როდის მიდის თიკა მახალდიანი თეფშზე თავის დადებამდე და რატომ ჩაუსტვენს ის საკუთარ ქორწილში მაგიდაზე ახტომით
მომღერალმა თიკა მახალდიანმა „ჯეოსტარის“ ციებ-ცხელება საკუთარ თავზე გამოსცადა და, ამიტომ, კარგად ესმის წლევანდელი „ჯეოსტარის“ კონკურსანტების. ის, მათთან ერთად ელოდება და მათთან ერთად განიცდის, რა მოხდება.
თიკა ძალიან თბილი, სასიამოვნო, მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანია. მას უამრავი მეგობარი ჰყავს, ბევრი კურიოზიც აქვს გადახდენილი და ამ ამბების გახსენებაც ძალიან უყვარს. როგორც თავად ამბობს, აქლემზე გაცვლასაც გადაურჩა, მამაკაციც გაუცურებია ოსტატური ტყუილით და ზღვაზე დამსვენებლებიც გაუოცებია სიმთვრალით. და, ამ ყველაფერს დღეს თიკა სიცილითა და ემოციით იხსენებს.
– თიკა, სასაცილო თუ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილს, თავის დაღწევის შენეული მეთოდები გაქვს თუ, ამ დროს, რომ იტყვიან, ბრინჯივით იბნევი?
– სიეშმაკე არ მახასიათებს და, ამიტომ, მინდა თუ არა, გამოუვალ თუ კურიოზულ სიტუაციაში ჩავარდნილს, ისევ ჩემეული იუმორის გრძნობა მშველის. თუმცა, ისეთი მომენტებიც ყოფილა, როცა არც იუმორს უშველია, არც ცრემლებს და არც თავის მოკატუნებას. მაგალითად, წლევანდელ ჯეოსტარელებს რომ ვუყურებ, როგორ განიცდიან და ნერვიულობენ სცენაზე გასვლის წინ, აბსოლუტურად მესმის მათი. მე რომ კონკურსანტი ვიყავი და დუტამ გამომაცხადა, ისეთი გავვარდი ოთახიდან სცენაზე, კინაღამ გული ამომივარდა. (იცინის). მიკროფონთან რომ დავდექი, სუნთქვა ისე მქონდა აჩქარებული, პულსს ვერ დამითვლიდა კაცი (იცინის). მერე ვბრაზობდი, რა მიმარბენინებდა, ვინმე დამასწრებდა, თუ რა მოხდებოდა-მეთქი. აი, ამ დროს იუმორი ნამდვილად ვერ დაგეხმარება ადამიანს. თუმცა, ხშირად, იუმორით ისე დამიძვრენია თავი, მერე მიფიქრია, ვა, რა მაგარი ვარ-მეთქი. (იცინის).
– შენი მეგობრები ამბობენ, თიკა ძალიან წუნიაა, მისი მოსაწონი მამაკაცი ჯერ არ დაბადებულაო. მართლა ასეთი წუნია ხარ?
– ბევრი თაყვანისმცემელი კი მყავს, მაგრამ არჩევნის წინაშე ჯერ არ დავმდგარვარ. გულს ხომ ვერ უბრძანებ? მამაკაცებისთვის გულცივი ადამიანი ვარ (იცინის). როგორ არ დაბადებულა ჩემი მოსაწონი ადამიანი, მაგრამ, ხომ უნდა მოვიდეს ჩემამდე? ეტყობა, ჯერ გზაშია. ისე, ნეტავ, საიდან მოდის, ამდენი ხანი რომ დასჭირდა? (იცინის).
– არ ვიცი, თუმცა, ნამდვილად რომ მოვა, ამაში დარწმუნებული ვარ.
– აბა რას იზამს, სად წავა! (იცინის). ყვავილები არ მიყვარს. ერთი თაყვანისმცემელი მყავდა და სულ ყვავილების „ბუკეტებს“ მიგზავნიდა. გადავირიე... ბოლოს გავბრაზდი და მეგობრებს შევჩივლე, უთხარით, თავი დამანებოს, მის მორთმეულ „ბუკეტებს“ ეგრევე აივანზე ვაძევებ, რა უბედურებაა ამდენი თაიგული, აივანი გავავსე; იმდენია, ერთ მიცვალებულს გაასვენებს-მეთქი. (იცინის). ერთმა თაყვანისმცემელმა კი, ჩემი მოხიბვლა სიმღერით სცადა. ის კი ვერ გათვალა, რომ სიმღერით ვერ გამაკვირვებდა. ისეთი ვუმღერე, მოკეტა. აი, ასე ვიცილებ თაყვანისმცემელ მამაკაცებს. ნამდვილს კი ველოდები, ოღონდ, არა თაიგულებით და არა „მუხამბაზებით“ (იცინის). ადამიანის ამოცნობაში მაგარი ვარ. ჩემი მეგობრები „მეკაიფებიან“, ნამდვილი წინასწარმეტყველი ხარ, შეხედავ ადამიანს, დაქაჩავ მესამე თვალს და ზუსტად იცი, როგორი პიროვნებააო. (იცინის). მესამე თვალისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ადამიანს რა ზრახვები ამოძრავებს და როგორი პიროვნებაა, ერთი შეხედვით ვხვდები. რომელი მამაკაცი მომატყუებს ახლა მე?
– ვიცი, დიდი სამეგობრო წრე გვაქვს. მათთან ერთად დალევა და გაფრენა „მოსულა“?
– როგორ არ „მოსულა“ (იცინის). დალევაც „მოსულა“ სამეგობრო წრეში და გიჟური გადახვევ-გადმოხვევებიც. ერთხელ, ზღვის სანაპიროზე, ღამით გადავწყვიტეთ მეგობრებმა გასვლა და დალევა. ვიფიქრე, ერთ ჭიქას დავლევ და მორჩა, აი, კიდევ ერთ ჭიქას და მორჩა, აი, კიდევ ერთს-მეთქი და... ისე გამოვთვერი, ჭკუა გადამეკეტა. ვერ გეტყვით, რა დამემართა, მართლა სერიოზულად გადავედი ჭკუიდან, არ გატყუებთ. არ ვიცი, რა დავლიე ასეთი, მაგრამ, სულ გავგიჟდი და გადავირიე (იცინის). გადმოვედი სანაპიროდან ბულვარში და ისე უკონტროლოდ ვიქნევდი ხელ-ფეხს და ისეთი შეურაცხადი ვიყავი, ხალხი თვალებდაჭყეტილი მიყურებდა.
– მერე, მთვრალმა არ დაამღერე „ბათუმს ქათქათას, ბათუმს თვალწარმტაცს...“?
– (იცინის). როგორ არა. უკანასკნელ ხმაზე შეურაცხადი ვხაოდი, არ ვმღეროდი. მეორე დღეს რომ მომიყვნენ, რაები ჩავიდინე, თავს ვეღარ ვყოფდი სახლიდან. კარგა ხანს სათვალით დავდიოდი, არ მიცნონ-მეთქი. მეგობრებს ვეუბნებოდი, ჩემს ქორწილში თუ დავთვერი, ფატა გვერდით მოვიქციე, მაგიდაზე შევხტი და ჩავუსტვინე, სტუმრები არ გაუშვათ, უთხარით, მთვრალია, გამოფხიზლდება და ისევ ის თიკა იქნება და ქორწილი არ ჩამიშალონ-მეთქი (იცინის). ერთი სიტყვით, რომ არ მოგატყუოთ, არ ვსვამ, მაგრამ, დაქალებთან დალევა „მოსულა“, ისიც, შიგადაშიგ. კი მინდა ხოლმე სუფრასთან დალევა, მაგრამ, ვიცი, ორ ჭიქას რომ დავლევ, მერე თეფშზე უნდა დავდო თავი და დავიძინო და, ამიტომ, სუფრასთან პირის „ამოკერვას“ ვამჯობინებ. წარმოიდგინეთ, ხალხი ქეიფობს, მიდის სმა-ჭამა, დროსტარება, ტაში-ტუში და მე თეფშზე მიდევს თავი და ვხვრინავ... რა მაგარია! (იცინის).
