რა დარჩა ეკა ნიჟარაძეს საყვარელი მამაკაცებისგან და რას უმალავდა ის დღემდე საკუთარ შვილებს
მსახიობ ეკა ნიჟარაძის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა. ის თავის შვილებთან ერთად, მყუდროდ მოწყობილ სახლში ცხოვრობს და ცდილობს, დროის მაქსიმუმი თავის სამ შვილს თანაბრად გადაუნაწილოს. როგორც მისგან შევიტყვეთ, ეკა სიდედრობისთვის ემზადება. მის პირად ცხოვრებაში კი ის ადამიანი გამოჩნდა, ვის გვერდითაც თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. თვითონ ეკა ისეთია, ვინც არც ჭორებს აქცევს ყურადღებას და არც თავად ჭორავს სხვებს.
ეკა ნიჟარაძე: ცხრამეტი წლის გავთხოვდი და ოცი წლის დედა გავხდი. ასე რომ, არც ისე პატარა ვიყავი – დედობრივი პასუხისმგებლობა არ მეგრძნო. მაშინ, ისეთი დრო იყო, როცა ყველაზე მეტად მინდოდა, შუქი და გაზი ყოფილიყო და ელემენტარული მაინც გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, ჩვენს სახლში კი სულ სტუმრიანობა იყო. მე და ნიკო რომ სტუმრად დავდიოდით, ბავშვებიც სულ თან დაგვყავდა. ვერ ვიტყვი, ადრეულ ასაკში გავთხოვდი, ბავშვები მეყოლა და ამან ცხოვრებაში უკან დამხია რაღაც-რაღაცეებში-მეთქი. პირიქით, თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ახლაც ბედნიერი ვარ – როგორც სამი შვილის დედა.
– ამბობენ, ნიკო გომელაური ფეთიანი მამა იყო და ბავშვს თუ რამე ასტკივდებოდა, თავად ხდებოდა მოსასულიერებელიო. მართლა ასეთი ემოციური იყო შვილების მიმართ?
– არ დაიჯერებთ და, მართლა ასეთი მამა იყო ნიკო. ჯეჯიკო ძალიან ჭირვეული ბავშვი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. ერთხელაც ავად გახდა და ნემსის გაკეთება დასჭირდა. ნიკოს ვთხოვე, ნემსი გაუკეთე ბავშვს, ხომ ხედავ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თან, შენ ეს გამოგივა-მეთქი. გადაირია, ექვსი თვის, საკუთარ შვილს ნემსი როგორ გავუკეთო, გამორიცხულიაო. მოკლედ, მე ბავშვი მიჭირავს, ნიკოს გამზადებული ნემსი და ვართ გაწამაწია-დებატებში: მიდი გაუკეთე... არა, ვერ გავუკეთებ... გაუკეთე... ვერ გავუკეთებ... მიხვდა, სხვა გამოსავალი რომ აღარ იყო. უცებ გააქანა ნემსი და გაუკეთა. ეტყობა, ნერვიულობისგან ვერ მოზომა, ბავშვს ნემსი კაპილარში მოხვდა და იმდენი სისხლი წამოუვიდა, უნდა გენახათ. ბავშვმა ატეხა წივილ-კივილი, ნიკო ცალკე დაპანიკდა. სასწრაფოდ ამოაძრო უკან ნემსი და მოუხდა მეორედ ჩარჭობა. ის ნემსი კი გაუკეთა, მაგრამ ბავშვი რომ დაწყნარდა, თავად გახდა ნიკო მოსასულიერებელი (იცინის). კინაღამ გადამერია, ისე ინერვიულა. ფიზიკურად ძალიან ჰგვანან ჯეჯი და ტასო მამას. ტასო ხასიათითაც გამოჭრილი მამაა. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი მამა იყო. მე რომ ინსტიტუტში მივდიოდი, ბავშვებს ის იტოვებდა და მე წყნარად ვიყავი. ვიცოდი, დროულად აჭმევდა, გამოუცვლიდა, მოუვლიდა... ის უფრო რბილი და ლმობიერი ადამიანი იყო ბავშვების მიმართ, ვიდრე მე ვარ. ისე აგიხსნიდა სიტუაციას, არ შეიძლებოდა, მისი აზრი არ გაგეთვალისწინებინა. ჩვენ რომ დავშორდით, ტასო ექვსი წლის იყო, ჯეჯი კი – ოთხის. რომ გითხრათ, დიდად განიცადეს ჩვენი დაშორება და ბავშვებმა მამის მზრუნველობის დეფიციტი იგრძნეს-მეთქი, ტყუილი იქნება. მე და ნიკოს სულ გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი. ერთად ვწყვეტდით ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს და ისინიც ხშირად ხედავდნენ მას. რომ წამოიზარდნენ, ცოტა ერიდებოდათ მამასთან საუბარი პირად თემებზე, თუმცა ტასოს ისე აინტერესებდა ხოლმე მისი აზრი, სულ მეუბნებოდა, მე მერიდება და შენ უთხარი, მაინტერესებს, რას იტყვისო. პირად ცხოვრებაზე მამასთან საუბარი ცოტა რთულია გოგონებისთვის. აი, თქვენ უნდა გენახათ, ნოდაროს და ნიკოს ურთიერთობა. ნოდარო მას ნუკიშა მამიკოს ეძახდა და საკმაოდ დიდი იყო, როცა გაიგო, რომ რაღაც ხდებოდა და ნუკიშა მამიკო მისი ნამდვილი მამიკო არ იყო. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ტასოზე ვიყავი ორსულად. ნოდაროს ბაბუა კი, ვისი სახელიც მას ჰქვია, გარდაიცვალა, როცა მე მასზე ვიყავი ორსულად. ამიტომ, ნოდაროს მხოლოდ ერთი ბაბუა ჰყავდა – ჯეჯი ბაბუ, ანუ ნიკოს მამა. ისიც გიჟდებოდა მასზე და ნოდაროსთვისაც, ჯეჯი ბაბუ ყველაზე საყვარელი ბაბუა გახლდათ. ის რომ მოდიოდა, კანფეტები და ტკბილეული უფრო მეტი ნოდაროსთვის მოჰქონდა, ვიდრე თავისი შვილიშვილებისთვის.
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილი მეუღლის ცოლთან, ნინასთან და ბავშვები თუ იჩენენ მის მიმართ ყურადღებას?
– რასაკვირველია, ნინას მიმართ ყურადღებას იჩენენ და ვფიქრობ, ჩემზე არანაკლებ უყვართ თავისი მამის მეორე ცოლი. ნიკოს სიცოცხლეშიც იდეალური ურთიერთობა მქონდა ნინასთან და დღესაც ასეა. ნიკოს გარდაცვალებისგან მიყენებული ტკივილის შემსუბუქება, ცოტა არ იყოს რთულია, მაგრამ ვცდილობთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. ხშირადაც გვიტირია მე და ნინას ერთად. ნინა ჩემი შვილების მიმართ ძალიან ყურადღებიანია, ზედმეტად ყურადღებიანიც კი. ხანდახან ვეუბნები, ნუ ჰყვები ამ ჩემს შვილებს ასე, შენს თავს მიხედე-მეთქი. თუ არ სცალია, სახლში ამოვიდეს, გამოივლის ხოლმე, მაღაზიაში დატოვებს ფულს და მერე ურეკავს ჯეჯიკოს, ფული დაგიტოვე მაღაზიაში, ჩადი და აიტანეო. ჯეჯი აბიტურიენტია წელს და ნინამ მითხრა, მის მომზადებაშიც მოგეხმარებიო. ტასო კი წელს სტუდენტი გახდა, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. ჯეჯიკო მეთერთმეტე კლასშია, მაგრამ ექსტერნად უნდა ჩაბარება უმაღლეში და ვნახოთ. ნინამ დაიკავა ნიკოს ადგილი და უნდა, რასაც ნიკუშა გაუკეთებდა თავის შვილებს, ის გაუკეთოს მანაც.
– ნოდაროს მამა არ გეხმარებათ?
– როგორ არა. ისიც, არა მარტო თავის შვილს, ჩემს დანარჩენ ორ შვილსაც აქცევს ყურადღებას. წლებია გვეხმარება.
– ასე რომ, შვილების მამებთან ბედი გწყალობს.
– (იცინის). ასე გამოდის. მომთხოვნი, კატეგორიული და პრეტენზიული, მეც არასდროს ვყოფილვარ არა მარტო მათ, არამედ სხვების მიმართაც. მართალია, მეხმარებიან, მაგრამ სამი შვილის მარტო გაზრდა, მაინც რთულია. რომ მეუბნებიან, ასეთი და ისეთი დედა ხარო, მეცინება. მე ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ იმას, რასაც ყველა ნორმალური დედა აკეთებს. ახლობლები მეუბნებიან, შვილებთან მიმართებაში ცოტა ზედმეტიც კი მოგდისო.
– ეს, რას ნიშნავს?
– მეუბნებიან, უკვე დიდები არიან, ელემენტარული რაღაცეები თავად გააკეთონ სჯობიაო. მაგრამ, ვცდილობ, კარგი დედა ვიყო და სანამ შემიძლია, მაქსიმალურად ვეცდები, მათ დავეხმარო და ცხოვრება შევუმსუბუქო. მეც ასე გავიზარდე. ცხრამეტი წლის ვიყავი და დედის გვერდით მეძინა. ღამით რომ გავიღვიძებდი, ვიტყოდი – დე, წყალი მინდა და ისიც მორჩილად დგებოდა და მოჰქონდა. სახლში არაფერს ვაკეთებდი. თუმცა, ბალეტზე რომ დავდიოდი, ჩემს ტანსაცმელს თავად ვრეცხავდი და ვაწესრიგებდი. შესაძლოა, დედასაც დავხმარებოდი სახლის დალაგებაში, მაგრამ ეს საკმარისი ხომ არ იყო? მე ჩემი შვილები ძალიან მეხმარებიან. მაგალითად, ტასო სარეცხსაც გაფენს და ჩამოხსნის, სახლსაც დაალაგებს და მის ძმებსაც მიხედავს თუ სახლში არ ვარ. უნდა ნახოთ, როგორ უვლიან და-ძმა პატარა ნოდაროს.
– მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, პირადი ცხოვრება მაინც აუცილებელია. არ მეთანხმები?
– რასაკვირველია, გეთანხმები და გეტყვი, რომ სწორედ ახლა მაქვს ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი კარიერაში. ოჯახშიც სიმშვიდე მაქვს. შვილებს გადასარევად ვუგებ და მიგებენ. ჩემს ცხოვრებაში არის საყვარელი მამაკაცი. ის გვერდით მიდგას და ყველაფერში მიგებს. მისი არსებობა, მხოლოდ ტასომ იცის და ამ ინტერვიუს გასვლის შემდეგ, მის შესახებ ყველა გაიგებს.
– მერე, როგორ აღიქვამენ ამას შენი ბიჭები?
– ვფიქრობ, ცუდად არ უნდა აღიქვან. მე მათთან დასამალი არაფერი მაქვს, უბრალოდ, შესაბამის მომენტს ვეძებდი, რომ ეს მათთვის გამემხილა. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და ის არავის ხარჯზე არ ამიწყვია. ამ ურთიერთობით არავის არაფერი აკლდება. სულ ვცდილობ, ყველას თავისი წილი სიყვარული და სითბო მივანიჭო და არ მოვაკლო.
– ურთიერთობის დაკანონებას ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ?
– მე, ნოდაროს მამასთან – თემურთანაც არ მქონდა ურთიერთობა დაკანონებული, მაგრამ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. არ უარვყოფ, ეკლესიურად ეს მიუღებელია, მაგრამ რას ვიზამთ. ყველაფერი ისე არ ხდება ცხოვრებაში, როგორც გვინდა. არ დაგიმალავთ, თუ ვინმეს ვშორდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემშია პრობლემა. ალბათ, მეც იდეალური ვარ და ისინიც და ამიტომ ხდება ასე (იცინის). ისე კი, იდეალური ადამიანი არ არსებობის და ცხოვრებაში ყველაფერი იდეალური ვერ იქნება. ყოველთვის გამოჩნდება ის, რასაც ურთიერთობის დანგრევა მოჰყვება ხოლმე – იქნება ეს გარე თუ შიდა პრობლემები.
– ახლახან ტასო დაინიშნა. ვინ არის მისი რჩეული და როგორ ემზადები სასიდედროდ?
– მართალია, ტასო დაინიშნა და სულ მალე, ჯვრისწერასაც გეგმავენ. ხანდახან არც კი მჯერა სიდედრი თუ უნდა გავხდე. (იცინის). არადა, ტასოს დაქალები რომ მოდიან, ასე მგონია, ჩემი „პადრუშკები” არიან. მათთან ერთად მიყვარს ჯდომა და საქმეების გარჩევა. მათი ტოლი მგონია თავი. ხანდახან, ერთადაც „ვტუსოვკობთ“ და რომ დამიძახებენ – დედაო, ხალხი გაოგნებული გვიყურებს. მე მათ თავისუფლებას ვაძლევ. თავად კი ისე გავიზარდე, დედაჩემი გვერდით სადარბაზოში ლიფტითაც არ მიშვებდა მარტოს. (იცინის). მიხარია, და-ძმებს შორისაც ასეთი კარგი ურთიერთობა რომ არის. ნოდარო რომ ამერიკაში იყო, ძალიან განვიცდიდით უმისობას. ახლა ამბობს, მე უცხოეთში უნდა ვიცხოვრო, რომ გავიზრდებიო. არადა, ისე მოკედლებულია ჩემზე, ვეხუმრები ხოლმე, იქ მე რომ არ ვიქნები, როგორ უნდა გაძლო-მეთქი (იცინის). ახლა ტასოც თხოვდება. ასე რომ, ბებიობისთვის ვემზადები და მიხარია, ახალგაზრდა სიდედრი და ბებია რომ ვიქნები.
– ვინ არის ტასოს რჩეული და შენი მომავალი სასიძო?
– ტასოს რჩეული და ჩემი მომავალი სასიძო კოტე თაყაიშვილია. კოტე რომ დამაკვირდება ხოლმე, დაფიქრდება და რომ ვეტყვი, რა მოხდა მეთქი, ჩაეცინება, შენ მგონი, პატარავდებიო. (იცინის). კოტეს უკვე წლებია, ვიცნობ და ტასომაც ჩემგან გაიცნო. მე და ტასო ქუჩაში მოვდიოდით და შემთხვევით, კოტე ვნახე. გავაცანი: კოტე, გაიცანი, ეს ჩემი შვილია-მეთქი და მას შემდეგ სამი წელია, ერთად არიან. კი ვიცოდი, ადრე თუ გვიან ამ ურთიერთობას ლოგიკური დასასრული რომ ექნებოდა, მაგრამ შვილის გათხოვების ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მაინც ძალიან ვინერვიულე. იმ მომენტში დავიბენი და კარგად რომ დავფიქრდი და გავაანალიზე, ახალგაზრდა დედობასთან ერთად, უკვე სიდედრიც ვიყავი... (იცინის).