ვინ აკეთებს მსოფლიოში ყველაზე მაგარ ჩიხირთმას და როგორ ებრძვის ირმა სოხაძე ლაქებს
პოპულარულ მომღერალს, ირმა სოხაძეს, თურმე, სიმღერის შემდეგ ყველაზე მეტ სიამოვნებას დიასახლისობა ანიჭებს და უყვარს, როცა სტუმრებს თავისი ნახელავით უმასპინძლდება, თუმცა მისი შესაძლებლობები მხოლოდ აქ არ მთავრდება.
ირმა სოხაძე: საერთოდ, ყველაფერში ჰარმონიის მომხრე ვარ და ჩემთვის დიასახლისობა არც უპირველესი საქმეა და არც მეორეხარისხოვანი. ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ დიასახლისობა თავისთავად ვისწავლე, რადგან ორივე ბებია არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო. ადრიდანვე ჩავერთე საოჯახო საქმეებში, თუმცა, რომ გითხრათ, ვინმე კეცზე მჭადებს მაცხობინებდა-მეთქი, მოგატყუებთ. ბებია და დედა ტრიალებდნენ სახლში, მე კი ჩემი საქმეები მქონდა: უნდა მესწავლა ფრიადებზე, სხვათა შორის „ოთხი“ არ მიმიღია არც სკოლაში, არც ინსტიტუტში. აქედან გამომდინარე, არავინ მავალდებულებდა რამის კეთებას. ისე, ეტყობა ამის ნიჭი მქონდა. დედაჩემი იყო არნახული დიასახლისი – შეეძლო, ოთხ საათში ისეთი სუფრა გაეშალა, რომ ჩიტის რძე არ დააკლდებოდა. როგორ ასწრებდა ამდენი რამის კეთებას, თვითონაც ვერ ხვდებოდა. მე მთლად მისნაირი არ ვარ, თუმცა, მაინც ჩქარი ხელი მაქვს.
– ახლობლები როგორ აფასებენ თქვენ მიერ გაკეთებულ კერძებს?
– უკვე აღვნიშნე, რომ ჩქარი ხელი მაქვს და გემრიელი საჭმელიც გამომდის. ეს ყველაფერი ნამდვილად ხელზეა დამოკიდებული – რაც არ უნდა ისწავლო და პროპორციებით შეაზავო კერძი სანელებლებით, თუ გაწაფული არ გაქვს ხელი, ისე არაფერი გამოგივა. მე ნამცხვრებსაც კი ჩემი გემოვნების მიხედვით ვაკეთებდი, მაგრამ, ბოლო დროს მის კეთებაზე ხელი ავიღე.
– რატომ ერიდებით ნამცხვრების კეთებას, არ გიყვართ, თუ გასუქების გეშინიათ?
– პირველ ყოვლისა, გასუქება არ მაწყობს, მაგრამ, ოჯახში არც ერთი არ ვეტრფით ტკბილეულს და ამიტომაც აღარ ვიწუხებ თავს. ზოგჯერ კექსს თუ გამოვაცხობთ და ვჯერდებით. რეცეპტების მიხედვით არ ვაკეთებ საჭმელებს, უფრო იმპროვიზაციას მივმართავ. როცა ჩემს უფროს ქალიშვილთან ვარ სტუმრად პრაღაში, იქ ვშლი ხოლმე ფრთებს. ისინი გურმანები არიან და მაცივარში უამრავი ინგრედიენტი აქვთ. იგივე, თუ გნებავთ, მაკარონი, იმდენნაირად შეიძლება, შეაზავო, რომ ათნაირი სხვადასხვა სახის კერძი მოამზადო მისგან. მაკარონი არის უმაგრესი საჭმელი, რომელიც, სხვათა შორის, არ ასუქებს. ასევე არნახულად მიყვარს წიწიბურა.
– ბოლო დროს წიწიბურა დელიკატესი გახდა, ჩვენთან მისი დეფიციტია და დროებით მაინც უარის თქმა მოგიწევთ მასზე...
