30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–44(514)
ნიკა ლაშაური
ვლადიმირ კრასინი მსგავს მოპყრობას არ იყო ჩვეული, ამიტომ, უცნობის საქციელმა ის ლამის შოკში ჩააგდო, თუმცა, არ შეეპუა და იერიშზე გადასვლა დააპირა, მაგრამ მის პირქუშ სახეს რომ შეხედა, გადაიფიქრა და არააგრესიულად ჰკითხა:
– ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ, ახალგაზრდავ? ან, საკუთარ თავს რატომ აძლევთ ამდენ უფლებას?
– განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, ამხანაგო აკადემიკოსო! საგანგებო მდგომარეობიდან და თქვენი არაფხიზელი სტატუსიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ცივი შხაპი არ გაწყენდათ და, ვხედავ, არც შევმცდარვარ, – დამცინავად უთხრა რუსმა სამხედრომ კრასინს, შემდეგ კოპები შეკრა და საკუთარი თავი წარუდგინა: – ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოდპოლკოვნიკი ვასილ მელნიკოვი.
„გრუს“ ხსენებაზე აკადემიკოსი კრასინი შეცბა და კიდევ უფრო გამოფხიზლდა, თუმცა, ჯერ ვერ მიმხვდარიყო, რა უნდოდა მისგან პოდპოლკოვნიკს და ჰკითხა:
– სასიამოვნოა. მე აკადემიკოსი კრასინი გახლავართ, მაგრამ, ჩემთან რა საქმე გაქვთ, პოდპოლკოვნიკო?
– მოსკოვიდან მიბრძანეს, რომ აქ ჩამოვსულიყავი და თქვენგან საგანგებო ტვირთი მიმეღო, რომელიც ჯერ თბილისში, შემდეგ კი მოსკოვში პირადად უნდა ჩავიტანო. განა თქვენ არ დარეკეთ გუშინ მოსკოვში და ტვირთის ტრანსპორტირება არ მოითხოვეთ? – განუმარტა კრასინს მელნიკოვმა.
პოდპოლკოვნიკის სიტყვებმა რუსი აკადემიკოსი უხერხულობაში ჩააგდო და ბერიძისკენ მალულად გააპარა თვალი, შემდეგ კი მელნიკოვს შეხედა და უთხრა:
– მოსკოვში გასაგზავნი ნივთები ივან დავიდოვიჩს აქვს სეიფში ჩაკეტილი და ამ საკითხზე მას უნდა მიმართოთ.
პოდპოლკოვნიკი მელნიკოვი ბერიძეს მიუბრუნდა და კოპებშეკრულმა უბრძანა:
– სეიფი გააღეთ და ტვირთი გადმომეცით!
– რაღაც გეშლებათ, პოდპოლკოვნიკო, – მშვიდად მიუგო მელნიკოვს ბერიძემ, – სეიფში მე არანაირი ტვირთი არ მაქვს.
– აბა, რა გაქვთ? – ჰკითხა მელნიკოვმა.
– რა და, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, – განუმარტა ბერიძემ მელნიკოვს, მან კი ბოლომდე მშვიდად მოუსმინა ქართველ აკადემიკოსს, ჩაეცინა და უთხრა:
– სრული სიმართლეა, სწორედ ეგაა საგანგებო ტვირთი, რომელიც მე უნდა წავიღო.
– ოფიცერო! – ხმას აუწია ბერიძემ, – ეს საგანგებო ტვირთი კი არა, საქართველოს საგანძურია, რომელიც ქართველ ერს ეკუთვნის და მას თქვენ ვერსადაც ვერ წაიღებთ!
– წავიღებ, ამხანაგო აკადემიკოსო! ასეთია მოსკოვის ბრძანება და აუცილებლად წავიღებ, – ბრაზნარევი ირონია სახიდან არ შორდებოდა მელნიკოვს.
– მე თქვენი ამხანაგი არ ვარ და არც მოსკოვის საქმეა ქართველი ერის საუნჯის ბედის გადაწყვეტა! – მკვეთრად, მოკლედ და იმდენად ანტისაბჭოურად მიუგო ბერიძემ მელნიკოვს, რომ პოდპოლკოვნიკი მოულოდნელობისგან შეცბა და ენა ჩაუვარდა, თუმცა, მალევე გამოერკვა და ზიზღნარევი ხმით უთხრა ბერიძეს:
– ჯობია, ნებით გადმოგვცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალას გამოვიყენებთ! – თვითდაჯერებულად უთხრა პოდპოლკოვნიკმა ქართველ აკადემიკოსს და ხელქვეითებს თვითკმაყოფილი მზერა შეავლო, რითაც ბერიძეს აგრძნობინა, რომ ამ სიტუაციაში ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. მაგრამ ქართველი აკადემიკოსიც კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, პოდპოლკოვნიკის მუქარას არ შეუშინდა და უთხრა:
– გეყოთ, რაც იძალავეთ! ახლა 1921 წელი ხომ არ გგონიათ, როცა საქართველო სისხლის მორევში ჩაახრჩეთ და გაძარცვეთ! დღეს სხვა დროა და ამის უფლებას არავინ მოგცემთ, ქართული საუნჯე საქართველოში დარჩება!
– რაო, რა თქვით?! – შიშნარევი ხმით იკითხა პოდპოლკოვნიკმა მელნიკოვმა. მან საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, რადგან იცოდა, რომ ასეთი სიტყვებისთვის ბერიძეს დახვრეტა თუ არა, თხუთმეტწლიანი გაციმბირება არ ასცდებოდა და არც მას დაადგებოდა კარგი დღე უმოქმედობის გამო.
