საიმედო ზურგი
ოჯახი ის ციხესიმაგრეა, რომელსაც ცხოვრების ქარტეხილებმა ვერაფერი ვერ უნდა დააკლოს და ყოველთვის უნდა დარჩეს საიმედო თავშესაფრად. საიმედო ზურგიც, მთავარი დასაყრდენიც და სტიმულის მომცემიც – ოჯახია. მაგრამ ამ „ციხესიმაგრეს“ აგურ-აგურ, სიფრთხილითა და სიყვარულით სჭირდება შენება. სიფრთხილით იმიტომ, რომ ერთი არასწორად დადებული აგურიც კი, ანუ, ურთიერთობაში დაშვებული შეცდომა, მომავალში ნგრევას გამოიწვევს. არავითარი ჯიბრი – ოჯახური ურთიერთობა არ არის შეჯიბრება და თუკი ის მას დაემსგავსება, ყველა თანაბრად წააგებს. ასეთი შეჯიბრებიდან გამარჯვებული არავინ გამოვა. დათმობა არ ნიშნავს დამარცხებას და სისუსტის ჩვენებას. ან, ვის გინდათ, აჩვენოთ სიძლიერე? ყველაზე საყვარელ ადამიანს, რომელსაც სუსტი უფრო მოეწონებით? დაფიქრდით და მიხვდებით, რომ დათმობა არაფერს აკლებს თქვენს ღირსებას, უფრო პირიქით. მამაკაცების უმრავლესობას სინდისის ქენჯნა სწორედ მას შემდეგ ეწყება, როცა ქალი მის წინაშე დაუცველ და მონანიე პოზაში დგას. „ხმალამოწვდილი“ მეომრით მამაკაცი ნაკლებად იხიბლება. მამაკაცს მოსწონს, როცა თქვენ მასში საიმედო ზურგს ხედავთ და მისი სიძლიერე თუ უპირატესობა აღიარებულია. რატომ უნდა გინდოდეს მუდმივად დაძაბულ რეჟიმში, საბრძოლო შემართებითა და განწყობით ცხოვრება? ოჯახი კი არის ციხესიმაგრე, მაგრამ იქ მეომრები არ უნდა ცხოვრობდნენ. საიმედო ზურგი ქმრისთვის – მასზე შეყვარებული და მზრუნველი ცოლია. როცა ასეთი არიერგარდი გყავს, ვერავინ და ვერაფერი მოგერევა, არავინ მოგატყუოთ, რომ ზედმეტი ზრუნვა და ალერსი მამაკაცს „აფუჭებს“. არავითარ შემთხვევაში! ის ამას ხედავს და აფასებს. ბუნებრივია, ჩვენ ნორმალურ მამაკაცებზე ვსაუბრობთ და არა ნარცისებზე ან ეგოისტებზე. მოკლედ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბრძოლის არენა ოჯახის გარეთ გადავიტანოთ – სამსახურში, მაგალითად, სადაც საბრძოლო შემართება და პრინციპულობა, უბრალოდ, აუცილებელია. სახლში კი მოვეშვათ, მოვდუნდეთ და ვუთხრათ ერთმანეთს ბევრი თბილი და სიყვარულით აღსავსე სიტყვა.