როგორ დაამტკიცეს გერმანიაში ცნობილი სერიალის ერთადერთ როლზე ქართველი გოგონა და როგორ გახდა ის ირანელი მილიონერის ქალიშვილი
ნინი წიკლაური, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, გერმანიაში საკმაოდ ცნობილი, წარმატებული მსახიობი და მომღერალია. ის უკვე რამდენიმე სერიალში გადაიღეს, რომელიც გერმანიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად, გულშემატკივრები ნინის ცხოვრების დეტალებით ძალიან ინტერესდებიან. ეს როკერის სტილში გამოწყობილი, მშვენიერი, შავკულულებიანი გოგონა, გერმანიაში საქართველოს ფიარზეც მუშაობს და გერმანელებისთვის ჩვენი ქვეყნის კარგი კუთხით გაცნობას ცდილობს.
ნინი: ყოველთვის ძალიან მინდოდა სიმღერა, მსახიობობა. პირველად მშობლების წინაშე ვიმღერე. მაშინ 7 წლის ვიყავი და ჩემი ტალანტი აღმოაჩინეს. შემდეგ გერმანიაში გადავედი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად და 11 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ტელეგამოსვლა მქონდა. თავიდან მერაია ქერის სიმღერებს ვმღეროდი, პარალელურად, ვცეკვავდი ჰიპ-ჰოპს, თან სკოლაში სპექტაკლებში ვთამაშობდი. ჩემი ოცნება იყო, რომელიმე ფილმში მეთამაშა. იმ დროს გადიოდა ძალიან პოპულარული სერიალი „ველური ბიჭები“. გამოაცხადეს ქასთინგი. გადავწყვიტე, ბედი მეცადა და როლი მივიღე.
იზა კახიანი (ნინის დედა): მას ისე უნდოდა ამ ფილმში თამაში, ისე ოცნებობდა, ვფიქრობდი, რომ არ აიყვანონ როლზე, მერე რა იქნება-მეთქი. ფაქტობრივად, სერიალში ძირითადად რეჟისორის შვილები მონაწილეობენ – გერმანიაში ცნობილი მსახიობები და მათი შვილები. ქასთინგისთვის ვიდეომასალა იყო გასაგზავნი, რომელსაც მარტო ვერ გადაიღებდა. მე და ჩემმა დამ ფეხბურთის თამაში ვისწავლეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ფეხბურთის თამაშის დროს გადაღებული ვიდეო იყო. ვიდეოსთან ერთად გავაგზავნეთ ნინის გამოსვლის ჩანაწერი, სადაც როკს მღერის. შემდეგ, როცა როლზე დაამტკიცეს, რეჟისორი და მისი ასისტენტი იხსენებდნენ, ძალიან ბევრი მასალა იყო შემოსული, დავიღალეთ, უკვე აღარ შეგვეძლო ყურება. ამ დროს ჩავრთეთ ვიდეო. ვიღაც როკს ძალიან მაგრად მღეროდა და მოგვეწონაო. ნინის პატარა „შაკირა“ დაარქვეს და ასე ეძახდნენ. სანამ პასუხს გავიგებდით, ნინი ძალიან ნერვიულობდა. მე მანამდე შევაჩვიე იმ აზრს, რომ რეიტინგული სერიალია, ერთადერთი როლია თავისუფალი, შეიძლება, არ აგიყვანონ და არ განიცადო-მეთქი. დაბადების დღეზე დაურეკეს, უთხრეს, დაგამტკიცეთ როლზეო და ისე გაუხარდა, ყვირილით, კივილით, წივილით დაანგრია ყველაფერი. პარალელურად, ნინიმ მოიგო ავსტრიაში სიმღერის ქასთინგი. ნახევარფინალში იყო გასული. ფილმის ნაწილიც სწორედ იქ უნდა გადაეღოთ, გაგვიხარდა, მაგრამ დროში ვერ შეთანხმდნენ, ნინიმ სიმღერაზე უარი თქვა და ფილმში დარჩა.
– როგორც ვიცი, გერმანულ პრესაში ნინის შესახებ ძალიან ბევრს წერენ.
– მაშინდელი პრესა წერდა ნინიზე, რომ ის ლაპარაკობს ქართულად, გერმანულად, ინგლისურად, ცოტას – უნგრულად, ფრანგულად, რუსულად და მზად არის, რომ შოუ-ბიზნესში ინტერნაციონალი „სტარი“ გახდეს. ასევე, წერდნენ მის წარმომავლობაზე, რომ საქართველოში დაიბადა. 4 წლის იყო, როდესაც უნგრეთში მივიდა სკოლაში. ოცნებობს, გაიკეთოს მომღერლის კარიერა. ჰქონდა მრავალრიცხოვანი სატელევიზიო გამოსვლა, სწავლობს გიტარაზე დაკვრას (მაშინ ჯერ პატარა იყო, ასე კარგად არ უკრავდა). უსმენს როკს და ყოველთვის აქვს გრძელი ლოკონები, ძალიან უყვარს „სკეიტბორდი“. ჰყავს 9 წლის ძმა და დადის გიმნაზიაში. პირველი გამოცდილება ჰქონდა თეატრში და უნდოდა სამსახიობო კარიერის გაკეთება. „ველურ ბიჭებში“ მისი დებიუტი შედგა.