– რაც გაიგეთ! – მკვეთრად მიახალა ბერიძემ მელნიკოვს, ხელი ცისკენ გაიშვირა და დაამატა: – ღმერთის რისხვა არ აგცდებათ, თუკი თქვენს უწმინდურ განზრახვაზე ხელს არ აიღებთ!
პოდპოლკოვნიკმა ღმერთის მისამართით შეიგინა და ბერიძეს უთხრა:
– ისეთ რისხვას დაგატეხთ, მეორე აღარ მოგინდეთ! – მერე კი, ხელქვეითებს მიუბრუნდა და უბრძანა: – მიდით და სეიფის საკეტი შეამტვრიეთ!
მელნიკოვის ერთ-ერთმა ხელქვეითმა „ვილისიდან“ ავტომატი გადმოიღო, სეიფს მიუახლოვდა და საკეტს მთელი ჯერი მიუშვა. შემდეგ მელნიკოვი სეიფთან მივიდა, მისი მძიმე კარი გააღო, შიგნით შეიხედა და გაშეშდა, რადგან იქ სიცარიელე დახვდა. ამასობაში კარვიდან არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეები გამოცვივდნენ, რომლებიც ავტომატის ხმამ გააღვიძა და გარეთ მყოფებს ნახევრადწრედ შემოერტყნენ.
– სეიფის შიგთავსი სად არის? – შეუღრინა მელნიკოვმა ბერიძეს და მარჯვენა ხელი ქამრისკენ წაიღო, სადაც მას პისტოლეტი ჰქონდა გარჭობილი, – ჩქარა მითხარით, სად გადამალეთ ნივთები?
ივანე ბერიძემ საქამრეზე შეავლო მელნიკოვს მზერა, მიხვდა, რომ რუსმა პოდპოლკოვნიკმა პისტოლეტისკენ მის დასაშინებლად წაიღო ხელი, გაეცინა და მიუგო:
– ისინი საიმედო ადგილზეა და მთავარი ისაა, რომ თქვენ მათ ვერ მისწვდებით.
– თუ იცით, რას სჩადიხართ? – ჰკითხა ბერიძეს მელნიკოვმა.
– რას?
– დანაშაულს! იცით თუ არა, რომ ძვირფასი ნივთების გადამალვა ქურდობის ტოლფასია, განსაკუთრებით ძვირფასი ნივთების ქურდობა კი მძიმე დანაშაულია, შესაბამისადაც ისჯება კანონით და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ, ცნობილ აკადემიკოსს, მხცოვან ადამიანს არ შეგშვენით ასეთი საქციელი, – ტაქტიკა შეცვალა მელნიკოვმა, შედარებით რბილად უთხრა ბერიძეს და ამგვარად სცადა მისი დაყოლიება საგანძურის დაბრუნებაზე, რადგან მიხვდა, რომ ქართველ აკადემიკოსს ვერ შეაშინებდა და „მათრახის“ ტაქტიკა „პრიანიკის“ ტაქტიკით შეცვალა, თან დაამატა: – ივან დავიდოვიჩ, ნივთები გამოაჩინეთ და, გარწმუნებთ, რომ ჩვენ მათ ხელს არ ვახლებთ. თქვენ თვითონვე წამოიღეთ თბილისში და ხელმძღვანელობას დაელაპარაკეთ. რა იცით, იქნებ, არც კი გითხრან უარი საქართველოში მათ დატოვებაზე.
– ახალგაზრდავ, – მიუგო ქართველმა აკადემიკოსმა პოდპოლკოვნიკს, – ჯერ ერთი, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. პირიქით, დანაშაული ჩაიდინეთ თქვენ და თქვენმა შეიარაღებულმა ბანდიტებმა, რაზეც, წესით, პასუხი უნდა აგოთ, თუმცა, ამ ქვეყანას სად ჰყავს პატრონი! მეორე კი ისაა, რომ ჩვენ მიერ აღმოჩენილ ნივთებს ფასი არ აქვს, ისინი შეუფასებელია, ეს კი ბრწყინვალედ იცის პატივცემულმა აკადემიკოსმა, – ბერიძემ კრასინისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც სახეწამოჭარხლებული, თავჩაქინდრული ისმენდა ქართველი კოლეგის სიტყვებს, სწორედ ამიტომ დაგვაბეზღა მოსკოვში და ცდილობს, რომ ჩვენი ეროვნული საუნჯე ცხრა მთას იქით წაიღოს და ხელიდან გამოგვგლიჯოს, მაგრამ, უნდა გაგაწბილოთ და მთელი პასუხისმგებლობით გამოგიცხადოთ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოგივათ.
– გამოგვივა, გამოგვივა, – თავდაჯერებულად თქვა პოდპოლკოვნიკმა და ხელქვეითებს უბრძანა: – არავინ გაუშვათ, ყველა და ყველაფერი გავჩხრიკოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ნივთები სადღაც ახლომახლოა გადამალული, – შემდეგ აკადემიკოს ბერიძეს ჰკითხა: – უკანასკნელ შანსს გაძლევთ, გამოაჩენთ თუ არა ნებით ნივთებს?
– არა! – მტკიცედ მიუგო ბერიძემ მელნიკოვს.
– ესე იგი, არა, ხომ?! – ნერვიულად თქვა მელნიკოვმა.
