გადადის. გლობალური კონფლიქტები ყოველთვის ასეთი „წვრილმანებით“ იწყება. „ჯანდაბა, ასეთი სულაც არ იყო, ოჯახში რატომღა შეიცვალა?“ – როცა ეს კითხვა გაგიჩნდებათ, მაშინვე უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: გიყვართ კი ადამიანი, რომლის მიმართაც მუდმივად პრეტენზიები გაქვთ? იმაზეც კი ღიზიანდებით, ჭამის დროს ჩანგალი „სხვანაირად“ რომ უჭირავს და მზად ხართ, ჩხუბი იმ წამსვე დაიწყოთ.
თუმცა მოსათმენი არაფერია, როცა ხედავთ, რომ უამრავი „თანხვედრა“ გაქვთ. ურთიერთობაში ლტოლვა არ არის გადამწყვეტი. არაჩვეულებრივად ეწყობიან ერთმანეთს წყვილები, რომლებიც ცხოვრებას ერთი ჭრილიდან უყურებენ და აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათები აქვთ. საერთო საქმის კეთებისას, საინტერესო თემებზე მსჯელობისას, ჯანსაღი კამათისას და ორივესთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, გამომუშავდება ჰორმონები, რომლებიც ბადებს სითბოს, ნდობას, ერთმანეთზე დამოკიდებულების განცდას, რაც ქალის სიყვარულს კიდევ უფრო აძლიერებს, მამაკაცს კი სტაბილურობის შეგრძნებას უმძაფრებს. ასეთ დროს კი, მოსათმენიც აღარაფერია.
ნინო წულუკიძემ