– ნინი, სერიალის შემდეგ, ალბათ, მთლიანად შეიცვალა შენი ცხოვრება?
ნინი: პირველი ცვლილება ის იყო, რომ სკოლაში შედარებით ნაკლებად მიწევდა სიარული. როდესაც პოპულარული გავხდი, ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვა ჩემს სამეგობრო წრეზეც. მივხვდი, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მეგობარი და ვინ – არა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჩემი სამეგობრო წრე დაპატარავდა. სულ სხვანაირი გრძნობა მქონდა, როდესაც სკოლაში მივდიოდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ის გზა უნდა გამეგრძელებინა, რაც ავირჩიე. „ველური ბიჭები“ დიდი ხნის განმავლობაში გერმანულ ჩარტებში პირველ ადგილზე იყო და მერე კი, თითქოს ციდან ჩემთვის ჩამოვარდა ტელესერიალ „აინშტაინის სასახლის“ მთავარი როლი. ბოლო სამი წელია, უკვე ამ სერიალზე ვმუშაობ. ჩვენმა სერიალმა გერმანიის კინოფესტივალზე გაიმარჯვა და ახლა გერმანიის ქალაქებში დაგვეწყება ტურნე.
იზა კახიანი: გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრაციის თემა, რადგან ბევრი ეროვნების ხალხი ცხოვრობს. ნინი თამაშობს ირანელი მილიონერის შვილის, ლაილას როლს. ლაილას და მისი ძმის მეგობარს, რომელიც გერმანელია, ერთმანეთი შეუყვარდებათ. ლაილას მამა თანახმაა ამ ურთიერთობის, მაგრამ ძმა წინააღმდეგია და ამ თემაზე არის სერიალი. ყველაზე კარგი ის არის, რომ ნინი ამ სერიალში მღერის. იმ სიმღერებიდან, რაც სერიალშია, ერთი გამოვა დეკემბერში, ხოლო იანვარში ნინის ალბომიც იქნება მზად. რაც მთავარია, „ტოკიო ჰოტელის“ მუსიკალურ პროდიუსერთან, პიტერ ჰოფმანთან გავაფორმებთ კონტრაქტს. ნინის თინეიჯერული ეტაპი დამთავრდა და ახლა ახალი ეტაპი იწყება. ხელშეკრულებას „ხელოვანის ხელშეკრულება“ ჰქვია, ხუთწლიანია და ნინი ამ ხნის განმავლობაში პიტერ ჰოფმანთან ერთად იმუშავებს. მის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და ის დაეხმარება ყველაფერში, როგორც მსახიობს, ასევე, როგორც მომღერალს. 10 წლის იყო ნინი, როდესაც მონაწილეობდა პოპულარულ საბავშვო პროექტში – „ლოლი პოპი“. ამ ქასთინგზე ნინიმ ისე იმღერა, ისეთი ტემპერამენტით, რომ ყველამ დაიმახსოვრა. იქ ძირითადად პოპს მღერიან და ნინიმ როკი იმღერა, თან ჟიურის წევრებს უთხრა, მე თუ ვერ მომარგეთ სიმღერა, შეგიძლიათ, პროექტს „ლოლი როკი“ დაარქვათო. ჟიურიში სულ სამი წევრი იყო და ერთ-ერთი გახლდათ პიტერ ჰოფმანი. გავიდა დრო და ერთ დღესაც მან ტელვიზიით ნინის შესახებ სიუჟეტი ნახა და დაგვიკავშირდა. უფრო ადრე „ტოკიო ჰოტელის“ ბილი, რომელიც ასევე პიტერ ჰოფმანის აღმოჩენილია, ნინისთან ერთად გადიოდა ძალიან დიდი სატელევიზიო პროექტის ქასთინგს. ნინიმ ბილს აჯობა, ნახევარფინალამდე მივიდა. მაშინ სტუდენტური ვიზით ვიყავით ჩასულები და მერე გავიგეთ, თურმე, იქ მცხოვრები უნდა ყოფილიყავი, პროექტში მონაწილეობის უფლება რომ გქონოდა. ამიტომ, ვეღარ მივიდა ბოლომდე.
ნინი: როდესაც ფილმში მიღებდნენ, მაშინ პიტერ ჰოფმანი დაეხმარა ბილს, რომ ჯგუფი გაეკეთებინა. ანუ, როდესაც ჩემი კარიერა ფილმით დაიწყო, ბილიმ კარიერა სიმღერით გაიკეთა და ძალიან გამიხარდა.
– ნინი, დიდი ხანია, როკს მღერი?
– მახსოვს, ოჯახთან ერთად ქალაქის დღესასწაულს ვესწრებოდი და უცებ მაგიური ხმა შემომესმა. მივედი მოსასმენად და სცენას მივეჯაჭვე. ვუყურებდი, როგორ უკრავდნენ ადამიანები თავისუფალ სიმღერას. ამის შემდეგ დავინტერესდი როკით.