– არა! – გაუმეორა ბერიძემ.
– რა გაეწყობა, – ირონიულად ჩაეცინა პოდპოლკოვნიკს და ხელქვეითებს უბრძანა: – ვიწყებთ ჩხრეკას და ეს პროცედურა ამ ვაჟბატონით – ბატონი აკადემიკოსით დაიწყეთ, თანაც, უნდა გააშიშვლოთ და დედიშობილა შევამოწმოთ. ვინ იცის, იქნებ საყვარელი ერის საგანძური უკანალში შეინახა?! გააშიშვლეთ ყველა და უკანალები შეუმოწმეთ, აბა, დაიწყეთ!
თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ მელნიკოვმა ბერიძის შესაშინებლად ახსენა გაშიშვლება, მაგრამ, როდესაც მისი ორი ხელქვეითი ქართველ აკადემიკოსს მიუახლოვდა და მას გაშიშვლება დაუპირა, არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეები შეშფოთდნენ და ერთდროულად დაიძრნენ რუსებისკენ.
– უკან დაიხიეთ! – იღრიალა მელნიკოვმა, პისტოლეტი ამოაცურა და ორჯერ გაისროლა ჰაერში, ხოლო მის გვერდით მდგარმა რუსმა კი, ავტომატის ჯერი გაისროლა ჰაერში.
რუსების საქციელმა ქართველი არქეოლოგები ვერ შეაშინა. ერთ-ერთი იმ გოლიათთაგანი, მეხუთეკურსელი სტუდენტი კი, რომელიც წინა დღით ბერიძემ საგანძურის მცველად დააყენა, მოძალადე რუსებს მიუახლოვდა, იმას, რომელმაც ჰაერში გაისროლა, მთელი ძალით დაარტყა მუშტი და ძირს დასცა.
– სდექ! არ მოგვიახლოვდეთ, თორემ გესვრით, – ღრიალებდნენ იარაღმომარჯვებული მელნიკოვი და მისი ხელქვეითი, რომლებიც ხალხის მღელვარებამ შეაშინა და მათ იარაღები მიუშვირეს. მაგრამ, მეორე სტუდენტი გოლიათი გამოეყო არქეოლოგებს, ვეფხვივით ისკუპა რუსებისკენ და ჯერ ავტომატს დაეუფლა, შემდეგ პისტოლეტი გააგდებინა მელნიკოვს, ბოლოს კი რუსები ერთმანეთზე დაახეთქა და უგონოდ დაყარა მიწაზე.
ოთხივე გონებამიხდილი რუსი ბერიძის მითითებით მოასულიერეს და კარვის წინ სკამებზე დასვეს, შემდეგ საჭმელი მიუტანეს.
– მიირთვით, მოშიებულები იქნებით. მართალია, მტრულად მოხვედით და შესაბამისი დახვედრაც მიიღეთ, მაგრამ ჩვენ, ქართველები, კეთილშობილი ხალხი ვართ, უიარაღოებს არ ვერჩით და, ჩათვალეთ, რომ ჩვენი სტუმრები ხართ, – უთხრა აკადემიკოსმა.
მიუხედავად იმისა, რომ მელნიკოვი და მისი ხელქვეითები გამწარებული და შერცხვენილები იყვნენ, მეორედ თქმა არ დასჭირვებიათ და მსუნაგად შეექცნენ შემოთავაზებულ საჭმელს, თან ცეცხლოვან ჭაჭას აყოლებდნენ.
აკადემიკოსმა კრასინმა ისარგებლა, რომ ყველას ყურადღება განიარაღებულ რუსებზე იყო გადატანილი, „ვილისში“ ჩაჯდა, დაქოქა და ადგილიდან მოწყვიტა.
– ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, სად გარბიხართ? ნუ გეშინიათ, მოდით, სუფრას მოუჯექით! – მიაძახა გაქცეულ რუს აკადემიკოსს ერთ-ერთმა არქეოლოგმა, შემდეგ ბერიძეს მიუბრუნდა და უთხრა:
– ალბათ, შურისძიების შეეშინდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, უგუნური...
– არა, ჩემო კარგო, – თავი გააქნია ივანე ბერიძემ, – მილიციის მოსაყვანად გაიქცა.
– მილიციის? მერედა, ვის უნდა მოუყვანოს?
– ჩვენ.
– ჩვენ? – გაეცინა არქეოლოგს, – მაგისმა მოქსეულმა ხალხმა კინაღამ დაგვხოცა და მილიცია ჩვენთან მოყავს?
– ასეა ამათი ტვინი მოწყობილი: ყველაფერს იჩემებენ, ყველაფერში მართლები არიან და, სადაც თავის ჩექმიან ფეხს დადგამენ, იქიდან წამოსვლა აღარ უნდათ, – სინანულით უთხრა ბერიძემ თავის უმცროს კოლეგას და სუფრასთან მსხდომი რუსებისკენ გაიშვირა ხელი, რომლებიც ხარბად ეწაფებოდნენ ჭაჭას და უკვე საკმაოდ შექეიფიანებულებიც იყვნენ, – აი, ამათ დაიპყრეს ნახევარი მსოფლიო, ჩემო კარგო. ამ მთვრალმა, თანამედროვე ბარბაროსებმა და, ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ მათ ამაში ქართველები ეხმარებოდნენ.
– სტალინს გულისხმობთ, ბატონო ივანე?