– როგორც ვიცი, ჩადრიანი ქალების გეშინოდა თურქეთში ჩასულს...
– მართალია. ყველა ჩადრიანი ქალი არაბი ტერორისტი მგონია. მე ისეთი ბედი მაქვს, ამ ჩადრიანმა ტერორისტმა ქალებმა რომ რამე ააფეთქონ, ტერაქტში მე დამდებენ ბრალს და თურქეთის ციხე ჩემმა მტერმა „ხეხოს“-მეთქი (იცინის). თურქი კაცები კი დისკოთეკაზე მეპატიჟებოდნენ და, რომ წარმოვიდგენდი მაგარ დისკოთეკას, ციმციმა, ფერად-ფერად განათებას და მე ვიღაც ულვაშა ფუშფუშა თურქთან მოცეკვავეს, სიცილით ვიგუდებოდი. ისე, დასვენებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ წარმოსახვის უნარი რომ მაქვს და იუმორის გრძნობა, ეს დიდად მახალისებდა და სულ ჩემი კისკისი ისმოდა. ერთმა თურქმა მეხუთე ცოლობა შემომთავაზა, მეორემ – მეთექვსმეტე, მესამემ – სამოცდამეათე (იცინის). ამას სერიოზულად როგორ მიუდგები ადამიანი?!
– გურმანი რომ ხარ, ვიცი. საჭმელ-სასმელთან დაკავშირებით სასაცილო გასახსენებელი ისტორიაც გექნება?
– მოგიყვებით. მოკლედ, ერთხელ, მეგობრებთან ერთად ვისვენებ. გარეთ წვიმდა და ვიფიქრეთ, სახლში ვიყოთ, გარეთ არ გავიდეთ და საჭმელიც სახლში გავაკეთოთო. კი გავაკეთოთ, მაგრამ, რა გვაქვსო? რა და, მხოლოდ გრძელი მაკარონი ანუ „სპაგეტიო“ (იცინის). მოვხარშავდით, რა პრობლემა იყო და იმ დღეს ამაზე გადავივლიდით, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ქვაბი ვერ ვიპოვეთ, რაშიც მაკარონი უნდა მოგვეხარშა. მეგობრებმა მითხრეს, რომ ამბობ, მაგარი ვარ და მესამე თვალი მეხსნებაო, მიდი ახლა და მოიფიქრე რამეო. რა პრობლემაა, თიკა რისი თიკაა, გამოსავალი თუ არ იპოვა-მეთქი. გავიხედ-გამოვიხედე, გავიარ-გამოვიარე და, არ დავინახე დიდი ქვაბი?
– თუ დიდი ქვაბი იყო სახლში, მარტო შენ დაინახე და სხვებმა ვერ შეამჩნიეს?
– ეს უბრალო ქვაბი კი არ იყო.
– აბა?
– სარეცხის ქვაბი (იცინის) – დიდი ემალის ქვაბი. ავდექი, გამოვრეცხე, გამოვხეხე, ჩავასხი წყალი, ავადუღე, მოვხარშე მაკარონი და, რომ დავუძახე მეგობრებს, მოდით, მზადაა საჭმელი-მეთქი, კინაღამ თავზე დამაყარეს ის მოხარშული მაკარონი (იცინის), ისე გადაირივნენ. იმას დააკარებდნენ პირს? ამის მერე დამცინიან, შენგან დიასახლისი და კულინარი არ დადგება, ჭამა კი, იცოცხლე, გიყვარსო (იცინის).