– ახლა ჩამოვედი პრაღიდან და არ ვიცოდი ეგ ამბავი. რა ცუდია... არადა, როგორ მიყვარს წიწიბურა! მაინც ჩაგაწერინებთ ერთ რეცეპტს: თბილ წიწიბურაში კუბიკებად ჩააჭერით მაგარი (არა ჭყინტი) ყველი, მაგალითად, ქარხნული. მერე გაურიეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა, ზეითუნის ზეთი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით მოაყარეთ და არაფერი აღარ გჭირდებათ, უგემრიელესია. როგორ მიყვარს წიწიბურა, უცებ ნერწყვი მომადგა პირზე! ვგიჟდები, როცა სახლში მოდიან სტუმრები, მიყვარს მათი გამასპინძლება, რესტორანში რომ დაპატიჟო, უფრო ძვირი დაგიჯდება და, თანაც, ვერასდროს ისე ვერ მოეფერები მათ, როგორც სახლში. ჩემი მთავარი ნიჭი ის არის, რომ მიყვარს დიასახლისობა, სუფრის გაშლა და, მერე ხელს რომ მიქებენ, ვერ აგიწერთ, ისე მსიამოვნებს. სხვათა შორის, უცხოეთში, როცა სახლში გეპატიჟებიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან უნდათ შენი პატივისცემა.
– ხორციან კერძებს ხშირად მიირთმევთ?
– მე ნახევრად ვეგეტარიანელი გახლავართ – თევზს გეახლებით, ხანდახან – ფრინველსაც. მაგალითად, კარგად ვაკეთებ ქათმის ჩიხირთმას. იმის მიუხედავად, რომ ჩემი მეუღლე საკმაოდ მკაცრია და იშვიათად თუ შემაქებს ჩემი კულინარიული მიღწევების გამო, გამოტყდა და აღიარა, რომ ყველაზე გემრიელ ჩიხირთმას ვაკეთებ მსოფლიოში (იცინის). აი, საქონლის ხორცს კი ვერიდები. ასაკის მატებასთან ერთად, ხორცი ჯერ შევამცირე, მერე რაციონიდან ამოვიღე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მართლა არაა ხორცი სასარგებლო, მით უმეტეს, ორმოცი წლის ასაკის შემდეგ თუ მოერიდებით მის მიღებას, უკეთესი იქნება. კარტოფილი მიყვარს ძალიან. მოხარშული კარტოფილისგან რამდენიმე კერძის გაკეთება შეიძლება. როცა ხახვი მოიხრაკება ზეთში, მერე დაჭრილი კარტოფილი დააყარეთ, კარგად ამოურიეთ და შეაზავეთ მარილითა და კამით. აქვე ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, ხახვის მოშუშვის დროს, თუ არ გინდათ, რომ საჭმელს მისი გემო გაჰყვეს, იმდენი, მარილი მოაყარეთ, რომ მერე დამატება აღარ დაგჭირდეთ საჭმელში. მარილი გაიწოვს ხახვის გემოს და ტკბება, რაღაცა მოსდის. ასევე, ძალიან მიყვარს სუპეული. წვნიანის მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოა. დესერტებიდან კი არასდროს ვამბობ უარს ხილზე.
– ოჯახში ძალიან ბევრი საქმეა, მით უმეტეს, სახლის საფუძვლიანი დალაგება იოლი არ არის, ვინმე გეხმარებათ თუ მარტო უმკლავდებით?
– რაც არ შემიძლია, ესაა სახლის დალაგება, ანუ „უბორკა“. რასაკვირველია, ყოველდღიურ საქმეს რა გამოლევს, მაგრამ, ასეთ დროს მყავს დამხმარე ქალი, რომელიც მიმსუბუქებს შრომას და სახლის დალაგებას მას ვანდობ. მე დაბალი წნევა მაქვს და ფიზიკურ დატვირთვას ვერიდები – როცა ვიღლები, გული მიმდის ხოლმე. თუ გინდათ, მთელი დღე ვიდგები სამზარეულოში და რამდენიმე კერძს მოვამზადებ, ოღონდ სახლს ნუ დამალაგებინებ.