– მასაც და სხვებსაც, მაგრამ, „დიდ ბელადს“ მათ გათავხედებაში ლომის წილი მიუძღვის. დიადი ერი ხართო, – უთხრა, მათაც სიამოვნებით დაიჯერეს და მას მერე მათმა „სიდიადემ“ ჩვენი პლანეტა სისხლით შეღება, უამრავი ჭირი და უბედურება გამოიწვია. აი, ასეა, ჩემო კარგო, სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ, ამათ პარპაშსაც მოეღება ბოლო.
– ღმერთმა ქნას, – თქვა ახალგაზრდა არქეოლოგმა.
– იზამს, იზამს, ჩემო კარგო, – თქვა ბერიძემ და ირონიულად გაეცინა, რადგან პოდპოლკოვნიკ მელნიკოვის აჭარხლებულ სიფათს შეავლო თვალი, რომელმაც ორასგრამიანი ჭიქით ჭაჭა ისე ხარბად ჩაისხა სტომაქში, თითქოს ვინმე ეცილებოდა.
ქართველი აკადემიკოსი არ შემცდარა და სულ რაღაც ორი საათის შემდეგ, კრასინმა ქართველ არქეოლოგებს ოცდაათამდე მილიციელი დააყენა თავს, რომლებიც გარს შემოერტყნენ მათ და უბრძანეს, არ განძრეულიყვნენ, თან იარაღები მიუშვირეს.
– არ გაინძრეთ, ხელები მაღლა ასწიეთ და იარაღები ჩაგვაბარეთ! – უღრიალა ქართველ არქეოლოგებს რაიონის მილიციის უფროსმა, რომელიც კრასინის წაქეზებით პირადად ხელმძღვანელობდა „შეიარაღებული ქართველი ბანდიტების“ განიაღების ოპერაციას და იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვის კეთილგანწყობას დაიმსახურებდა, როგორც ამას რუსი აკადემიკოსი შეჰპირდა.
– რაშია საქმე, მაიორო? – ქართულად ჰკითხა მილიციის ახალდანიშნულ უფროსს ივანე ბერიძემ, – ვის ეძებთ?
– შეიარაღებულ ბანდიტებს! – რიხიანად, რუსულ ენაზე და, რაც მთავარია, კრასინის გასაგონად მიუგო ბერიძეს მაიორმა.
– მისამართი შეგეშალათ, ძვირფასო, ჩვენ მშვიდობიანი არქეოლოგები ვართ, მე კი აკადემიკოსი ივანე ბერიძე ვარ, – ქართულ ენაზე განუმარტა ბერიძემ მილიციის უფროსს.
ქართველი აკადემიკოსის სიტყვებმა მილიციის მაიორი დააბნია და მან კრასინს შეხედა, რომელმაც კოპები შეკრა და ივანე ბერიძისკენ გაიშვირა ხელი, თან ბრძანების კილოთი, რუსულად უთხრა:
– აი, ესაა ბანდიტების მეთაური, იარაღები კი, ალბათ, გადამალეს!
– თქვენ თქვით, ხალხს დაესხნენ თავს და განაიარაღესო. ის განიარაღებული ხალხი სადღაა? – გაუბედავად ჰკითხა მაიორმა კრასინს, რომელიც ზვიადად უმზერდა ალყაში მოქცეულ ქართველ არქეოლოგებს.
– აი, ისინი! – კრასინმა მთვრალი რუსებისკენ გაიშვირა ხელი, რომლებიც ჭაჭით იყვნენ გამობრუჟულები და მაგიდაზე ეძინათ.
– ესენი ჩვენი სტუმრები არიან, მაიორო, – უთხრა მილიციელს ბერიძემ, რომელიც იმის გამო იყო დადარდიანებული, რომ ნატო ჭავჭავაძე არ ჩანდა და ცდილობდა, დრო მოეგო, – ცოტა წავიქეიფეთ, ზედმეტი მოუვიდათ და ჩაეძინათ.
მილიციის მაიორი საბოლოოდ დაიბნა და ხან რუს აკადემიკოსს შეხედავდა, ხან – ქართველს, მის ხელქვეითებს კი კვლავ იარაღი ჰქონდათ მიშვერილი არქეოლოგებისთვის და შემდგომ ბრძანებას ელოდნენ.
კრასინმა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა პოდპოლკოვნიკის დილანდელი საქციელი, გადაწყვიტა, რომ შურისძიების დრო დადგა: ვედრო წყლის კასრში ჩაყო, გაავსო და მძინარე, გამობრუჟულ მელნიკოვსა და მის ხელქვეითებს პირდაპირ სახეში მიასხა. შემდეგ კიდევ სამჯერ გაიმეორა პროცედურა, თან დააყოლა:
– რა დროს სმაა, თქვე ლოთებო, თქვენა, როდესაც საქმე სახელმწიფო დანაშაულს ეხება?! ჩქარა, ადექით და ამხანაგ მილიციის უფროსს ჩვენებები მიეცით, როგორ დაგესხნენ თავს და იარაღი აგყარეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს!
მელნიკოვმა და მისმა თანამებრძოლებმა მართლა გაახილეს თვალები, მაგრამ, ისე იყვნენ გამობრუჟულები, რომ კვლავ სველ მაგიდაზე მიწვნენ და კიდევ სამი ვედრო წყლის დასხმამაც ვერ უშველა. მაშინ, მილიციის უფროსმა გადაწყვიტა, მთვრალი რუსი ოფიცრები მილიციაში, ცივი შხაპის ქვეშ შეეყარა და ამგვარად მოეყვანა გონზე. ამიტომ ოთხივე ოფიცერი „ვარონკაში“ ჩააწვინეს და მილიციის რაიონულ განყოფილებაში წაიყვანეს. მათთან ერთად კი მილიციის გზას გაუყენეს აკადემიკოსი ივანე ბერიძე და ორი სტუდენტი გოლიათიც, ანუ, ის ხალხი, ვისაც რუსმა აკადემიკოსმა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ კრასინმა დაადო ხელი და რუს სამხედრო მზვერავებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
მილიციაში მიყვანილი რუსი ოფიცრები ცივი შხაპის ქვეშ შეყარეს, აკადემიკოსი და მისი ორი გოლიათი სტუდენტი კი, მილიციის უფროსმა თავის კაბინეტში ააყვანინა ხელქვეითს და მათი დაკითხვა დაიწყო. კრასინის მიერ წაქეზებული, გაურკვეველი რჯულის მაიორი, რომელიც ქართულ გვარს ატარებდა, ცდილობდა, იძულებული გაეხადა ბერიძე, რომ რუს სამხედროებზე თავდასხმაში თავად გამოტეხილიყო, ან იმ ორი გოლიათი სტუდენტისთვის დაედო ხელი, რომლებიც ხელბორკილდადებულები სკამებზე იყვნენ მიბმული, თუმცა მათ არანაირი აგრესია არ გამოუჩენიათ მილიციელების მიმართ.
ქართველ აკადემიკოსს, კრასინისვე მითითებით, მილიციის უფროსმა არც თბილისში, რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან დარეკვის უფლება მისცა და ჯიუტად, რუსი აკადემიკოსის დასანახავად, მთელი მონდომებით მოითხოვდა მისგან აღიარების ჩვენებას.
– მოქალაქე ბერიძე, – კოპებშეკრული და, რაც მთავარია, რუსულად ეუბნებოდა მილიციის უფროსი ქართველ აკადემიკოსს, – ნუ ირთულებთ თქვენს მდგომარეობას! როგორც პატივცემული ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ამბობს, თქვენი წაქეზებით ამ ნაძირლებმა თავდასხმა განახორციელეს პატივცემულ ოფიცრებზე და იარაღი წაართვეს, რომლებიც ჩვენ მიერაა ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეს თან ერთვის.
ბერიძე მშვიდად ისმენდა მლიქვნელი მილიციის მაიორის სიტყვებს და ქართულად პასუხობდა:
– გეყოთ, მაიორო, ეს ცირკი! ეს ბავშვები სრულიად უდანაშაულოები არიან და, სანამ მათ არ გაათავისუფლებთ, ჩემგან სიტყვასაც ვერ გაიგონებთ. ამ ვაჟბატონს კი, – ბერიძემ კრასინისკენ გაიშვირა თითი და რუსულად განაგრძო, – ურჩევნია, მაბეზღარობასა და ცილისწამებას თავი დაანებოს, იქ დაბრუნდეს, საიდანაც ჩამოვიდა და სამუდამოდ დაივიწყოს საქართველოსკენ მომავალი გზა. ნუ ჰგონია, რომ ოცდაათიანი წლებია და ბილწი დაბეზღებითა და ცილისწამებით რამეს მიაღწევს.
მილიციის უფროსი არ იყო ჩვეული ანტისაბჭოთა ლაპარაკს, ბერიძის სიტყვებმა ის ლამის შოკში ჩააგდო და ენა ჩაუვარდა. ამ დროს კაბინეტში რუსების გამოფხიზლებული ოთხეული შემოვიდა, რომლებმაც აკადემიკოს ბერიძეს დაადეს ხელი და ის თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, ხოლო სკამებზე მიჯაჭვულ გოლიათ სტუდენტებს კი წიხლები და მუშტები დაუშინეს, იატაკზე დაყარეს და საშინლად სცემეს. ყველაფერ ამას კი მილიციის უფროსი გულგრილად ადევნებდა თვალყურს და ერთხელაც არ უცდია რუსი „გრუელების“ შეჩერება.
– რას სჩადიხართ, თქვე ნაძირლებო! – იღრიალა ივანე ბერიძემ, სკამიდან წამოხტა, რომ თავის სტუდენტებს მიშველებოდა, მაგრამ ინფარქტმა დაარტყა, მილიციის უფროსის კაბინეტში გული გაუსკდა და, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე მივიდა, ქართველი აკადემიკოსი ერთი საათის გარდაცვლილი იყო.
ივანე ბერიძე დიდი პატივით დაკრძალეს, თუმცა მისი სიკვდილის გარემოებები არავის გამოუძიებია და ეს საქმე მოსკოვის ჩარევის შედეგად ჩაფარცხეს, მაგრამ ქართველი გოლიათი სტუდენტები და ნატო ჭავჭავაძე, რომელიც მეორე დღეს თბილისში დააპატიმრეს, ქურდობისა და სამხედრო მზვერავებზე თავდასხმის მუხლებით გაასამართლეს და, გოლიათები 8-8 წლით ჩასვეს ციხეში, ნატო კი 5 წლით გამოამწყვდიეს საპყრობილეში.
აკადემიკოს ვლადიმირ კრასინის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, გამოქვაბულში აღმოჩენილი ლაშა-გიორგის საგანძურის მოძებნა არ მოხერხდა. გოგონა აცხადებდა, რომ მას განძი არ დაუმალავს და, რომ, სავარაუდოდ, ლაშა-გიორგის ზანდუკი აკადემიკოს ივანე ბერიძეს ჰქონდა დამალული. ნატომ თავისი სიტყვები არც საშინელი წამების დროს გადათქვა და მილიციის ერთ-ერთმა ცნობილმა ჯალათმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში მუშაობდა და ნატოს გამოტეხვა ჰქონდა დავალებული, უფროსობას უთხრა:
– გამორიცხულია, რომ ძვირფასი ნივთები მას ჰქონდეს. ისეთ პრესებში გავატარე, დამნაშავე რომ ყოფილიყო, აუცილებლად გამოტყდებოდა.
მხოლოდ იმ ჯალათის სიტყვებმა იხსნა ნატო და გოგონა აღარ უწამებიათ. წესით, სასჯელისგანაც უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ საპყრობილეში მაინც გამოამწყვდიეს და რუსეთში, მკაცრი რეჟიმის ქალთა ციხეში გაუშვეს.
მოსკოვში დაბრუნებული კრასინი ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა და მისი ძალისხმევის შედეგად ნატოს ციხეშიც არ ეშვებოდნენ. ქართველ გოგონას მრავალი პროვოკაცია მოუწყვეს, ბევრი გამოცდილი აგენტი მიუგზავნეს და თითქმის ყოველდღე აწამებდნენ, მაგრამ გაუჩინარებულ საგანძურზე სიტყვაც ვერ დააცდენინეს. ამასობაში ხუთი წელი გავიდა, აკადემიკოსი კრასინი გარდაიცვალა და ნატო გაათავისუფლეს. გოგონა რომ ციხიდან გამოვიდა, 26 წლის იყო. მას მონაზვნობა უკვე დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა და, როგორც კი საქართველოში დაბრუნდა და ახლობლები მოინახულა, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ მამა გაბრიელს ეწვია.
მეუფე გაბრიელმა ყურადღებით მოუსმინა გოგონას. მონასტერში დარჩენის კურთხევა მისცა და სამი თვის შემდეგ მონაზვნად აღკვეცა. ასე გახდა ქურდობისთვის სასჯელმოხდილი, 26 წლის ულამაზესი ქალწული ნატო ჭავჭავაძე დედა მარინე. მან სულ მალე გაითქვა სახელი და იმდენად პოპულარული გახდა ხალხში, რომ „კაგებეს“ შავ სიაში მოხვდა და პირადად პეტრე გორსალიას ყურადღება დაიმსახურა.
მაშინ ჯერ კიდევ კაპიტანმა გორსალიამ, რომელიც რელიგიური განყოფილების უფროსის ერთ-ერთი მოადგილე იყო, მაგრამ, ყველა ვარაუდობდა, რომ სულ მალე უფროსად დანიშნავდნენ, დედათა მონასტრიდან მიღებული ინფორმაციები რომ წაიკითხა, თქვა:
– მდაა... როგორც ჩანს, ეს ნაციხარი გოგო საკმაოდ დიდი კარიერული ნახტომისთვის ემზადება და ბევრს მიაღწევს. ამიტომ, წვრილმანი „დანოსჩიკები“ არ კმარა და მას სერიოზული აგენტი უნდა მივუჩინოთ.
თქმა და შესრულება ერთი იყო: სწორედ დედა მარინეზე სათვალთვალოდ მოამზადეს უშიშროების აგენტი, მეტსახელად „ქერუბიმი“, რომელსაც მონაზონზე ლამის ოცდაოთხსაათიანი ჯაშუშობა ჰქონდა დავალებული და მისი არც ერთი სიტყვა და ნაბიჯი არ უნდა გამოჰპარვოდა. გორსალია არც პროგნოზში შემცდარა და ნატოს მონაზვნად აღკვეციდან ექვსი წლის შემდეგ, 33 წლის დედა მარინე დედათა მონასტრის წინამძღვარი გახდა. ამ პერიოდისთვის გორსალიას მონასტერში კიდევ რამდენიმე აგენტი ჰყავდა, რომელთა უმრავლესობა მან სხვადასხვა მეთოდით გადმოიბირა, მაგრამ „ქერუბიმი“ ყველაზე ძვირფასი ჯაშუში იყო, რადგან ის დანარჩენებზე მეტად იყო დაახლოებული დედა მარინესთან და უშიშროებას მეტი ინფორმაციით ამარაგებდა. გორსალიას აგენტებმა არ იცოდნენ, რომ კოლეგები იყვნენ და თავიანთ შეფს ერთმანეთზეც აწვდიდნენ ინფორმაციებს. ასეთი რამ კი, პეტრეს ასმაგად უადვილებდა თავისი ჯაშუშების კონტროლსა და მართვას. გორსალიას ჯაშუშები მეუფე გაბრიელის ირგვლივაც ტრიალებდნენ და უშიშროების რელიგიური განყოფილების უფროსი ახალგაზრდა ეპისკოპოსის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა.