იზა კახიანი: ნინის ყველა ეუბნებოდა, როკისთვის ჯერ პატარა ხარო, მაგრამ ყოველ კონცერტზე, როგორც გამონაკლისს, მაინც უშვებდნენ. ახლა როკის ძალიან ცნობილ მომღერლებთან, ბენდებთან, რომლებიც ისტორიას წერენ, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ერთადერთი ცნობილი ქალი მომღერალია, „მეტალისტი“ დორო, რომელთანაც ნინი მეგობრობს, პირადად იცნობს, კონსულტაციებს იღებს მისგან.
– როგორია ნინის ცხოვრების სტილი?
– წამოსვლისას აეროპორტში ვიყიდეთ ჟურნალი, სადაც ნინის შესახებ წერია – როგორ ცხოვრობს და რა უყვარს. სტატიის სათაურია – „კარის ჭუჭრუტანიდან დანახული „ვიაიპი“ ხალხი“. ისინი ასე ცხოვრობენ და თუ გინდა, მისი სტილის „კოპირება“ გააკეთეო, ნინის და მისი ოთახის ფოტოებია დაბეჭდილი.
ნინი: დილის 5 საათზე ვდგები, ადრე მეწყება სკოლა – რვის თხუთმეტ წუთზე. პირველ საათზე მაკითხავს მძღოლი და 10 საათამდე მაქვს გადაღებები, ხან უფრო გვიანობამდე, მერე ვმეცადინეობ და პირველ საათზე ვიძინებ. ეს ხდება კვირაში ხუთი დღე, შაბათ-კვირას კი ან რეპეტიცია მაქვს ბენდთან, ან კონცერტები. ამის გარდა, თუ ვახერხებ, ვიპარავ საათებს და დავდივარ ვოკალის, გიტარის გაკვეთილზე.
იზა კახიანი: შემდეგ დაიმატა პოლიტიკაც. ტულინგერის მოსწავლეთა პარლამენტში სხდომებს ესწრებოდა.
ნინი: გერმანიაში რაც მაკლია და მენატრება, ეს არის ბუნება, ბებია და ბაბუა და საჭმელები. ძალიან მიყვარს ქართული კერძები და გერმანიაში რეკლამას ვუკეთებ. ხინკალი მიყვარს, მწვადი, ტყემალი. ერთხელ ჩემი მეგობრები სახლში დავპატიჟე და დედას ვთხოვე, ქართული კერძები გაეკეთებინა. გაოცებულები დარჩნენ, ისე მოეწონათ. ყველაფერი შეჭამეს.
იზა კახიანი: რომ მოვდიოდით საქართველოში, ნინის ფილმის რეჟისორმა დაურეკა. არ იცოდა, რომ მოვდიოდით. რამდენიმე ბოთლი „ხვანჭკარა“ ვაჩუქეთ, ერთი ბოთლი შეუნახავს, არ ვიცი, ასეთ საჩუქარს თუ გამიკეთებს ოდესმე ვინმე ჩემს სიცოცხლეშიო, ამბობდა. და ნინიმ რომ უთხრა, ახლა მივდივარ და კიდევ ჩამოგიტანო, ისე გაუხარდა...
– ნინი, გერმანიაში ხშირად ხდები პაპარაცების მსხვერპლი?
ნინი: ფილმის ფანების წრე – 7 წლიდან იწყება და 30 წლის ფანებიც ჰყავს. ვიცი, რომ კედელზე ინფორმაციებს აკრავენ, ფოტოებს ჰკიდებენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მათ მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ, სად იქნებოდა გადაღებები. ბუჩქებში დაიმალნენ და პოლიციამ დაიჭირა, შინაპატიმრობა მიუსაჯა. სკოლაში რომ მივდიოდი, თავიდან კართან მხვდებოდნენ, ავტოგრაფი მოგვეციო, მერე შემეჩვივნენ და ნელ-ნელა ჩაწყნარდნენ.
იზა კახიანი: როდესაც სადმე მივდივართ, თუ ადგილზე მისასვლელად 15 წუთია საჭირო, სამს საათის ვანდომებთ, ან ფოტოების გადაღებას სთხოვენ, ან ავტოგრაფი უნდათ.
– ნინი, რამდენჯერმე ბენდი ახსენე. შენი ბენდი გყავს?
ნინი: რამდენიმე ბენდი მყავდა, 14 წლის ვიყავი, პირველად რომ შევიკრიბეთ. მერე ჩვენი მუსიკალური გემოვნება გაიყო. ახლა ვაკეთებ ნამდვილ ბენდს და ვიცი, როკში რომელი მიმართულება მინდა. კონცერტები მქონდა სხვადასხვა ქალაქებში, ახლახან 8 დიდ ქალაქში, 50-100 ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა. ეს იმ არხის პროექტი იყო, სადაც სერიალი გადის და მეც სხვებთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას.