კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ხშირად მექერცლება ტუჩები, განსაკუთრებით – სიცივეში. როგორ მოვუარო, რომ ყოველთვის საღად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს?
პასუხი: ეს არც ისე რთულია: ყოველდღე წაისვით მკვებავი ბალზამი, ვთქვათ, თაფლისა და პროპოლისის შემადგენლობით; კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი კბილის რბილი ჯაგრისით, ან, გაიკეთეთ სკრაბი და გახსოვდეთ, ამ პროცედურის შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი ბალზამი – ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ტუჩის საცხი და „ბლესკი“ იდეალურად თანაბრად „დაჯდეს“ ტუჩებზე.
კითხვა: როგორ გამოვიყენო თერმობიგუდები ლოკონების გასაკეთებლად?
პასუხი: თუ გსურთ, მსუბუქი, ჰაეროვანი ლოკონების გაკეთება, ჩააწყვეთ თერმობიგუდები მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. შემდეგ დაივარცხნეთ თმა, თმის პატარ-პატარა „კონა“ გამოყავით ცალკე, ბიგუდზე მისი დახვევა დაიწყეთ თმების ბოლოებიდან (წვეროებიდან), დაახვიეთ შუა სიგრძემდე და ბიგუდი დაამაგრეთ თავისი ჩამკეტით. 20-30 წუთის შემდეგ ბიგუდები მოიხსენით, მსუბუქად აჰკარით ხელი ლოკონებს, რომ გასწორდეს და შორიდან მიისხურეთ საშუალო ფიქსაციის მქონე თმის ლაკი.
კითხვა: როგორ დავივიწროვო ცხვირი ვიზუალურად?
პასუხი: თუ ძალიან მრგვალი სახე არ გაქვთ, ცხვირის ვიზუალური დაპატარავება შეგიძლიათ ეგრეთ წოდებული „ჩოლკით“. გარდა ამისა, გამოიყენეთ „მაიკ აპის“ საშუალებები. კაკლისფერი თვალის „ჩრდილის“ თხელი ფენა წაისვით კეხის მთელ სიგრძეზე – ცხვირის წვერიდან წარბების შუამდე და თანაბრად გადაანაწილეთ გვერდითა კედლებისკენ.
კითხვა: როგორ მოვიშორო ფრჩხილებიდან ყვითელი პიგმენტი, რომელიც ლაკმა დამიტოვა?
პასუხი: დღეში 2-3-ჯერ გაიწმინდეთ ფრჩხილები ლიმონის ნაჭრით, საღამოობით კი გაიკეთეთ აბაზანები: 3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი გააზავეთ 2 ჩაის კოვზ გადადუღებულ წყალში, ჩაყავით თითები, 15 წუთის შემდეგ შეიმშრალეთ და წაისვით გლიცერინი მთლიანად ხელებზე.
კითხვა: შეიძლება თუ არა ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემის წასმა სოლარიუმში გარუჯვის დროს?
პასუხი: არ შეიძლება, რადგან, ჯერ ერთი, დამცავი კრემი აფერხებს გარუჯვის პროცესს, მეორეც, შესაძლოა, ამან კანის ალერგია გამოიწვიოს. თუ მაინცდამაინც გსურთ, სოლარიუმში შესვლის წინ რამე წაისვათ, შეიძინეთ ამისთვის სპეციალურად განკუთვნილი საშუალებები: რუჯის „გამამჟღავნებლები“, „გამამაგრებლები“ და „აქტივატორები“.
კითხვა: რა დანიშნულებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში კიტრი?
პასუხი: კიტრი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს, კაროტინს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. კიტრის წვენს იყენებენ გამონაყარის, ჭორფლის, კანის პიგმენტაციის სამკურნალოდ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ყოველ საღამოს კიტრის ნაჭრით გაიწმენდთ სახეს. ასევე, კიტრი გამოიყენება პაროდონტოზისა და თმის ცვენის დროს.
კითხვა: თუ შეიძლება, მასწავლეთ, როგორ დავამზადო სახლის პირობებში კიტრის ლოსიონი.
პასუხი: შეუწამლავი 2 ცალი მოზრდილი კიტრი კარგად გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ მსხვილ სახეხზე. მიღებული მასა მოათავსეთ მინის ბოთლში, გაავსეთ სპირტით, დაახურეთ თავსახური და დადგით მზეზე 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ. ამ სითხით გაიწმინდეთ სახე დღეში 2-3-ჯერ.
კითხვა: შეიძლება თუ არა კოსმეტოლოგიურმა პროცედურებმა სახის კანს ავნოს?
პასუხი: სამწუხაროდ, ნებისმიერმა მექანიკურმა ზემოქმედებამ, იქნება ეს პილინგი, გაწმენდა თუ სხვა, შესაძლოა, დაარღვიოს კანის მიკროფლორა. ამიტომ, ნებისმიერი პროცედურის წინ, ზუსტად დაადგინეთ თქვენი კანის ტიპი, შეარჩიეთ ხარისხიანი პროდუქცია, სწორად შეასრულეთ პროცედურების მიმდინარეობა და თუ ამის გამოცდილება არ გაქვთ, უმჯობესია, მიმართოთ კოსმეტოლოგს.