მეუფე გაბრიელი დედა მარინეზე ათი წლით უფროსი იყო და, ისევე, როგორც ნატო ჭავჭავაძე, ეკლესიაში ერთი შემთხვევის გამო მოხვდა: გაბრიელის საერო სახელი ნიკოლოზ წერეთელი იყო, მოფერებით კი ნიკუშას ეძახდნენ. 22 წლის ტანადი, ძლიერი და სიმპათიური ახალგაზრდა მხატვარი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა თბილისელ გოგონებში. ნიკუშა ძალიან ნიჭიერი, პერსპექტიული მხატვარი იყო და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. სამხატვრო აკადემიის რექტორი, აღფრთოვანებული იყო თავისი სტუდენტის ნიჭიერებით და ხშირად უმეორებდა: „დაიხსომეთ, კოლეგებო! ეს ყმაწვილი ფიროსმანზე თვითმყოფადი, ტიციანზე ნიჭიერი და და ვინჩიზე, ცნობილი გახდება, თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნორმალურად წარიმართა მის ცხოვრებაში და წინსვლაში არაფერმა შეუშალა ხელი“!
ნიკუშა წერეთლის შემოქმედება საკმაოდ წარმატებით ვითარდებოდა – სამხატვრო აკადემიის მეხუთეკურსელს 21 წლის ასაკში თბილისში უკვე ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა მოწყობილი. ორივემ დიდი წარმატებით ჩაიარა და ისეთი გამოხმაურება დაიმსახურა, თითქოს არაფერს აღარ უნდა შეეშალა ხელი ახალგაზრდა მხატვრის მომავალი დიდი ტრიუმფისთვის და აკადემიის რექტორის პროგნოზის ახდენასაც აღარაფერი ედგა წინ, როდესაც ნიკუშა წერეთლის ცხოვრებაში შავგვრემანი ლამარა შემოიჭრა.
25 წლის ლამარა პროფესიით ფარმაცევტი იყო და თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში პროვიზორად მუშაობდა. ტანწერწეტა, სიმპათიური გოგონა საკმაოდ ბევრ ღირსეულ მამაკაცს მოსწონდა, მაგრამ ეს სურვილი უმალვე უქრებოდათ, როგორც მას უფრო ახლოს გაიცნობდნენ.
გარეგნული მომხიბვლელობის მიუხედავად, ლამარა შინაგანად ამპარტავანი და მედიდური ბუნების იყო, რაც მის გარეგნობას აფერმკრთალებდა. იგი ქედმაღლურად უყურებდა თაყვანისმცემლებს, დასცინოდა მათ და იმეორებდა: „ჰმ, მყვანან რა, ეგენიც პრინცები, ცოლობას რომ მთხოვენ! რა ჯანდაბად მჭირდება მათი გული და ხელი, ან რა ჩემი ტოლ-სწორები არიან ეს მათხოვრები!.. არა, მე სულ სხვა დონე ვარ, ჩემი სწორი მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია, ესენი კი ჩემი ფეხის მტვრადაც არ გამოდგებიან! უცხოეთში რომ ვცხოვრობდე, გიყვარდეს, დავუბნელებდი თვალებს პრინცებს და ვინმე ღირსეულზე გავთხოვდებოდი. აქ კი პრინცს სად ნახავ.“
ლამარას სრულიად სერიოზულად მიაჩნდა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პრინცის ღირსი იყო და ეს აკვიატება ისეთ იდეაფიქსად გადაექცა, რომ უცხოეთში გაქცევას და თავისი იდეის განხორციელებას სერიოზულად აპირებდა. სპეციალურად ამისთვის მან ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო, სპეციალურ კურსებზე მოეწყო და ინტენსიურად შეუდგა თავისი მიზნის თანმიმდევრულად განხორციელებას.
ერთ დღეს, როდესაც ფრანგული ენის კურსებიდან დაბრუნებული ლამარა რუსთაველის გამზირს ფეხით მიუყვებოდა, ადამიანებს ათვალიერებდა და ამ „უღირსებს“ გულში დასცინოდა, მცირე გალერეასთან ვეებერთელა შავ-თეთრი პლაკატი შენიშნა, რომელზეც ეწერა: „ნიკოლოზ წერეთლის პერსონალური გამოფენა“. პლაკატზე ნიკუშა წერეთლის შავ-თეთრი სურათიც იყო აღბეჭდილი. ლამარამ რომ მას შეხედა, ცხოვრებაში პირველად არ მობრუნებია ენა ახალგაზრდა კაცის დასაცინად და გაიფიქრა: „ღმერთო, რა ლამაზია! ალბათ, რომელიმე სამეფო გვარის წარმომადგენელია! აუცილებლად უნდა გავიცნო, თორემ, შეიძლება, გული გამისკდეს“.
ლამარას, როგორც მისი ყაიდის თითქმის ყველა ადამიანს, უკიდურესობები ახასიათებდა. ამიტომ, ნიკუშა წერეთლის პორტრეტის დანახვამ პრინცებზე მონადირე გოგონას სული აუფორიაქა და გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად გაეცნო, დაახლოებოდა და შეუღლებოდა კიდეც ამ „ალბათ მეფური ჯიშის“ ახალგაზრდას, რომელიც მას აფიშიდან უმზერდა. ლამარამ სასწრაფო მოქმედება დაიწყო და გალერეაში შევიდა, რომ ნიკოლოზ წერეთელზე ცნობები შეეკრიბა და გაეგო, სად შეიძლებოდა მისი ნახვა.
– შესვლა არ შეიძლება, ქალიშვილო, – ლამარას ახალგაზრდა მილიციელმა გადაუღობა გზა, რომელიც გალერეაში მუშაობას დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლას უთავსებდა.