– სახლის საქმეებიდან ყველაზე მეტად რისი გაკეთება გსიამოვნებთ?
– სამზარეულოში ტრიალის გარდა, ძალიან მიყვარს უთოობა. უთოს მეშვეობით, შემიძლია ცოტა ნირწამხდარ ტანსაცმელს ძველი პეწი დავუბრუნო. ასევე კარგად ვიცი ქარგვა, კერვა და ქსოვა. კარგი იქნება, რომ მეტი დრო მქონდეს და ვქარგო. ამას წინათ ვიყიდე ჩვეულებრივი, შავი, სადა ჟაკეტი, რომელიც ისე ლამაზად მოვქარგე, დღემდე არავის სჯერა, რომ ჩემი ნახელავია. ადრე ჩემს შვილებს ვუქსოვდი პულოვერებს, ახლა ამის საჭიროება არცაა და, ისედაც, ქსოვას დიდი დრო მიაქვს. ამიტომ, ეს პროცედურა, ცოტა არ იყოს, მღლის. ადრეც, სანამ დავამთავრებდი ქსოვას, ჩემი მემართებოდა.
– როგორც თქვით, კერვაც გცოდნიათ. ტანსაცმელს თავად იკერავთ?
– მე ხელით შემიძლია, გავავლო არაჩვეულებრივი გვირისტი. მიყვარს ტანსაცმლის ფორმის შეცვლა, მისი განახლება, შემიძლია, სტილი შევუცვალო, ერთი ისაა, რომ თარგს ვერ გამოვჭრი. მაგრამ, მზა ტანსაცმელს რასაც ვყიდულობ, მერე ყოველთვის მიწევს ხოლმე იმის გადაკეთება. მომღერალს სცენის კაბა, ცხადია, აღარ სჭირდება, როცა მოძველდება. ბრჭყვიალებიანი კაბა ვის უნდა აჩუქო, გადასაგდებად კი გენანება. ამიტომ, ძველი ნაჭრისგან ახალი და უფრო მოდური კაბის შეკერვა შეიძლება.
– გამოდის, რომ თქვენ საკუთარი თავის დიზაინერი ხართ...
– დიახ, ნამდვილად ვარ. სხვათა შორის, რაც ეს გადაკეთება დავიწყე, უფრო უკეთ მაცვია, ვიდრე მანამდე.
– ავეჯს როგორ უვლით?
– ავეჯისთვის არის სითხე, რომლის სუნზე თავბრუ მეხვევა და ვერ ვიტან, ლამის აირწინაღები მჭირდება ხოლმე, მაგრამ, გამიწმენდია იმით, მით უმეტეს, ჩემს როიალს ზედმეტად ვუფრთხილდები.
– ჭურჭლის რეცხვაზე როგორ ხართ?
– რეცხვა მიყვარს, რა თქმა უნდა. ჭურჭლის რეცხვის დროს, მართალია, ჟელე ქიმიურია და ხელებს აფუჭებს, მაგრამ, რა ვქნა, რეზინის ხელთათმანებს ვერ ვგუობ. რეცხვის შემდეგ ხელის კრემს ვხმარობ, რომელიც არბილებს კანს.
– სააბაზანოს როგორ წმენდთ?
– რომ გითხრათ, ყოველდღე იქ ვარ და ვწმენდ-მეთქი, მოგატყუებთ, მე მყავს დამხმარე ქალი, რომელიც თვეში ერთხელ საფუძვლიანად მილაგებს სახლს და იმან ჩემზე კარგად იცის, რა როგორ უნდა გაწმინდოს.
– ფანჯრებს თქვენ ასუფთავებთ?
