როგორ მოვუაროთ კანს თვალების გარშემო
ყოველ კრემს თავისი კონკრეტული საათი აქვს!
ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ხშირად თქვენი სახის კანი ყოველ საათში იცვლება, რადგან კანს, ისევე, როგორც მთელ ორგანიზმს, თავისი ბიორიტმები აქვს. თუ ამას გაითვალისწინებთ, თქვენი კანი დღე-ღამის განმავლობაში იდეალურ მდგომარეობაში იქნება.
დილის 5-8 საათი:
ამ პერიოდში სისხლში „შეედინება“ ჰორმონული კოქტეილი. კორტიზოლი აკავებს სითხეს ქსოვილში (ამიტომაც, გაღვიძებისას ხშირად გვაქვს თვალები შეშუპებული), სამაგიეროდ, აქვს ანტიანთებითი ეფექტი, რისი წყალობითაც ადვილად გაივლის კანის გაღიზიანება, რაც საღამოობით იჩენს თავს. ამიტომ, ამ საათებში ნუ იჩქარებთ მაკიაჟის გაკეთებას.
თუ არ გსურთ, თვალების ქვეშ „ტომსიკები“ ჩამოგეკიდოთ, ადექით გაღვიძებისთანავე – უმჯობესია, ადგეთ 6 ან 8 საათზე, რადგან 7-დან 8 საათამდე კანი ცუდად იღებს კოსმეტიკურ საშუალებებს და გაღიზიანებისკენ არის მიდრეკილი.
რჩევა: პირის დაბანისთანავე გაიწმინდეთ სახე ყინულის კუბიკით და წაისვით დღის კრემი.
8-დან 12 საათამდე:
ეს არის საუკეთესო დრო სახესა და ტანზე მატონიზებელი პროცედურების ჩასატარებლად. თუ გამონაყარი გაქვთ, წაისვით ანტიბაქტერიული კრემი ან ლოსიონი.
რჩევა: უმჯობესია, სახე გაიწმინდოთ სალონში. თუმცა, სახლში შეგიძლიათ გაიკეთოთ გვირილის ან კალენდულის ნახარშის ორთქლის აბაზანა. შემდეგ წაისვით პილინგ-კრემისა და მანანის ბურღულის თანაბარი ნაზავი, რომელშიც შერეული იქნება 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ამდენივე გახეხილი უმი სტაფილო. 20 წუთის შემდეგ თითებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, ჩამოიბანეთ თბილი, გადადუღებული წყლით, გაიწმინდეთ ტონიკით და წაისვით მკვებავი.
12-დან 15 საათამდე:
შუადღის შემდეგ ორგანიზმში ყველა მიმდინარე პროცესი ნელდება, კანი კი დაღლილად გამოიყურება და დროებით კარგავს მგრძნობიარობას კოსმეტიკური პროცედურების მიმართ.
რჩევა: გამოძებნეთ დრო რელაქსაციისა და დასვენებისთვის, შეგიძლიათ, გამოიყენოთ არომაზეთები – ეს მოგეხმარებათ დაკარგული ძალების აღდგენაში.
15-დან 17 საათამდე:
კანი იწყებს გასწორებასა და აღდგენას. ეს შესაფერისი დროა ფიტნესისა და კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის, აბანოსა და საუნის, ასევე, ცხელი კომპრესებისთვის.
რჩევა: გაიკეთეთ სხეულის პილინგი თაფლით – მას კარგად გამოჰყავს ტოქსინები, წმენდს და კვებავს კანს: ერთმანეთში აურიეთ 30 გრამი თაფლი და 50 გრამი ზღვის მარილი, წაისვით მთელ ტანზე, შედით ორთქლის აბანოში და 4-6 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ რბილი მასაჟი თითების წრიული მოძრაობით. ასევე, შეგიძლიათ, მოამზადოთ პილინგ-ლოსიონი ტანისთვის: 30 გრამ თაფლში შეურიეთ 50 მილილიტრი შავი თალგამის ახალგამოწურული წვენი. სახის, ყელისა და დეკოლტესთვის კი იმავე რაოდენობის თაფლში აურიეთ 1 ცალი კვერცხის გული.
17-18 საათი:
ეს არის იდეალური დრო მასაჟებისა და სპა-პროცედურებისთვის. თუ ამ დროს სამსახურში იმყოფებით, მსუბუქი მოძრაობით დაიმასაჟეთ მთელი სახე – ეს ტონუსში მოიყვანს კანს და მოგიხსნით დაღლილობასა და აპათიას.
18-20 საათი:
ეს საუკეთესო დროა, წახვიდეთ ანტიცელულიტური მასაჟის გასაკეთებლად ან გაიკეთოთ ეპილაცია; ასევე, გაისერინოთ პარკში, ჩაიტაროთ ლიმფოდრენაჟი და დეტოქს-პროცედურები, ეწვიოთ აბანოს ან საუნას და, რაც მთავარია, სასწრაფოდ მოიშორეთ მაკიაჟი.
რჩევა: 19-დან 20 საათამდე მიიღეთ მომადუნებელი აბაზანა (პიტნისა და ლავანდის ნაყენით). სანამ აბაზანაში ნებივრობთ, სახეზე წაისვით მკვებავი ნიღაბი.
20-21 საათი:
დღის ამ მონაკვეთში წასმულ ღამის მკვებავს ყველაზე სრულყოფილად შეიწოვს კანი – ეს განსაკუთრებით კარგად უნდა დაიმახსოვრონ 30-35 წელს გადაშორებულმა ქალბატონებმა. ოღონდ, კრემის წასმიდან დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათი უნდა გავიდეს. ღამის მკვებავი წაისვით კარგად გაწმენდილ სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ აიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.
რჩევა: თუ დილით გაღვიძებისას სახე შეშუპებული გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორად შეარჩიეთ ღამის მკვებავი, ან, ძილის წინ ბევრი წყალი დალიეთ. ამიტომ, შეეცადეთ, 19 საათის შემდეგ 200-300 მილილიტრ წყალზე მეტი არ დალიოთ.