უარის გაგონებაზე ლამარას მრისხანედ აენთო თვალები და, როგორც სჩვეოდა, მან ახალგაზრდა კაცის გალანძღვა, მიწასთან გასწორება და ბოლოს დაცინვა გადაწყვიტა. მაგრამ უმალვე მოთოკა თავი, რადგან მიხვდა, რომ ამით თავის საქმეს გააფუჭებდა და „საზიზღარ არსებას“ ღიმილით უთხრა:
– რატომ არ შეიძლება შესვლა, ძვირფასო, ჯერ ხომ ექვსი საათი არაა? გალერეა-მუზეუმები კი, როგორც ვიცი, სწორედ ამ დროს იხურება.
– მაგაში არაა საქმე, უბრალოდ, გამოფენა დაიხურა, ნახატებს კედლიდან ხსნიან და დათვალიერებას ვერ მოახერხებთ, – აუხსნა ლამარას ახალგაზრდა მილიციელმა, რომელიც ლამარას ღიმილით და მიმართვით ისე მოიხიბლა, რომ ეს „შავგვრემანი ანგელოზი“ მსოფლიოში ულამაზეს, უსათნოეს გოგონად, მისი ოცნების ქალიშვილად მოეჩვენა და მაშინვე გულში ჩაუვარდა.
ლამარას არ გასჭირვებია „მდაბიო მილიციელის“ გრძნობების ამოცნობა და იმასაც მშვენივრად მიხვდა, რომ, თუკი სურათებს კედლიდან ხსნიდნენ, ესე იგი, თავად მხატვარიც იქ იქნებოდა. ამიტომ, კიდევ უფრო მომხიბვლელად გაუღიმა „უღირსს“. მეტიც, მას მხარზე შეახო გრძელი თითები, რამაც ახალგაზრდა მილიციელში ენით აუწერელი ნეტარება გამოიწვია და ნაზი ხმით უთხრა:
– მე გამოფენის დასათვალიერებლად არ მოვსულვარ, მხატვარ წერეთლის ნახვა მინდა. მითხრეს, რომ აქ არის და, შეიძლება, შევიდე?
– რა თქმა უნდა, ნიკუშა აქ არის, – მიუგო ლამარას მეცხრე ცაზე მყოფმა, გამოუცდელმა ახალგაზრდა მილიციელმა, რომელმაც გაიფიქრა – ამ მშვენიერმა „შავგვრემანმა ანგელოზმა“ მხარზე იმიტომ დამადო ხელი, რომ მოვეწონეო და აღფრთოვანებულმა დაამატა: – მეორე დარბაზშია და იქ იპოვით.
გამოცდილი ლამარა მიხვდა, რომ ეს გოიმი „დათრეული“ ჰყავდა. ამიტომ, მას მეორე ხელიც შეახო მხრებზე, რაც შეეძლო, მომხიბვლელად გაუღიმა და უნაზესად უთხრა:
– მე ლამარა მქვია, შენი სახელი მაჩუქე, თუ შეიძლება!
– ბუთხუზი, – სხაპასხუპით მიუგო მილიციელმა გოგონას და დარწმუნდა, რომ „შავგვრემან ანგელოზს“ ის მართლა მოეწონა.
ლამარამ ხელი გაუწოდა ბუთხუზს, ჩამოართვა და დარბაზში შევიდა, ხოლო ახალგაზრდა მილიციელი კი ისეთი გაბრუებული და იმედით აღსავსე დატოვა გალერიის შესასვლელთან, როგორც ახალ, დიდი ცხოვრების კარიბჭესთან მდგომი, მეოცნებე „შკოლნიკი“...
ლამარა მეორე დარბაზში შევიდა და აღმოსავლეთ კედელთან მოფუსფუსე ნიკუშა დაინახა, რომელიც ერთ-ერთ სურათს ხსნიდა. ის მარტო იყო და ლამარამ რომ მის სახესა და აღნაგობას შეავლო თვალი, გულში ჯოჯოხეთური სიყვარულის ცეცხლი აუგიზგიზდა, წამში დაავიწყდა ყველა ევროპელი თუ სხვა კონტინენტების პრინცები და საკუთარ თავს უთხრა: „ან – ეს, ან – არავინ. მორჩა, გადაწყვეტილია: აი, ჩემი ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული!“
„ან – ეს, ან – არავინ“, ლამარას გაგებით, იმას ნიშნავდა, რომ მხატვარი ნიკოლოზ წერეთელი, რომელსაც მილიციელმა ნიკუშა უწოდა, მისი უნდა გამხდარიყო, რომ მას არავის დაუთმობდა და მზად იყო, ამის გამო ნებისმიერი საქციელი ჩაედინა. ლამარა მონუსხული უმზერდა მომხიბვლელ ახალგაზრდა მხატვარს, რომელიც მას ვერ ამჩნევდა, რადგან სურათის მოხსნა-შეფუთვით იყო დაკავებული.
ამ დროს მეორე დარბაზში 19 წლის ნათია შემოვიდა, რომელიც ნიკუშას შეყვარებული და კოლეგა იყო. ოქროსფერთმიანი, მწვანეთვალება ნათია სამხატვრო აკადემიის მესამე კურსზე სწავლობდა, ნიკუშა წერეთელზე იყო დანიშნული და სამ თვეში უნდა ექორწინათ კიდეც. შავგვრემანი ლამარას დანახვამ ნათიას უსიამოვნო გრძნობები აღუძრა გულში და საქმროს გასძახა:
ნიკუშ!
გაგრძელება შემდეგ ნომერში