– ფანჯრებსაც ის მისუფთავებს, ისედაც მაღალ სართულზე ვცხოვრობ და ზემოთ რომ ავიდე მის დასაწმენდად, არ შემიძლია, სიმაღლის შიში მაქვს. ჭაღს რაც შეეხება, შამპუნიანი თბილი წყალია მის გასასუფთავებლად საჭირო, მშვენივრად ირეცხება და პრიალდება. აქვე, ერთი კარგი რჩევა მინდა მოგცეთ: თუ გაქვთ კარგი ხარისხის პულოვერი, მანქანაში არ გარეცხოთ, რადგან, რაც უნდა კარგი პროგრამა ჰქონდეს მანქანას და, ხელით რეცხვის რეჟიმზეც რომ ჩართოთ, მერწმუნეთ, გაგიფუჭდებათ. მე მაქვს რამდენიმე პულოვერი, რომელიც 5-10 წლის წინაა შეძენილი, მაგრამ, მთლად ახლად გამოიყურება. რატომ, იცით? გრილ წყალში გახსნილ შამპუნში ვრეცხავ ხელით. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ შეაგდოთ თქვენი ლამაზი ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში და არც ფხვნილით გარეცხოთ.
– სამზარეულოში რამე მარცხი მოგსვლიათ?
– როგორც მახსოვს, სულ ორჯერ მიმეწვა საჭმელი ტაფაზე და ესეც ადრე მოხდა. მე ამგვარ შეცდომებს არ ვუშვებ, რადგან, როცა საჭმლის კეთებას იწყებ, არ შეიძლება, ამავდროულად, ილაპარაკო ტელეფონზე, უყურო ტელევიზორს ან წერო ლექსი. ერთდროულად ამდენი საქმის კეთებას ვერ ასწრებ და გაფანტული როცა გაქვს გონება, მაშინ კარგად არც ერთი საქმე არ გამოგივა. მე საჭმლის კეთების დროს სამზარეულოდან არ გამოვდივარ, თავზე უნდა დაადგე კერძს. ასე გულისყურით თუ გააკეთებ, კერძი არც მიგეწვება და არც უგემური გამოგივა.
– ლაქებს როგორ უმკლავდებით?
– თუ ქვაბს გაუჩნდა ლაქა, სოდა და ათასნაირი ფხვნილი გამოდგება მის გასათეთრებლად, აბაზანის ლაქებს ვერ ვებრძვი, ამაში დამხმარე ქალი მეხმარება. რაც შეეხება ტანსაცმლის ლაქას, აქ უფრო რთულადაა საქმე, რადგან ლაქის ამოყვანის რამდენიმე ხერხი არსებობს. გააჩნია, როგორი ქსოვილია. მაგალითად, აბრეშუმზე „ასი“ რომ დაასხა, კატასტროფა მოხდება – გააფუჭებს. ცხიმის ლაქას ვებრძვი თერმულად, ანუ ცხელი წყლით; პომიდვრის, ტომატის ან, წითელი ღვინის ლაქა ცხელ წყალში უნდა ამოირეცხოს სარეცხი ფხვნილით. ვერიდები მათეთრებლის ხმარებას, რომელსაც ნაჭერი თავის ჭკუაზე მიჰყავს – ლაქას კი ამოიღებს, მაგრამ, თუ ნაჭერი გამიფუჭა, რაღად მინდა რამე. აი, სისხლის ლაქა კი ცივ წყალში საპნით უნდა გაირეცხოს.
– იატაკიდან ჭუჭყს მტვერსასრუტით იღებთ?
– დიახ, ძირითადად მტვერსასრუტს ვხმარობ, რომლითაც ვასუფთავებ, ასევე, სავარძლებს. ის, მართალია, საფუძვლიანად იღებს მტვერს, მაგრამ, იატაკის მოსასუფთავებლად მაინც ცოცხი და აქანდაზია საჭირო.
– საქმის კეთების დროს წინსაფარს არ ხმარობთ?
– არასდროს არ მიკეთია არც წინსაფარი და არც თავსაფარი, მაგრამ, არც თმა მიცვივდება საჭმელში და არც ტანსაცმელს ვილაქავებ. მოკლედ, ფრთხილი და მოწესრიგებული დიასახლისი ვარ (იცინის).